| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 17 აგვისტო, 2023 |
პროლოგი პირამიდებმა დაგანათლეს ,,ბიბან ალ მულუქ“, შენ ეს სახელი, ისტორიამ ინება ასე, ქვებმა გაუძლეს უსაშველო უდაბნოს ზლუქუნს და უკვდავების ტკივილისთვის, დაიკრეს სახრე; ,,ბიბან ალ მულუქ“ აღიგვები მიწასთან ერთად! ...
იმედი მორბის ,,მარათონის“ დაფარა სივრცე, რა შეუძლია ადევნებულ ჩანჩალა სიკვდილს? ოლიმპოს ღმერთებს გამარჯვებამ შემატა სიმხნე, იტყვის წარსულის უკვდავებას ჟამთასვლა, იტყვის; ,,ბიბან ალ მულუქ“ აღიგვები მიწასთან ერთად! ...
შენ ვინ შეგბედავს პირველობის წაგართვას ,,დაფნა“, კიბოს მარწუხებს ,,ვატერლოოს“ სურნელი ასდის, აღარ ბიბინებს ,,კულიკოვოც“ უკვე გადახმა და ,,მარსის ველზეც“ დააბოტებს აჩრდილი ,,მარსის“- ,,ბიბან ალ მულუქ“ აღიგვები მიწასთან ერთად! ...
დრო ვერ გაუძლებს პირამიდებს, იცის და როკავს და არ ანაღვლებს პირამიდებს თუნდაც ,,დიდგორი“... არა! ,,ალგეთში საქართველოს ჯილაგი ბორგავს“, დაგლეჯილ ძარღვში წინაპარისა ,,ყივის იქორი“- ბიბან ალ მულუქ“ დამიწდები ,,დიდგორთან“ ერთად. თავი პირველი სერზე ჩამოწვა სიბნელის ჩრდილი, ამოჰყვა გორას, ხევში გაორდა, სიო, ვითარცა აკვანში ჩვილი, ღამის დუმლიში ჩუმად ღანაოდა. მთელი დღის ხვარტით დასიცხულ მიწას, მოსწყურებოდა ცისკრის ცის ნამი, მთვარე გვერდულად მთის თავზე იწვა, ბუნების ტკბობით უზომოდ მთვრალი. ღელის ნაპირთან ლანდები ჩანდა, გვერდი-გევრდ ისხდნენ, უცქერდნენ მთვარეს, არ ასვენებდა დროდადრო სადღაც ძილგატეხილი მამალი ღამეს. გადაიხარა ლანდისკენ ლანდი, ყურზე მიადო გვერდით მჯდომს სახე: ,,გული სავსე მაქვს უზომო დარდით, თუკი სიკვდილმა დამიგო მახე, ნუ დამივიწყებ, მიგლოვე, დინავ! როგორც წესია ქალისგან კაცის, მე კი მომხდურებს დავუჯენ ძვირად სიკვდილს, თუ ბედი ჩემს სურას დაცლის. ხვალ მეფე დავით საომრად მიხმობს, ჩვენზე მოიწევს თურქმანთა ჯარი, წინაპართ სული ჩემიდან ითხოვს, ვიომო, მტერზე ვიყარო ჯავრი. მე, ხომ დავითის სახელზე მამამ, მისი სახელი დამარქვა, დავით! ჩამჩიჩინებდა დღედაღამ ამას, მამულისათვის მექნია მკლავი. მისი სურვილი ვატარო უნდა, ჩემი მხრებით და ვწიო ჭაპანი, მეც იგივე მსურს რაც მამას სურდა, ჩემშიც კიაფობს მისი ლამპარი“. - ,,დავით! შეხედე, უკვე თენდება, მთვარე გაბაცდა, იცვალა მხარი, ღმერთმა ისმინოს ჩემი ვედრება, კვლავაც შეგვყაროს ერთად ცოცხალი. მაგრამ თუ მაინც“ ! ... გაუწყდა სიტყვა, ღაწვებზეც ცრემლი დაგორდა მლაშე, - ..თუ გიღალატო, დამატყდეს რისხვა, სიცოცხლის წყაროც სრულიად დაშრეს“. - ფიცი წარმოთქვა, იყუჩა ქალმა, თავი დაადო გულისწორს მკერდზე, მთვარეს ახედეს ორთავემ მაღლა, ოდნავ გადახრილს ზეცაში, გვერდზე. ფერმკრთალდებოდა აისით ზეცა, ძალას იკრებდნენ სხივები მზისა, თითქოს ბუნებას ძაძები ეცვა და სისხლისფერი ემოსა სისხამს. და განშორების უსულო სულიც, თითქოს ტიროდა, ვაჭრობდა ბედით, მზის ირგვლივ ჩანდა წითელი წნული, წითელი წნული შარავანდედის.
თავი მეორე მოლას კივილმა შეუხსნა ხუნდი, ძილი დაუფრთხო აზიურ ღამეს, სასახლის კართან ღატაკთა გუნდი, ითხოვდა ხვეწნით: ,,გვაჭამეთ რამე“! - სულთანმა ალაჰს შესთხოვა შველა, თითებით ფრთხილად დაფარცხა წვერი, უცებ აუტყდა გაბმული ხველა, სუნთქვა შეეკრა, დაკარგა ფერი. - თითქმის წელამდე ამოიწვერა, მზე და სხივები მოჰფინა ქალაქს, კინაღამ ნერწყვის რომ იქმნა წერა, სულთანმა ესე აუწყა დალაქს. მორჩა თუ არა პრანჭიაობას, დასკუპდა ტახტზე, მოუხმო ვაზირს, ჯანი წაართვა ამ ჭიანობამ, დამოკლდა მისი სიცოცხლის ხაზი. ქალაქ ჰამადანს მიადგნენ მგზავრნი, ტანთ სამოსელი ებურათ შავი, ერთხმად ყვიროდნენ: ,,დაირღვა ზავი და ჩვენც კინაღამ მოგვსხიპეს თავი“. - ქალაქის კარნი განუხვნეს მცველთა, მგზავრნიც შევიდნენ გოდებით შიგნით, ხუჭუჭი წვერი მკერდამდე სცემდათ, გლახაკთა გუნდიც მისდევდა მიბრჯნით. შეწევნას სთხოვდნენ დიდებულ ხონთქარს, და ადიდებდნენ მალი-მალ ალაჰს, მათი გოდება, ტირილი, მოთქმა, კიდით-კიდემდე სწვდებოდა ქალაქს. სისხლმა და გვემამ შეზარა ყველა, მცველნი სწყევლიდნენ ბედს ფრიად მაცდურს, მგზავრებმა რიდით ითხოვეს წვევა, ისინიც სწრაფად მიჰგვარეს მაჰმუდს. სულთნის წინაშე, წინ წარსდგა ფეხი, სიტყვა ითხოვა ვაზირმა რუფმა: შორიდან მოვლით, იხმარა ხერხი, მცირედი ჟამი გაფლანგა უქმად. - ,,დიდო ხელმწიფევ! ზღვათა და ხმელთა! ჩვენი მოძმენი გვეახლნენ თხოვნით, ფაქტებიც ესე თან ააქვთ ხელთა, გურჯთ მეფე თურმე იქადვნის ომით. ალაჰის შვილებს ექცევა მტრულად, სადაც კი მისწვდა თესა სიკვდილი, მან ქალაქები აიკლო სრულად, დატოვა ხალხი სასომიხდილი“. - რა ესმა მაჰმუდს, მუჰამადის ძეს, რას მოითხოვდნენ, მგზავრებს რა სურდათ, დაუდის მწველი, მუხანათი მზე, როგორმე სწრაფად ჩაექრო უნდა. ბრძანება გასცა: ,,რადგან დაუდი, მაჰმადის შვილებს ექცევა მტრულად, თანაც ფიქრობს, რომ მაინც გაუდის, სამუსულმანო აწვიეთ სრულად. ვანანოთ უნდა ხელმწიფეს გურჯთა, ესე ამგვარი თავგასულობა, სიკვდილი არის წამალი ურჩთა, დამონება და ჩვენდამი ყმობა. შევკრიბოთ ჯარი, შევებათ დაუდს, მოვანიორწყლოთ ქვეყანა მისი, თუ ვერ ვაჩვენეთ ხმლის ძალა დამხვდურს, ვყოფილვართ მაშინ მაქნისნი რისი? მაცნე აფრინეთ ბაღდადს ილღაზთან, ნეჯმნ ად-დინ არის დიდი ამირა, ახლოს ვერ მივა ვერავინ მასთან, ურჯულოები ბერჯერ ატირა. ჯვაროსანთ ომში დიდი სარდალი, ვით უშიშარი იბრძოდა ისე, დააყრევინა ფრანკებს ფარ-ხმალი, ალაჰის ორგულთ უგრეხდა კისერს. შეატყობინეთ დურბეიზ სადაყს, ჰილას მბრძანებელს, ევფრატის ქვეყნის, მაჰმადიანთა ღირსეულ სარდალს, ვინც ურჯულოებს განსაცდელს შეჰყრის. თორღულ მელიქსაც, ჩემს ძმას საფიცარს, განძის გამგებელს, აახლეთ მონა, მაჰმადის დროშას მედგრად დაიცავს, შეკრებილ ლაშქარს შემატებს წონას. სომხთა ბეგებსაც მისწერე, რუფი“ - ხელით ანიშნა მაჰმუდმა გამზრდელს, ,,იქნებ მოუნდათ კისერზე ყულფი? - ვიდრე მოვაშთობ, წიხლებით დავზელ“.
თავი მესამე გეგუთის ციხეს მოადგა უცხო, მხედარი ვინმე, შედგა ჭიშკართან, ჩუხჩარმა ცერად ახედა უცნობს, იჭოჭმანა და კითხვით მიმართა: ,,რას შეგიბურავს ეგ თავი ჩალმით? აქ ვის დაეძებ? ვინა ხარ თვითონ? ამ მხარეში ხარ მხედარო ჩავლით, თუ რამე საქმეს ჩემიდან ითხოვ”? - ხელით ანიშნა მას რაღაც მცველმა, მერე განახვნა ურდული კარის, ჩუხჩარს მოსწყინდა უცნობის ცქერა, ზურგით შებრუნდა, ანება თავი. ჩამოქვეითდა მხედარი მარდად, კარებში გაძვრა, მიუგდო ცხენი, ჩუხჩარი იქვე დატოვა სახტად, ზედ მიაყოლა ჭიშკარის მცველიც. ,,მეფის მაცნე ვარ, ვერა მცნობ, განა? რად დაგიღია უზომოდ პირი, რაისთვის შფოთავ, ვიხმარო ძალა? მიდი, მიწექი, განაგრძე ძილი“. - ,,არ მძინებია, რად ყბედობ მაცნევ? ჩუხჩარმა კარი მიხურა ნელა, - ,,ჩუმად იყავი, რამე არ დაგცდეს, ხომ ხედავ, უკვე ძალიან ვღელავ“! - ,,რად ბრაზობ, ასე? ვიხუმრე მცირედ, შენ კი მიიღე სიტყვა საწყენად, დროება გვიდგას ისეთი მძიმე, ნაღდად არა გვაქვს საქმე სალხენად. გამიძეხ სწრაფად, ჟამი მაქვს ცოტა, უნდა გადავცე უსტარი მეფეს, მგონი მიწია ამდენმა ცოდვამ, რაღაც ჯანდაბა მიკავებს ხელ-ფეხს“. - მეფე დავითი თათბირად იჯდა, როს მოახსენეს: ,,გეახლათ მაცნე“ ! - მეფემ ღიმილით წარმოთქვა დინჯად: ,,მოვიდა უკვე? უვლია მარჯვედ“ ! - დავითს დემეტრე მხარმარჯვნით ედგა ნიანია კი იდგა მის გვერდით, მაცნე შევიდა დარბაზში, შედგა, მუხლი მოდრიკა ხელმწიფის ფეხთით. ,,წამოდექ ფეხზე“! - ასწია ხელი, მსტოვარიც დაჰყვა დავითის თხოვნას, - ,,სწრაფად მაუწყე, რაც გაქვს სათქმელი და ნუ დაიწყებ შორიდან მოვლას“. - ხელი ჩაიყო მსტოვარმა უცებ, ამოაძვრინა რაღაც უბიდან: ,,ამის გულისთვის მეფეო, წუხელ, ძლივს დავიხსენი თავი ყულფიდან. მუჰამადისას ავართვი ფაიქს, განძას მიჰქონდა უსტარი ესე, შემომეფეთა, შემყარა ვაის, მელიქის ბეგმა, სახელად ნერსემ. მტკვრის ნაპირამდე მომდიეს მათაც, სხვა გზა არ მქონდა, გადავხტი წყალში, ვჩქარობდი გაცლას, წყეულნი რათა, არ ჩამდგომოდნენ შემთხვევით კვალში“. - უსტარი გახსნა, დაიწყო კითხვა, იწერებოდა სულთანი ასე: ,,ჩემო ქენთ-ოღლი ჩემი ძმა კი ხარ, მაგრამ ფიალა თმენის, მაქვს სავსე, გურჯთა ქვეყანას დავეცე უნდა, მოდი, მეახელ ჰამადანს ჯარით, თუ არ ისურვებ, მიიღებ ხურდას, იცოდე თორღუმ, გაგწყვიტავ გვარით“. - მსტოვრის თვალებში იმძლავრა შიშმა, ისევ უწევდა იღბალთან ომი, ერთურთს შეხედეს მამამ და შვილმა, მამამ ისურვა და დარჩნენ ორნი. ,,რა ვქნათ, დემეტრევ“? - მეფემ თქვა მშვიდად; ,,უნდა ვიომოთ, შევებათ თურქმანს, მჯერა, მივიღებთ საჩვენო შედეგს, რადგან, მეფეო! ვენდობი გუმანს“. - ,,ეს ომი მხოლოდ ჩვენი ომია, ვერას გვიშველის ყივჩაღთა ძმობა, ამასთან ერთად ესეც სწორია, ქუდზე კაცისა მოგვიწევს ხმობა“. - ხატთან მივიდა, მოდრიკა მუხლი, ჯვარი ისახა მეფემ ქართველთა, ციხის კედლებზე წვებოდა მწუხრი, მაგრამ იმედი ღამეს ათევდა.
თავი მეოთხე ხუთასიათასს ითვლიდა ასკერს, მთელი ლაშქარი, ამბობს არაკი, არზუმთან დადგნენ და იქვე დასცეს, მაჰმადიანთა დიდი ბანაკი. არაკი ტყუის? არა მგონია, სხვა წყაროებიც გვამცნობენ ამას, მათი ფიქრითაც რიცხვი სწორია და აზრი არ აქვს ციფრებით თამაშს. წინ მოუძღოდა ლაშქარს ამირა, ნეჯმ ად-დინ ილღაზ, ,,ხმალი ალაჰის“, ბევრის ცოლი და დედა ატირა, ამასაც ამბობს ესე არაკი. ფორან-აღალით, შვილით და ცოლით, ალაჰის რწმენით, აზრებით ბნელით, პირზე მომდგარი დუჟით და ცოფით, ჯარი დაიძრა ტაატით ნელით. როგორც მდინარე ნაკადულებით, ძალას და ღონეს იკრებს გზადაგზა, ასე - ამგვარად, ხალხი ულევი, ერთი დროშის ქვეშ ნეჯმა დარაზმა. ,,უნდა გავწყვიტოთ გურჯები სრულად, ჩვენ მრავალნი ვართ, ქვიშაზე ბევრნი, თუმცა მცირედიც ვეყოფით სულაც, დაშრეტილია მაგათი დღენი“. - შეუძახებდა, სიმხნეს მატებდა, მეტი რა სურდათ ალაჰის შვილებს? ბოროტი ზრახვა ღამეს ათევდა და ბედისწერაც ,,ილესდა კბილებს“. ჯარის სიმრავლემ და ბაქი-ბუქმა, ყველა მეომარს შემატა რწმენა, ბნელმა აზრებმა, ფიქრებმა მუქმა, დათრგუნა შიში, უჩვენა ენა. იმედის თვალით უცქერდნენ აწმყოს და შეჰყურებდნენ თმენით მომავალს, დიდს და პატარას, ალაჰის სამწყოს, პეშვით დაჰპირდნენ ,,ოქროს მოსავალს“. ვაჭარი ერთი, ჯარს ჰყავდა გზირად, მასაც თურქმანნი მოჰყავდა ქართლში, და შეკითხვაზე: ,,სწორი გზით მივალთ“? პასუხს, სიფლიდეს ურევდა ხმაში. ,,დიახ, ამირავ! დიდო სარდალო! ალაჰის რწმენით იცოცხლე დიდხანს, მზისა და მთვარის ერთად სადარო, შენი დიდება მრავალგზის მითქვამს. აი, იქ არის საზღვარი მათი“, - თითით უჩვენა მეგზურმა სარდალს - ,,სულაც არა მაქვს გურჯების ხათრი, სწორად მოვდივარ და ვამბობ მართალს. სამი დღის შემდეგ ტფილისს ვიქნებით, ტფილის-ქალაქის გველის ამირა, ის ჩვენთან არის, ვიცი, ფიქრებით, მისი მახვილიც გურჯებს განგმირავს“. - ვაჭრის ნათქვამმა მოჰგვარა შვება, ქისა ესროლა ოქროთი სავსე, ,,რადგან ასეა, მოგვიწევს შებმა, დაუდს უჩუმრად მივადგეთ კარზე“- ბრძანა ამირამ და დაამატა: ,,გურჯთა სოფლები აიკლეთ სრულად“ ! - მერე დაფიქრდა, სიტყვა განმარტა: ალაფი ყველამ გაიყოს ძმურად“! თავი მეხუთე სწრაფად იარა ქართველთა ჯარმა, თვალმა იხილა დილით ,,დიდგორი“, მათ თავზე ბედის ბრუნავდა ჯარა, გვალვადაკული ჩანდა მინდორი. ველზე დაეცათ ბანაკი თურქმანთ, ემზადებოდა საომრად მტერი, ,,ჩვენ ვერ ვიდგებით აქ დიდხანს უქმად, პირისპირ შებმაც იქნება ძნელი“. - ეს თქვა დავითმა, გორის ტაფობზე დასცა ბანაკი, წარმოთქვა სიტყვა: ,,ეჰა უფალო! ჯანზე გვამყოფე, ქრისტეთმოძულეთ დაეცი რისხვა! - თუ თავგანწირვით ვიბრძოლებთ ყველა, იმედი გვქონდეს ნინოის ჯვარის; აუცილებლად იქნება ძლევა, ვით საკვირველი, საყრელი ჯავრის. ვერას დაგვაკლებს ეშმაკის ურდო, ბრძოლით გავიტანთ, ქართველნო, ლელოს, იმედი ბრმაა და არის უნდო, მხოლოდ ხმალსა და შემოქმედს ვენდოთ. ბრძოლის წარმართვა, ისიც ნახევრად, არ შეიძლება, გავჟლიტოთ მტერი, რადგან არ გვარგებს უკან დახევა, ზურგი ჩავხერგოთ, ჩავკაფოთ ტევრი და გზა მოვიჭრათ სავალი, სრულად, რათა უფალთან ავმაღლდეთ ზეცად, საქმე კი არის ძალიან რთულად და თურქმანები ქცეულან მხეცად, მაგრამ თუ ჩვენი მიწის გულისთვის, მათ ძალუძთ ომი, სიკვდილი მშვიდად, მაშინ სიცოცხლე,,ჩვენ, მამულისთვი, რაში გვარგია, რაისთვის გვინდა“? - ტევრი ჩაკაფეს, ჩახერგეს ხევი, ჯარი სიკვდილთან პირისპირ დადგა, ამგვარი საქმით, ამგვარი ქცევით, ბრძოლის იშტა და გაღვივდა მადა. - ეს მონათხრობი არ არის მითი, მემატიანე მოგვითხრობს მართალს, სრულად ლაშქარი, მეფე დავითის. ორმოცდათექვსმეტს, ითვლიდა ათასს, თხუთმეტი ათასს მხედარს ყივჩაღთა, ხუთას ოვსსა და ფრანკთა ასეულს, ამ ამბის არ თქმა, ვითომ მიჩქმალვა, არ გვაძლევს სურათს, ნამდვილს, ფასეულს. ეს ომი იყო ქართველთა ომი, მხოლოდ ქართველთა, სხვათა არავის, გზაც ასარჩევი, ჩვენ გვქონდა ორი, გამარჯვება და ,,კარი სამარის“. სწორედ ამიტომ ბრძანა დავითმა, ქართველთა ჯარით დაწყება ბრძოლის, მან ამ ტაქტიკით თავი გაითქვა და არა ფუჭი ისრების სროლით. - მზე ჩაიმალა, გორაკის მიღმა, ლხენამ მოიცვა თურქმანთა ჯარი, ბაიათს მშვიდად მღეროდა ვიღაც, გულისშემძვრელად კვნესოდა თარი.
თავი მეექვსე ბინდმა მოიცვა დიდგორის ველი, აგვისტოს მთვარეს შეჰკივლა ჭოტმა, უღრან ღარტაფში აყმუვლდა მგელი, ღამეს, ქართველთა ათევდა მოდგმა. არ მოუხუჭავს იმ ღამით თვალი, მეფე დავითი ფიქრობდა ომზე, ბანაკს გასცილდა, იცვალა მხარი, ფეხით გავიდა პატარა მოლზე. ,,მიხმეთ შავლეგი“ ! - დავითმა ბრძანა, მოახმობინა თვისი სარდალი, - ,,ურჯულოების ვერ დავძლევთ ძალას, - თუმცა ჩვენს ლაშქარს არ ჰყავს ბადალი“. თქვა და ნაოჭი გაუჩნდა შუბლზე, ისევ დახედა ქორივით ბანაკს, კარავთ სიმრავლე კოცონთა შუქზე, ისე მოჩანდა, როგორც ცხვრის ფარა, მეფე დავითი კარგახანს დუმდა, მერე წარმოთქვა: ,,ვიპოვე ფანდი, ომის სასწორი დავბოლო უნდა, ამასთან ერთად ხრიკი ვქნა ნაღდი. მზის ამოსვლამდე შეკრიბე შავლეგ, ორასი კაცი, ჩასაფრდი ტყეში, როცა ინათლებს, ღამე სულს დალევს შემოაბიჯებს სინათლე ხევში, უნდა გასწიოთ მტრისკენ ჭენებით, თან წყევლა-კრულვა გვაყაროთ გურჯებს, არ ააჩქაროთ ოღონდ ცხენები, უნდა მიჰგავდეთ განდგომილ ურჩებს. გულდანდობილად ბანაკში შედით, რომ არ მიგვიხვდეს განზრახვას ილღაზ, მე იმედი მაქვს შავლეგო, შენი, ჩვენ წაგვადგება, იქ რასაც იზამთ. როცა მიაღწევთ შუაგულ ბანაკს, იშიშვლეთ ხმლები, აჰკაფეთ მტერი, დაემსგავსება იგი ცხვრის ფარას, ჩვენიც დადგება სარდალო, ჯერი. და მაღლობიდან დავექანებით, იქნებ მოგისწროთ, ვეცდებით ნაღდად, უშიშთ, უხორცოთ დავემსგავსებით, ნეჯმ ად-დინ ელღაზს დავტოვებ სახტად. გაგიჭირდებათ, იცოდე, შავლეგ! უნდა ჩახედოთ თვალებში სიკვდილს“ - ,,მეფეო! მივხვდი, როგორმე გავძლებთ, ვფიცავ შემოქმედს, არ გაჭმევთ სირცხვილს.“ ! თვალი უსწორა შავლეგმა დავითს, ვადა მოსინჯ ხმლისა, თითებით: ,,ჩვენ გაგაგონებთ თურქმანთა ღნავილს, ამას მეფეო ნაღდად გპირდები“ ! - ,,ყივჩაღთ სამოსი ჩაიცვით შავლეგ, ასე აჯობებს უცილოდ, ალბათ“; ,,რატომ მეფეო? ისედაც დავძლევთ“! ვერ მიხვდა ნათქვამს, იკითხა ცალყბად. ,,დარწმუნდებიან, რომ მე მიგანეთ, რადგან ყივჩაღად შეგიცნობთ მტერი, აბა, თქვენ იცით, როგორ ივარგებთ, მათ ბანაკს უნდა დაასხათ რეტი. ორასი კაცი იახლე ფუსტი, შონების ლაშქარს მოაკლო უნდა, მეტი არ გინდა, რიცხვია ზუსტი, არ გაიბნევით, შეიკვრით გუნდად. - - მშვიდობით, შავლეგ! - ,,მეფევ! მშვიდობით! ბედნიერი ვარ, რომ მერგო წილად, ბრძოლის დაწყება და რომ მენდობით, ჩვენს სიკვდილს თურქმანს დავუჯენთ ძვირად! -
თავი მეშვიდე ველზე გაიბნა სხივები ნათლის, ნისლმა აკრიფა სქელი კალთები, ,,დიდგორი“ იყო წერტილი ათვლის, სიკვდილისა და გამონათების, ტყიდან ჭენებით დაიძრა რაზმი, ორ ბანაკს შორის გამართეს მწკრივი, ყოფნა-არყოფნის უჩინო ხაზი, გადაეკვეთათ, ეყარათ წილი, წამოიშალა თურქმანთა ჯარი, მაგრამ დაწყნარდნენ, დაიცხრეს ვნება, ,,ვინ ოხრებია ? ... გავარდეს ჯანი“ ! - მაინც დაზვერეს მხედართა წყება. დაასკვნეს ბოლოს - ყივჩაღებია ! ალბათ დაუსხლტნენ დაუდს ღამეში, გურჯებს ლანძღავენ? ... მისაღებია და დასცინიან გაბმულთ მახეში; - მტრისკენ აიღეს მხედრებმა გეზი, წინ მიუძღოდათ შავლეგი დინჯად, თეთრშუბლა მერანს შემოჰკრა დეზი, თურქმანთ ბანაკის გამოჩნდა მიჯნა. დილისაქედან მას ხინჯად აჩნდა, ვიღაც ყმაწვილის ჯიუტი ქცევა, იგი წამოჰყვა, არაფრით დარჩა, პირველი დაჰყვა შავლეგის წვევას. ,,ომი ადრეა, უნდა დამაჭრდეს, ყმაწვილს რა უნდა სიკვდილის ხაზზე ? - რაც არის, არის, იქნებ გადარჩეს“ ! - მეფეს გახედა შავლეგმა მთაზე. კარავთან იდგა დავითი მშვიდად, თითქოს არ სურსო დაწყება ბრძოლის, სამეფო დროშა, წმინდათა-წმინდა, მზეზე ელავდა, ვით ფერი თოვლის. შავლეგმა ბიჭი მოიხმო ხელით, მანაც ოდნავ ჰკრა დეზები ულაყს, უცებ აზვირთდა, აქუხდა ველი, ალაჰზე ლოცვა დაეწყო მულას. ,,რა გქვია, შვილო? სახელი მითხარ“! - სარდალმა ყმაწვილს უსწორა მზერა, ,,დავითი ! შავლეგ“! - ამაყად ითქვა, ბანაკს გახედა ყმაწვილმა ცერად. - ,,მამამ დამარქვა სახელი ესე, მაგრამ მომიკვდა საწყალი, შარშან“ - შავლეგი სწრაფად შებრუნდა ცხენზე, ბიჭის ნათქვამზე უეცრად გაშრა. ,,სახლში ვინ დაგრჩა“ ? - იკითხა უმალ, ,,მხოლოდ დედა და საცოლე დინა, თუ დავმარცხდებით, მათ ასე ვუთხარ, არ დავბრუნდები ცოცხალი შინა“. - წარმოთქვა ბიჭმა, შეხედა შავლეგს, ოდნავ წასვლოდა მეთაურს ფერი, კიდეც მიადგნენ თურქმანთა ფლანგებს, ბაასით სწრაფად გაევლოთ ველი. ,,დავით! შენ ფიქრობ, რომ დავმარცხდებით და ამიტომაც წამოხველ ჩემთან“ ? ,,დიახ, სარდალო! ალბათ არ ვცდები, მართალი მინდა რომ ვიყო ღმერთთან“. - ,,მაშ, დამარცხებას გამოექეცი? აი, რატომაც დაეძებ სიკვდილს, რადგან სიცოცხლეს შენ მტრად ექეცი, ცოცხლებს ვაჟკაცო, ნუ ვაჭმევთ სირცხვილს. ნუ მომშორდები გვერდიდან, გმირო! ალბათ იმ ქვეყნად მოვხვდებით ერთად, აჰა, თურქმანი, შევებათ შვილო! არ შგეშინდეს და სდექი მედგრად“ - თურქმანთა ჯარი გაიყო ორად, ნელა გადიდდა ,,შარა სიკვდილის“, დუმდა ბანაკი და დუმდა მოლა, მზეც სულ სხვა იყო, ზეცაც იმ დილის. მხედრები შედგნენ, გაჩერდა წამიც, შავლეგმა ირგვლივ მოავლო მზერა: ,,დაჰკარით წუნკლებს, დაგვიდგა ჟამი, ხმალი და მკლავი გვიკურთხოს ზენამ“! - სარდლის ნიშანზე დაიწყო ბრძოლა, მტერი ჩაჰკაფეს, დაეცნენ მეხად, ბანაკი უცებ მოიცვა ძრწოლამ, ილღაზმა სიკვდილს გაასწრო ფეხად.
თავი მეერვე ცხენზე შეტოკდა, იშიშვლა ხმალი, მამას შეხედა დემეტრემ თხოვნით, ,,ეჰა, ქართველნო! დაგვიდგა ხანი, ეშმაკის მსახურთ შევებათ ბრძოლით“ ! . ბრძანა დავითმა, დაქანდნენ მთიდან, ცენტრში დაარტყეს დუშმანთა ლაშქარს, წმინდა გიორგის ხატება ციდა, თავზე დაადგა ილღაზის ამქარს. მხოლოდ ქართველნი უცქერდნენ წმინდანს, თურქმანთა თვალებს აკვროდა ლიბრი, ბრძოლის ყიჟინა ისმოდა ციდან, გულზე მოვიდნენ ქართველნი ხილვით. თმაშევერცხლილი დავითი თვითონ, ისე იბრძოდა, ვითარცა ლომი, შორიდან ასე მოჩანდა თითქოს, მოენატრაო ხელმწიფეს ომი. ასკერს გვერდიდან აძგერა შუბი, ,,თავსა უხეთქა“ წინამძღოლს ხმალი, შუაზე გასკდა, გაიპო შუბლი, თვითონ კი მარჯვედ იფარა, ფარი. ცხენკაციანად გაჰკვეთა მტერი, ,,ვითარცა ლომი, უზახდა ლაშქარს“, სწრაფად გალია მომხდურთა ტევრი, თავზე დასჭყივლა შიშისგან წამხდართ. თავგზა აებნათ ილღაზის მხედრებს, თავქუდმოგლეჯით გაექცნენ ბრძოლას, ქართველნი ცხენებს ,,უზელდნენ ფერდებს“, ძლივსღა ასწრებდნენ ისრების სროლას. ქვეითთა ჯარი მიდენდა ფარას, გზას იკაფავდნენ საშველად ძმების, როს მიაღწიეს შუაგულ ბანაკს, თურქმანთა მკვდრების იხილეს ძნები. ორასი გმირიც ესვენა ერთად, გვერდი-გვერდ იწვნენ შავლეგ და დავით, მეფეს უზომო მოაწვა სევდა სარდალს დაუდგა მდუმარედ თავით. - ,,შენ შეასრულე ბრძანება ჩემი, მადლობა შავლეგ! გაცხონოს ღმერთმა. თქვენ ,,საკვირველი ძლევაი ჰქმენით“, ძლევა, რომელიც შექმენი ერთმა“. მეფემან დავით, მოიხსნა ჯვარი, მკერდზე დაადო სარდალს სათუთად, ფერხულს უვლიდნენ, ილხენდა ჯარი, ღვინით და პურით, წმინდა ქართულად.
პროლოგი რა არს მამული? ... ერთი ციცქნა მჩქეფარე გული, მზე ჰორიზონტზე, იმედად რომ შენთვის ანთია, შარავანდედის უნაზესი სხივების წნული, ,,იქორის ყივილს“ ლუკმა-ლუკმა როცა გაწვდიან. მამა-პაპათა საფლავები, მომოფანტული, ნოტიო მიწის ოხშივარი, შენი ნატერფლით, ღამე ალგეთის მგლის ყმუილით გამოფატრული. ,,დიდგორის ველის“ განთიადი ,,მთვარის ნატეხით“. სოფლის ბილიკი, ზღმარტლის ფესვებს ჩაჭიდებული და გულყვითელა მოლაღურის ,,შვილო, გოგიავ“! - წინაპართ რწმენა ,,ხის აბჯარში“ აზვირთებული, განმანათლებლის საფლავთან რომ დაუჩოქია. სულ ერთი ციდა იმედი და პატარა კახის, დვრიტაჩაშლილი ხმლის სიმარდე, სხივთა სიელმე, ლომის ბოკვერი ბაკეში რომ ხალისით დარბის, სტუმრის ღიმილზე, თვითონ ღიმილს ძლივს რომ იმეტებს. გლეხის ნამუსი დაგლესილი ,,უხად ჭურებში“, მარგალიტებად მომდინარე ცრემლი მოყმისა, ,,ქალის სათხოვად“ მიმავალი ზემოურებში და მაინძელი, სტუმარი რომ ჯერ არ მოყინჭდა. რა არს მამული? ... ერთი ციცქნა მჩქეფარე გული, მზე ჰორიზონტზე, იმედად რომ შენთვის ანთია, შარავანდედის უნაზესი სხივების წნული, ,,იქორის ყივილს“ ლუკმა-ლუკმა როცა გაწვდიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|