ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 მარტი, 2024


ჟიული შარტავას შესახებ

„თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია“.

– მისი უწმინდესობა კათალიკოს-პატრიარქ ილია I I-ისადმი მიწერილი ეს სიტყვები ჟიული შარტავას გმირობის შემსწრე უცნობ აფხაზს ეკუთვნის.

7 მარტი ჟიული შარტავას დაბადების დღეა, 80 წლის გახდებოდა...

ბავშვობაში ბევრი მსმენია ჟიული შარტავაზე, როგორც ნიჭიერ ადამიანსა და გულმხურვალე მამულიშვილზე.

ჟიული შარტავა აფხაზეთის ომში - 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრიტეს სეპარატისტებმა გურამ გაბესკირიასთან, მამია ალასანიასთან და სხვა მამულიშვილებთან ერთად.

,,ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი!“ - ეს სიტყვები ჟიული შარტავას ეკუთვნის.

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა - ზვიად გამსახურდიამ ჟიული შარტავას თავგანწირვა თევდორე ბერის თავგანწირვას შეადარა, რომელმაც სარწმუნოებისა და სამშობლოს ღალატს სიკვდილი ამჯობინა.

ჟიულის თავგანწირვას პოეტმა ავთანდილ მეგრელიშვილმა შემდეგი სტრიქონები მიუძღვნა:

,,ბრძოლის ჟინით აღანთებდა
ერის მამაც მეომრებს,
ერთი ცოტნე იცოტავა,
თვითონ გახდა მეორე“.

ჟიული შარტავას - ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან, გურამ გაბესკირიასთან, ზურაბ იარაჯულთან, გენო ადამიასთან, მამია ალასანიასთან და კიდევ რამდენიმე მამულიშვილთან ერთად, ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული!

დაბოლოს, ჩემივე სტრიქონებით მინდა დავასრულო:

ჩემთვის გმირია ბერი თევდორე,
ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს,
ვარ იმ გმირების თანამედროვე,
აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.

ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა,
სამშობლოსათვის ნამსახურია,
ზვიადს მამულის მადლი მოსავდა,
ნათელში იყოს გამსახურდია.

ახლა შარტავაც უნდა ვახსენო
და მასთან ერთად გაბესკირიაც,
მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ,
წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.

დედა ქეთევანს - კახთა დედოფალს
ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც,
წრფელი მადლობა ყველა ეპოქას,
გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.

მე მოწამეთას მიწაზე ვდგევარ,
სული ტრიალებს არგვეთელ ძმების,
მათ არ სჩვევიათ უკან დახევა
და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.

იყო შინდისი, ცხრა აპრილი და
იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის,
დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და
ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.

ფეხზე ვუდგები სამას არაგველს,
მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას,
დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს
ამ საქართველოს - სალოცავ ტაძარს.

არ შემიძლია - მეც არ ვახსენო
სააკაძეთა გვარი, ბუნება,
ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს,
არის იმათი დამსახურებაც.

ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში,
შეინარჩუნე შენი ზნეობა,
დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში,
ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.

მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის,
წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს...
ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი,
თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები