ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 აგვისტო, 2023


რიდე - ციური თუ ცბიერი

#ოპუსები
#გალაკტიონოლოგია

ნინო დარბაისელი

რიდე - ციური თუ ცბიერი

‘გალაკტიონის ცეცხლი და ბურუსი’ ზურაბ კიკნაძის საუკეთესო წერილების რიგს მიეკუთვნება.
https://burusi.wordpress.com/2010/12/09/galaktion-tabidze-29/
იგი ეძღვნება  გალაკტიონის ერთი ლექსის ანალიზს. გავიხსენოთ იგი:


სანამ წვიმა გადივლიდეს,
გზები გამშრალდებოდეს,
ნუ მოაცლი ციურ რიდეს,
რომ ბურუსში ჩნდებოდეს.
თითქო სული სადმე ვლიდეს,
და გულს ცეცხლი სდებოდეს.
სანამ წვიმა გადივლიდეს,
გზები გამშრალდებოდეს.

ავტორი შესავალშივე, ვიდრე ვარიაციების გზით ამ ერთი ქმნილების სამყაროში გაგვიძღვებოდეს, დეტალურად აღწერს ხელნაწერს:

‘ჩვენს წინ არის პოეტის ერთი ობოლი ლექსი, რომელსაც არც სათაური აქვს და არც თარიღი უზის. ავტორს მისი გამოქვეყნება არ უცდია. პირველად მისი სიკვდილიდან თოთხმეტი წლის შემდეგ დაიბეჭდა აკადემიური გამოცემის VII ტომში. ავტორი ამ, ერთი შეხედვით, მინიატურულ ლექსს, როგორც ჩანს, არ მიბრუნებია. დაუწყია მისი ჩაწერა ფანქრით, გაუგრძელებია მწვანე მელნით და მწვანე მელნითვე უსწორებია მთელი თხზულება, და ასე დაუტოვებია “
.
      ზურაბ კიკნაძის წერილში წინ მკითხველს მართლა ვრცელ მისტიკურ სივრცეში მოგზაურობა მოელის. ეს სივრცე  არა მხოლოდ  ევროპული აზროვნების ჰორიზონტებს მოიცავს, არამედ  კაცობრიობის ისტორიის უღრმეს ძირებს სწვდება,  ჩვენ წინ იშლება მისტიური სანახები:  ბიბლია, დაო დე ძინის,  სუფისტების სამყარო…
  ამ წერილის წაკითხვა მართლაც ერთი სიამოვნებაა.
    საკუთრივ ბიბლიასთან დაკავშირებით ნათქვამია რიდისა და კულულის, როგორც ღვთაებრივი ემანაციის, გამოსხივების, ასევე საიდუმლოს დამფარავი საგნის მნიშვნელობასა და არსზე. აქვეა ვერლენისა და ფრანგული  სიმბოლისტური  გამოცდილების კონტექსტი.
    ხომ მართლა შთამბეჭდავია ეს ყველაფერი, არა?
    შთამბეჭდავადაც დარჩებოდა, რომ არა ერთი, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ კონცეპტუალურად უაღრესად მნიშვნელოვანი რამ:
    გალაკტიონის ანუ ავტორისეულ ხელნაწერში არის არა “ციური რიდე”, არამედ “ცბიერი რიდე”. რაც გარკვევით იკითხეება და აკადემიური თორმეტტომეულის გამომცემლებს ან კორექტურა გაეპარათ, ან თვითნებურად ‘’გააშინაარიანეს’ ტაბიძის ლექსი, ხოლო წერილის ავტორი ენდო მათ გამოცემას და ააგო ვარიაციათა მთელი შენობა ისე, რომ საბოლოოდ ძალიან, ძალიან კი არა საერთოდ ასცდა და დაუპირისპირდა გალაკტიონის ჩანაფიქრს.
    მართლაც,  თითქოს  გარეგნულად დაწერილობით, დიდად არც განსხვავდება ორი სიტყვა ‘’ცბიერი” და “ციური”,  ფონეტიკურადაც ახლოა, ჟღერადობა, მარცვლოვანება და ასე შემდეგ. კონცეფციას თუ არ გავითვალისწინებთ.
    „ციური რიდე“ -სავსებით ითავსებს ყველა იმ ბიბლიურ, დადებით მნიშვნელობას, რასაც წერილის ავტორი აღნიშნავს. იფარავს იდუმალს, აკავებს ემანაციის მოქმედებას და ასე შემდეგ. მაგრამ ეს როდია რიდის ერთადერთი სახეობა ბიბლიაში.
    არსებობს მისი საპირისპირო,  ასე ვთქვათ, “სატანური რიდეც”,  (პირდაპირ ასე მოიხსენიებს ყურანი),  სხვაგვარად - ცოდვის რიდე, რომელიც გვეფარება რა, უფლისგან ჩვენს ადამიანურ სახეს ფარავს, ანუ იგი ‘’ცბიერი რიდეა”. მის შესახებ საუბრობს პავლე მოციქული (მეორე კორინთელთა 3: 7-13-15,16 -18 და ა.შ:

7. და თუ მსახურება სიკვდილისა, ქვაზე ასოებივით გამოსახული, იმდენად სასახელო იყო რომ ისრაელის ძენი თვალს ვერ უსწორებდნენ მოსეს სახეს, მისი დიდებული იერის გამო, რომელიც, თავისი დიდებულების მიუხედავად, მაინც წარმავალი გახლდათ, -

8. რამდენად უფრო სასახელი იქნება სულის მსახურება დიდებით?

9. რადგანაც, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო მეტი იქნება დიდება სამართლიანობის მსახურებისა,

10. იმდენად, რომ იმ დიდებას აღარც კი ეთქმის დიდება ამ უზენაეს დიდებასთან შედარებით.

11. ვინაიდან თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად უფრო მეტია დიდება წარუვალისა.

12. ამიტომ ასეთი სასოების მქონენი უფრო თამამად ვმოქმედებთ,

13. და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა.

14. მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი.

15. ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს.

16. მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი.

17. უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება.

    ქრისტეში შესვლა არის გათავისუფლება ამ „ცბიერი’ რიდისგან, ანუ  გალაკტიონისეულ ხელნაწერში გვაქვს, საიტ galaktion.ge-ზე

https://galaktion.ge/?page=Poetry&id=2520

სანამ წვიმა გადივლიდეს,
გზები გამშრალდებოდეს,
ნუ მოაცლი ცბიერ რიდეს,
რომ ბურუსში ჩნდებოდეს.
თითქო სული სადმე ვლიდეს,
და გულს ცეცხლი სდებოდეს.
სანამ წვიმა გადივლიდეს,
გზები გამშრალდებოდეს.

თუ ლექსს წავიკითხავთ ისე, როგორც ხელნაწერშია, იგი  კვლავ შეინარჩუნებს მისტიკურ საბურველს, ოღონდ  ქრისტიანული კონცეფცია  ზურაბ კიკნაძისეულის საპირისპიროდ შეიცვლება.
  გამოვა, რომ ლექსი ამბობს, ვიდრე ავდარია, ვიდრე წვიმს და გზები სველია, დაე,  ფარავდეს მას, (ვიღაცას თუ რაღაცას) ცბიერი რიდე, ღმერთს, ქრისტეს არ ეჩვენოს თავისი ნამდვილი სახით, იყოს ბურუსოვანი,  ამის გამოა, რომ სული სადღაც ვალს, გულს ცეცხლი ედება, მაგრამ გზები გამშრალდება, ანუ გამოიდარებს, საბოლოოდ დადგება დარი  და ყოველივე ცხადი შეიქმნება.
    გალაკტიონი ამაყობდა, რომ მოსკოვში  უმაღლესი სარჟისორო კურსები დაამთავრა, იგი ძალზე განიცდიდა, რომ  ხელმოკლეობის გამო არ მიეცა საშუალება, მიეღო უმაღლესი განათლება საკუთარი ბიძაშვილი ტიციანივით.  მას რეალურად, მიღებული ჰქონდა სასულიერო განათლება, ჯერ ქუთაისში, შემდგომ თბილისში. 
    იგი არ ყოფილა ორთოდოქსი მორწმუნე, ცალკე შესწავლის თემაა და ვინ იცის, უკვე შესწავლილიც დემონიზმის გამოვლინებანი მის შემოქმედებაში, მაგრამ ბიბლიურ ცოდნას კი  ნამდვილად ფლობდა, რაც ვფიქრობ, ამ  რეფრენული რკალით შეკრულკომპოზიციიანი, პატარა ლექსის მისეული  ჩანაფიქრითაც დასტურდება.
    ერთი პერიოდი, ვფიქრობდი, რომ  როდესაც ავტორის ამა თუ იმ ქმნილებას ვაანალიზებთ, აუცილებელია, წარმოდგენა შევიქმნათ მის  მაშინდელ თეზაურუსზე. რათა  ჩვენი ცოდნის პირობებში, გარედან არ შევიტანოთ მის  შემოქმედებით, კონცეპტუალურ ველში რაიმე ისეთი, რაც მას არ შეიძლება, იმ დროს სცოდნოდა. (მაგ. დაო დე ძინი)
    ახლა  ვფიქრობ, რომ ეს არის მეტისმეტად ბუკვალური მიდგომა, რადგან გამორიცხავს სწორედ იმას, რითაც გალაკტიონი არის დიადი - გენიალურ ინტუიციას. 
  გენიალური ინტუიცია არის სწორედ ის რაც განაპირობებს ‘ უეცარ ფეთქებას’,  ნახტომს  დრო-სივრცულად დაშორებულ სამყაროში.
დასასრულ,  მინდა გარკვევით განვაცხადო:  ამ ჩემი მცირე ოპუსის მიზანს არ წარმოადგენს  ზურაბ კიკნაძის ნააზრევის კრიტიკა. ეს ჩემი მხრით უდიდესი კადნიერება იქნებოდა.      მკითხველს ვურჩევდი, გულდასმით წაიკითხოს მისი  ყოვლისმომცველი წერილი, რომელსაც ერთადერთი ნაკლი აქვს, - გალაკტიონის რეალურ  ჩანაფიქრს ასცდა, იმის გამო, რომ შემდგენლებმა, რომელთაც  თავის დროზე მართლაც დიდი შრომა გასწიეს, თავიდან  არასწორად ამოიკითხეს ორიგინალი და შემდგომ ყველა გამოცემაში შეცდომით გავრცელდა ლექსი.

P.S

ეს მინაწერი კომენტარში კითხვის პასუხად დაიწერა და საჭიროდ ვთვლი, რომ აქაც გადმოვიტანო.
  ერთი მეგობარი კითხულობდა, თუ რას ვგულისხმობ, როცა ვწერ სიტყვას ,, თვითნებურად”.

ნინო დარბაისელი:
- ძალიან კარგი კითხვაა. მადლობა. ალბათ ცოტა ვრცელი პასუხი დამჭირდება. დღეს გალაკტიონის მემკვიდრეობა და სახელი საუკეთესოდაა ნაპატრონები. მეტი მართლა აღარ ვიცი, რა უნდა გაკეთდეს. მისი იუმორისტული ჩანაწერებიც კი გამოცემულია.  რასაც ვიცნობ, იმათზე დაყრდნობით ვერ ვიტყოდი, უზადო გემოვნებითა და იუმორის გრძნობით არის- მეთქი შედგენილი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მთლიანად წიგნი - კარგი იყოს. ყოველ შემთხვევაში, ეს საქმეც გაკეთებულია. ეს ჩემი  გალაკტიონოლოგიური ოპუსები - უფრო ჩემი გულის გასახარად იწერება, მოცალეობის ხანს, თორემ არ მაქვს ილუზია, რომ გალაკტიონოლოგიას, როგორც ქართული ლიტმცოდნეობის დარგს რამეს ჰმატებს. პროცესსმერე და პროცესსგარეთაა.

ახლა რაც შეეხება საკუთრივ სიტყვას ,,თვითნებური”.
ქართული ლიტერატურის ისტორიას არ გააჩნია სხვა ასეთი დიდი არქივი, როგორიც გალაკტიონისაა.
დღეს იგი საუკეთესოდ მოვლილი კია, მაგრამ ამან ადამიანთა ცხოვრება წაიღო,  - იზა ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით  ენთუზიასტების მთელი ჯგუფი მუშაობდა მასზე და დღეს საარქივო მასალების 25 ტომეულიც კია გამოცემული, მის ბაზაზე საიტიც არსებობს…მაგრამ აკადემიური თორმეტტომეულის შემდგენელთა ნაწილს პირადად ვიცნობდი, რამდენიმე მათგანი ისევ ლიტერატურის ინსტიტუტში დამხვდა და მათი ნაამბობიდან ვიცი,  პოეტის გარდაცვალების მერე ბინიდან მუზეუმში მასალები ტომრებით გადაჰქონდათ, დროზე რომ გაეცალათ იქაურობა და ფურცელ-ფურცელ უხდებოდათ გარჩევა ხელნაწერებისა, წარმოუდგენელი იყო თან იმ ქაღალდების იდეალურად მოწესრიგება და თან  - აკად გამოცემაზე მუშაობა. ფიზიკურად რაკი ვერ აუდიოდნენ სამუშაოს, ახალგაზრდა მკვლევარებსაც იხმარიებდნენ და როგორც ჩანს, შედარებით დაბალკვალიფიციურმა პირმა  ხელნაწერი ტექსტი კარგად ვერ გაარჩია, თან,, ციური რიდე” კონოტაციურად უფრო ჯდება გალაკტიონის ესთეტიკაში, ვიდრე ,, ცბიერი რიდე”. 
  ცხადია. ეს არაა ერთადერთი შეცდომა თორმეტტომეულისა.  ამიტომ გახდა მოსამზადებელ-გამოსაცემი  ახალი ხუთტომეული, რომელიც საარქივო მონაცემებთან შეაჯერებდა უკვე გამოქვეყნებულ ტექსტებს და შეცდომებს გაასწორებდა.
  როცა დიდი საქმე კეთდება, აუცილებლად გაიპარება მასში რამე შეცდომა. 
ნათქვამია, “ვინც მუშაობს, შეცდომებსაც ის უშვებსო”.  საქმის გაუკეთესების მოტივით გამოთქმული ყოველი ასეთი შენიშვნა  მე - პირადად მადლიერების გრძნობით მისაღებად მიმაჩნია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები