 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 6 ნოემბერი, 2023 |
რამდენ ღამეში უხმაუროდ ნამყოფო მზეო, როგორია შენი გამოუვალი მდგომარეობა? როცა სამყაროს ერთ ნაწილზე სინათლეს ფენდი, ბნელი მხარისკენ მიგიწევდა ალბათ გულ-გვამი, მე კი ვიჯექი შორიახლო თავის უვიცი და დროს ვურხევდი წამის იოგებს. ვხვრეპდი ხანდახან - დაგუბებულ შეუმდგარობას, თუ ნამეტანი წყურვილისგან გავწამდებოდი, ყურის ბიბილოს მოვისრესდი, დაუსრულებელი მთქნარებით მივიქცევდი ყურადღებას, ისეთ ხმასაც ამოვაყოლებდი, თავდაჯერების ნატამალი რომ არ ეტყობა და უმწიფარი ყმაწვილივით ვიწყებდი ღლაბუცს. მრუდე ფესვივით დავიხვევდი თითებს მაჯაზე, იქამდე ვიდრე მტევანი არ ჩამუქდებოდა, ვაკვირდებოდი გამომშრალი ქსოვილის მიღმა, როგორ ჩნდებოდა ტკივილების ორომტრიალი, მერე ვცდილობდი ამ ყველაფრის განზოგადებას; როცა ვხდებოდი დასაგმობი, გადასაგდები, შეიძლებოდა გამხდარი ენის გუმანი , არ მიჩნდებოდა სურვილი რომ წამომეკრიფა, გზაგაფანტული სიტყვებიდან რამოდენიმე და ერთმანეთთან შეერთებით მომეკლა წყურვილი ლოცვის ან რაღაც უფრო მეტად თავზარის, რომელიც უნდა დამცემოდა ადრე თუ გვიან და გავესრისე. რამდენ ღამეში უხმაუროდ ნამყოფო მზეო, ბოლოს როცა არ მოგეფიცხე, მქონდა მიზეზი. შემეშინდა ჩემი ჩრდილის ქვეშ დარჩენილ სივრცეს, პირი არ დაეფჩინა და გადავეყლაპე.
3 ნოემბერი 2023 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რთულია შენს ლექსებს ბოლომდე გაჰყვე - მძიმედ, სვენებ-სვენებით გგონია სადღაც სიბნელეში გადაგისვრის ამ დროს მზის ნაპირზე გრიყავს გონზე მოსაყვანად 5 რთულია შენს ლექსებს ბოლომდე გაჰყვე - მძიმედ, სვენებ-სვენებით გგონია სადღაც სიბნელეში გადაგისვრის ამ დროს მზის ნაპირზე გრიყავს გონზე მოსაყვანად 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|