ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2023


დროებითი კატა



ჩემი დროებითი კატა მოკვდა.
ვიჯექი და მწარე ყავას ვსვამდი.
ფეხებთან უძრავად ბეწვიან სხეულს
სითხის გუბე დაეყენებინა.
როგორ ეკიდა ახლა მას ჩემი ამბავი,
წარმომიდგენია.
რა იყო ჩემი ამბავი? ზრუნვით გაფუებული ეგოიზმისა და
ჩამოყალიბებული დამოკიდებულის ნაზავით
გაზულუქებული დრამატულობა,
თუ მცდელობების ამაოებით გაჩენილი უძლურება?
თუ ბოლო ორი დღის განმავლობაში
ლოცვასავით უსასრულოდ განმეორებული სიტყვის - ,,ისუნთქე''
არაეფექტურობა და აქედან გამომდინარე
უნდობლობა ძალიან დიდი მონდომების,
მიზნების ან კიდევ საკუთარი თავის მიმართ?
ჩემი დროებითი კატა მოკვდა.
იქნებ არც არასოდეს იყო ცოცხალი?
ან მე გამოვიგენო მისი სიცოცხლე
და მეტი დამაჯერებლობისთვის სახელიც დავარქვი,
ენაც მოვუჩლიქე, ხმაც შევიცვალე,
ალბათ ყოვლის შემძლედ მინდოდა მეგრძნო თავი?
ახლა შემიძლია წარმოვიდგინო,
როგორ მიმიკედლებდა ადგილები რომ გაგვეცვალა.
დამიყრიდა მშრალ საკვებს პლასტმასის ჯამზე ხმაურიანად,
წყალს გამომიცვლიდა, თამაშში გამომიწვევდა,
ექიმთანაც წამიყვანდა გაჭირვებით, მაგრამ
მე მაინც მოვკვდებოდი.
ჯინაზე მოვკვდებოდი.
მერე დაჯდებოდა ჩემ გვამთან ახლოს,
მოუკიდებდა სიგარეტს,
მოსვამდა მწარე ყავას
და ჩემსავით იმედგაცრუებული შეეცდებოდა დაეწერა ლექსი,
რომელსაც ჩემი უძრაობით ისე გავუპროტესტებდი,
რომ სხვა დროს აღარასოდეს დაეშვა შეცდომა, გამოუსწორებელი შეცდომა
დროსთან გაჯიუტებით.
შენი ერთი ლექსი ვარ და შემეგუე-მეთქი,
ამასაც მივახლიდი,
იქნებ ნამტირალევი კნავილი შეეწყვიტა,
ნამეტანი გულჩვილობაც მიეჩქმალა სახელდახელოდ
და დაბრუნებოდა ყოფიერებას წინანდელი ხალისით.
დაუსრულებლად ეწერა ასეთი ვერსიით ტექსტი,
სპირალურ ბრუნვებში ემოძრავა იქამდე,
ვიდრე უკან გამოსვლას აზრი დაეკარგებოდა,
ვიდრე დასასრული არ გახდებოდა დასასრული,
ვიდრე დროებითი ადამიანი არ დამერქმეოდა,
რომელიც დროებით კატაში არასოდეს გულისხმობს საკუთარ თავს პარალელური გადმოსახედიდან,
რადგან ამის უფლება აღარ აქვს.

სანი...
13:16 საათი
23 სექტემბერი 2023 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს