ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: პროზა
17 ივლისი, 2023


... ბაბუაჩემს



მერცხლებივით გაგიფრინდნენ მოგონებები...
და აღაც გახსოვს ბავშვობაში რატომ ასობდი შავტარიან ხანჯალს ტანმაღალ მუხას...
მხოლოდ ღრუბლები შემოგრჩა ხსოვნად,
თეთრი ღრუბლები,
უწვიმარი და გულუბრყვილო ჩვილი ბავშვივით.
როდესაც თვალებს მინაბავდი
ზეცა შენს ფანჯარასთან ანკესით იჭერდა თითისტოლა ვარსკლავებს
და გულზე მედლებად იკიდებდა.
მაშინ სამშობლოც დიდი იყო,
იმდენად დიდი რომ ვერ ეტეოდი.
ყოველთვის გინდოდა ყოფილიყავი ახალი ,,აღმაშენებელი"
,,გორგასალი" ,,ილია"
და იწყებდი ,,აი ია" დან...
კითხულობდი,
კითხულობდი და ხედავდი ბერიკაცივით როგორ იხრებოდა შენი სამშობლო წელში,
როგორ გაჰქონდა მტერს ნაწილ-ნაწილ შენი ოცნებები
და დარჩენილი ნაფოტებისგან,
მომავლის იმედით,
ისევ გულუბრყვილო,
ახალ კოშკებს აგებდი.
დღეს კი მუხლებამდე წვერჩამოყრილი ზიხარ იმ მუხის ძირში
რომელსაც ბავშვობაში გული დაუსერე...
გაჰყურებ ლურჯ მთებს და
არც კი იცი რომელ ჯიბეში შეინახო ასეთი პატარა ქვეყანა,
ოდესღაც რომ მთელი სამყარო გეგონა მეოცნებე შავტუხა ბიჭს და მასში მაინც ვერ ეტეოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები