ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2023


მოდი, შევეშვათ

მოდი, შევეშვათ ამ ზღვებს და ამ ცას.
შევეშვათ ქარებს, რომლებიც გვღლიან.
შენ ისე მშვიდად იძინებ ახლა,
რომ ძილს სიფხიზლის სახელი ჰქვია.

შევეშვათ ყველას ვინც ზურგში გვედგა,
ვინც გვაფარებდა თვალებზე თითებს,
შევეშვათ ჩვენში შემოსულ სევდას
და სევდის ფესვზე წამოზრდილ ფიქრებს.

შევეშვათ ვისაც ვუყვარდით, თუნდაც
იმათაც ვინც კი გვიყვარდა უწინ.
შევეშვათ სიკვდილს რომელიც სუნთქავს
ახლოს და თითქოს თავის თავს უცდის.

შევეშვათ მწარე ქალაქის ქუჩებს,
შენობებს სავსეს ჩვენივე მსგავსი
ხალხით, რომელთა საერთო უბეც
ფეთქავს იგივე ლხინით და ფარსით

რომლითაც ჩვენი და მერე კიდევ,
შევეშვათ რაც კი გვსურდა და გვწამდა,
ცერისგულებით მისრესილ შიშებს
ახლადდამდგარი საღამოს კართან.

შევეშვათ ყველა მცნებას და კანონს,
წყენას და იმედს, მორალს და სინდისს.
ბავშვს, რომლის გულშიც ამ დღემდე ვსახლობთ
და მაინც მისი მოძებნა გვიჭირს.

სხეულს რომელსაც სარკეში ვუმზერთ,
სარკეს რომელიც გვიზერს და ტყდება.
მილიონ ბოროტს, ჭკვიანს თუ სულელს,
კეთილს, მრისხანეს, ფლიდსა და ბეჩავს.

შევეშვათ, რასაც ვხედავთ და გვესმის,
რასაც ღიმილით გვტენიან თავში.
ხელმწიფეს, ნავით ზღვაში რომ შედის
და მათ ვინც მშვიდად უსხდება ნავში.

შევეშვათ... ამ ძველ პლანეტის ამბებს,
გავცდეთ ცხოვრების ნამცეცა ღიობს
და ამ უბრალო საღამოს ხარჯზე,
მხოლოდ ჩვენივე თავები ვიყოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს