ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2024


საქართველოს

ლექსებს ვუწერ საქართველოს,
სიზმრად ვხედავ ერთიანს!
ღმერთმა დიდხანს აჯანმრთელოს,
დედასავით ერთია!

მიყვარს ცოტნე დადიანი -
თაფლწასმული ქართველი,
მკერდქვეშ გული დარდიანი
იწვის, როგორც სანთელი.

აქ - დავითის დიდგორია,
შამქორია თამარის,
ჩემთვის ჩვენი ისტორია
არის მუდამ მთავარი.

გულმხურვალე ვისმენ ლოცვებს,
მრევლსაც ვხედავ სევდიანს,
მჯერა: ისევ მოვილოცებთ
ქურმუხს, ილორს, ბედიას.

შორს არწივთა საბუდარს და
ვხედავ ჯიხვთა ქარაფებს..
მივალ ვაჟას ალუდასთან,
მთებს კაფიას ვაჯახებ!

ლექსით ვთვრები, გრძნობებს ვამხელ,
ეს არ არის არაკი...
მართალს ვამბობ, მსურს მეც გავხდე
შეწირული ზვარაკი!

ვიდრე ვცოცხლობ უფლის მადლით,
მწვავს ჩემი მზის არილი...
ვწევარ... მცხია ტანზე თაფლი
ცოტნე დადიანივით.

მეც ვეტრფოდი ერთ კარგ გოგოს,
ნეტავ კიდევ მაჩვენა!
მისი დარდი მტკივა, როგორც
მოკვეთილი მარჯვენა!

ვეფერები დედის სურათს,
ვით შორენა - თავის შველს...
გული შავად შენისლულა,
მიწაც არსად არ მიშვებს.

გაუმარჯოს საქართველოს,
სიზმრად ვხედავ ერთიანს!
ღვთისმშობელმა აჯანმრთელოს,
დედასავით ერთია!

მჯერა: ისევ ითამადებს,
დაზრდის ლომებს, ავაზებს,
იდავითებს, ითამარებს,
კიდეც იფარნავაზებს.

ღვთის ნათელი მოსავს ციდან,
ცხოვრობს რწმენით მომავლის...
ერი - ნადიდგორალი და
ერი - ნაშამქორალი!


ოთარ რურუა

2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები