 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 6 აპრილი, 2024 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ჩემი გერმანიაში წასვლის შემდეგ ვცდილობდი მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც დავბრუნებულიყავი ჩემს სამშობლოში და უმეტეს წილად გამომდიოდა კიდეც. მე ვატყობდი ჩემს თავს, რომ წლიდან წლამდე ძალიან ვიცვლებოდი. ამას განსაკუთრებით თბილისში დაბრუნებისას და უბნელი ძმაკაცების შეხვედრისას ვგრძნობდი. ალბათ ზოგადად ესეა, გარემოს შეცვლასთან ერთად ადამიანიც უფრო სწრაფად იცვლები ვიდრე ის ადამიანები, ვინც გარემოს არ იცვლიან. პაშკა და უბნის ბიჭები ყოველთვის ზუსტად ისეთები მხვდებოდნენ, როგორიც ბავშვობიდან მახსოვს. ერთი სიტყვით იმ ღამეს, პაშკა, რომ დაგვიჭრეს, ჩაბნელებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გავაქანეთ. სასწრაფო შესასვლელთან რომ მივედით ხალხმრავლობა და ჩოჩქოლი დაგვხდა. ვიღაც ტიპები დაცვას “დედისტრაკს“ აგინებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუ არ გადაარჩენდნენ იმ ვიღაცას, მთელ საავადმყოფოს დაწვავდნენ. გარეთ, შესასვლელის ცივ მეტლახზე ზეწარში გახვეული გვამი იდო. ზეწარზე თავის არეში სისხლი იყო გამოჟონილი და ცოტა მიმხმარიც... <“Entschuldigung“, მეუბნება ამ დროს ჩემი სტუდენტი და მისვამს კითხვას შესასრულებელ დავალებასთან დაკავშირებით. თავს ზემოთ ვწევ, რამოდენიმე წამი მჭირდება, რომ დღევანდელობაში დავბრუნდე და შემდეგ ვუხსნი, რა უნდა გააკეთოს. ისიც მისმენს და შემდეგ აგრძელებს თავის სამუშაოს, მე კი ვაგრძელებ წერას, ცოტა გაკვირვებული იმით, თუ სად ვიყავი და ახლა სად ვარ...> როგორღაც მოვახერხეთ ექიმის მოძებნა და მუქარანარევი ტონით ვთხოვეთ, რომ პაშკასთვის მიეხედა. პაშკა, რო დავტოვეთ უკვე სადღაც ღამის 3 საათი იყო. ჩემი რეისი დილის 6-ზე მიფრინავდა და დრო იყო სახლში მივსულიყავი და ბარგი ამეღო. გავქანდით სასწრაფოდ სახლისკენ და ავედით ყველანი ჩემთან. სახლში, რომ ავედი დედაჩემი დამხვდა, რომელიც უკვე ემზადებოდა ჩემს გასაცილებლად და სამზარეულში ჩემთვის გასატანებელ ტყემალს, რთულად ნაშოვნ ნამდვილ სულგუნს და სხვა პროდუქტებს მილაგებდა. არ ვიცი რა დამემართა იმ მომენტში. შეიძლება სიმთვრალე, შეიძლება ემოციები, შეიძლება გაურკვევლობა იმაზე, თუ რამდენი ხნით მივდიოდი ან კიდევ სხვა რამე, მაგრამ დედაჩემს მაგრად ჩავეხუტე და ბავშვივით ავტირდი. ესე გულიანად არც მახსოვს როდესმე თუ მიტირია ცხოვრებაში. დედაჩემიც ატირდა. რაღაც მომენტში ვეღარ მოითმინა და მითხრა, დედიკო გინდა საერთოდ დავხიოთ ეს თვითმფრინავის ბილეთი და აღარ წახვიდეო.. ამ მომენტში ძალიან შემრცხვა ჩემი თავის და ნერვები მომეშალა, რომ დედაჩემსაც გავურთულე ჩემთან განშორება. სასწრაფოდ მოვიწმინდე ცრემლები და უკვე ბოხი და სერიოზული ხმით ვუთხარი: არა დედა, რას ამბობ! ვსო, არაფერი, ყველაფერი კარგად არის. უკან ბიჭებთან რომ მოვბრუნდი ოთახში, ბიჭებმა შემატყვეს და ცოტა დამცინეს კიდეც. „რა იყო, იტირე შეჩემა?“ მკითხა რომელიღაცამ. ამ დროს თითქოს ყველაზე გულქვამ, მაგრამ გულში ყველაზე კეთილმა დამბომ ყველა გააჩუმა და უთხრა, პირიქით ბიჭო, კაცს გული აქ ჩვენთან რჩება და თქვენ დასცინითო? ყველა გაჩუმდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მოგყვები, ვკითხულობ... მოგყვები, ვკითხულობ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|