ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 ივლისი, 2023


მათემატიკის პოეტური ფილოსოფია - ცოლს

#ზარდახშა
Asmat Beshidze

ნინო დარბაისელი

მათემატიკის პოეტური ფილოსოფია - ცოლს

რას მივაქციოთ ყურადღება

ამას წინათ ბესიკ ხარანაულის ცოლის, ასმათ ბეშიძის დაბადების დღე ყოფილა და ჩემმა “ფეისმა”  დროზე არ შემახსენა.    არაა ეს პირველი შემთხვევა.
იმდენჯერაა ჩემი გვერდი გატეხილი, ჰაკერები შიგ შუბლით ეჯახებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს იქით იყოს.
იქით იყოს ისიც, რომ ბესიკი -  ჩემი უძველესი მეგობარია, მაგრამ მისდამი დისტანციური პიეტეტი იმ ბავშვობიდან მომდგამს და ვერ ვიტან, ვინმე ახლაგდამოჩეკილი ავტორი ფამილიარულად, ტოლივით რომ მოიხსენიებს და ვერც ვმალავ!
რატომ?
  გალაკტიონის მერე ასეთი დიდი ფიგურა - ესთეტიკით ,,ანტი-გალაკტიონი” არ გვყოლია და ეს თავადვე,  თავიდანვე ცხადად დაამანიფესტირა (არსებობს ასეთი სიტყვა?) როცა  ასე გამოთქვა:

,,ვარდებისათვის კი არ ვიხრები, პალოებს ვაძრობ.”
  რა მოხდა ასეთი გადასარევი! -
  პოეტმა ცოლს მინიატურული ლექსით მიულოცა  დაბადების დღე.
    პოეტმა კაცმა ცოლს შეიძლება უძღვნას პოემა/პოემი, ლექსების კრებული, მთელი შემოქმედებაც.
    სხვა დარგის ხელოვანსაც შეუძლია ასე მოიქცეს.
შეიძლება, ეს საყვარელი ქალი - სხვისი ცოლიც იყოს,  და ქმარი  ხელს გიწყობდეს, გაფინანსებდეს კიდეც…აქ  - უმეტესობას გუსტავ კლიმტი გაახსენდება.

ზოგს  იქნებ ცოლი გვერდზეც ჰყოლია, მაგრამ  საყვარელი  ქალისთვის მიუძღვნია საკუთარი ქმნილება,  ან ყოველ შემთხვევაში, უცდია.
  აქ რაჰმანინოვის შედევრი - მეორე კონცერტი გავიხსენოთ:
  საყვარელი ქალისთვის - მკურნალი ექიმ- ფსიქიატრის ასულისთვის რომ უნდოდა ეძღვნა იგი.  ორიოდე დღით ადრე ცოლმა რომ ამის გამო ისტერიკა დაიმართა და მის დასაწყნარებლად და მისივე რჩევით -  ლამის უკანასკნელ  წუთებში თავად  მკურნალ-ექიმს რომ მიუძღვნა.
    კარგია, როცა ცოლი და საყვარელი ქალი
- ერთია…
    მაგრამ, მაინც რაო, რამ გამოიწვია ჩემი ასეთი აღფრთოვანება?
    ადამიანი ცოლს ეუბნება ერთი შეხედვით სრულიად უბრალო, მათემატიკურად ცივ რაღაცას, შენ ჩემი გულის მანძილი ხარ,  ა-დან ბ- წერტილამდეო.
  მათემატიკის დიდ ცოდნაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ის კი ვიცი, რას ეწოდება უმოკლესი მანძილი ორ  (ა-ბ) წერტილს შორის.
  მაგრამ მანძილიო!
  მან- ძი- ლი
  აქაა მთელი გასაღები ამ მინიატურული ლექსისა.
  ჯერ ერთი, ჩვენ არ ვიცით, რა სივრცეში და როგორაა დაშორებული  ან ახლო ერთმანეთთან  ეს ორი ინსტანცია, - ა და ბე, ანუ გულთაშორისი მანძილი.
    ეს კიდევ არაფერია, რომ  მანძილი შეიძლება იყოს უმცირესიც და უშორესიც.
    ეს მანძილი შეიძლება იყოს წრფეობრივი , ზიგზაგოვანი, კლაკნილი, … და ესეც არაფერია.
    საქმე ისაა,  რომ გააჩნია, რა მიმართულებით გაზომავ ამ მანძილს, მას შეუძლია სამყარო, მთელი უკიდეგანობა, უსასრულობა მოიცვას, ანუ საბოლოოდ რას ეუბნება?
      რომ ვცადოთ ამ მეტაფორა- მეტონიმიის პირდაპირი ნათქვამის ენაზე გადმოტანა, ამბობს ჩემთვის, ჩემი გულისთვის - უახლოესიც რომ იყო, მთელი სამყარო ხარო.

  დაგვიანებით ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს საყვარელ ასმათს, თქვენ კი ამ ლექსს გიტოვებთ, როგორც ნიმუშს  წვეთში ოკეანის  ჩატევისა.
რათა სათქმელად იყოს:
აი, რა შეუძლია პოეზიას!

ბესიკ ხარანაული

მილოცვა

ჩვენი  გულები  ისე ახლოა,
როგორც  მანძილი  ა-ს  და  ბ-ს  შორის...
სხვა  რა  არის კიდევ  ახალი?
სხვა  არაფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები