ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 თებერვალი, 2024


პოეზიასა და მამულიშვილებზე

ჩემმა მეგობარმა პოეტმა - გენრი დოლიძემ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა:

,,გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის“.

გენრიმ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვა. რამდენიმე წლის წინ ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მოვაწერე ხელი სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, მეც მასავით განვიცდი. მეც მასავით განვიცდი იმას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირადად რომ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მოვესწარი.

მართალია, დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჩვენ დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა.

არიან ადამიანები, რომლებიც კარგ ლექსებს წერენ და კარგადაც კითხულობენ.

არიან ადამიანები, რომლებიც კარგ ლექსებს წერენ, მაგრამ ვერ (ან არ) კითხულობენ.

არიან ადამიანები, რომლებიც ლექსებს არ წერენ, მაგრამ კარგად კითხულობენ.

მე მეორე კატეგორიაში გავდივარ...

პირველ კატეგორიაში გენრი დოლიძე გადის, კარგადაც წერს და კარგადაც კითხულობს

მესამე კატეგორიაში ჩემი მეგობარი - მინდია ქიტიაშვილი გადის. არ წერს, მაგრამ კარგად კითხულობს. მინდიას მხატვრულ კითხვაში გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია აქვს მიღებული.

ჩემს ლექსებს ჩემი ნაცნობ - მეგობრები უფრო კარგად კითხულობენ, ვიდრე მე.

მე რომ მინდა ისე ვერ ვკითხულობ ლექსებს, არადა კარგი მეტყველება მაქვს. მე რომ დღეს კარგი მეტყველება მაქვს, ეს პირველ რიგში ჩემი აწ გარდაცვლილი ძვირფასი პედაგოგის - მანანა სიმონიშვილის დამსახურებაა, ენის გასატეხებში გვავარჯიშებდა დასის წევრებს, გვაკითხებდა ლექსებსა და იგავ-არაკებს. 13 წლის განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ-სტუდია „მოდი ნახე“-ს, იგივე გეპეის თეატრის მსახიობი ვიყავი.

ლექსების წერა 2005 წელს - 18 წლის ასაკში დავიწყე ლადო ასათიანის პოეზიის გავლენით. ამ ხნის განმავლობაში 1300-ზე მეტი ლექსი დამიგროვდა. ყველაზე ბევრი ლექსი დედაზე და საქართველოს ისტორიაზე მაქვს. 2011 წლიდან საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი ვარ.

ავტორებს ვურჩევ, რომ ყოველთვის გულწრფელად წერონ იმ თემებზე, რომლებსაც არასოდეს გაუვა ყავლი. როდესაც სხვის სიტყვებს გაიმეორებენ ლექსებში, აუცილებლად ჩასვან ბრჭყალებში, რომ მერე პლაგიატობაში (მითვისებაში) არ დაადანაშაულონ.

როგორც ყველა პოეტს და პოეზიის მოყვარულს, მეც მაქვს საყვარელი ლექსი. ჩემი საყვარელი ლექსი ლადო ასათიანის ,,სალაღობო“-ა, ჩემებიდან კი ამ ლექსს გამოვარჩევდი:

ჩემთვის გმირია ბერი თევდორე,
ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს,
ვარ იმ გმირების თანამედროვე,
აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.

ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა,
სამშობლოსათვის ნამსახურია,
ზვიადს მამულის მადლი მოსავდა,
ნათელში იყოს გამსახურდია.

ახლა შარტავაც უნდა ვახსენო
და მასთან ერთად გაბესკირიაც,
მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ,
წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.

დედა ქეთევანს - კახთა დედოფალს
ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც,
წრფელი მადლობა ყველა ეპოქას,
გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.

მე მოწამეთას მიწაზე ვდგევარ,
სული ტრიალებს არგვეთელ ძმების,
მათ არ სჩვევიათ უკან დახევა
და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.

იყო შინდისი, ცხრა აპრილი და
იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის,
დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და
ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.

ფეხზე ვუდგები სამას არაგველს,
მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას,
დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს
ამ საქართველოს - სალოცავ ტაძარს.

არ შემიძლია - მეც არ ვახსენო
სააკაძეთა გვარი, ბუნება,
ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს,
არის იმათი დამსახურებაც.

ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში,
შეინარჩუნე შენი ზნეობა,
დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში,
ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.

მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის,
წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს...
ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი,
თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები