უწონადობა ჩვენს ხელთაა, როგორც კი მოვისურვებთ, ზედმეტი ბარგივით ვიშორებთ თავიდან საკუთარი სხეულის წონას. თავისუფლად ვფლობთ ამ მართლაცდა ამაღელვებელ ვარჯიშს... სიახლის განცდასაც არ კარგავს, ოდნავადაც არა, ყოველთვის გვახალისებს საკუთარი სხეულის სიმძიმიდან თავის დაღწევა, უწონადობაში ლივლივი... თითქოსდა სასწაულმა შეისხა ხორცი. მაგრამ უწონადობის განცდა იმ დროს, როდესაც შენი სხეულის წონა ზუსტად იგივეა, რაც განგებამ გარგუნა წილად, მერწმუნეთ, კიდევ უფრო დიდი სასწაულია...მისი განცდაც ბევრად აღემატება ნამდვილი უწონადობით გამოწვეულ საამურ განცდას, რაღაც სხვა ემატება, მიწიერის და ზეციერის მიღმა მყოფი...ვარსკვლავებზე კი აღარ დააბიჯებ, რაც ჩვეულებრივი ამბავია ‘’ დიდი წვეთის’’ წიაღში...(ამას ისე შევაჩვიეთ თვალი, სულაც არ გვეჩვენება დიდ ამბად,), არამედ მათი სხივებისგან მოქსოვილ უსათუთეს ბილიკებზე, და ისინი ოდნავადაც არ იდრიკებიან, ისე მსუბუქია შენი ნაბიჯი. ზოგიერთები მუსიკის ჰანგებს აბრალებენ ამ ზედმეტად ზეაწეულ, საამურ განცდებს...თუმცა, რაზე ვლაპარაკობ, განა მუსიკა ჩვენთვის უცხო ხილია? ‘’ დიდი წვეთის ’’ წიაღი უსაზღვროდ მრავალმხრივია, მუსიკაც მისი ერთერთი თანმდევი ნაწილია, მაგრამ ამ ბოლო დროს იმ ჰანგების ხასიათი შეიცვალა, რაღაცნაირი მკვნესარე -ჩაშაქრული გახდა, თითქოს ბულბული ვარდის კოკორს უგალობსო... სხვისი არ ვიცი, მე კი ისინი სწორედ ბულბლის გალობას მაგონებენ, ყველაზე უფრო მას ვამგვანებ. უწონადობის განცდა გეუფლება მისი მოსმენისას, და სწორედ ეს იყო ყველაზე საოცარი, ყველანი ამ განცდის ტყვეობაში აღმოვჩნდით. ისევ ჩვენ გვახლდა ჩვენი სხეული, მასთან დაკავშირებული ტკივილები თუ სიამენი, მაგრამ ისინი ოდნავადაც არ გვამძიმებდნენ...ამსუბუქებული, ოდნავ მხტომარე ნაბიჯებით დავდიოდით, ყველას რაღაც ზეაღმტაცი განცდა გვეწეოდა სადღაც ზევით, საკუთარ თაზე მაღლა. ეს იყო უწონადობა, სრულიად განსაკუთრებული, როდესაც სხეული თითქოსდა საერთოდ არ გაქვს, ამავე დროს კი უკიდურესად გამძაფრებულია სიცოცხლის შეგრძნება. ანუ, ცოტა სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ისეთი შეგრძნება იყო, როცა გეჩვენება, რომ შეგიძლია ფლობდე მთელ სამყაროს, მიწიერს თუ ზეციერს, ამავე დროს კი ერთი გოჯითაც არ მოწყდე საკუთარ რაობას და სხეულს. ერთი სიტყვით, ეს იყო სრულიად განაკუთრებული, სიზმარეული უწონადობის განცდა, რაღაც საოცარ, საღი გონებისთვის მიუწვდომელ მოზეიმე ძლევამოსილებასთან წილნაყარი, და ჩვენ ყველანი, მზის თორმეტი მადევარი, მის ტყვეობაში მოვექეცით. ...და რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო.....სულ .უბრალო ამბავია, ყველაზე უკეთესად სწორედ მაშინ ხდება ჩვენი სხეულის უჯრედების აღორძინება საგანგებო საკვებ არეზე, როცა ისინი სწორედ ასეთი განცდების დროს არიან აღებულნი. ეს ყოველივე, ერთად აღებული, მოზეიმე ძლევამოსილების განცდა და სიზმარეული უწონადობის სიხარული, სიცოცხლის უძლეველ ძალას შთაბერავს მათ, და აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო სრულყოფილი ეგზემპლარი მიიღება, ანუ ვმეორდებით საუკეთესო, ჯანსაღი სახით. საპირისპირო შემთხვევის დროს კი, (სადაგი და ყოფითი განცდები იგულისხმება), უჯრედების დაყოფა განვითარების ტემპი და ხარისხობრივი მაჩვენებელი ბევრად ჩამორჩება ზემოთ აღწერილ სურათს.ანუ, სხეულის უჯრედები უნდა ზეიმობდნენ, უნდა ლაღობდნენ სადღაც ტკივილს მიღმა... სწორედ მაშინ ივსებიან სასიცოცხლო წვენით პირთამდე, ეს კი საუკეთესო ნიმუშია შესაფერის ნიადაგზე გადასანერგავად. ასე ჩამოაყალიბა და დააკანონა ბუნებამ, და ეს კანონი მეტყველადაა ჩაწერილი ჩვენს უჯრედებში. სრულიად არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო (თორმეტი ყოჩაღი მოგზაურის სახელით ვლაპარაკობ), რათა იზეიმოს სიცოცხლის უკვდავმა ძალამ. არც ამ პროცედურას გავექცევით, თუნდაც დიდად სასიამოვნო არ იყოს ჩვენთვის. არც განცდათა მრავალფეროვნება გვაფრთხობს, გინდ ცხადი, გინდ სიზმარეული... აქედანვე ვხედავთ იმ უწყვეტ ცოცხალ ჯაჭვს, რომელიც ჩვენში იღებს დასაბამს. იმ ჯაჭვის პირველი რგოლი სწორედ ის უჯრედებია , რომლებიც ახლა იწყებენ აღორძინებას.... რა ცოტანი არიან, თითებზეც კი ჩამოთვლი, მაგრამ სულ მალე თვით უსასრულობას გადააჭარბებენ... და ჩვენც განვმეორდებით, ჩვენი სისხლი და ხორცი მათში აღორძინდება, სიცოცხლის მოზეიმე სიხარულიც მათთან იქნება განუყრელად, იგი მომავლის არმაღანია, მისი წყალობით ჩვენ, დიდი წვეთის თორმეტი ხიზანი, ერთად ვეზიარებით მარადისობას. აი ასეთი ზეაწეული განწყობის წიაღში ვიყავით ყველანი, სანამ კურომ ყველას ცივი წყალი არ გადაგვასხა. გამოგვეცხადა ყოვლისმხილველი სათვალთვალო ეკრანიდან და ერთი რაღაც უნდა გიამბოთ, ყური კარგად დამიგდეთო, მეტად მრავალმნიშვნელოვანი ხმით მოითხოვა. ჩვენც, როგორც იტყვიან, ყურები გამოვიბასრეთ, მანაც დაიწყო და საშინელი ბავშვის ყოვლად უცნაური ჩვევის შესახებ გვამცნო (სწორედ ამით დაიწყო), , თურმე ყველას სისხლის ერთ წვეთს სთხოვს, უნდა გავარკვიო, სისხლში რაიმე ინფექციის გადამტანები ანდა პარაზიტები ხომ არ გაქვთო, ამ ცთომილზე ასეთი წესიაო. ცხადია, უარს არავინ ეუბნება, ცთომილი მისი სამფლობელოა, რომელიღაც ნისლეულის მიღმა მიკარგული, უსახელო ცთომილი......ერთი ასტრონავტი მოხვედრილა მასთან, ხეტიალის დიდი მოყვარული, ეს ამბავი სწორედ მან მიამბოო, განმარტა კურომ. საშინელმა ბავშვმა საკუთარი ხელით აუღო სისხლის წვეთი ასტრონავტს, იმ წვეთთან ერთად ფართო მძიმე ფარდის მიღმა მიიმალა. მისი სიტყვით, ეს ყოველივე მრგვალთაღიან დიდ დარბაზში ხდებოდა, ხსენებული ფარდა იმ დარბაზს შუაზე ჰყოფდა...იატაკი ხალიჩით იყო მოფენილი, რაიმე ავეჯისმაგვარი არაფერი ჩანდა. საშინელი ბავშვი სულ მალე ისევ გამოჩნდა, ფარდის წინ იწყო სიარული წინ და უკან, ასტრონავტს არავითარ ყურადღებას აღარ აქცევდა. შეჰყურებს ასტრონავტი, ო, რა საძაგელი არსებააო, ფიქრობს, ხმამაღლა ხომ არ იტყვის.... საზამთროსავით უშველებელი თავი, რაღაც უცნაურად დატალღული, თითქოს ტვინის ტვიფარიაო. უცნაურად გაფართოებული, უშველებელი თვალები, ...სახის კანიც ტვინის გარსივით დატალღული... რაც შეეხება სხეულს... ოჰ, არა, სხეული საერთოდ არ აქვს, კიდურები პირდაპირ თავზე აქვს მიბმული. გადიგამოდის საშინელი ბავშვი ფარდის წინ, ასტრონავტი ფეხზე დგას დასჯილივით, დიდად კმაყოფილი არაა ასეთი დახვედრით. ის ხომ სტუმარია, განა სტუმარს ასე ხვდებიან? სკაფანდრის გახდაც კი არ შესთავაზეს, გამჭვირვალე თავსარქმელი გადაიწია და სულ ეგ არის... სხეულს კვლავ ჰერმეტულად დახშული სკაფანდრი უმძიმებს, მისი გამოისობით სკამზეც კი ვერ დაჯდება წესიერად, თუმცა ეს მისთვის არც არავის შეუთავაზებია. საშინელი ბავშვი ისევ გადიგამოდის, ბაჯაჯღანა კიდურებს ხალიჩაზე ატყაპუნებს, მას არც კი უყურებს. მერე უცბად ჩერდება, ორი სხვა კიდურით, ხელების მინამგვანით, ფარდას გადასწევს, და აჰა, დატკბი შენი საკუთარი სხეულითო, ასტრონავტს ეუბნება. და რას ხედავს ასტრონავტი? ყოვლად საძაგელ ურჩხულებს, უსახურებს, ბინძურებს.... ზოგი კბილებს აღრჭიალებს, ზოგი კლანჭებს ილესავს, ზოგიც შხამს ანთხევს... ერთმანეთში ირევიან, ერთმანეთზე გადადიან , ერთმანეთის გარდა თითქოს სხვა აღარაფერი აინტერესებთ, ისე ჩანს, მაგრამ როგორც კი ასტრონავტი დაინახეს, თითქოს ვინმემ უბრძანათო, ყველანი მისკენ გამოემართნენ....ასტრონავტმა მაშინვე ჩამოიწია გამჭვირვალე თავსარქმელი, მაგრამ მეტი ვეღარაფერი მოასწრო, დაესივნენ ურჩხულები, ზოგი ზედ ახტებოდა, ზოგი აცოცდებოდა, ზოდგიც კბილებით უღრჭიალებდა, ზოგიც ბრჭყალებით მისი სკაფანდრის გაგლეჯას ცდილობდა. ხელის გატოკებაც კი არ შეეძლო, ისეთ დღეში ჩააგდეს. ...და რას იქმოდა საშინელი ბავშვი? შეჰყურებდა ასტრონავტს თავისი უშველებლი თვალებით, თან იცინოდა, ყოვლად საძაგლად, ყურებამდე გაპობილი სქელი ლაშებით იცინოდა, - მომაშორე ეს საზიზღრები, -ყვირის ასტრონავტი. - როგორ მოგაშორო, მათ ხომ შენს იქით გზა არ აქვთ,- ღებულობს პასუხად. - რატომ, რა უნდათ ჩემგან... - საკუთარ სხეულს ჰკითხე, შენთან რა უნდათ,- ქირქილებს საშინელი ბავშვი და მეტი მხიარულებისგან იატაკზე იწყებს გორვას, - მე რა შუაში ვარ, - ხროტინებს ასტრონავტი, რაღაც საოცარი გველისებური არსება ყელზე ეხვევა.. - შუაშიც ხარ, თავშიც და ბოლოშიც, ესენი შენი სისხლის წვეთიდან ამოვიდნენ. ასტრონავტს, როგორც იტყვიან, ენა ჩაუვარდა, აი თურმე რისთვის აუღეს სისხლის წვეთი. - განა ასეთი რამ შესაძლებელია?- ამოღეჭა გაჭირვებით. - თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მე შევძელი, - ხმას იმაღლებს საშინლი ბავშვი. საშინელ დღეში ჩავარდა საბრალო ასტრონავტი. ის კი იცოდა, რაღაც ამის მსგავს ცდებს რომ ატარებდნენ, ადამიანის სხეულის ნაწილების აღდგენა რომ ხდებოდა და რაღაც უფრო მეტიც... და აჰა, ვის ხელში ჩავარდნილა ყველაფერი, ამ უბოროტესი არსების, ურჩხულთა ურჩხულის ხელში...რა ბედნიერია, როგორ ტკბება უმწეო მსხვერპლის წამებით... ხედავს ასტრონავტი, საშველი აღარაა, ურჩხულები სულ უფრო და უფრო დაუნდობლად ესხმიან თავს, ებღაუჭებიან მთელ სხეულზე, საცაა გაგლეჯენ სკაფანდრს და მერე... რა მოხდება მერე, ამის წარმოდგენისას შიშისგან აძაგძაგებს. და უცებ გონებ გაუნათდა, როგორც ხანდახან ხდება ხოლმე დიდი გასაჭირის დროს. საშინელი ბავშვი ძალიან თავმომწონეობდა და ეს მას არ გამოპარვია. რა დიდი სიამოვნებით წარმოთქვა სიტყვები, „თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მე შევძელი.“ როგორც ჩანს, დიდად პატივმოყვარე ბრძანდება... - ვხედავ, ყოვლისშემძლე ყოფილხარ, - უყვირის საშინელ ბავშვს რომელიღაც საძაგელი არსების მიღმიდან, მის გადაყლაპვას რომ ცდილობს. - მართალია, ყოვლისშემძლე ვარ, -უდასტურებს საშიმნელი ბავშვი, მის ხმაში აშკარად სიამოვნება ისმის. ეტყობა, ძალიან მოსწონს თავი. - შენთვის შეუძლებელი არაფერია, - მოგუდული ხმით აგრძელებს სტუმარი, რაღაც საძაგელი არსება საცეცებს ცხვირპირზე უფათურებს, უკვე მოახერხეს ურჩხულებმა მისი სკაფანდრის გაგლეჯა. - ნამდვილად არაფერია, - უდასტურებს საშინელი ბავშვი კიდევ უფრო ნასიამოვნები. - იქნებ არის ისეთი რამ, რაც შენ არ შეგიძლია. - არა, ასეთი არაფერია. - ის თუ შეგიძლია, ეს საზიზღარი ხროვა ხელახლა დააბრუნო ჩემს სისხლის წვეთში და იქიდან ვინმე ჩემნაირი ადამიანი აღმოაცენო, ტყუპისცალი მეყოლებოდა.... კიდევ კარგი, დროზე მოასწრო ამ სიტყვების თქმა, ცოტაც და ხმას საერთოდ ვეღარ ამოიღებდა ურჩხულების თათებში მოქცეული, საშინელმა ბავშმა მაშინვე შეწყვიტა იატაკზე გორვა, უძრავად გაირინდა, მხოლოდ კიდურბი უმოძრავებდა რვაფეხას საცეცებივით. - ეს არ უნდა გეთქვა, - თქვა მოგუდული ხმით, თითქოს მასაც ახრჩობენო, - ერთადერთი, რაც არ შემიძლია, სწორედ ესაა. ხელფეხის ფათურიც შეწყვიტა საშინელმა ბავშმა და მკვდარივით მიეგდო, აღარც ხმას იღებდა. ასევე უძრავად ძირს დაეყარნენ ის საშინელი სიმახინჯეები, სისხლს რომ უშრობდნენ ასტრონავტს. აგრძელებდა კურო თავის ამბავს, რაღაც განმარტებები დაახვავა, თუ რისი აღმოცენება შეიძლება სისხლის ერთი წვეთიდან და როგორ, მაგრამ ჩვენ თავი აღარ შევიწუხეთ მისი მოსმენით, ..ერთმანეთს ვასწრბედით, ისე ცქვიტად დავიშალეთ, მსგავს ისტორიებზე ჩვენც გვქონდა ყური მოკრული, დიდად საინტერსო არც უწინ ყოფილა ჩვენთვის, ახლა კი მით უმეტეს, სულაც არ ესადაგებოდა ჩვენს, ცოტა არ იყოს, ზეაწეულ განწყობილებას. რაც მოვისმინეთ, ისიც საკმარისი იყო, მისი გახსენებაც კი აღარ გვინდოდა. ,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|