 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პროზა 9 თებერვალი, 2024 |
(გაგრძელება)
9 სიბრაზე ადამიანის გაუწონასწორებელი ქმედების ძირითადი მიზეზია. და არამარტო ადამიანის, ცხოველებისაც. "ბრაზიან კაცს ისევე უნდა ერიდო, როგორც ბრაზიან ძაღლს"-ო უთქვამთ და მართალიცაა. გაბრაზებული, გახელებული კაცი ნამდვილად ემსგავსება ცხოველს და იქცევა ისე, როგორადაც იმ მომენტში ინსტიქტი კარნახობს. ბრაზი ადამიანის სულსაც ანგრევს და სხეულსაც. როცა სამსახურიდან დაბრუნებული დაჩი სიტუაციაში გაერკვა და დაამშვიდა იმ ფაქტმა, რომ ცოლ- შვილს ცუდი აღარაფერი შემთხვევიათ, მერე გააანალიზა მოსმენილი. გააანალიზა და აფეთქდა. მე მაშინ მათთან ვიყავი. დილით, რაიონში, ქართულის ტურზე წასული, საღამოს სახლისკენ მომავალ ჩემს უფროს მეგობარს დავემგზავრე. მან კი პირდაპირ თავისთან მიმიყვანა. სურათს, რომელსაც იმ საღამოს მე შევესწარი წლების განმავლობაში ვერ ვივიწყებდი. გონებიდან და მზერიდან არ მიქრებოდა. როგორ მდომარეობაში არ მყავდა ადამიანი ნანახი. აღელვებული, ატირებული, განერვიულებული, მწუხარე. მუდმივად ბრაზიან ხალხსაც კი შევხვედროდი, თავის დღეში რომ ღიმილი არ დაფენიათ სახეზე. მაგრამ რისხვისგან ისე გარდაქმნილი, შეცვლილი და საკუთარი თავიდან სრულიად ამოვარდნილი კაცი, როგორადაც დაჩი იქცა მომენტალურად, მანამდე არასდროს არსად მენახა. ფეხზე წამოხტა და უხეშად მივარდა ლიზას. მხრებში ხელი წაავლო და დიდხანს აჯანჯღარა. თან მთელ ხმაზე უყვიროდა. მისთვის აღარაფრის თქმას არ ერიდებოდა, იმდენად დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს სიდედრ-სიმამრის წინაშე. გამძვინვარებულ მხეცს ჰგავდა, იმ მხეცს, დასაგლეჯად რომ არ ენანება შემხვდური. აზრზე მაქსიმეს კივილმა მოიყვანა. შეშინებულ ბავშვს ფერი არ ედო სახეზე, გაუჩერებლად ტიროდა. დაჩი შვილისკენ წავიდა, აიყვანა, ჩაიხუტა და უსაზღვრო სითბოთი და სიყვარულით მალევე აუციმციმა ბიჭს სიხარულისფერი თვალები. ლიზა წავიდა. იმ დღის შემდეგ ჩვენს სოფელს არ გაკარებია. არც მაშინ გამოჩენილა, როცა მის ბიძაშვილსა და სიძეს შვილი გაუჩნდათ. არც მაშინ, როცა ბავშვი მონათლეს და არც მერე, როცა სოფელში შეძენილმა მეგობარმა ქორწილში სპეციალურად მიიწვია. მოსვლით კი მოსულა, მაგრამ არ გაჩერებულა. პატარძლისთვის გაბედნიერება გულწრფელად მიულოცია, საჩუქარიც გადაუცია და წასულა. ისე გაუჩინარებულა, რომ ხალხს არც კი დანახვებია. ალბათ სირცხვილის გრძნობა თუ აწუხებდა. შეიძლება ნაწყენიც იყო და ამიტომ. არავინ იცის! *** მიძინებულ ზამთარს მქუხარე, შრიალა გაზაფხული წამოეწია. გაზაფხულს სიფრიფანა ზაფხული. მერე კი ნოყიერმა შემოდგომამაც შემოაღო ცოდნის კარი. დიახაც ცოდნის, რადგან უკვე მაქსიმეც მოსწავლე ხდებოდა. დაჩიმ ორი წლისა და ორი თვის ასაკის ბიჭი, თავისი სამსახურის გვერდით მდებარე საბავშვო ბაღში შეიყვანა. ამიერიდან მამა-შვილი დილასაც ერთად გავიდოდა სახლიდან და საღამოსაც ერთად დაბრუნდებოდა შინ. ვიდრე თავის პატარას ბაღს მიაბარებდა, დაჩი მასწავლებელს ბავშვის ფიზიკური პრობლემის შესახებ გაესაუბრა და თხოვა განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ მისთვის, რაზეც დამაიმედებელი პასუხი მიიღო. ყოველი დღე უფრო და უფრო მშვენიერი ხდებოდა. მაქსიც დღითიდღე იზრდებოდა. საოცრად კონტაქტური ბიჭი ადვილად შეეჩვია გარემოსაც და ბავშვებსაც. თითქმის ყველა მათგანს დაუმეგობრდა. ყველას ეთამაშებოდა, სათამაშოებსაც უწყინრად ანათხოვრებდა. მომდევნო პერიოდებში მამა-შვილის ცხოვრება ძველებულად, მშვიდად და მონოტონურად მიედინებოდა. მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. არსებული მდგომარეობაც უცვლელი რჩებოდა. დაჩი სამსახურში დადიოდა. მაქსიმე ბაღში. დინა კი... სადაც იყო, იქ გრძნობდა თავს ბედნიერად... თავისებურად ბედნიერად. შვილის ყველა დაბადების დღეს ერთად აღნიშნავდა ცოლ-ქმარი. პირველი იუბილეს შემდეგ მაქსიც, მამიკოსავით, დედიკოს ხშირი სტუმარი იყო. როცა ბიჭი ოთხი წლის გახდა, მაშინაც მივიდნენ კლინიკაში. დედასთან ერთად ჩააქრო სანთლები პატარამ. მერე კი გახარებულები სახლის გზას დაადგნენ. შინ კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდათ. დედა-ბებიას უზარმაზარი ტორტი დაეცხო იუბილარისთვის და სულმოუთქმელად ელოდებოდა მის დაბრუნებას. ბედნიერი დღით დამთვრალ მამა-შვილს იმ ღამეს ალბათ ყველაზე ტკბილად და გემრიელად ეძინათ. *** ერთ დღეს დაჩის მეჯვარე შეუთანხმდა, მომდევნო შაბათ-კვირა მისთვის დაეთმო და ავტომობილით თბილისში წაეყვანა. მანქანის პოვნა პრობლემა არ იყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე მიდიოდა და უნდოდა მეგობარი გვერდით ჰყოლოდა. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ის ეიმედებოდა და ძმასავით უყვარდა. რა თქმა უნდა კაცს უარი არ უთქვამს. მაქსიმე ბიცოლას მიანდო და გაყვა. სასიამოვნო გასეირნება გამოუვიდათ ბიჭებს. საქმეც იდეალურად მოაგვარეს და დასასვენებელი დროც საკმარისად მოიტოვეს. დაჩის აღარც კი ახსოვდა ბოლოს როდის დარჩა საკუთარ თავთან. როდის შეხვდა მეგობრებს და როდის გაერთო მათთან. ახლა ღიმილით შესქეროდა პირისპირ მდგარ, დიდი ხნის წინ დაკაცებულ ბავშვობას და იმ წლებს ეფერებოდა, რომლებმაც ეს ადამიანი, ცხოვრების ქარტეხილებში, მასთან ერთად ერთგულად ატარა. კარგა მანძილი გაიარეს ფეხით. ბევრი ისაუბრეს. გაიხსენეს ადრეული პერიოდები. თავიანთი სახიფათო თავგადასვლების შედეგები და პატარ-პატარა ცუღლუტობები, მასწავლებლებს რომ უკეთებდნენ. ხელისგულივით გადაშალეს ყმაწვილური ხანა და გულწრფელი ღიმილით მოიკითხეს თითოეული დღე. ასე, ბედნიერი სახეებით მიადგნენ ერთ სასადილოს. ორივეს კარგად მოშიებოდა და შესვლა გადაწყვიტეს. ყველაფერი შეუკვეთეს რაც უნდოდათ და რაც არ უნდოდათ. ეს ერთგვარი გათვლა იყო, სუფრიდან რომ მალე არ ამდგარიყვნენ, რადგან ერთმანეთი ძალიან მონატრებოდათ და რაც შეიძლება დიდი ხნით სურდათ ერთად ყოფნა. მიირთმევდნენ და თან საუბარს აგრძელებდნენ. უცებ დაჩიმ, გვერდით მაგიდასთან მსხდარ საზოგადოებაში, ნაცნობ სახეს მოკრა თვალი, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა საიდან ეცნობოდა ეს ადამიანი. იმ კაცმაც დაიჭირა დაჟინებული მზერა. თვითონაც მსგავსად დააკვირდა. მერე კი უცებ სახე გაუნათდა, ადგილიდან დაიძრა და მეგობრებისკენ გაემართა. როცა მამაკაცებს თავი წარუდგინა, მაშინვე გაახსენდათ თავიანთი სკოლიდან თბილისში, სასწავლებლად გადასული, უფროსკლასელი ბიჭი, მათ რომ გამორჩეულად ეძმაკაცებოდა. მეშვიდე თუ მერვე კლასში იყო, როცა ის სოფლიდან წავიდა და მას შემდეგ აღარ ენახა ძველი ნაცნობები. ამიტომაც გაუჭირდათ ერთმანეთის ცნობა. მოკითხვის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა ბიჭები თავის სუფრასთან გადაიყვანა და იქ მსხდომებს დიდი სიყვარულით გააცნო ორივე მათგანი. საოცრად მოილხინეს. ზომიერად დალიეს და შემდეგ დაიშალნენ. დედაქალაქში ჩასვლისთანავე დაჩიმ ბიძაშვილს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შერიგებოდა, შეატყობინა რომ ღამეს მასთან გაათევდნენ. გოგონა გახარებული იყო ძლივს დამსახურებული პატიებით და მთელი გულით ელოდა სტუმრებს, მაგრამ მაგიდიდან ამდგარ და წასასვლელად გამზადებულ მეგობრებს წინ ძველი ძმაკაცი გადაეღობათ. თქვენ რომ ახლა მე არ მესტუმროთ, ჩათვალეთ, რომ პატივი არ მეცითო- ეს უთხრა ბიჭებს და ისინიც იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ. დილით, შესანიშნავი საუზმის მირთმევისა და მასპინძელთან დამშვიდობების შემდეგ, დაჩიმ მეჯვარეს თხოვა სოფელში წასვლამდე ბიძაშვილთან გაევლოთ. გოგონა მთელი დღე და ღამე ელოდათ და უხერხული იქნებოდა მის უნახავად სახლში დაბრუნება. იქ მისულებს არცთუ სახარბიელო ამბავი დახვდათ. როგორც მეზობელი აღნიშნავდა, სტუმრების მომლოდინე ახალგაზრდა ქალს გვიან ღამით დაკაკუნებისას კარი გაეღო და მიხურვაც კი ვერ მოესწრო, ისე სწარაფად მოეტაცებინათ. იგივე მეზობელი იმასაც ამბობდა, რომ გოგონას ახლო მეგობრად ითვლებოდა და კარგად იცოდა თუ როგორ აწუხებდა მას იმ ავტომობილის მეპატრონე, რომლითაც წაიყვანეს. ბიჭები თბილისში დარჩნენ. მოტაცებული ნათესავი უნდა ეპოვათ! (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან საინტერესოა 5 ძალიან საინტერესოა 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|