ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამყაროს მიღმა
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2024


Acta est fabula

მე სამყაროს მიღმა ვარ,ჩემ სამყოფელში აღმოსავლეთით და დასავლეთითაც მე ვარ,ორბიტაზე ჩემივე ცენტრის გარშემო მარტო ვმოძრაობ.

დიდიხანია რაც თქვენი თანამგზავრი აღარ ვარ,ჩვენს პარალელურ რეჟიმებს აღარაფერი აერთიანებთ,მაგრამ ღამით მცირე სიხშირის ტალღებს მაინც ვისვრი დედამიწისკენ, მე თქვენი ღამეული კოშმარები ვარ,ყველაზე აუტანელი.

ჩემგან თქვენ გატეხილი სათვალიდან დანახულ არსებებს მოჰგავხართ,ნაწილ-ნაწილ მოძრავებს,ბუდიდან დამფრთხალი ჩიტივით აქეთ იქეთ მოფარფატეებს,გატეხილი სათვალიდან დანახულ არსებებს განგიხილავთ როგოც ტექნოლოგიური დეფრაგმენტაციის  შედეგს,დედამიწიდან ჩემამდე მხოლოდ დამწვრის სუნი და ნესტიანი ჰაერის ტალღები აღწევენ.

აჰა თქვენ ყოველივე უწყით ჩემზე,რისი გაცხადება თქვენთვის მენება.
..
Acta est fabula

ერთი
ოთახის კუთხე-კუნჭულის
შემოვლას საუკუნის ნახევარი
მოანდომე,
ყველა მოთხოვნილება
ერთად მოაგროვე,
მერე აკრიფე, აკინძე,
ნათურაზე
ჩამოკიდე, დაიზეპირე.
ყველა
სურვილი სათითაოდ
მაღალ ტემპერატურაზე დაამუშავე,
მერე
წყალში გაავლე
და ფანჯრიდან გადაფინე,
რომ
მას ათასი
სტუმრისთვის მოეხმო, ათასი
მსურველი
მოეყვანა, ხანმოკლე
და ხანგრძლივი ვიზიტებისთვის,
სერვისის
მისაღებად, რამის
საფასურად,
ანდა უბრალოდ,
საკაიფოდ, ისე, დილიხორისთვის.
ასე
ღეჭე ზამთრის
დღეები და შემოდგომის
წკნელით
შეკრული საღამოები,
ვაშლის ჩირივით გამომშრალი
ზაფხულის
შუადღეები, და
გაზაფხულის გარიჟრაჟები, რომლებსაც
ჭუჭრუტანიდან
ისე უმზერდი,
როგორც კალეიდოსკოპში ჩაჭედილ
ზეიმს,
როგორც სხვისი
ცხოვრების სიტკბოს, როგორც
ტურისტული
რეკლამის 25-ე
კადრს, ანდა უცხო
სხეულთა
ფაიფურის ზედაპირებს,
წარწერით ”შეხება აკრძალულია”.
და
როცა დღე
მეორეს ებმოდა, ხედავდი
მხოლოდ,
როგორ იწელებოდა,
ბორკილებისგან ასხმული ჯაჭვი,
ამ
ოთახიდან სადარბაზოს
შესასვლელამდე გაჭიმული ჩხრიალა
გველი,
და მორჩა,
მეტი არაფერი, ასე
გაცვდა,
დაილია ნაქირავები
ერთი ოთახის რეკვიზიტი,
ხელშეკრულებით
ჩაბარებული ავლა-დიდება,
და მასთან ერთად
ეს
უსარგებლო, გადასაგდები
ქრონომეტრიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები