ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
30 ოქტომბერი, 2023


სამწერტილის დაბადება

სამწერტილის დაბადება
იყო და არა იყო რა. სასვენ ნიშანთა სამეფოში ცხოვრობდნენ წერტილები, მძიმეები, ძახილისა და კითხვის ნიშნები, ტირეები, წინწკლები და ა.შ. ერთ-ერთი ოჯახი წერტილებისა, გამორჩეულები იყვნენ. რითი? ერთი იმით, რომ მხოლოდ სამი შვილი ჰყავდათ, როცა წერტილთა სხვა ოჯახები მრავალშვილიანები იყვნენ და მეორე იმით, რომ ოჯახის ყველა წევრს სახელი ერქვა. მამას - წერტი, დედას - წერტილიკო, შვილებს კი - წეტა, წეტი და წეტო. სამივენი ცელქები იყვნენ, მაგრამ ნაბოლარა წეტო გამორჩეულად მოუსვენარი გახლდათ.
- ადექით, გათენდა უკვე - ამ სიტყვებით შევიდა წერტილიკო შვილების ოთახში.
- მეძინება - წაილუღლუღა წეტამ.
- ცოტა ხანი კიდევ რა - ნამძინარევი ხმით ითხოვა წეტიმ.
- რაკი გათენდა, ავდგეთ - ყოჩაღად წამოხტა წეტო - რა უნდა გავაკეთოთ დედი?
- სამუშაოდ უნდა გავიდეთ. გდახედეთ, ეზოში თხრობითი წინადადება გელოდებათ, კარებთან კი კითხვითი და ძახილის წინადადებები საუბრობენ თქვენს მოლოდინში. თითო-თითოდ სჭირდებით.
- არ მინდა თხრობითი წინადადების მეგზურობა - გააპროტესტა წეტიმ.
- არც მე მეხალისება კითხვის ნიშნის ქვეშ დგომა - წაიბუზღუნა წეტამ.
- ჩვენ ერთად გვინდა - თავდაჯერებით განაცხადა წეტომ
- ერთად აბა, როგორ? სამი წერტილი არავის სჭირდება, ორი კიდევ ჰო - უთხრა მათ დედამ.
- უჰ, არ სჭირდებათ? - ჩაფიქრდა წეტო - მაცალეთ, რამეს მოვიფიქრებ. წავედით - მიუბრუნდა ძმებს.
სამივემ ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და კიბეზე დაეშვნენ.
ეზოში ძალსკამზე წინადადება ჩამომჯდარიყო, წერტილს ელოდებოდა, რომ თხრობით წინადადებად ქცეულიყო.
სამივე ძმა წინადადებას მიუცუცქდა.
- სამივე რატომ მოხვედით? მე მარტო ერთი წერტილი მინდა გაუღიმა წინადადებამ ძმებს.
- ჩვენ ერთად გვინდა - აუხსნა წეტამ.
- ერთად? აბა, როგორ? არც ერთ წინადადებას არა აქვს ბოლოში სამი წერტილი - მხრები აიჩეჩა წინადადებამ.
- აბა, გვითხარი, რა აზრის მატარებელი ხარ - უთხრა წეტომ.
- გოგონა ზღვის ნაპირზე იდგა, ტალღებს გაჰყურებდა და ფიქრობდა - სხაპასხუპით მიაყარა წინადადებამ.
- რაზე ფიქრობდა? - იკითხა წეტიმ.
- აბა, რა ვიცი - უპასუხა წინადადებამ.
- აი, დადგება ერთი წერტილი და ვერავინ მიხვდება, რაზე ფიქრობდა. თუ სამივე გვერდით გეყოლებით...
- მაშინ რა, წამკითხველი მიხვდება, რაზე ფიქრობდა გოგონა?
- საქმეც ისაა, წამკითხველი თავისებურად გააგრძელებს გოგონას ფიქრებს - აუხსნა წეტამ.
- ვითომ? -ჩაფიქრდა წინადადება.
- დიახ, დიახ, ასეა - დაუდასტურა ძმას წეტომ.
- კარგით, იყავით ერთად, ჩემგან რა მიდის - დაეთანხმა წინადადება. ძმებმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ფურცელზე ისკუპეს.
„გოგონა ზღვის ნაპირზე იდგა, ტალღებს გაჰყურებდა და ფიქრობდა...“ - წაიკითხა ერთმა ქალმა და უცნაურ სასვენ ნიშანს დააკვირდა. - ფიქრობდა ალბათ იმაზე, თუ რა იყო ზღვის მეორე ნაპირზე- გაიფიქრა ქალმა.
„გოგონა ზღვის ნაპირზე იდგა, ტალღებს გაჰყურებდა და ფიქრობდა...“- წაიკითხა კაცმა. მასაც გაუკვირდა სამი წერტილის დანახვა. მერე ფიქრი გააგრძელა, ალბათ საყვარელ ადამიანზე ფიქრობდა გოგონა.
- აი, ხომ ხედავ, რა კარგია, რომ სამივე წამოგყევით - უთხრა წეტიმ წინადადებას - ყველა ისე აგრძელებს, როგორც უნდა.
- კი, კარგი გამოვიდა თქვენი ერთად ყოფნა, სამი წერტილით დაბოლოებული წინადადება  მართლა დამთავრებული კი არაა, არამედ გრძელდება ისე, ვისაც როგორ უნდა - ჩაფიქრებით თქვა წინადადებამ.
აი, ასე, იმ სამი ძმის ერთობით გაჩნდა ახალი სასვენი ნიშანი, სამი წერტილი, რომელიც სათქმელის დაუსრულებლობას გამოხატავს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები