ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2023


* * *

მთელი დღე სულო, საშინლად წვიმდა,
მე მარტოობა მღრღნიდა წყეული,
თითქოს ლოცვები ცვიოდა ციდან,
ღმერთის ყურამდე ვერ მიღწეული.

სარკმელს ნახევრად ფარავდა ფარდა
ვუმზერდი წყვდიადს ნი, დაჟინებით,
გაელვებები შენს დუმილს ჰგავდა,
დიდებულსა და შემაშინებელს.

კვლავ ვაკეთებდი ქაღალდის ყვავილს,
ისე, ვით ადრე... ბედისწერამდე...
და იცი, ისე ცუდად ვიყავი,
რომ ვერ აღწევდა ფიქრი ჭერამდეც.

ჰო, გიხსენებდი გაშლილი თმებით,
რომ იქნებ მეგრძნო შვება მცირედი,
შენი ეჭვები, ვით ჯალათები,
ეშაფოტისკენ მიმაცილებდნენ.

(ვინ იცის იქნებ მორიგი ბოდვა,
ან სტრიქონებში შენზე ჩივილი...)
მთის თავზე ზევსი მეჩვენებოდა
და ქუხდა ღვინით გალეშილივით.

მივდევდი ისევ ფიქრებს ჯავრიანს,
რომ მიღალატა, თანაც მერე ვინ?!..
(ხან სიძულვილი ისე მძლავრია,
რომ საკუთარ თავს ვეღარ ვერევი).

(შემორჩა ფურცელს დასკვნით ტიტრებად
ჩვენი წარსული, მაწამებს ჯერაც),
შეეტყო ღამეს გადაფითრება,
წვიმამაც თითქოს გული იჯერა.

მერე სიჩუმე და ცივი ოფლი,
ვეხარბებოდი სარკმელს გაღებულს,
და შენ მტოვებდი წვიმისგან სოფლის
შარაგზასავით ატალახებულს.

დანტე დარდიანი  29/04/2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები