აპრილი. კვირა. ნაგვიანევი გაზაფხულის პირველი მზე. ცარიელ პარკში საქანელაზე ზის ჩემი მეზობელი ქვრივი მარია. სიჩუმე. ყვავიან ატმები, ხარობენ ახლადშეფოთლილი ხეები, გაყინულ მკერდებს ითბობენ ბეღურები. გაზაფხულია. ყველაფერია, ყველა ფერი, მთავარის გარდა: დუმილი დგას. დიდი სიჩუმე. ბავშვობა, ბავშვების ბავშვობა აკლია გაზაფხულს. .... იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. მარჯვენა მხარეს გადმობრუნდებოდა პაპაჩემი, ნაჯაფარ ხელისგულზე დააყრდნობდა გამხმარ ლოყას და ყვებოდა. ყბედი გადაყლაპა, ყბედი,- ცხარობდა ბებიაჩემი. მოხსნა გუდას თავი და აღარ გაჩუმდება!- ეს მერამდენედ ეცლებოდა ძილი ხელიდან. გაუდგნენ გზას... ბევრი იფრინეს თუ ცოტა იფრინეს... აჰა, შენი ფრენა ხო არ გვაკლდა და ეს ბავშვიც გადარიე! მიწის ქალი იყო ბებიაჩემი- ფასკუნჯებისა და მფრინავი ხალიჩების არ სწამდა. ნეტაი ამას რა გაეგება ჩვენი ზღაპრების,- უკბილო პირით ხითხითებდა პაპაჩემი (როგორ მიყვარდა მისი სიცილი.) მე ფასკუნჯებს ვხედნიდი-მე მჯეროდა ჩვენი ზღაპრების. ცხოვრება კი ზღაპარი არ არის! .... აპრილი. კვირა. ნაგვიანევი გაზაფხულის პირველი მზე. დუმილი. მიტოვებულ პარკში ჩემი მეზობელი ქვრივი მარია აქეთ-იქით აცეცებს თვალებს- ეძებს აჩრდილებს. ჩემი ფასკუნჯები მახსენდება, მოდიან და მოაქვთ კითხვები: დღეს თუ იციან ბავშვებმა ჩიტუნა ცხენისა და სამ თავიანი დევების ამბები, თუ გადმოუგდიათ ნაწნავი კოშკიდან, ან თუ გადუვლიათ 9 მთა და 9 ზღვა? .... იქნებ ომებმა დაავიწყეს ზღაპრები პაპებს? აღარ აკრავენ თონეებში პურს ბებიები, ნეტავ თუ ისევ აქვთ თმათეთრ პაპებს სალოგინე ტახტები და ჭრელი მუთაქები? თუ ჰკიდიათ ისევ ზურგზე ზღაპრების გუდა? კი, რა თქმა უნდა, აბა როგორ მოვა სიზმრები?! ....
აპრილი. კვირა. ნაგვიანევი გაზაფხულის პირველი მზე. დუმილი... იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან თბილი,ძალიან გულიანი, სევდა-ნარევი, სასიამოვნოდ წამეკითხა. ძალიან თბილი,ძალიან გულიანი, სევდა-ნარევი, სასიამოვნოდ წამეკითხა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|