 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 6 დეკემბერი, 2023 |
თვალის ჩაკვრის ილუზიაში გადავაბიჯე, მომენტალური უხილაობა ამოვკბიჩე ქუთუთოებით, უგემურად დავღეჭე და ჩამეძინა.
არაფერი ვიყავი, ან შეიძლება საერთოდაც არ ვიყავი, თუმცა არაფრად ყოფნას ისე გაბედულად ვგრძნობდი, გადაჭარბების უადგილობაც კი მახარებდა. რაც კი ცარიელდებოდა, ყველაფერში ვცოცხლდებოდი, თუმცა სიცარიელის არაფერთან გაიგივება აზრადაც არ მომსვლია. აზრის მოსვლა თუ არ მოსვლა, ან სიხარულის განცდა რანაირად მიტოვებდა არაფრად ყოფნის შესაძლებლობას, ეს უკვე გაუგებარია.
არაფერთან მიახლოებული უფრო მეთქმოდა. მხოლოდ ფრინველები ფრთხებოდნენ ჩემი გამოჩენის დროს. წეღანაც მიწას მიჩვეულ მტრედების გუნდს გადავაწყდი, წამოცვივდნენ გაქექილი ნათოვლარიდან, მოყრანტალე შავ ფრთოსნებს შეუპოვრად ჩაუქროლეს და კორპუსს ამოეფარნენ თუ კორპუსი გადაეფარა მათ, ამასაც ვერ მივხვდი.
ვაგრძელებდი გადაადგილებას. მხოლოდ ფიქრის უნარი მქონდა შემორჩენილი, რომელიც აღარ მემორჩილებოდა.
ჩემგან ოდნავ განზე გავდექი, მანძილს მაგრად ჩავებღაუჭე და შევანჯღრიე, ეს სიტყვები გადმოცვივდა:
ასეთი ძილის ნატამალიდან, ნათესი ადგილის ნაყანარიდან, გზები გამოდიან ოღრო-ჩოღრო, მე ცა ტკივილივით გადამავიწყდა, სახლი შორს იყო და სადღაც გამიქრა, სახლში ვინც დავტოვე - მითენებენ.
წამოვკრიფე სათითაოდ და გამომეღვიძა.
5 დეკემბერი 2023 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გილოს ნაფიქრი ლექსი. გილოს ნაფიქრი ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|