წლები მიდიან როგორც დღეები და მე მივყვები, როგორც მდევარი, რა უსასრულო ყოფილა გული, გული ამდენის დამატევარი. ვზივარ წარსულზე ფიქრის ნამქერთან, ქარმა სიმშვიდე დააქუცმაცა. ვეჭვობ, არათუ ვისაც ვუყვარდი, საკუთარ თავსაც აღარ ვუყვარვარ. რასაც ვუყურებ მხოლოდ დელგმაა, მაგრამ ამოდის თითქოს მიწიდან. თითქოს ცხოვრების ტალღამ მათრია და მარტოობის ნაპირს მიმრიყა. სადა ვარ, როცა ასე მინდება ვეფერო ჩემი ყრმობის ადგილებს. უბედობის თუ ბედის ბორბლებმა უცხო მხარეში გამანაწილეს. დრო იყო, თითქმის ვეღარ ვიხსენებ, აქეთ ვშოლტავდი დღეებს მორჩილებს, ვიჭერდი ბადით ცხოვრების ჩქერში სიხარულის და ლხინის ქორჭილებს. სიცილს ვატანდი ყველა შემომხვედრს, სიყვარულისთვის ვწერდი სტრიქონებს, ბევრი მწვერვალი ჩემს ჩქარ ნაბიჯებს ვეჭვობ, რომ ახლაც კარგად იგონებს. ქარს დავდევდი და ქარი დამდევდა... სჯობდა მეძებნა მყუდრო კედლები, მაგრამ ეს სული ისე იწევდა, გარეთ, რომ მისი გამაჩერები, ვერ შევიქმენი. სულმაც მიმტყუნა, შემომაჩეჩა სიცარიელე, დამამშვიდობა იმათ ვისთანაც, ვიფრიდონე და ვიტარიელე. ყველა ტკივილი ბოლოს იძინებს, ასე ფიქრობდა ჩვენი მწერალი, სანამ ჩემები დაიძინებენ, ვეძებ ღამეში როგორც მწევარი გეშს იმ ნადირის, რომლის მიგნებაც კვლავ დამიბრუნებს, რამაც დამტოვა, მაგარმ ვიცი, რომ გზის დასასრული დაუსრულებლად არაახლოა. გამოცდილი მაქვს, ელეგიები მაშინ გამოდის, როცა სულიდან, ცდილობს გამოსკდეს დარდის კაშხალი, წარღვნას ყოველი განსაზღვრული და განუსაზღვრელი მოცემულობა, რომელსაც რქები უნდა ვუმსხვრიო, სულს, როგორც ომში დაჭრილ ამხანაგს, ჭრილობები რომ გადავუხვიო.
შენ კი რომელსაც ვერ აღგიქვამდი, მაგრამ მინდოდა ჩემი გსმენოდა, მოგმართავ, ისე როგორც მივმართავ, დიდხანს უნახავ სიყრმის მეგობარს: მუდამ იცოდი, მე რაც მინდოდა... (ამბობენ ყველას იღბალს განაგებ) ჩემი ლოცვები იყო ოცნება - შენს წინ იმდენჯერ გადმოვალაგე, ალბათ დაგღალა და ამიტომაც დაგყავარ ასე შორი შარაგზით. მინდა ვირწმუნო, რომ ახლა მაინც არ დამტოვებ და გადასალახი უღელტეხილის ცივ ხევხუვებში ფეხის დაცდენას არ დამანებებ, შუაღამისას მზეზე კი არა, ახლა ვოცნებობ მხოლოდ მთვარეზე. ან რა გინდოდა, არ გამომიშვი ბავშვის უზომოდ ჩვილი გულიდან, ჩემს თავს ვტკენდი და სხვები მტკენდნენ და მაინც იმედის სიხარულიდან გამომავალი სიბრძნით ვცხოვრობდი, შემომეხარჯა თითქმის იმედიც... ჩემი ბრალია სხვისი პირიდან შენს ნათქვამ სიტყვებს რომ არ ვისმენდი. ალბათ, საჭირო იყო ხანდახან ჩემს ყურშიც თავად ჩაგეჩურჩულა, სამაგიეროდ დიდხანს იმღერა ჩემს მხრებზე ცოდვის ტკბილმა ურჩხულმა. მასვა შხამი და ღვინო დაარქვა. მაჭმია ხორცი - საკუთარივე. რომ დამაბრუნო, ჩემით დავწვავდი კალენდარს მიკრულ ბოროტ თარიღებს. ალბათ გინდოდა, ასე გამეგო, როგორ ტრიალებს შენი განგება. უფსკრულში ჩამსვი და ახლა ვხედავ ჩემს ზემოთ ცამდე რომ არ მთავრდება მისი სხეული ასე უფორმო, გზა და გზა ჩემი სისხლით ნაღები, ხე დამრჩა მხოლოდ უკან დარგული და სახლი ჩემგან ვერ ანაგები. ყველას იბრუნებ ადრე თუ გვიან, ვინც გაგიშვია შენი ხელიდან, საბედისწერო მიზიდულობით ალბათ სულეთის შავი ხვრელი ხარ. ასე ლამაზად შეუცნობელი, რომ იკვიატებს კაცის გონება, ვიცი, იქნები, რადგან კაცის გულს არ ძალუძს მსგავსის გამოგონება. ჰოდა, შენს ხატად რადგან მაქციე, ალბათ მსგავსია ჩემი ბუნებაც, ვიზიდავ დარდებს და გულში ვიხვევ, ისევ და ისევ, დაუსრულებლად. ჩემს თავს ვევნები და ვეკრძალები აუკრძალავი ვნების ქურუმებს, იმედს ვიტოვებ, შენი ხელებით ჩემს სულს ხელახლა მოვაჩუქურთმებ. ეს სტრიქონები აღსარებაა, სუფთა წამსკდარი ცრემლის წვეთივით. ჯვარნაცვამი ვარ და გევედრები შენთან ჯვარცმული ავაზაკივით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. იმედს ვიტოვებ, შენი ხელებით ჩემს სულს ხელახლა მოვაჩუქურთმებ იმედს ვიტოვებ, შენი ხელებით ჩემს სულს ხელახლა მოვაჩუქურთმებ
2. იმედს ვიტოვებ, შენი ხელებით ჩემს სულს ხელახლა მოვაჩუქურთმებ იმედს ვიტოვებ, შენი ხელებით ჩემს სულს ხელახლა მოვაჩუქურთმებ
1. რაც უფრო ღრმაა უიმედობა, სევდა მით უფრო ახლოს არის ღმერთი! რაც უფრო ღრმაა უიმედობა, სევდა მით უფრო ახლოს არის ღმერთი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|