ღმერთს ყველაზე მეტად მაშინ დავუახლოვდი, დედა როცა გავხდი... რთული ყოფილა ღმერთობა... როცა შვილების თვალებზე მარგალიტისფერ კურცხლებს ვხედავ, გული სიმინდის ფუჩეჩივით მებურდება და ტკივილს კბილებით ვიჭერ, ვანამცეცხებ, ვღეჭავ და ვყლაპავ, ზედ შვილების დასანახად არგადმოგდებულ ცრემლებს ვაყოლებ მწაკეს და უგებურს... ამ დროს მებრალება უფალი, რამდენი ასეთი ცრემლი უნდა მოინელოს, მისი შვილების მიერ ტკივილის ლუკმებთან ერთად გადაყლაპული... რაც დედა გავხდი, უფალთან და შვილებთან სიახლოვემ უფრო გამაბავშვა... დავიჯერე, რომ დედის ლოცვას მთების გადაადგილება შეუძლია. ჩიტის ბარტყი იპოვეს ბალახებში ჩემმა გამბავშვებლებმა, გაქვავებული და უსიცოცხლო. გამხმარი ფოთლები გადავაფარე და ბავშვები გავარიდე ჩიტსაც და სიკვდილსაც... ცნობისწადილს ვერ დავემალე და ჩემკენ მოპყრობილ მარგალიტის ცრემლებით ავსებულ ორ წყვილ თვალს, გაკვირვებით სავსეს. -დედა, ეს ჩიტი აღარ იფრენს? -ვეღარ, დედი, ავად გახდა და მოკვდა. -რატომ , მას დედა არ უვლიდა? -მის დედიკოს დაავიწყდა, რომ მასზე ელოცა... ბავშვებზე მეტად მგონი საკუთარი თავი დავაჯერე, რომ დედის ლოცვა ყველაზე დიდი სასწაულია, რაც უფალს შეუქმნია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გილოცავთ დედის დღეს. გილოცავთ დედის დღეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|