ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სიმონე
ჟანრი: პროზა
7 იანვარი, 2024


თამაშის პატივი

“My witness is an empty sky”

შიმშილი უჯრედებს შორის გზას მიიკვლევდა და ძვლებამდე აღწევდა. ქარისაგან გამოფხიზლებული სხეული ზლაზვნით მოძრაობდა ერთადერთი ხის მიმართულებით, რომლის ქვეშაც უდაბნო შეწყდებოდა და მთელი მისი არსება ისევ სიზმარს მიეცემოდა.
გაუსაძლისი გასაჭირის მიუხედავად, მოგონებები ნაწილ-ნაწილ, ფრაგმენტებად ეფეთებოდნენ..გონება-ეს ფრთხილი, მაგრამ ცქვიტი, გაიძვერა ინვალიდი, რომელიც თავისთვის განაგრძობს მუშაობას და მტრულ გეგმებს აწყობსო.. გაიხსენა რომელიღაც წიგნიდან. მტრული ნაბიჯია აბა რა, თვითგადარჩენაზე ფიქრის ნაცვლად, უსარგებლო ეპიზოდების კინოფირის გაშვება ყოვლად გამოუცნობი ჰორიზონტის თოვლივით სუფთა ეკრანზე.
აპოკალიფსი, მეორედ მოსვლა, სამყაროს აღსასრული.. ვინ იფიქრებდა, მართლა თუ ეწერა ახდენა ამ ძველ, სევდიან ლეგენდას, ვერავინაც რომ ვერ შეაშინა- მეზობლის ბავშვის მოსატყუებლად გამოგონილი გუდიანი კაცივით.
  თუმცა, ახლა აქ იყო, სახეში ფერფლი და სუსხი სცემდა და ‘რა მეორედ მოსვლა აქ მეორედ მომსვლელი ვინააო’, ამ ხუმრობას იხსენებდა, ერთ მის მეგობარს რომ უყვარდა გამეორება.
კიდევ იმ სიზმარს, რომელშიც აპოკალიფსის ჟამს მეტროს ჩასასვლელთან ელოდა სხვა მეგობარს, ის კი არა და არ მოდიოდა, მერე აბაზანაში ჩაიკეტა და სარკის წინ, მარტო მიეგება აღსასრულს.
  მარტოობა პრინციპის საკითხია, ადამიანი საკუთარ წვენში იხარშება ამაყადო.. ესეც გაახსენდა საიდანღაც. კაცმა რომ თქვას, საბოლოო ჯამში, მის გაძვალტყავებულ სხეულში გამომწყვდეული პიროვნულობა სხვებისგან თავის არიდების შეუდარებელ ფანდებსა და ყველასთვის უსარგებლო ციტატებამდე თუ დახურდავდებოდა მხოლოდ. იყო კიდევ ის წარწერა.. გასაცნობი საიტისთვის..”Bunch of years and the glasses of wine”, აკი იტალიური გამოთქმა ასე ჟღერდა- წლები, საყვარლები და ღვინის ჭიქები არ უნდა დაითვალოო. ხოდა დრო მიდიოდა და არ ითვლიდა -არც ჭიქებს, არც ათასფრად მოშაქრულ ტორტზე აბრიალებულ სანთლებს.
აღმართი მაინც ყოფილიყო, სიზიფეობას დაიჩემებდა. ახლა კი ტრიალ მინდორს მიაპობდა და დასასრული უფრო აღელვებდა, ვიდრე უსასრულობა. მინდორი გადამწვარი იყო, უშნოდ ამოჩრილი ხის მიღმა მთვარის ნემსკავი ეკიდა და მწარე სხივებს აფენდა დედამიწის გამომშრალ სიმრგვალეს.

თვალები, ტუჩები, ხელები, უცნობი სახეები, ნაცნობი სახეები.. დაბალი ხმები, გამკივანი ტონი, სიტყვები, პირდაპირ ნათქვამი და ოსტატურად გადაკრული, სასარგებლო და ფუჭი..სევდიანი სიმღერები, ათას ერთი ვნებიანი ღამე და სიჩუმეში მოწეული პაპიროსის  ხიბლი..მაინც რა იყო ეს ყველაფერი? სად დაიწყო? ნუთუ იმ ხესთან დამთავრდებოდა?
ხო საყვარლებს რაც შეეხება.. მათი კიბეზე უკანმოუხედავად ჩამავალი ზურგების დათვლა სავსებით შესაძლებელი იყო (იტალიელებთან ბოდიში)
  წამოწვიმა. სახიდან ფერფლი ჩამოერეცხა. იქუხა.. ახსენდებოდა, თავაწყვეტილ თქეშში აფთიაქისკენ როგორ მირბოდა.. ქუჩის კუთხეში არაამქვეყნიური ხმა რომ გაისმა და რაღაცამ ლურჯად გაანათა. თუ ხმაც გაიგე, ესე იგი გადარჩიო - დათო სამნიაშვილის პოსტი წაიკითხა ერთხელ და მოეწონა. ჩვენამდე ხო ჯერ სინათლე აღწევს და მერე ბგერა..შევარდა იმ აფთიაქში გულგახეთქილი და იყიდა წამალი, რომელიც არაფერს შველის. ასე იყო ეგ ამბავი..წამით მაშინაც გაიფიქრა, მართალი ყოფილა წარღვნაზე და განკითხვის დღეზე ლეგენდებიო, მაგრამ ახლა, როცა ნამდვილი გადატრიალების და აღსასრულის ზღვარზე იდგა, ყველაზე ნაკლებად სჯეროდა რაიმის ნამდვილობის. თითქოს სამყარო გალღვა და გარშემო შუშის სფერო შემოირტყა..შეანჯღრევდი და ფანტელები ახვავდებოდნენ, ისევ მორჩილად რომ დალექილიყვნენ უკან-ფსკერზე, როგორც გრავიტაციის კანონის დასტური.
საბოლოო ჯამში ყველაფერი სინათლე იყო, შუქ-ჩრდილების თამაში. სინათლე და მისი ორმაგი ბუნება. ტალღები, ნაწილაკები, ისევ ტალღები.. ზღვა, სივრცე, ნაზი შეხება..
ახალი ნაცნობობის ბედნიერება. მერე ისევ სიბნელე და წუხილი, საიდანღაც შემოჩენილი, აკვიატებული დარდი. ახლა კი ნელ-ნელა ყველაფერი კარგავდა თავის გამოციებულ შუქს და შავ ხვრელში უჩინარდებოდა.
ორგანულ და არაორგანულ არსებობას ერთმანეთისგან გაცვლა-გამოცვლის აუცილებლობა განასხვავებს. აკი არაორგანულს სულაც არ სჭირდება ეს უკანასკნელი. ადამიანები კი ამ საბაზისო პრინციპით ცხოვრობდნენ. იქნებ სწორედ აქედან, ფიზიკური არსებობის მექანიზმების წაბაძვით იბადებოდა ანგარება და აღებ-მიცემობა. აღიზიანებდა ყველა ქმედება, რომელიც რაღაცის საფასურად კეთდებოდა და მაინც, ამას ვერსად გაექცეოდა. რელიგიური ხალხი ყველაზე ამორალური ეგონა, საპატიო მისაგებლის ხათრით, ან საუკუნო ტანჯვის შიშით რომ იქცეოდნენ პატიოსნად ამ გიჟურ ორომტრიალში, რასაც ცხოვრება ქვია. ცხოვრება-არც ისეთი კარგი, როგორც ამბობენ, მაგრამ არც ისეთი ცუდი, როგორც ზოგჯერ წარმოგვიდგენია.
უნდოდა სიამოვნება გაეცა და სანაცვლოდ არაფერი მოეთხოვა. ეს ყოველთვის აბნევდა
და ჩიხში ამწყვდევდა მის პარტნიორებს. უცნაური ის იყო, რომ ყველას სურდა, გარშემომყოფები კარგად მოპყრობოდნენ, მაგრამ როცა ნამდვილად, გულწრფელად და უანგაროდ ხდებოდა ასე, ელეთ-მელეთი მოსდიოდათ. ალბათ შიშისგან,ყველაფერი ასე მარტივად შეუძლებელია იყოს და ვაითუ საპასუხოდ რაღაც საშინლად გრანდიოზული მომთხოვონო.
მიდიოდა და მიაგორებდა უთქმელად დარჩენილ სიტყვებს, დაუწერელ ნოტებს, აუსრულებელ დაპირებებს, ყველა გადაუყლაპავ ლუკმას და ამოუხაპავ წვეთს. იმ ხის გვერდით შავი წერტილი რომ შენიშნა, უკვე გვარიანად ამძიმებდა მთელი ამ ჰიპოთეტური ყოფის გუდა-ნაბადი. მერე იმაზე დაიწყო ფიქრი, რისი ნახვა გაახარებდა, რა ჯობდა ის ლაქა აღმოჩენილიყო, თითქოს მის გაფიქრებას ჰქონოდა გადამწყვეტი როლი სიუჟეტის მომდევნო დეკორაციის დაშლა-აწყობაში. იქნებ ასეც იყო.
მაგიდა ორისთვის, ხმელთაშუაზღვიური ვახშმით და ცქრიალა ღვინით, მანათობელი ლამპარი შიგ გამომწყვდეული ჯინით, სულაც ლამაზი საყვარელი ან უბრალოდ მეგობარი-ისეთი ნამდვილი, ხელსაც რომ შეახებდი. მეგობარი-ეს ტკივილით სავსე ზიარჭურჭელი, რომელთანაც რაღაც შხამიან სითხეს, მომწვანო ნაღველს ინაწილებდი. მერე იდეალურ უცნობზე შეაჩერა არჩევანი და წერტილისკენ სვლა განაგრძო.
  ყოველთვის აოგნებდა იმის წარმოდგენა, როგორ უყვარდათ ადამიანებს უცნობები. ასე ხდებოდა, ბონუსად დარიცხული პატივისცემით იწყებდი ყველა ინტერაქციას და მერე ქულები გაკლდებოდათ , ეტაპობრივად, ცოტა შენ, ცოტა იმას, სანამ მინუსებამდე და დიდ გაუგებრობამდე მიაღწევდით. ახალი თავგადასავლების ძიება კი უარყოფითი რიცხვების სამყაროდან  უკან ამოძრომაზე გაცილებით ადვილი იყო.
  ზოგიერთი მათგანი ენატრებოდა, უსაფუძვლოდ, უმიზნოდ, უიმედოდ.. ენატრებოდა ადამიანები და ქალაქები.. ქვის გალავანში მოქცეული გაჯერებული მიქსტურა. ნაცრისფერი მდინარის დინება, გაღმა ფანჯრებზე არეკლილი მზის ჩასვლა და გამოღმა ატეხილი ჭრელი ხმაური, საერთო მოგუდულ ბუბუნში რომ იკარგებოდა ბოლოს.
“ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით. თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო ჩემო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა. მიეკრას ენა ჩემი ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო”.
ახსოვდა ქალაქები და ადამიანები.აღარ ახსოვდა, როდის დაიწყო და რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ მისი ჯიუტი ნეირონების საცეცებივით მორჩები დანარჩენი ინფორმაციის სადმე გაშვებას არ აპირებდნენ.
იცოდა, რომ რასაც გაიფიქრებდა, ის დახვდებოდა იმ საბოლოო წერტილში. ნატვრის თვალივით, ბავშვობის ზღაპრებში რომ ხშრად ახსენებდნენ ან პირიქით, ჯოჯოხეთის  ყველაზე პოპულარული განსაზღვრების მსგავსად- თითქოს ბოლოს იმით ისჯები, რომ სურვილი გაქვს, სასურველი ობიექტი ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ როცა უნდა შეეხო, სწორედ მაშინ გისხლტება სველი, მოფართხალე თევზივით.
ასე რომ, ვერ ხვდებოდა, რა ჯობდა: ენატრა, რათა დაჯილდოებულიყო, თუ თავი შეეკავებინა სურვილების გამომჟღავნებისგან, ეს ინფორმაცია მის წინააღმდეგ, მისი დასჯისთვის და საუკუნო ტანჯვისთვის რომ არ გამოეყენებინათ საბოლოოდ.
  წვიმა შეწყდა. მზემ ძალა მოიკრიბა და დაშაშრულ კანს მტკივნეულ ტვირთად დააწვა- ოდესღაც ტკბილი და მუდმივად სასურველი სხივებით. არ იცოდა, დროის დინებას ვერ გრძნობდა, თუ საერთოდ აღარ არსებობდა დრო.
  შენიშნა, რომ არაფრის ეშინოდა. უნებურად გაიფიქრა- შიშიც დროსავით გაქრაო. იქნებ სულაც ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული ეს ორი რამ. ხომ ამბობდნენ, ყველა შიში სიკვდილის შიშიაო. სიკვდილი კი დროს მოჰქონდა სწორედ, თავისი მოწიკწიკე ისრების შეუბრალებელი ფრთების მილიარდჯერ აქნევით.
ასიოდე რთული ნაბიჯის შემდეგ, ჰორიზონტზე ხესთან ერთად ორი ახალი სილუეტი გამოიკვეთა. არ იყო გასაოცარი, რომ ვიღაც ელოდა. უფრო საეჭვოდ ის ეჩვენებოდა, მისმა ქვეცნობიერმა ერთზე მეტი კომპანიონი რომ ისურვა (თუკი ეს ყველაფერი ნამდვილად მისი ხრიკები იყო).როგორც ერთ ძველ სიმღერაშია “Never thought I need so many people”. ამაზე თავისი ვინტაჟური, ორადგილიანი მანქანა გაახსენდა და სწრაფად მოძრაობის ჟინმა მტკივან ძვლებში ელექტრობასავით დაუარა.
სიცივეს ისევ გრძნობდა, მონატრებასავით და გამთანგველი მზის ქვეშ ციებ-ცხელება აწვალებდა, სიყვარულივით. ტანჯვას ითმენდა, ძველებურად და იმ წერტილს ანგარიშმიუცემლად უახლოვდებოდა.
ჭიქა წყალი მოუნდა. გაახსენდა, ვონეგუტი რომ ამბობდა-აუცილებელია, გმირს რაიმე უნდოდეს-თუნდაც ჭიქა წყალიო. ხოდა აქ იყო-სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი და მოძრავი ნაწილი, წყუროდა და გონებაში ამოტივტივებულ, მილორად პავიჩის პირდაპირი მნიშვნელობით თავბრუდამხვევ (დაბნეულობისგან) ფრაზებს იგერიებდა. “ამბობენ, რომ ადამიანის მთავარი შემადგენელი ნაწილი წყალია, რაც ტყულია რადგან წყალი კი არა, წყურვილია ყველაზე მიშვნელოვანიო”. სამწუხაროა, პავიჩი და ვონეგუტი ერთმანეთს რომ არ იცნობდნენო, გაიფიქრა.
შესაძლოა, ცხოვრებაც ასეთი რამეა-ერთი დიდი პრობლემა. თუ პრობლემა გადაიჭრება, აზრს დაკარგავს. მეორე მხრივ, სულაც არაა აუცილებელი რაიმე აზრი ჰქონდეს, როცა კაპუჩნოს ფუმფულა ღრუბელს ხვრეპ და მის უკუღმართობაზე დაწერილ წიგნებს კითხულობ.
გული კი წყდებოდა, რომ მისი თავგადასავალი უფრო ინტენსიური არ აღმოჩნდა, მაგრამ რა ექნა, ურთიერთობები არ გამოსდიოდა, განდგომა კი დინამიკურ სცენებს ვერასოდეს ბადებს. ეს მის თვალში რაღაც ისეთივე იყო, როგორც ქარხნული წუნი. იმ განსხვავებით, რომ ამ საკითხში გარანტიები არ არსებობს, არავინ გადაგცვლის შენი თავის უნაკლო ვერსიაში, დრო გადის და ეჩვევი.
სამაგიეროდ, ახლა და აქ, გადამწვარ ხესთან ორი სილუეტი ელოდა.
ბავშვობის სცენა დაუდგა თვალწინ- საწოლზე რომ დახტოდა და ტელევიზიით თეატრის აფიშას გადმოსცემდნენ. უცნაური კია, იმ არეულ, უბედურ, უგზო-უკვლო, შიმშილის და სიცივის ეპოქაში ვის რა ესპექტაკლებოდა, მაგრამ ბეკეტი ხომ ამბობს, ჯერ იმღერე და მერე იდარდეო და ეს სწორი იმიტომაა, რომ რაც უფრო მეტი სადარდებელი გაქვს, მით უფრო გჭირდება გულის გადაყოლება.
ხოდა ის ერთი სპექტაკლი, რომლის სახელწოდების ჟღერადობაც როგორღაც მაშინვე ეუბნებოდა, რომ რაღაც ვაებას და უბედურებას უკავშრდებოდა, ზუსტად ბეკეტის მიხედვით იყო დადგმული.
  გოდოლი, გოდება, გოდო..
  ასე ჟღერდა ვაება მის თვალში..
  და მოლოდინი ყველაზე დიდი ტანჯვა იყო..
და ასე ჟღერდა ღმერთი ინგლისურ ენაზე
და შესაძლოა ღმერთი მოლოდინი იყო.
ადრე საიდღაც წაიკითხა-თურმე ბეკეტი სულ უარყოფდა, რომ გოდოს რაიმე აკავშირებდა ღმერთთან და პიესაში ის ორი კაცი სწორედ ღმერთს ელოდებოდა.
  მაშინ გაიფიქრა, შაბლონური კია ეგ იდეა, მაგრამ ჭკუასთან ახლოსააო.
  მაგრამ სწორედ ასეთი ამბებით არ ირკვევა ხოლმე სამყაროს აბსურდულობა? ყოველგვარი ჭკუისგან შორს, გოდო თავად აღმოჩნდა- უსქესო და უკონტექსტო, ახლა უკვე ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა დანიშნულების წერტილისკენ და უხაროდა, რომ თავად იყო სპექტაკლის მთავარი გმირი- თუნდაც სცენაზე ვერასდროს შეედგა ფეხი და საკუთარი ყურით ვერასდროს მოესმინა ნახევრად აღფრთოვანებული და ნახევრად ყალბი-დაბნეულობის გადასაფარად გათამაშებული აპლოდისმენტების ქუხილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს