კოლხური ლეგენდის თანახმად, უხსოვარ დროში სამეფოს თავს დაესხა ბოროტი სარმატე, რომელმაც ეგრისის ქედიდან ქვათა ცვენა გამოიწვია და ცდილობდა იქ მცხოვრები ადამიანების განადგურებას და ტერიტორიის დაუფლებას. ამ ყველაფერს კი წინ აღუდგა არაბუნებრივი ძალის მქონე პრომეთე, რომელმაც დაიცვა სამეფოს მოსახლეობა და მათი მიმართულებით დაგორებულ უზარმაზარ ლოდებს საკუთარი სხეულით გადაეღობა. პრომეთეს წინააღმდეგობით გაბრაზებულმა სარმატემ ჭინკების დახმარებით შეიპყრო იგი და კავკასიონის ყველაზე მაღალ მწვერვალს მიაჯაჭვა. თუმცა პრომეთეს თავდადებამ შედეგი გამოიღო. სარმატემ ბოროტ მიზნებს ვერ მიაღწია და ცხრა მთას იქით გადაიხვეწა. კოლხური წინასწარმეტყველების თანახმად, ასწლეულების შემდეგ ბოროტი სარმატე კვლავ დაბრუნდება კოლხეთში და კვლავ შეეცდება მოსახლეობის განადგურებას. თუ ამ დროისთვის პრომეთე თავისუფალი არ იქნება, მისი ბოროტი და შეუზღუდავი შესაძლებლობების შეჩერებას ვერავინ შეძლებს. მოსახლეობა კი წარსულშიც და მომავალშიც ჩვეული რიტმით განაგრძობს ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს სმენია პრომეთეს და სარმატეს შერკინების შესახებ, რომელიც სიკეთის და ბოროტის ორთაბრძოლის ერთ-ერთი მაგალითია სამყაროს არსებობის განმავლობაში, მაგრამ არავის არ სჯეროდა მისი ნამდვილობის და ქვათა ცვენაზე გაგონილ ისტორიას ყველანი უჩვეულო ბუნებრივი მოვლენით ხსნიდნენ. კოლხეთს კი დღესაც ეტყობა ამ დიდი ორთაბრძოლის ნაკვალევი, რომელიც სალ კლდეებს შორის გაჩენილ უზარმაზარ ნაპრალებში გამოიხატება. კოლხეთში ცხოვრობდა ერთი მოხუცი, რომელმაც იცოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომელიც აუცილებლად დადგება და ამავდროულად, მას გაგებული ჰქონდა საიდუმლო წინასწარმეტყველება, თუ როგორ უნდა გათავისუფლებულიყო პრომეთე ბოროტ სარმატესთან გადამწყვეტი შებრძოლების წინ. თუმცა ეს ყველაფერი მოხდება შორეულ მომავალში და იგი ცდილობს, რომ წინასწარმეტყველების მიხედვით ყველაფერი გააკეთოს უშეცდომოდ, დატოვოს მინიშნებები მომავლისთვის და ბედს მიანდოს, რომ მისი მინიშნებები აუცილებლად აღმოჩნდება იმ ადამიანის ხელში, ვისაც შეუძლია პრომეთეს დახსნა სარმატეს ბორკილებისგან. ერთხელაც მოხუცმა საკუთარი სახლის კარები მოიხურა და მეზობელი სოფლისკენ გაეშურა. დეკემბრის თოვლიანი და საკმაოდ ცივი ღამე იდგა, თუმცა მისი სახლი მყუდრო და თბილი იყო. ისლით დახურული სახლი სამი ოთახისგან შედგებოდა. პირველი ოთახი მიწიდან სამიოდე, შედარებით მაღალი, საფეხურით იყო დაშორებული. ოთახის კუთხეში წიფლის შეშისგან დანთებული ბუხარი სასიამოვნოდ გიზგიზებდა, რომელიც ერთდროულად ანათებდა და ათბობდა კიდეც არც თუ ისე პატარა ოთახს, რომელსაც საკუჭნაოს ფუნქციაც გააჩნდა. მოხუცი აქვე ინახავდა საკვებს, ჭურჭელს, ხელსაწყოებს და ყველა სხვა საჭირო ნივთს ყოველდღიური დანიშნულებისთვის. ბუხართან ახლოს, ოთახის შუაგულში, იდგა მაგიდა ოთხი სკამით, რომლებსაც მასპინძლის მხცოვანი ასაკი დასტყობოდა და კარგად გამოხატავდა საცხოვრისის სიძველეს. როდესაც ზამთარი ახლოვდებოდა, მოხუცი საკუთარი შვილიშვილის ნივთებს სხვა ოთახიდან ამ მთავარ ოთახში გადმოიტანდა ხოლმე, რის გამოც გაზაფხულამდე სახლის ერთი ოთახი, ფაქტობრივად, გამოუსადეგარი ხდებოდა და მის კარებსაც კი არავინ აღებდა. მოხუცის შვილიშვილი, სახელად დორა, იყო 14 წლის გოგონა, წითელი ხუჭუჭა თმებით, ჭორფლებიანი და ღია ფერის თვალებით, რომლის სახის მოყვანილობასა და ლამაზ ნაკვთებს კიდევ უფრო ალამაზებდა მისი სიგამხდრე, ტანის ვიწრო, მაგრამ ასაკთან შედარებით მაღალი მოყვანილობა, რაც მის მნახველებს დიდ სიამოივნებას ანიჭებდა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მის მნახველს დორას თანატოლი ყმაწვილი წარმოადგენდა. ლამაზ გარეგნობასთან ერთად დორა იყო საკმაოდ ზრდილობიანი და ყურადღებიანი. იგი მუდმივად იჩენდა მზრუნველობას მოხუცი ბაბუის მიმართ. დორას მშობლები 5 წლის ასაკში გარდაეცვალა და მას მერე მის მიმართ მეთვალყურეობა ბაბუამ ითავა და, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც თუ ისე ცუდად ართმევდა თავს აღებულ ვალდებულებას. ოთახის დათვალიერებას თუ განვაგრძობთ, აქვე დავინახავთ წიგნების თაროს, რომელთა შორის მოხუცი ფუნჯებს, სხვადასხვა ფერის საღებავებსა და ქაღალდებს ინახავდა. მოხუცის მშვიდი, მაგრამ ძალზედ ჩაფიქრებული გამომეტყველება ცხადყოფდა, რომ მისი ყოფა მნიშვნელოვან საიდუმლოს ინახავდა. მას მუდმივად ეჩქარებოდა, ეჩქარებოდა გარკვეული მოქმედებების განხორციელება და ეს ყოველივე მოსვენებას უკარგავდა. მანამ, სანამ მოხუცი სახლიდან გავიდოდა, სასთუმალზე მშვიდად ჩაძინებულ დორას გადახედა. წიგნების თაროდან ფუნჯი, საღებავები და ქაღალდი გადმოიღო და მაგიდას მიუჯდა. შეამჩნია, რომ სასანთლე დაავიწყდა. ის ამავე ოთახის ორი სარკმლიდან ერთ-ერთის რაფაზე იდო. სანთელი აანთო და შეუდგა ხატვას. იმდენი ხანი არ ხატავდა, რამდენსაც ფიქრობდა. ერთი გვერდის ოდენობის გამოვიდა ნახატი, რომელიც სუფთა ქაღალდში შეახვია და თასმით გულმოდგინედ შეკრა. სახლის მესამე ოთახისკენ გაეშურა, რომელსაც საკუთარ საძინებლად იყენებდა. კუთხეში სუფთად დალაგებული ზამთრის ფეხსაცმელები ჩაიცვა, კოხტად დაკიდებული ნაბადი შემოიხურა, თავზე ყაბალახი შემოიხვია და უკანა კარებიდან გარეთ გავიდა. მეზობელი სოფლისკენ მოკლე გზას გაუყვა, რომელიც ეზოს უკანა მხარეს მდებარეობდა. სანამ საკუთარ ეზოს მოსცილდებოდა, გზად ჯარგვალს ჩაუარა, რომელშიც ზამთრისათვის აუცილებელ სარჩოს ინახავდა. მრგვალი მორებისგან აგებული ლამაზი სათავსო ზამთრის ამ ბნელ ღამეში ცუდად მოჩანდა და ამიტომაც, მოხუცმა მას თვალი მხოლოდ მცირე ხნით შეავლო. ხეხილის ხეივანი, რომელშიც გაიარა, უფოთლოდ და ერთმანეთთან ახლოს მდგარი, გამომხმარი ტოტებით, ხმლებაშვერილი ჯარისკაცების კორიდორს მოგაგონებდათ. ეზოს ბოლოში ხისგან გაკეთებული პრიმიტიული კიბე გადაიარა და ნელი ნაბიჯებით მეზობელი სოფლისკენ მიმავალ, თოვლში გაკვალულ ბილიკს გაუყვა. ერთი საათის შემდეგ ის მიადგა სახლს, რომელსაც მდიდრულობით ვერაფრით განასხვავებდით მოხუცის სახლისგან და შემოგარენისგან. როდესაც სახლში შევიდა, მას იქ შუახნის მამაკაცი დახვდა, რომელიც წამოწოლილი რაღაცას ანგარიშობდა, უკმაყოფილოდ ამატებდა და აკლებდა ციფრებს ერთმანეთს. ამ სახლში განთავსებულ ნივთებს შორის მრავლად შემოგხვდებოდათ უცხოური წარმომავლობის ავეჯი, თუმცა თვალსაჩინო იყო მათი მოუვლელობაც. ბუხრის მბჟუტავი ცეცხლი ოთახს თითქმის არ ანათებდა და მოხუცის სახლთან შედარებით, აქ საკმაოდ ციოდა კიდეც, რის გამოც მოსულს არც ნაბადი გაუხდია და არც ყაბალახი მოუხსნია თავიდან, ისე მიუსხდნენ მაგიდას სასაუბროდ. მასპინძელს დროგამოშვებით ხელნაკეთი ნივთები მიჰქონდა სანაოსნო ქალაქ ფაზისში, რათა იქ ჩამოსული უცხოელი ექსპედიტორებისა და ვაჭრებისთვის მიეყიდა. ამით შოულობდა მცირეოდენ სარჩოს და პარალელურად, მარტოობაში გასატარებელ დროს ქალაქში აღმოჩენილი მრავალი სიახლის ნახვით იკლავდა. დაკვირვებული და გამოცდილი ადამიანი ალბათ მას მოხეტიალეს უფრო შეარქმევდა, ვიდრე ხელნაკეთი ნივთებით ვაჭარს. ჭაღარა მოხუცი, გამხდარი, მკრთალი ფერით და წელში ოდნავ მოხრილი შესცქეროდა ბევრად ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე მამაკაცს მის მრგვალ და შავგრემან სახეში და არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას. - უამრავ მეზღვაურსა და ექსპედიტორს შეხვედრილხარ, მომავალშიც აუცილებლად შეხვდები და მსურს, გარკვეული დახმარება გთხოვო. ამავდროულად, ფეხის ქირასაც ვიხდი, - უთხრა მოხუცმა შუახნის მამაკაცს. - თუ შევძლებ, დიდი სიამოვნებით. ჩვენი თბილი ნაცნობობა მიადვილებს, რომ დახმარება გაგიწიო. - ჩემი ნახატი უნდა აღმოჩნდეს რომელიმე ევროპულ გემზე. გამიჭირდება აგიხსნა, თუ რა აზრის მატარებელია ეს ნახატი და ვშიშობ, ვერც გაიგებ. თუმცა დამიჯერე, რომ ნახატი ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. მოხუცმა კარგად იცოდა, რომ ხელნაკეთებით მოვაჭრე საკმაოდ მოხერხებული და გონებამახვილი ადამიანი იყო და მასზე დიდ იმედებს ამყარებდა და ფიქრობდა, რომ სწორად მოიქცა, დახმარების სათხოვნელად სწორედ მასთან რომ მოვიდა. - ამ ნახატზეა საუბარი, - თქვა სტუმარმა და ჯიბიდან დახვეული, თასმით შეკრული ქაღალდი ამოიღო. - ოღონდაც გთხოვ, რომ მის გახსნას ნუ მომთხოვ. მაინც ფუჭად დროის კარგვა იქნება და სხვა არაფერი. ამ დახმარებაში ხუთ ცალ ოქროს ფულს ვიხდი, - დასძინა მან და შესაბამისი ოდენობის მონეტები შუახნის მამაკაცს გაუწოდა. - წავიღებ და ქალაქიდან მობუნებულზე შეგატყობინებ, თუ რა ბედი ეწია შენს დახვეულ ქაღალდს, - ოდნავ დამცინავად და ალმაცერად უპასუხა ვაჭარმა, რომელსაც ვერ გაეგო, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ ნახატს და რატომ იხდიდა ამ ყველაფერში მოხუცი ოქროს. მითუმეტეს, რომ მას ნანახიც არ ჰქონდა აღნიშნული ნახატი. შუახნის მამაკაცმა ოქროს მონეტები ჯიბეში ჩაიყარა და მოხუცს დაემშვიდობა, რომელიც თავს იმშვიდებდა იმ გარემოებით, რომ მინიშნების უსაფრთხო ადგილას გადანახვის უკეთესი შესაძლებლობა არ გააჩნდა, ვიდრე მისი ვაჭრის ხელით რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გაგზავნა. მომდევნო დღეებში ფაზისში ჩასული შუახნის მამაკაცი ვერ იტყოდა, რომ მას ქალაქში ზაფხულისთვის დამახასიათებელი ხალხმრავლობა დახვდა. უსაქმოდ დარჩენილი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საკუთარი ფანჯრებიდან გადაჰყურებდა ქუჩებს და იმითაც კი იკმაყოფილებდა თავს, თუნდაც ერთი უცნობი ადამიანი შეემჩნია და სრულიად უაზრო კითხვის დასმა მოეხერხებინა მისთვის. ვიწრო ქუჩების გავლით, იგი მიემართებოდა ნავსადგურის მისადგომისკენ, სადაც სხვადასხვა საქონლით მოვაჭრე ადამიანები იყრიდნენ თავს. თვითონაც გახსნა ტომარა და დაიწყო ხელნაკეთი ნივთების დახლზე დალაგება. მას არ ასვენებდა ცნობისმოყვარეობა, თუ რა სახის ნახატი გამოატანა მოხუცმა, თუმცა პირობის დარღვევაც არ უნდოდა. ბოლოს, ცდუნებას მაინც ვერ გაუძლო და დახვეული ქაღალდი გახსნა. ნახატის ნახვის შემდგომ, მას კიდევ უფრო სასაცილოდ მოეჩვენა მოხუცის მოქმედებები, ნამუშევრის არასერიოზულობაზე გულიანად გაეცინა და ქაღალდი ისევ პირვანდელი ფორმით შეკრა. თუმცა მას პირობა ჰქონდა დადებული, რომ ის მოინდომებდა ნახატის ევროპაში გაგზავნას და ასევე, მას ამ ყველაფერში ფულიც ჰქონდა აღებული. ის არ მიეკუთვნებოდა ვაჭართა იმ ნაწილს, რომელთათვისაც მხოლოდ ფულია საინტერესო და პირობა არაფერს ნიშნავს. ხელნაკეთებით მოვაჭრე ადამიანი საკუთარი დანაპირების შესრულებას მთელი სერიოზულობით შეუდგა. მან შეიტყო, რომ ნავსადგურში იდგა ვენეციიდან ჩამოსული ხომალდი, რომელსაც იტალიელი ექსპედიტორები და ათეულობით უცხოელი ვაჭარი ჩამოჰყვა, რომლებიც ქალაქში დაიარებოდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი საქმეებით იყვნენ დაკავებულნი. საკითხმაც არ დააყოვნა და რამდენიმე საათის შემდეგ მას ერთ-ერთი ექსპედიტორი მიუახლოვდა, რომელიც ყურადღებით ათვალიერებდა, თუ რა სახის და რა დანიშნულების ხელნაკეთ ნივთებს ჰყიდდა იგი. მათ შორის, ექსპედიტორისთვის მნიშვნელოვანი იყო ხელნაკეთთა სიძველე. როგორც ჩანს, იტალიელი ხშირად სტუმრობდა ქალაქს და აუცილებლობიდან გამომდინარე, მისთვის საკმარისი ადგილობრივი სალაპარაკო ენა შეესწავლა. ჩვენთვის ნაცნობი მამაკაცი ცდილობდა, რომ ექსპედიტორისთვის შეეთავაზებინა საინტერესო ნივთები და პარალელურად, მეხსიერებიდან არ ამოსდიოდა, რომ ჯიბეში მოხუცის ნახატს ინახავდა. დიდი ხნის საუბრის შემდეგ, მოილაპარაკეს, რომ საღამოს ხელნაკეთებით მოვაჭრე მივიდოდა პარალელური ქუჩის სამ ნომერში, სადაც იტალიელი ექსპედიტორი დროებით ცხოვრობდა. კარები იგივე ექსპედიტორმა გაუღო, რომელიც მის დახლთან საქონელს არჩევდა. ტანდაბალმა, საკმაოდ მსუქანმა და თმაგაბურძგნულმა იტალიელმა სტუმარი შიდა კიბეებით მეორე სართულზე აიყვანა. იტალიელის ერთი ოთახისგან შემდგარი საცხოვრისი ისეთი მოუწესრიგებელი აღმოჩნდა, რომ ვერც გაარჩევდი, სად ახერხებდა ეს ადამიანი დაჯდომას, ან მითუმეტეს, ღამე დაძინებას. იატაკი, ლოგინი და სკამები მოფენილი იყო ათასგვარი ნაკეთოთებით, ნაჭრებით და ხალიჩებით, რომლებსაც იგი თვეების განმავლობაში აგროვებდა. ჩანდა, რომ მას ამ ყველაფრის დალაგება და წასაღებად გამზადება გადაეწყვიტა, მაგრამ ვერ გაერკვია, საიდან დაეწყო. სათვალეები ჩამოიწია და სტუმარს თავმომწონე ხმით მიუგო: - აბა, მომიტანე თუ არა ის ნივთები, რაც ნავსადგურთან შევარჩიეთ? - რა თქმა უნდა, - მიუგო შუახნის მამაკაცმა და რამდენიმე ერთეული ხისა და ქვის ნაკეთობა გადასცა. ექსპედიტორმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ნივთები და როდესაც დარწმუნდა, რომ ისინი ნამდვილად მის შერჩეულ ნაკეთობებს წარმოადგენდა, ტყავის დიდ ჩანთაში ჩაალაგა და შესაბამისი ღირებულებაც გადაიხადა. როდესაც იტალიელი დამშვიდობებას აპირებდა, სტუმარმა მას სიტყვა შეაწყვეტინა: - ჯიბეში ჩემი მოხუცი მეგობრის ნახატი მიდევს. სიმართლე გითხრათ, მეც ბევრი ვერაფერი გავიგე ამ ნახატის და, უფრო მეტიც, სასაცილოდაც კი მეჩვენება, მაგრამ მან არაერთხელ მთხოვა, რომ დავხმარებოდი ნახატის ევროპაში გაგზავნაში. ის ძალზედ წესიერი კაცია, უკვე ღრმად მოხუცდა და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს ჩემს მეზობელ სოფელში. მინდა, რომ ეს თხოვნა შევუსრულო. ვფიქრობ, ეს იქნება უკანასკნელი, რაც მან მთხოვა. ხომ არ იზამდით კეთილ საქმეს და ხომ არ წაიღებდით ვენეციაში? - უნდა ვნახო, რა შინაარსის და ხარისხის ნახატია, - უპასუხა იტალიელმა. ვაჭარმა საკმაოდ უხერხულად იგრძნო თავი, მოხუცისთვის მიცემული დაპირება რომ გაახსენდა. თუმცა მან ეს პირობა ერთხელ უკვე დაარღვია, როდესაც დაათვალიერა ნახატი. აქედან გამომდინარე, წინააღმდეგობა ვერ გაუწია ექსპედიტორს და ნახატი ხელმეორედ გახსნა. - მე მუდმივად საინტერესო ნამუშევრები ჩამაქვს ვენეციაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და ვიღაც მოხუცის სულელური ნახატის გამო თანამოაზრეებთან თავს ვერ დავიმცირებ, - უკმაყოფილო ტონით მიმართა იტალიელმა მას შემდეგ, რაც ნახატი დაათვალიერა და ვერაფერი გაიგო. სტუმარს უნდოდა, რომ მორიგჯერ ეთხოვა იტალიელისთვის დახმარება, მაგრამ გაცხარებული მოსაუბრის პასუხი მიიღო: - იტალიური გემის ეკიპაჟმა განაცხადა, რომ უამინდობა დასრულებულია და გემი ხვალ შუადღეს დატოვებს ნავსადგურს. ამიტომაც მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო მაქვს. თუ რაიმე საინტერესო შემოთავაზება გაქვთ, მოგისმენთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაგემშვიდობოთ. შუახნის მამაკაცს სხვა გზა აღარ დარჩა და ექსპედიტორის სახლი დატოვა. მისი სასტუმრო საკმაოდ მოშორებული იყო ამ ქუჩიდან და სიცივისგან გათოშილმა ჩქარი ნაბიჯებით დაიწყო სვლა საცხოვრისისკენ. სახლში მისულს არ შორდებოდა იმაზე ფიქრი, რომ იტალიური გემი ხვალ აპირებდა ნავსადგურის დატოვებას. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ გემი თან გაიყოლებდა ამ წუთისათვის ქალაქში მყოფ ყველა ექსპედიტორსა და ვაჭარს და ვინ იცის, მომავალში როდის შემოვიდოდა სხვა გემი. გადაწყვიტა, რომ აუცილებლად მოიფიქრებდა რამეს, რომ მოხუცის ნახატი აღმოჩენილიყო გემზე. ერთ-ერთი გადაწყვეტილება ყველაზე რეალურად მოეჩვენა და სწრაფად მიაშურა ლოგინს. ხვალ მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა და კარგად უნდა დაესვენა. დილით ადრე წამოხტა, გაემზადა და უკანმოუხედავად იტალიელის სახლისკენ გაეშურა. მესამე ნომერი სახლის მოპირდაპირედ მდგარი შენობის კუთხეს ამოეფარა და ისეთი პოზიცია შეარჩია, რომ პირდაპირ ექსპედიტორის სახლის კარისთვის ეყურებინა. იგი თვალს არ აშორებდა შესასვლელს, რათა იტალიელის სახლიდან გამოსვლა არ გამოჰპარვოდა. დიდი ხანი მოუწია ასე ყოფნამ, თუმცა იტალიელს გადაეწყვიტა, რომ გამგზავრებამდე ქალაქში გაესეირნა და გრძელვადიანი სანაოსნო მოგზაურობის წინ ხმელეთის ჰაერი ღრმად ჩაესუნთქა. თბილ ტანსაცმელში გახვეული მსუქანი ექსპედიტორი ქუჩაში გამოგორდა და კარები ყურადღებით ჩაკეტა. გზა სახლის მოპირდაპირედ გადმოკვეთა და ზუსტად იმ მიმართულებით განაგრძო სვლა, სადაც შუახნის მამაკაცი შენობის კუთხეს აფარებდა თავს. ვაჭარს სუნთქვა შეეკრა, ვაითუ იტალიელი მას საკუთარ ბინასთან ახლოს შეამჩნევდა და ამ ყველაფერს საეჭვოდ ჩათვლიდა. თუმცა იტალიელს ჩასუქებული კისერი გვერდზე არ მიუტრიალებია და შუახნის მამაკაცს წინ ჩაუარა. როგორც კი ექსპედიტორი თვალს მოეფარა, ვაჭარმა იტალიელის სახლის კართან გადაინაცვლა. სახელური რომ ჩამოქაჩა, მიხვდა, რომ საიმედოდ იყო ჩაკეტილი. ოთახში შესასვლელად სხვა ხერხისთვის უნდა მიემართა. კარების გვერდზე მდებარე ფანჯარა ძლიერად გამოქაჩა და ჰოი საოცრებავ, ის გაიღო. სწრაფად გადახტა ფანჯრიდან, შიდა კიბეებით მეორე სართულის ოთახში აირბინა და იქაურობა შეათვალიერა. როგორც ჩანს, გუშინდელთან შედარებით, ექსპედიტორს ოთახი დაელაგებინა და წასაღებად გამზადებული ნივთები ორ დიდ ტყავის ჩანთაში მოეთავსებინა. ვაჭარს გული საშინელი სისწრაფით უცემდა. ძალიან ეშინოდა, რომ ამასობაში იტალიელი უკან არ მობრუნებულიყო და ის არ გამოეჭირა. ამიტომაც ტყავის ჩანთებიდან ერთ-ერთი გახსნა, ჯიბიდან მოხუცის ნახატი ამოიღო და ჩანთაში მოთავსებული ნივთების ქვეშ, ბოლოში მოათავსა. თუ, იტალიელი მოხუცის ნახატს ვენეციაში ჩასვლამდე ვერ შეამჩნევდა, სწორედ ეს იქნებოდა ბედისწერაც და მოხუცისათვის გაცემული პირობის შესრულებაც. შუახნის მამაკაცის ცნობისმოყვარეობაზე ჩვენ უკვე გვსმენია და მისი ეს ჩვევა აქაც გამოჩნდა. მას ძალიან მოსწონდა ექსპედიტორის შეგროვებული ნივთები, მათ შორის რამდენიმე ძვირფასეულობა და ამ ყველაფრის დათვალიერებაში საკმაო დროც გავიდა. ამ ყველაფერში ვაჭარმა ბევრი დრო დაკარგა და ამასობაში მას კარებთან საუბარი შემოესმა. გავიდა კიდევ რამდენიმე წამიც და იტალიელმა შემოსასვლელი კარი გააღო და ორ ადამიანთან ერთად სახლში შემოვიდა. ვაჭარმა ტყავის ჩანთა სასწრაფოდ შეკრა, თუმცა კიბეებზე ჩასვლას უკვე ვეღარ ასწრებდა, რადგანაც კიბეებზე ამომსვლელთა ნაბიჯების ხმა უკვე გარკვევით ესმოდა. თავზარდაცემული კედლებს ეხეთქებოდა. მას ჰქონდა ძალიან ცოტა დრო, რათა გამოსავალი მოეძებნა. ბოლოს გადაწყვიტა, ლოგინის ქვეშ შემძვრალიყო და სუნთქვა შეეკრა. ექსპედიტორი ორ დამხმარე მუშასთან ერთად შემობრუნდა, რომლებსაც ტყავის ჩანთები ნავსადგურისკენ უნდა წაეღოთ. ვაჭარი ადამიანთა ნაბიჯებს სხეულთან ძალიან ახლოს გრძნობდა, რაც მის მღელვარებას ერთიასად ამძაფრებდა. როდესაც იტალიელმა მუშები ჩანთებიანად სახლიდან გააცილა, ლოგინზე წამოგორდა. ახლა კიდევ უფრო ახლოს გრძნობდა საფრთხეს შუახნის მამაკაცი და შიშისგან გული უსკდებოდა. ის თითქმის არ სუნთქავდა და გაქვავებული იწვა იტალიელისგან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით. როგორც იქნა, გაისმა ხომალდის გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ გემი ემზადებოდა ზღვაში გასასვლელად. იტალიელი წამოდგა, გაიზმორა, მაგიდაზე მიმოფანტული პირადი ნივთები მოაგროვა და კიბეზე დაეშვა. ექსპედიტორის გასვლის შემდეგ, ვაჭარი კიდევ რამდენიმე წუთი ვერ ბედავდა ლოგინიდან გამოძრომას. როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სახლში მარტო იმყოფებოდა, დიდი სიფრთხილით სახლი ზუსტად იგივე მიმართულებით დატოვა, რომლითაც შიგნით შემოვიდა. ნავსადგურთან შორიახლოს მდგომი, საკმაო ხანი გაჰყურებდა იტალიურ ხომალდს, თუ როგორ ტოვებდა იგი ქალაქს და იღებდა გეზს შორეული ვენეციისკენ. ამჯერად მოხუცთან შეხვედრისას უკვე თამამად შეეძლო ეთქვა, რომ მან პირობის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთა და უფრო მეტიც, თავი უდიდეს საფრთხეში ჩაიგდო კიდეც. საკუთარი გამბედაობით კმაყოფილი მიბრუნდა ბაზრისაკენ და სხვებთან ერთად ხელნაკეთებით ვაჭრობა განაგრძო. - ეს იყო მისიის პირველი ეტაპი, რომლის შესრულება წინასწარმეტყველების მიხედვით მხვდა წილად, - გაიფიქრა მოხუცმა მას შემდეგ, რაც ქალაქიდან დაბრუნებულმა ვაჭარმა სიტყვასიტყვით უამბო იმ ისტორიის შესახებ, თუ როგორ მოახერხა მან ნახატის გატანება იტალიური ხომალდისთვის. - დადგა დრო, შევასრულო წინასწარმეტყველების მომდევნო და უკანასკნელი ეტაპი, - ფიქრობდა ის და ამ ყველაფრის შემდეგ, მისი გონება დარდითა და სინანულით ივსებოდა. ის, რაც უნდა გაეკეთებინა ნახატის გაგზავნის შემდეგ, იყო უმძიმესი გადაწყვეტილება, თუმცა იმასაც აცნობიერებდა, რომ ამის გარეშე კოლხეთის გადარჩენა მომავალში შეუძლებელი გახდებოდა. მოხუცის ეზოდან სახლის გასწვრივ იშლებოდა ულამაზესი კოლხური მთათა სისტემის ხედი, რომელიც ათასგვარ იდუმალებას ინახავდა და მათ შორის მისთვის ყველაზე დასაფიქრებელს, იმ წინასწარმეტყველებას, რომელიც მან დახატა. ზამთარში თოვლით დაფარული მთათა სისტემა მეტ სიმძაფრესა და მძვინვარებას ჰგვრიდა იქაურობას. მთების დასაწყისში, მხოლოდ ბორცვებზე თუ მოჩანდა დათოვლილი მარადმწვანე მცენარეები, ძირითადად სოჭისა და ნაძვის ნაირსახეობიდან. დანარჩენი ადგილები სრულიად გადათეთრებული ველებით უსასრულოდ გრძელდებოდა თვალუწვდენელ მწვერვალებამდე. მოხუცი აუცილებლად უნდა დალოდებოდა ზაფხულის მოსვლას. იქამდე კი გადაწყვიტა, რომ არც ერთი წამით არ მოშორებოდა გვერდიდან დორას. გაეცა და მიეღო რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული. ერთადერთი შვილიშვილი ხომ მისთვის ყველაზე ძვირფასს წარმოადგენდა. დორაც იგივე გრძნობით იყო საყვარელი ბაბუის მიმართ, რომელმაც არაფერი დაიშურა იმისათვის, რომ ის ესეთი ლამაზი და ჭკვიანი დამდგარიყო. ზამთარში კოლხური სოფლის ეზოებში თითქმის არ მოიძებნებოდა სამუშაო. ბაბუა კი დორას საქონლის მოვლა-პატრონობისთვის არასდროს აწუხებდა. გოგონას საყვარელ საქმეს ამ დროისთვის კი ძველ ბერძნულ მითოლოგიაზე წიგნების კითხვა და ქსოვა წარმოადგენდა. მატყლისგან ძალიან თბილი და ლამაზი ნაქსოვი გამოჰყავდა ხოლმე. - ნახე, ლამაზი წინდები და ხელთათმანები მოგიქსოვე, ზუსტად შენი ზომაა. ასეთ ცივ ამინდებში ძალიან გამოგადგება. - მართლაც რომ ლამაზია და ხელთათმანებიც ძალიან მოხერხებულია, - მიუგო გახარებულმა მოხუცმა მას შემდეგ, რაც ხელთათმანები კარგად მოირგო. - ქსოვა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ცოდნის დაგროვებას მეტი დრო უნდა დაუთმო. შეგენახება და დიდი ხნის მერე აუცილებლად გამოგადგება, - დაარიგა დორა ბაბუამ და გვერდით მიუჯდა შვილიშვილს. მოხუცი ძალიან გამოცდილი და თვითნასწავლი ადამიანი იყო, რომელიც კარგად ცნობდა ბუნებას. - დორა, ფანჯრისკენ გაიხედე, როგორი ნათელი ღამეა. თან ხეებზე თოვლი თავისებურად ბრჭყვიალებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამაღამ ძლიერი ყინვა იქნება. ამიტომაც ბუხარში ცეცხლი არ უნდა ჩაგვიქრეს და ოთახში შეშა უნდა მოვიმარაგოთ. ბაბუას თქმა არ დაემთავრებინა, რომ დორა უცებ გაიქცა შეშის შემოსატანად და რამდენიმე გზობა შემოიტანა. იგი ოთახში შეშის შემოზიდვას მანამ არ შეეშვა, სანამ ბაბუამ არ უთხრა, რომ საკმარისი იყო. მას შემდეგ, რაც დორას ტკბილად ჩაეძინა, მოხუცმა ბუხარს ორი ნაჭერი შეშა კიდევ შეუკეთა და თავის ოთახში დასაძინებლად გავიდა. ასე თბილად და მყუდროებაში ჩაიარა მთელმა ზამთარმა. გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად დორას სიფარფატე და სითავისუფლე მთელი ძალით გამოჩნდა. ყვავილობის პერიოდს ისე შეეხამა მისი წითელი თმები და ჭრელი კაბა, რომ უფრო ლამაზს ვერაფერს ნახავდი. მისი ჭრელი კაბა ხომ ზუსტად ისეთი მრავალფეროვანი იყო, როგორც სხვადასხვა ჯიშის მცენარეთა განსხვავებული ფერის გაფურჩქნული ყლორტები. მიწის გამოშრობასთან ერთად, სოფლის ორღობეებში იმატა დორას თანატოლების ჟრიამულმა. ყველას ძალიან მონატრებოდა ერთმანეთი. სოფლის შუაგულში ფიჭვნარის ხეივანი, ქვეშ სწორი და მწვანე მინდვრით, წარმოადგენდა დორას მეგობრებისათვის მთავარი თავშეყრის ადგილს. როდესაც სოფლის პირას განლაგებულ ბორცვებზე თოვლი დადნებოდა, უმალვე მთის ყვავილები, ია და ენძელა მოეფინებოდა იქაურობას, მათ შორის ყოჩივარდები იწონებდნენ თავს. დორას და მისი თანატოლებისათვის ყვავილების შეგროვება ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო მათ ცხოვრებაში. უბრალოდ, ბოლოს დორას სევდა მოერეოდა ხოლმე, როდესაც მისი თანატოლები ყვავილების კონას შეკრავდნენ და დიდი სიხარულით გარბოდნენ დედებისკენ საჩუქრის მისართმევად. მშობლების გარეშე ყოფნა იყო ძალიან მძიმე დორასთვის, მაგრამ მიუხედავად სევდიანი დასასრულისა, ის არასდროს ამბობდა უარს მეგობრებთან ერთად ყვავილების საკრეფად წასვლაზე. გვიან გაზაფხულზე მოზარდებისთვის ახალი მიზიდულობის წერტილი ჩნდებოდა. ზამთარგამოვლილი თანატოლებისთვის ხეზე ხოხვის და ხილთა შორის მახარობლის - ალუბლის ჩატკბარუნებაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო. შეესეოდნენ ხოლმე ხან ერთის, ხან მეორის ეზოში მსხმოიარე ხეებს და მანამ არ შეეშვებოდნენ, სანამ პომადაწასმულ ცირკის ჟონგლიორებს არ დაემსგავსებოდნენ. - წითელ სახეზე წითელი ტუჩებით ძალიან სასაცილოდ გამოიყურები, - გაეხუმრა დორას ერთ-ერთი თანატოლი. - არც თეთრ ფერზე გამოიყურება ნაკლებ სასაცილოდ, - მიუგო დორამ და საღამოსპირის სიგრილეში მინდორზე წამოგორდნენ. უკიდეგანო ცა გადავსებული იყო ვარსკვლავებით, რასაც დორა ოცნებებისკენ მიჰყავდა. - რა იქნებოდა, რომ ვარსკვლავებთან შეხება შემეძლოს? - ამისათვის პრომეთესნაირი ძლევამოსილი უნდა იყო. თან ფრენაც უნდა შეგეძლოს, - ჩასჩურჩულა მეგობარმა გოგონამ. - ხელბორკილები რომ დამადონ? არ მინდა, ტყვეობას მიწაზე ყოფნა მირჩევნია, - თქვა დორამ. მათაც მოეკრათ ყური კოლხური ლეგენდისთვის. თუმცა წინასწარმეტყველების შესახებ არცერთმა არაფერი იცოდა. - სჯობს შინ წავიდეთ, სანამ ჩვენებს გავაბრაზებთ და ძებნას დაგვიწყებენ, - თქვა დორამ და ორივენი სახლებისკენ გაეშურნენ. ზაფხული?! ზაფხულს ყველა მოზარდის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და ვერც დორა იქნებოდა გამონაკლისი. უჰ, როგორ უხდება ცხელ ამინდს მთის კამკამა მდინარეში გაგრილება, ჭყუმპალაობა და კოპლებიან კალმახზე თევზაობა. ბუნებრივია, რომ თევზაობა ბიჭების საქმე უფრო იყო, მაგრამ გულაცრუებულ მეთევზეს გულმხურვალე გულშემატკივარი ხომ სჭირდება, რათა მას თევზაობის სურვილი კვლავ გაუჩინოს? თანამედროვე სამყაროში ლაღი ბავშვობის გახსენებისას ყველას ხომ ზაფხული და არდადეგები დაგვიდგება თვალწინ? ასე იყო ძველ დროშიც. გრძელი დღე, რომელიც გგონია, რომ არასოდეს ღამდება. დაწვები, დაიძინებ და თითქოს არც გიძინია, ისე უცებ თენდება, რომელსაც სხვადასხვა მელოდიაზე მოჟღურტულე ფრინველები გატყობინებენ. დორას, რა თქმა უნდა, ბევრი მეგობარი ჰყავდა, მაგრამ განსაკუთრებულ სიახლოვეს მაინც მართასთან გრძნობდა. მდინარეზე გართობით საკმაოდ დაღლილები, ერთხელაც ნაპირზე ლამაზად ჩამწკრივებულ დიდ ქვებზე ჩამოსხდნენ და დაიწყეს საინტერესო საკითხზე საუბარი. ეს არ იყო გამონაკლისი შემთხვევა. მათი დიალოგი რომ მოგესმინათ, მუდმივად საინტერესოდ ჩათვლიდით სასაუბრო თემას. - მართა, როგორი იქნება ჩვენი სოფელი, როცა გავიზრდებით? ან მაშინ, როდესაც ძალიან დიდი დრო გავა? ვფიქრობ, ისევ ისეთი ლამაზი და ხალხმრავალი იქნება. - მე რომ გავიზრდები, ქალაქში წავალ, ჩემს ძმასთან. ხომ ხედავ, მას უკან დაბრუნება არ უნდა. - რას ამბობ? მე არასოდეს მივატოვებ აქაურობას. როცა გავიზრდები, უფრო დიდ სახლს ავაშენებ და მარტო მე და ბაბუა კი არ ვიცხოვრებთ, ოჯახის წევრები შემოგვემატებიან. - დორა, გული მიგრძნობს, რომ შენ ჩემზე ადრე დატოვებ სოფელს, - მიუგო მართამ. თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა, რომ ასეც მოხდებოდა. არადა, საკვირველი არის ის, რომ დორა წამითაც არ ფიქრობდა სოფლიდან წასვლაზე, ისე უყვარდა აქაურობა, მოხუცი ბაბუა და თანატოლები. აგვისტოს თვე ახლოვდებოდა, რაც დორასთვის ენით აღუწერელ ხვალინდელ დღეს მოასწავებდა. მართლაც, რომ დორას სოფელში ყოფნის დღეები თანდათანობით იწურებოდა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ის ერთ დროს მაინც მოახერხებს დაბრუნებას. მას შემდეგ, რაც დადგა აგვისტოს პირველი დღე, მოხუცს გულჩათხრობილობა უფრო დაეტყო. ეს იყო ბოლო თვე, რომელსაც იგი დორასთან, მისთვის ერთადერთ და ყველაზე ძვირფას ადამიანთან გაატარებდა, რადგანაც აგვისტოს თვე იყო ყველაზე მოხერხებული პერიოდი, როდესაც კავკასიონის კალთებში თოვლის დონე მაქსიმალურად იკლებდა და შესაძლებელს ხდიდა კლდეების მწვერვალში მდებარე ტბასთან მისვლას. ეს ტბა არავის ენახა, გარდა მოხუცისა. წინასწარმეტყველების მიხედვით, ამ ტბას დიდი ხნით უნდა შეენახა მნიშვნელოვანი საიდუმლო, რომელიც უდიდეს როლს შეასრულებდა პრომეთეს განთავისუფლებასა და კოლხეთის გადარჩენაში. სისხამ დილით მოხუცი მდინარის ხეობას აუყვა. მას კალაპოტში უნდა მოეძებნა კლდის ნაშალი ქვა, რომელიც უხვად ჩამოჰქონდა მდინარეს, როდესაც ის ხშირი წვიმების შედეგად ადიდდებოდა ხოლმე. ძებნა არ გასჭირვებია, ადვილად იპოვა ისეთი ზომის, როგორსაც ეძებდა. ორი ცალი ბაწარი შემოახვია და ზურგზე მოიკიდა. საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და ზიდვისას რამდენიმე ადგილას შეისვენა. ბოლოს სახლის გვერდზე მიშენებულ სამჭედლოში დააგდო და დასასვენებლად კვლავ ეზოში გამოვიდა. - ძალებს მოვიკრებ და შევუდგები მუშაობას, - გაიფიქრა მან თავისთვის. მკითხველის გასაგონად, მას ერთი წუთითაც არ ტოვებდა დორაზე ფიქრი, მაგრამ გამოსავალი არ ჰქონდა. ამ მძიმე ფიქრებთან ერთად უნდა ეკეთებინა ის რთული საქმე, რაც მას საკუთარმა ბედისწერამ დააკისრა. რამდენჯერ უფიქრია, რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩემ გარშემო? დორას გარშემო? - ნუთუ, ამ სამყაროში ბაბუა-შვილიშვილი დაილია? რატომ სხვებს არ უწევთ ისეთი სირთულეების გადალახვა, როგორიც ჩვენ უნდა გადავიტანოთ? თუმცა სწრაფადვე ხვდებოდა, რომ უაზრო დროის კარგვა არაფერს შეცვლიდა. არსებობდა წინასწარმეტყველება, რომლის აღსრულებაში მას და განსაკუთრებით დორას უდიდესი ადგილი ეჭირა. სამჭედლოს სხვადასხვა კუთხეში დაწყობილი საჭირო ხელსაწყოები შეაგროვა და მუშაობას შეუდგა. მთელი დღის მუშაობის შემდეგ, მას საკმაოდ ბასრი კოლხური ნამგალი გამოუვიდა, რომელიც შედარებით მომცრო ზომის იყო, ვიდრე ჩვეულებრივი. თითქოს ასეთი ზომა იმიტომ იყო შერჩეული, რომ მისი ტარება და გადანახვა შედარებით ადვილი ყოფილიყო. ნამგალს ჟანგის ფერი გადაჰკრავდა და, ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ მისი დანიშნულება სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება არ გახლდათ. ის ტარიდან დაწყებული, ნამგლის პირიდან წვერამდე, მთლიანად ერთი ქვისგან იყო გამოყვანილი. მოხუცმა ნამგლის სახელური გახვრიტა და მკვრივი ბაწარო გაუყარა, რომლის სიგრძეც იმდენი იყო, რომ ადამიანისთვის მისი კისერზე დაკიდება ყოფილიყო შესაძლებელი. შალის ნაჭრით ნამგალი დიდი მონდომებით გაწმინდა და სახლის მთავარ ოთახში შეინახა. დორა ჯერ არ დაბრუნებულიყო სახლში. ის თანატოლებთან ერთად აგვისტოს ერთ-ერთ თბილ საღამოს სასიამოვნოდ ატარებდა. მოხუცს ვერ გადაეწყვიტა, როდის მოეყოლა დორასთვის წინასწარმეტყველების შესახებ და როდის გასდგომოდნენ გზას ტბისკენ. თუმცა ვერც დორას რეაქციას განსაზღვრავდა წინასწარ, რაც მის ნერვიულობას ერთიორად ზრდიდა. გადაწყვიტა, რომ დღეს, საღამოს, ის დააკვირდებოდა ცაზე ვარსკვლავების განლაგებას, დააზუსტებდა მომდევნო დღეების ამინდს და მხოლოდ ამის მერე მიიღებდა გადაწყვეტილებას, თუ როდის დაჯდებოდა დორასთან სასაუბროდ. საღამოს დორა სახლში ძალიან დაღლილი დაბრუნდა. წითურ სახეზე კიდევ უფრო აწითლებული ლოყები მას პატარა ბავშვის გამომეტყველებას სძენდა. ბაბუას მისი ნახვა ასე ძალიან არასდროს გახარებია. ეს ალბათ მოსალოდნელი განშორებით იყო გამოწვეული. მოხუცს შვილიშვილი ამ საღამოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე კეთილშობილი და ყველაზე ზრდილობიანი ეჩვენებოდა. - საოცრებაა, დღეს ისე გამოიყურება და ისე იქცევა, რომ გეგონება, შენიშვნის მიცემას არასოდეს დაიმსახურებს, - ფიქრობდა გულში და რაღაც გამოუცნობი გრძნობა ყელში უჭერდა. - არ შეიძლება, რომ ასე ვფიქრობდე! - შიგადაშიგ გაამხნევებდა ხოლმე საკუთარ თავს. მას ხომ ბედისწერამ რჩეულთა შორის ყოფნა და ხალხთა სიცოცხლის გადარჩენა დააკისრა. - ეს ხომ დიდი ბედნიერებაა, რომ იყო ადამიანი მსგავსი მომავლით და არამცდაარამც ამაში სანანებელს ვერაფერს უნდა ვხედავდე, - გაუბრაზდებოდა მოხუცი საკუთარ თავს. როცა კარგად დაბნელდა, იგი ეზოში გამოვიდა და ცას ახედა. ვარსკვლავები კანტიკუნტად მოჩანდა, როდესაც წინა ღამეს ყველაფერი პირიქით იყო. ჰაერიც წინა დღესთან შედარებით დახუთული მოეჩვენა. - მსგავსი გარემოებები წვიმის მომასწავებელია, - დაასკვნა მან და გადაწყვიტა, რომ სამი დღე-ღამე კავკასიონის მისადგომებისკენ წასვლა საფრთხეს წარმოადგენდა. ეს დღეები მას მოსამზადებელი საქმეების გარდა სხვა არაფერი უკეთებია. ტბისკენ მიმავალ გზაზე მათ თითქმის ორი დღე უნდა ევლოთ და საჭირო ნივთების თავმოყრა აუცილებლობას წარმოადგენდა. მან კვესსა და დამუშავებული სოკოსგან მიღებული აბედის მნიშვნელოვან რაოდენობას მოუყარა თავი, რომელიც ცეცხლის დასანთებად დასჭირდებოდა. ცეცხლი ხომ ტყეში გათბობის ერთადერთი საშუალებაა და პარალელურად, იმ პერიოდისათვის ადამიანის უსაფრთხოების დაცვის მთავარ საშუალებასაც ითავსებდა. იმ შემთხვევაში, თუ წვიმა იქნებოდა, მოხუცი ნაბადს გამოიყენებდა, რომელიც კოკისპირულ ამინდშიც კი წყალგაუმტარი იყო. საგზალი, ტანსაცმელი და გზის გასაკვალად აუცილებელი ხელსაწყო - წალდიც სახლის სხვადასხვა ადგილებიდან სამჭედლოში შეაგროვა. ეს ყველაფერი, ერთიანობაში, ერთ დიდ და ერთ შედარებით მომცრო გუდაში მოათავსა და დორასთან გადამწყვეტი საუბრისთვის მოემზადა. სანამ საუბარს დაიწყებდნენ, ორივენი ერთმანეთს დაეხმარნენ და მაგიდაზე ვახშამი გაშალეს, რომელიც მჭადის, ყველის, ბოსტნეულის და ცოტაოდენი მოხარშული საქონლის ხორცისგან შედგებოდა. არც დორას და არც მოხუცს არ უყვარდათ ბევრი ჭამა და სწორედ ამიტომაც იყვნენ ისინი შედარებით მოქნილები და თხელები. შესაბამისად, ჭამასაც მალევე მორჩნენ. სუფრა აალაგეს და მოხუცმა დორას სასაუბროდ უხმო. ერთმანეთთან ძალიან ახლოს, პირისპირ მდგარ სკამებზე დასხდნენ. მოხუცმა დორას ორივე მკლავში ხელი ჩასჭიდა, თავისკენ გამოქაჩა, თვალი-თვალში გაუყარა და მზრუნველი, ალერსიანი ხმით დაიწყო საუბარი: - დორა, ახლა რასაც მოგიყვები, არავისთვის მითქვამს. მე შენი გონიერების და გამბედაობის იმედი მაქვს და ამიტომაც გთხოვ, რომ ყურადღებით მომისმინო. ვფიქრობ, გჯერა და ამის ახსნა დიდად არ მჭირდება, რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ სამყაროში და რომ მე შენ არასოდეს მოგატყუებ. რამდენიმე თვის წინ, მაშინ, როდესაც მინდვრებიდან ნახირს სახლისკენ ვერეკებოდი, დასასვენებლად წყაროს პირას ჩამოვჯექი. თან ვისვენებდი და თან მთების ლამაზი ხედისკენ ვიყურებოდი. ამ დროს, ისე როგორც ცხადში, მე დავინახე ქვათაცვენა და პრომეთეს გააფთრებული წინააღმდეგობა. ზუსტად ისე, როგორც ეს ლეგენდაშია მოყვანილი. ვიცი, რომ როგორც ძალიან ბევრ კოლხს, შენც გსმენია ამ ლეგენდის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩავთვალე, რომ გადაღლილობისგან გონება დამიბნელდა და რაღაც სისულელე მომელანდა. გადავწყვიტე, რაც შეიძლება სწრაფად დამეტოვებინა იქაურობა და ასე მოვიქეცი კიდეც. ამ შემთხვევიდან ერთი კვირის თავზე, მქონდა ზუსტად იგივე სახის ხილვა, როგორიც პირველ შემთხვევაში. წინა შემთხვევასთან შედარებით, შიშმა ამიტანა და სწრაფად გავეცალე იქაურობას. არ მახსოვს, ბავშვობის მერე, ასე ოდესმე შემშინებოდეს. მომდევნო პერიოდში ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ერთდორულად, თან არ მინდოდა იმ მხარეს წასვლა, თან რაღაც მიბიძგებდა იქით წასვლისკენ. ნამდვილად საინტერესო იყო, მესამე შემთხვევაშიც განმეორდებოდა თუ არა იგივე. შენ წარმოიდგინე, მესამე შემთხვევაში მე მქონა გაცილებით უფრო მკაფიო ხილვა, ვიდრე წინა ორ შემთხვევაში. შევეცადე, შიში დამეძლია და ბოლომდე მეყურებინა ყველაფრისთვის, მათ შორის წინასწარმეტყველებისთვისაც. გეტყვი სიმართლეს და დღემდე მიჭირს იმ ყველაფრის დაჯერება, რაც ვიხილე, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. საქმე ხომ ათასობით ადამიანის სიცოცხლეს ეხება მომავალში. სარმატე კვლავ დაბრუნდება და კვლავ შეუქმნის საფრთხეს აქაურობას. მთავარი რამ, რაც ამ ხილვიდან და წინასწარმეტყველებიდან ჩვენს ოჯახს შეეხო: დორა, შენ ჩემთან ერთად უნდა ახვიდე ტბაზე და იქ აეხილება ფარდა ბევრ რამეს. თუ შენ ტბა მიგიღებს, ეს ნიშნავს იმას, რომ პრომეთეს და სარმატეს ბრძოლა ლეგენდა არ არის, ის სიმართლეა და ის წინასწარმეტყველებაც სიმართლეა, რაც მე ვიხილე. - და ჩემი ტბაზე ასვლა რა კავშირშია ამ ყველაფერთან? ან ტბა რას ნიშნავს? ან სად მდებარეობს? - ამ ყველაფერზე საუბრის უფლება არ მაქვს, დორა. თუ შენ ნამდვილად ის ხარ, ვინც წინასწარმეტყველებაში ვიხილე, შენ ტბა მიგიღებს. თუ ეს ყველაფერი სისულელეა და მოხუცის მოჩვენებები, უკან დავბრუნდებით და გავაგრძელებთ ჩვეულ ცხოვრებას. - მე რომ სახლში ყოფნა და თანატოლებთან გართობა მირჩევნია? - მესმის შენი, მაგრამ შესაძლებელია ათასობით ადამიანის გადარჩენაში მონაწილეობა უნდა მიიღო და შენნაირი გულკეთილი ადამიანი რას იზამს, უარს იტყვის ამ მისიაზე? - მე მინდა, რომ ბავშვური ცხოვრებით ვიცხოვრო ისე ტკბილად, როგორც აქამდე, სანამ გავიზრდები. თორემ მერე უკვე სამყარო ბევრ საზრუნავს აჩენს ისედაც. ამას ვხვდები და არ მინდა ჩემი ყოველდღიურობა შევცვალო, - არ იშლიდა დორა. - მეც მინდა, რომ ყველაფერი ისე გაგრძელდეს მომავალში, როგორც აქამდე იყო. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს არ ვეკუთვნით. განსაკუთრებით შენ, დორა! -არწმუნებდა ბაბუა. ძალიან ბევრჯერ მიუბრუნდნენ ერთიდაიგივე საკითხს. დორამ არაერთხელ მოაყოლა მოხუცს ხილვისა და წინასწარმეტყველების შესახებ და საუბრის ყოველ ჯერზე ღია თვალები უფროდაუფრო უფართოვდებოდა. მისი ბავშვური გონება და ხასიათი ვერაფრით ეგუებოდა იმ აზრს, თუ რა კავშირი შესაძლოა ჰქონოდა მას ამ ყველაფერთან, ტბის ძიებასთან და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენასთან. ის ხომ ერთი ჩვეულებრივი, თავისი თანატოლების მსგავსი გოგონა იყო, რომელსაც სრულიად აკმაყოფილებდა საკუთარი ლაღი ცხოვრება. ერთადერთი, რამაც გადააწყვეტინა დორას, დასთანხმებოდა მოხუცს ტბაზე ასვლაში, იყო მის მიმართ უსაზღვრო სიყვარული და ნდობა. ხვდებოდა, რომ ბაბუას ეს ყველაფერი ძალიან ტანჯავდა და იგი ამას გულხელდაკრეფილი ვერ შეხედავდა. იფიქრა, არაფერი დაშავდება იმით, რომ ტბაზე ავიდეს. დაათვალიერებენ იქაურობას, განსაკუთრებული არაფერი მოხდება და მშვიდად დაბრუნდებიან სახლში. თან საინტერესო და სახალისო თავგადასავალიც გამოუვიდოდა. - კარგი, ვნახოთ იქაურობა. არ მინდა იფიქრო, რომ შენი წუხილის მიმართ გულგრილი ვარ. არც იმაში მინდა შეიტანო ეჭვი, რომ მე ვერ შევძლებ მაღალ მთებში ასვლას და მინდა დაგიმტკიცო, რომ მე მოქმედება შემიძლია. - მიუგო დორამ მოხუცს და დაუდასტურა, რომ იგი მზად იყო ტბაზე ასასვლელად. მოხუცი ნაწილობრივ დამშვიდდა, დარწმუნდა რა, რომ დორა მას ენდო და დაეთანხმა. წინასწარმეტყველებისთვის მოქმედებასთან ერთად, ეს თანხმობა მისთვის ნიშნავდა იმას, რომ მან სწორად აღზარდა შვილიშვილი და მოახერხა ისე ეცხოვრა, რომ დორასთვის ანგარიშგასაწევი ადამიანი ყოფილიყო. ათასგვარ საფიქრალთან ერთად ამ შემთხვევამ გული კმაყოფილებით აუვსო. - დანარჩენს ტბასთან ვნახავთ, - გაიფიქრა მოხუცმა და დორა გულში ჩაიკრა. - შენი ნებართვით, ხვალ დილით გავუდგებით გზას, - უთხრა მან დორას. - მე წასვლის გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და მსურს, რომ დროულად დასრულდეს ეს ყველაფერი. ამიტომაც, წასვლის გადადება არც ჩემი სურვილია. ხვალვე წავიდეთ. - უპასუხა დორამ. გამთენიისას მოხუცმა მომცრო ზომის გუდა დორას აჰკიდა, თვითონ მძიმე ტვირთი ზურგზე შემოიკიდა და ტბისკენ მიმავალ გზას გაუყვნენ. სახლიდან სოფლის გასასვლელამდე და იქიდან მაღალი მთის კალთებში განლაგებულ მომცრო ბორცვებამდე, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი სხეულის პირობებში საკმაოდ ნელა მოძრაობდნენ. სოფლის ბოლოში მათ მდინარე ერთმანეთისთვის ხელჩაკიდებულებმა გადაიარეს. აგვისტოს თვე ბოლო დღეებს ითვლიდა და ამ პერიოდისთვის, მდინარის კალაპოტში არც თუ ისე უხვი წლის რაოდენობა მოედინება. ამიტომაც მდინარეზე გადასვლა იმაზე ბევრად ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე გაზაფხულის შუა პერიოდში. თუმცა მთის მდინარეების გადალახვას საკუთარი სირთულეები წელიწადის ნებისმიერ დროს ახლავს თან. წყლის დინება საკმაოდ ჩქარია და, როდესაც ცდილობ, რომ ერთმანეთის მიყოლებით სველ ქვებზე გადააბიჯო, ყოველთვის არის ალბათობა, რომ მდინარემ გაგიტაცოს და, სულ მცირე, გადასვლისათვის დასახარჯი დროის ოდენობა გაგიხანგრძლივოს. როდესაც ისინი მდინარის მარცხენა მხარეს აღმოჩნდნენ, აკაპიწებული ტანსაცმელი გაისწორეს, სასიარულოდ მოხერხებული ფეხსაცმელები ჩაიცვეს და აღმართს აუყვნენ. თავდაპირველად ბორცვებზე მათ დაბალი ზომის, ხშირი ბუჩქნარის გავლა მოუხდათ. თუმცა ამ ადგილებში სოფლის მაცხოვრებლები ხშირად დაიარებოდნენ, ძირითადში საძოვრებზე და ამიტომაც ამ ნაწილში გზა გაკვალული იყო. როდესაც ბუჩქნარში აღმართი ამოიარეს, მათ თვალწინ შედარებით სწორი, მაგრამ საკმაოდ დიდი ტერიტორიის მომცველი საძოვარი მინდორ-ველი გადაიშალა. ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებოდათ, რომ ამ მინდორ-ველს ბოლო არ ჰქონდა და მისი გადალახვა შეუძლებელი იყო. ბუნებრივია, რომ საძოვარიც გადაიარეს და მიადგნენ ტყის იმ ნაწილს, რომელიც კოლხური ჯიშის ულამაზესი სოჭის და ნაძვის ტანაყრილი ხეებით იყო დაფარული. ცხელ ამინდში, ტრიალი და ჩრდილის გარეშე დარჩენილი უზარმაზარი ველის გამოვლის შემდეგ, მარადმწვანე მცენარეთა მიერ გამოყოფილი ჟანგბადის არანორმალური ოდენობა დიდ შვებას წარმოადგენდა ტბისკენ მიმავალ ურთულეს გზაზე, რომლის უდიდესი ნაწილი სწორედაც რომ მძიმედ სავალი აღმართი იყო. ნაძვნარში იგრძნობოდა კოლხური ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებულობა. ხეების ძირში შეგხვდებოდათ არაერთი ჯიშის მარადმწვანე, ფართოფოთლოვანი მცენარეები, რომლებიც წვიმიან ამინდში, მოსასხამის გარეშე დარჩენილ ადამიანს, თავშესაფრად თავისუფლად გამოადგებოდა. ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე, შიგადაშიგ, მკაფიოდ გაისმოდა ხოლმე მათი მეფის - არწივის ხმა, რომელიც დაადუმებდა ხოლმე ტყის ბინადართ. კავკასიური მთის არწივის თავს ტრიალი და ხრინწიანი ხმა არაერთხელ შემოესმათ გზაში მგზავრებს, როდესაც ისინი მთების კლდოვან ნაწილს გადადიოდნენ. ტყე იმდენად უღრანი იყო, რომ აქ მოხუცს რამდენჯერმე დასჭირდა წალდის გამოყენება და გასავლელი ბილიკის გაკაფვა. მცენარეთა სიხშირის გამო, მზის სხივები, ფაქტობრივად, ვერ აღწევდნენ მიწამდე და მისი დანამული ადგილები გამოშრობას ვერც ასწრებდა. აქედან გამომდინარე კი, სავალი გზა მეტად სრიალა და რთულად სასიარულო ხდებოდა. აგვისტოს მაღალი სიცხეების მიუხედავად, ტყის მასივში მგზავრებს თითქოს შესცივდათ კიდეც და მოხუცმა გადაულაპარაკა დორას, რომ ნაბიჯებისთვის აეჩქარებინათ, რაც ორგანიზმში ტემპერატურის მომატებას და გაციებისგან თავის დაცვას უზრუნველყოფდა. როდესაც ტყეს გასცდნენ, უკვე მოსაღამოვდა. გზის ამ ეტაპის შემდეგ იწყებოდა ყველაზე რთული, კლდოვანი მონაკვეთი, რომელიც დაკლაკნილი და ციცაბო მთების გარშემო წრეზე ტრიალით უნდა მისულიყო მწვერვალამდე, სადაც ტბა მდებარეობდა. - ამ საღამოს აქ დავისვენებთ, - თქვა მოხუცმა და ზურგიდან ტვირთი მოიხსნა. თან დორასაც დაეხმარა იგივეს გაკეთებაში. - ფიჩხებს შევაგროვებთ და ცეცხლს დავანთებთ. თუ გაწვიმდა, ნაბადს გამოვიყენებთ და არ დავსველდებით. თუ წვიმა არ იქნება, მინდორზევე დავისვენებთ. ოღონდ, ღრმად არ უნდა ჩაგვეძინოს და ცეცხლი არ უნდა ჩაგვიქრეს, რათა რომელიმე საშიში ცხოველი არ მოგვეპაროს. - თქვა მოხუცმა და საღამოსთვის საჭირო ყველა ნივთი ამოალაგა. არადა, რაც უფრო ღამდებოდა, მით უფრო მკაფიოდ ისმოდა მტაცებელ ცხოველთა დამზაფრავი ხმა მათ გარშემო. განსაკუთრებით წინამძღვარი მგლის ყმუილი, რომელიც მის ოჯახში შემავალ სხვა მგლებს ალბათ რაღაც მითითებას აძლევდა. - ვივახშმებთ კიდეც, როგორც კი ცეცხლს დავანთებთ. იმდენი წამოვიღე, რომ საკმარისი იყოს და თან, როგორც ზედმეტ ტვირთს, გზაში არ შევეწუხებინეთ. ორივემ სხვადასხვა ადგილას შეშის შეგროვება დაიწყო. - მატყუარებს ცეცხლის დანთება უფრო ადვილად გამოსდით, - ჩაილაპარაკა ბაბუამ მანამ, სანამ ცეცხლის დანთებას დაიწყებდა. დორასთვის მოხუცის ყველა სიტყვა ჭეშმარიტებას წარმოადგენდა და ამიტომაც, ამ ფაქტზე ყურადღება გაამახვილა ისე, რომ მას არ შეემჩნია დაკვირვება და არ სწყენოდა. მართლაც, მოხუცს ცეცხლის დანთება ძალიან გაუჭირდა. ციცაბო კლდეების ძირში მწვერვალებიდან ჩამოვარდნილ მსუბუქ, მაგრამ ხელისშემშლელ ქარსაც თავისი წილი შეჰქონდა ამ საქმეში. - ამ შემთხვევიდანაც დასტურდება, რომ ის ძალინ სამართლიანი და მართალი ადამიანია, - გაიფიქრა გულში დორამ. ბოლოსდაბოლოს, როგორც იქნა, ცეცხლი დაენთო. მგზავრებმა მათთვის ტრადიციული ვახშამი მოამზადეს. მჭადი და საქონლის ხორცი შეათბეს და ყველიც თავისთავად, თან მიაყოლეს. - დორა, შენ ცხელი რძე უნდა დალიო. ამ საღამოსაც და დილითაც, - უთხრა მოხუცმა და ნაკვერჩხალზე გაცხელებული თიხის მომცრო ზომის ჭურჭელი მიაწოდა, რომელიც რძით იყო სავსე. ნამგზავრს და საკმაოდ გადაღლილს, ძალიან ესიამოვნა ცხელი რძე, რომელმაც ხშირი სუნთქვისგან გათოშილი გულ-მკერდი სასიამოვნოდ შეუთბო. - როგორც მოვილაპარაკეთ, ფხიზლად უნდა ვიძინოთ და ცეცხლი არ ჩაგვიქრეს, - კვლავ გაიმეორა მოხუცმა და ცეცხლს ფიჩხები ბლომად შეუკეთა. დორას მინდორზე ნაბადი გაუშალა, თვითონაც ცეცხლთან ახლოს, სქელი ნაქსოვი ზედატანი გაშალა და ორივენი დასაძინებლად წამოწვნენ. ორივე მათგანს ხვალ მეტი ენერგია დასჭირდებოდა, ვიდრე დღეს და ამიტომაც, კარგად უნდა გამოეძინათ. ოღონდაც, როგორც ბაბუამ აღნიშნა, ფრთხილი ძილით. როგორც კი ღამემ გათენებისკენ იბრუნა პირი, ორივეს გაეღვიძა, თითქმის ერთდროულად. რამდენადაც არ უნდა სდომოდა ადამიანს აქ ძილი, უბრალოდ, ვერ მოხერხდებოდა, რადგანაც მთის ბინადარ ფრინველთა და ცხოველთა ერთობლივად შეწყობილი ხმა ძალაუნებურად მიიქცევდა ყველას ყურადღებას. აქაურობაში ბალახსაც კი შეუძლია იმდენი იშრიალოს, რომ დაარღვიოს სიმშვიდე და სიფხიზლისკენ გიბიძგოს. ასეც მოხდა. ძალიან სწრაფად მოწესრიგდნენ, სწრაფად ისაუზმეს და იქაურობა ორგანიზებულად მოასუფთავეს. მოხუცმა ნარჩენები მიწაში ჩაფლო და საჭირო სურსათ-სანოვაგე პროპორციულად კვლავ დიდსა და პატარა გუდაში გადაანაწილა. იწყებოდა ყველაზე რთული გზა, რომელსაც ყველაზე კარგ შემთხვევაში ნახევარ დღეს მაინც მოანდომებდნენ. დარჩენილი გზა განვლილზე გაცილებით მოკლე იყო, მაგრამ წინა გზა მომდევნოს ხიფათის დონით ვერც შეედრებოდა. - ამ გზაზე ხელჯოხები აუცილებლად დაგვჭირდება, - თქვა მოხუცმა და წალდის გამოყენებით, იქვე ახლოს მდგარი აკაციის ხის ტოტებისგან ორი ცალი საკმაოდ მკვრივი და მოხერხებული დამხმარე ჯოხი გამოთალა, რომლებსაც ისინი რთული ბილიკის გასავლელად გამოიყენებდნენ. მოხუცმა აღმართზე წინ დორა გაუშვა და თვითონ უკან გაჰყვა, რათა ფეხის დაცდენის შემთხვევაში, მოეხერხებინა მისი შეკავება და მაქსიმალურად დაეცვა იგი გარშემო არსებული ციცაბო კლდეებით შექმნილი საფრთხეებისგან. გამონჩდა, რომ დამხმარე ჯოხების გარეშე უკიდურესად დახრილ ბილიკებზე გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი გახდებოდა. - რა სწორად მოიქეცი, რომ ხელჯოხები გამოთალე, - იმედიანად თქვა დორამ. - ყველაფერი ყოველდღიური ცხოვრებით მიღებულ გამოცდილებას მოაქვს. საკმაოდ დიდი ხანი ვიცხოვრე, რომ ბევრ რამეს მივმხდარიყავი, - კმაყოფილად მიუგო მოხუცმა. გზა სულ უფრო და უფრო რთულდებოდა. მათ ორი კლდოვანი მთიდან ერთ-ერთს წრეზე მიმავალი ბილიკით დიდი სიფრთხილით შემოუარეს და სანამ მეორე კლდოვანი მთისკენ გადაინაცვლებდნენ, შუაში სწორედ ის ნაპრალი გამოჩნდა, რომელიც სოფლიდან საკმაოდ მკაფიოდ ჩანდა და, რომელსაც სარმატეს მიერ უხსოვარ დროს გამოწვეულ ქვათაცვენას უკავშირებდნენ. მსგავსი ნაპრალები კოლხეთის მთათა სისტემაში იყო არაერთი, მაგრამ ამ შემთხვევაში მგზავრებს მათ შორის მხოლოდ ერთი უნდა გაევლოთ. ნაპრალი იმდენად ღრმად იყო ორ კლდოვან მთას შორის და იმდენად მთების ძირში, რომ იქამდე წელიწადის ვერცერთ დროს მზის სხივები ვერ აღწევდა. აქედან გამომდინარე, ნაპრალში საკმაოდ სქელი, განიერი და გრძელი თოვლის მასა იყო ჩარჩენილი, რომელიც წლიდან წლამდე უბრალოდ დნობას ვეღარ ასწრებდა. სანამ აღნიშნულ თოვლის მასას გადაივლიდნენ, ჯერ მოხუცმა შეამოწმა მისი სიმკვრივე. როდესაც დარწმუნდა, რომ იგი ორი ადამიანის სიმძიმეს გაუძლებდა, სწორედ მას მერე ჩაჰკიდა დორას ხელი და ძალიან ფრთხილად, ნელი ნაბიჯებით ნაპრალის მეორე მხარეს გადავიდნენ. ამის შემდეგ, თითქმის იგივე სირთულის და განლაგების წრიული, დახრილი ბილიკით უკვე მეორე კლდოვანი მთისთვის უნდა შემოეარათ, რის შემდეგაც, მთების შუაწელიდან, მაღალი ხედიდან, ტბა უნდა გამოჩენილიყო. კლდოვანი მთების მეორე ნაწილს მარცხნიდან მარჯვენა მიმართულებით წრეს არტყამდნენ. აი, კიდევ რამდენიმე ასეული ნაბიჯიც და მათ წინაშე საოცარი სანახაობა უნდა გადაშლილიყო. როგორც კი მთების უკანა მხარეს აღმოჩნდნენ, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებული განცვიფრება კი დორას შეეტყო. ის გაუნძრევლად იდგა და რამდენიმე წუთი ხმას არ იღებდა. - კი მაგრამ, ტბა ეს არის? ტბა ხომ დიდი რაოდენობით დაგროვილი წყალია? წყალი კი მე ან ლურჯი მინახავს, ან გამჭვირვალე. მე მგონი შეგვეშალა და არასწორ ადგილას მოვედით, - უთხრა მან ბაბუას. - დორა, სწორად მოვედით! ის სხვებისგან განსხვავებულია, როგორც მისი ბუნებით, ასევე შეფერილობითაც, - უპასუხა მოხუცმა და შვილიშვილი ძლიერად ჩაიხუტა. ეს იყო ზუსტად ის ადგილი, სადაც ძალიან მალე გადაწყდებოდა, დაბრუნდებოდა იგი სახლში მარტო, თუ დორასთან ერთად. მთებით გარშემორტყმული ტბა ძირითადად ოვალური ფორმის იყო, ზოგიერთ ადგილებში სამკუთხედის ფორმის წყალში ღრმად შეწეული მიწის მასით. სიმაღლიდან მის მნახველს ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა, რომ აქ რომელიმე ტბა კი არ მდებარეობდა, არამედ ამ ტერიტორიაზე მწყემსებს დიდი რაოდენობით ცხვრის ფარა ამოერეკათ და მათთვის იქვე სადგომი მოეწყოთ. ხედიდან ტბის მარცხნივ, სანაპიროს ნახევარი ნაწილი დაფარული იყო კლდის ნაშალი სხვადასხვა ზომის ქვებით, ხოლო სანაპიროს მარჯვენა ნაწილი მეჩხერი მწვანე მინდვრით იყო შემოსილი, რომელსაც შიგადაშიგ კოლხური მთის ბინადარი, ლურჯი ფერის ყვავილოვანი მცენარეები ერია. მის ქვიან და მინდვრიან შემოგარენს, მცხუნვარე მზის ქვეშ, განსაკუთრებულ სილამაზეს ჯერ კიდევ მრავალგან შემორჩენილი დათოვლილი ფერდობები ანიჭებდა. ტბის ნაპირთან ახლოს ჩასულ ადამიანს როდესაც გარშემო მიმოიხედავდა, ისეთი განცდა დაეუფლებოდა, თითქოს იგი ქვებისგან ნაშენ უზარმაზარ გალიაში იყო გამომწყვდეული, რომელსაც კავკასიონის მწვერვალები სამკუთხა ქუდის მსგავსად ეხურა თავზე. ტბას არაბუნებრივად მრისხანე და ამავდროულად საკმაოდ მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა. ისეთი, რომ მასთან მიახლოება ნებისმიერ ადამიანს შიშს მოჰგვრიდა. თუმცა უნდა ჩასულიყვნენ და დაღმართის ჩავლისას ამჯერად წინ მოხუცი წავიდა და უკან დორა გაიყოლა. როდესაც ნაპირთან ახლოს მივიდნენ, მოხუცს ნაპირის მარცხენა მხარეს თვალთ უჩვეულო რამ ეცა. წესით, ათასობით სხვადასხვა ზომის ქვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ აშკარად სხვა ფორმა გააჩნდა და ამიტომაც, ნაპირს მარცხენა მიმართულებით გაუყვა. ახლოს მისულმა თვალებს არ დაუჯერა. როდესაც ხელით შეეხო, მას კლდის ნაშალი ქვების ნაცვლად, ხელში ასობით სხვადასხვა ზომის ჯიხვის რქა შერჩა. როდესაც მათი ნაწილი გვერდებზე გადაწია, აშკარად გამოჩნდა, რომ მათ შორის ორი ცალი დიდი ზომის, დიდი ალბათობით, წინამძღოლი ჯიხვების რქები უნდა ყოფილიყო. ვერაფრით ვერ აეხსნა, რა მოვლენასთან ჰქონდა საქმე. რას შეეძლო გამოეწვია, რომ ჯიხვის რქები ასე მრავალრიცხოვნად, მთის ერთ მონაკვეთში ყოფილიყო დაყრილი. მას მსგავსი რამ არც ენახა და არც მოესმინა არავისგან და ამიტომაც, ეს გარემოება ვერაფრით ვერ ახსნა. როდესაც დარწმუნდა, რომ მსგავსი სურათის, უბრალოდ, ყურებით არაფერი შეიცვლებოდა, უკან დორასკენ მიბრუნდა, რომელიც ტბის ნაპირას ჩამომჯდარიყო და დიდი ინტერესით გასცქეროდა წყლის ჰორიზონტს. მოხუცმა არა, მაგრამ მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ლეგენდის მიხედვით, ეგრისის ქედის ბინადარი ჯიხვები წარმოადგენენ განსაკუთრებულ ცხოველთა ჯიშს, რომლებიც გრძნობდნენ პრომეთეს ტყვეობას და უმეთაუროდ დარჩენილები, მოდიოდნენ ტბის პირას და იქვე ყრიდნენ მათთვის უმთავრეს საბრძოლო იარაღს, ანუ რქებს, რაც აიხსნებოდა ბრძოლის შეწყვეტით, თუმცა, წინასწარმეტყველების მიხედვით, მხოლოდ დროებით. ეს იყო ლეგენდის და წინასწარმეტყველების ერთადერთი ნაწილი, რომელიც მოხუცმა არ იცოდა. მას ძალა ეცლებოდა და ფეხები ეკეცებოდა, იმდენად რთული და მძიმე იყო მისი განცდები. არავინ იცოდა, თუ რა მოვლენა დატრიალდებოდა მის თვალწინ და როგორი იქნებოდა ხვალინდელი დღე. ამ ყველაფრის პარალელურად კი, დორას სახეს უჩვეულო სიმშვიდე და ბავშვური სისხარტე გადაჰფენოდა. არც არის გასაკვირი. მან ხომ ბაბუისგან განსხვავებით, მხოლოდ მოყოლილი ამბავი იცოდა ლეგენდის შესახებ, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში არასერიოზულადაც კი ეჩვენებოდა. იგი უკიდურესად კმაყოფილი იყო იმ სანახაობით, რომელიც მის თვალწინ გადაიშალა და ცდილობდა, მაქსიმალურად დამტკბარიყო ტბის სანაპიროზე ყოფნით. მას გულში წამითაც კი არ გაუფიქრია, რომ შესაძლოა ბაბუასთან ერთად საკუთარ სოფელში ვერ დაბრუნებულიყო. მოხუცი გვერდით მიუჯდა დორას და მათ შორის ყველაზე გადამწყვეტი დიალოგი დაიწყო: - დორა, მე ბედნიერი ვარ ყოველი დღით, რომელიც შენთან ერთად გავატარე. ჯიუტად მჯერა და ახლაც არ ვიცვლი მოსაზრებას, რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ და ამავდროულად, ვამაყობ იმით, რომ ისეთი გაგზარდე, როგორიც ხარ. ზრდილი და მოსიყვარულე. რა თქმა უნდა, ჩემი უდიდესი სურვილი იქნებოდა, რომ შენთან ერთად გამეტარებინა დარჩენილი მომავალი ცხოვრებაც და თუ ეს ასე მოხდება, მე ვიქნები უბედნიერესი ადამიანი სამყაროში. მაგრამ, თუ მდგომარეობა სხვაგვარად შეიცვლება, მე ვიღებ იმ მოცემულობას და იმ ბედისწერას, რომელიც ჩემს მიმართ განგებას განუსაზღვრავს. მაშინ, როდესაც წარსულში დორა უსიტყვოდ იჯერებდა მოხუცის ყველა სიტყვასა და მოსაზრებას, როდესაც მას არასოდეს შეჰპარვია ეჭვი მისი მხრიდან მზრუნველობის უმაღლეს ხარისხზე, ამჯერად, წყლის პირას მსგავსი შინაარსის საუბრის ხელახლა წამოწყებამ გოგონა ძალზეც დააფიქრა. მის სახეზე სიმშვიდე და ბავშვური სისხარტე ერთიანად წაიშალა. იგი შეცბა და გულში მომენტალურად გაუელვა: - ნუთუ, დღეს მე ამ ტბაში უნდა დავიხრჩო და ამისთვის მამზადებენ? კოლხური ლეგენდა და წინასწარმეტყველება ჩემი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვას ხომ არ მოითხოვს? ნუთუ ამას დასთანხმდა ბაბუა? მსგავსი შინაარსის მოულოდნელი აზრის შემოპარვამ მის სხეულში დიდი აღელვება გამოიწვია და მოხუცს ეჭვის თვალებით გადმოხედა, თან გვერდზე ჩაიწია და მთელი ენერგია და გამბედაობა წინამდებარე კითხვის დასმაში ჩადო: - აქ იმიტომ ამოვედით, რომ ტბაში დახრჩობით დასრულდეს ჩემი სიცოცხლე? -ამჯერად დორამ ცრემლები ვერ შეიკავა. ყველაზე დამთრგუნველი მისთვის იყო ის, რომ პირველად იგრძნო თავი იმ მდგომარეობაში, რომ ბაბუის გვერდით თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა. მოხუცის მღელვარებამ ერთიასად იმატა. მსგავსი სიტყვების გაგონებამ მის სხეულში უდიდესი ტკივილი გამოიწვია. მან დორას თვალებში მკაფიოდ ამოიკითხა, რომ შვილიშვილს ბაბუის მიმართ ნდობა დიდწილად დაეკარგა. - ეს როგორ გაიფიქრე? ნუთუ, ჩემში ეჭვი შეგეპარა? მოხუცისთვის დაუძლეველი ვითარება გახლდათ ის, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანისგან ასეთი შინაარსის კითხვა დაიმსახურა და, ამავდროულად, მას აღნიშნულ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ გააჩნდა. ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების იმედით და მომავლის რწმენით, მან უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და საუბარი განაგრძო: - ცდები! ტბაზე შენი დარჩენა ნიშნავს წინასწარმეტყველების დადასტურებას. წინასწარმეტყველების დადასტურება კი თავისთავში გულისხმობს შენს უდიდეს მნიშვნელობას ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისათვის ბრძოლაში. ტბაზე შენი დარჩენა ნიშნავს შენს რჩეულობას და არავითარ შემთხვევაში შენს დაღუპვას. შენი აქ დარჩენა ყველაზე მეტად ვისაც შეიძლება არ გაუხარდეს, ეს ვარ მე, მოხუცი და უკვე ქანცგამოცლილი ადამიანი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებს აუტანელ მარტოობაში გაატარებს. - უპასუხა მოხუცმა დორას და მასაც თვალზე ცრემლი მოადგა. - მაშ ვერ გამიგია, რას ნიშნავს გაუთავებელი საუბრები ჩემს აქ დარჩენაზე? თუ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაშ აქ მარტო დარჩენა რას უნდა ნიშნავდეს? აქ რა უნდა ვაკეთო? უყველაფროდ? ადამიანების გარეშე, ამ ციცაბო კლდეებში ჩემი მარტო ყოფნა ხომ თავისთავად ნიშნავს საფრთხეს? - მე უფლება არ მაქვს, გითხრა წინასწარმეტყველებაზე. ამაზე ჩვენ სოფლად უკვე ვისაუბრეთ. წინასწარმეტყველების აღსასრულებლად ჩვენ ორივენი ტბაში უნდა ჩავიდეთ. უნდა მენდო. მე შენი სიცოცხლის მიმართ საფრთხის არსებობას არასოდეს დავუშვებ, -თქვა მოხუცმა და გუდა ბაწრით თავისკენ გამოწია. დორას სიმშვიდე დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც მოხუცმა აღნიშნა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. თითქოს, ბაბუის მიმართ ნდობა კვლავ დაუბრუნდა და შეეცადა, მოხუცთან მისთვის უსიამოვნო საუბრის გამო შექმნილი დაშორება კვლავ მასთან ახლოს ყოფნით ამოევსო. ისინი პირისპირ იდგნენ და ერთმანეთს თვალებში შეჰყურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დორამ დროებით თითქოს დაკარგა ნდობა მოხუცის მიმართ, აღნიშნული სცენა ადასტურებდა, რომ ეს ორი ადამიანი იყო ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი, ორივენი ბოლომდე ენდობოდნენ ერთმანეთს და, ამავდროულად, ორივენი პირნათელნი იყვნენ ერთმანეთის მიმართ. არცერთ მათგანს არასოდეს და მათ შორის ამჯერად, არ უფიქრიათ ერთმანეთის მოტყუებაზე და, მითუმეტეს, წარმოუდგენელია, რომელიმეს ეღალატა მეორისთვის. მოხუცი ფეხზე წამოდგა და შვილიშვილიც წამოაყენა. მან გუდიდან სამჭედლოში საკუთარი ხელით ნაკეთი, ჟანგისფერი ნამგალი ამოიღო. - ეს რა ნამგალია? - იკითხა დორამ. - ისევ ახალი გამოწვევა, - გაიფიქრა მან გულში. ნამგალი მორიგი უცნაურობების და შეკითხვების საფუძველი გახდა მისთვის. - თუ წინასწარმეტყველება წარმოადგენს ჭეშმარიტებას, ნამგალი გახდება ის ჯადოსნური იარაღი, რომელიც სიკეთის გამარჯვებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს, - უპასუხა ბაბუამ შვილიშვილს და ნამგალი კისერზე ჩამოკიდა. დორას არ სურდა, რომ მათ შორის საუბარი მორიგი უნდობლობის საფუძველი გამხდარიყო და გადაწყვიტა, მეტი შეკითხვა არ დაესვა მოხუცისთვის. თუმცა მის გარშემო არსებულ უცნაურობათა რიცხვი მუდმივად მატულობდა. ჯერ ლეგენდის ნამდვილობა, შემდეგ მოხუცის ხილვები და წინასწარმეტყველება, ტბაზე მისი დარჩენის ამოუხსნელი ფორმულა და ამ ყველაფერს ბოლოჟამს დამატებული ჟანგისფერი ნამგალი. დორას თავი სიზმარში ეგონა და ვერაფრით იჯერებდა, რომ ასეთ მოკლე ხანში მის გარშემო ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა. ბუნებრივია, რომ არც მოხუცისთვის იყო ადვილი ამ ყველაფრის შეგრძნება და მასაც გამუდმებით აწუხებდა აკვიატებული კითხვა, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი მის თავს და, მითუმეტეს, დორას გარშემო. ფიქრების მიწურულს, ბოლოში მაინც იგივე ტიპის ერთი პასუხი რჩებოდა: ეს იყო ბედისწერა, რომელიც მას განესაზღვრა! მათ შორის საუბარი უკვე დასრულებულიყო და მხოლოდ მოქმედებებით განაგრძობდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას. მოხუცმა დორას ხელი ჩაჰკიდა და გაემზადა მასთან ერთად ტბაში ჩასასვლელად. როგორც კი ტბაში ფეხი ჩაყვეს, ორივემ ერთმანეთს ხელში ისე მაგრად მოუჭირა, რომ ლამის სისხლი გაუჩერდათ. ორივენი ერთმანეთის გამალებულ გულისცემას უფრო მკაფიოდ გრძნობდა, ვიდრე საკუთარს და ძარღვებში სისხლი ეყინებოდათ. კიდევ რამდენიმე ნაბიჯიც და აშკარა გახდა სხეულთა ცახცახი, რომლის მიზეზიც სიცივე ნამდვილად არ გახლდათ. ორივე ერთიდაიგივე რამეზე ფიქრობდა. - რა მოხდება? რა მოხდება? მხოლოდ და მხოლოდ ეს ერთი შეკითხვა. პასუხად კი მხოლოდ და მხოლოდ ბუნდოვანება და სხვა არაფერი! როდესაც წელამდე წყალში შევიდნენ, პირით ერთმანეთისკენ შებრუნდნენ და წყლის ქვეშ ორივემ ხელები ერთმანეთს მჭიდროდ ჩასჭიდეს. შეუძლებელი ხდებოდა ამ მდგომარეობის დიდი ხნით გაგრძელება. უბრალოდ, ამას ვერცერთის გული ვერ გაუძლებდა. ამიტომაც თვალებით ანიშნეს ერთმანეთს, რომ ჩაეყვინთათ. დადუმებულმა მოხუცმა და ნიკაპაცახცახებულმა დორამ, რომელსაც ჟანგისფერი ნამგალი მხოლოდ გულ-მკერდის ნახევარს უფარავდა, წყალში ჩაყვინთეს. ათეული წამიც და მოხუცმა იგრძო, რომ ხელებიდან რაღაც დაუსხლტა. სწრაფადვე ამოყვინთა და მიხვდა, რომ დორა სადღაც გაუჩინარებულიყო. გარშემო მიმოიხედა და დაბალი ხმით დაიწყო ძახილი: - დორა, დორა, სად ხარ? დამენახე! როდესაც უპასუხოდ დარჩა, მან ხმის ტონს უმატა, რომელიც მალევე გამაყრუებელ ყვირილში გადაიზარდა: - დორააა, დორაა! ჯანდაბა, დამენახეე! პასუხი არსაიდან ისმოდა და ტბაც უჩუმრად, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით პასუხობდა მოხუცის გაცეცხლებულ ძახილს, რომელიც ცდილობდა გაუჩინარებული შვილიშვილის პოვნას. გადაწყვიტა, ტბიდან ამოსულიყო, ისევ ფერდობზე ასულიყო და იქიდან გადაეხედა ტბისთვის. იქნებ ასე მაინც მოეხერხებინა რამის გარკვევა. არც აქედან ჩანდა რამე საიმედო. გათოშილი იდგა გარინდული ტბის პირისპირ, რომელსაც თითქოს ჩაეყლაპა მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. - ის დავღუპე? და ეს ყველაფერი ჩემი აკვიატების გამო მოხდა? საკუთარი თავის მიმართ გაჩენილ კითხვებს მისი სიცოცხლე შევწირე? ცოტაც და ის ჭკუიდან შეიშლებოდა. უცებ ტბის გაღმა ნაპირიდან მისი მიმართულებით გარკვეული მოძრაობა დაიწყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თითქოს რაღაცას გადაეწყვიტა, რომ ტბა შუაზე გაეპო. მოხუცი ცოცხალი არსების მსგავსს ჯერჯერობით ვერაფერს ამჩნევდა. უბრალოდ, მთელი მისი გონება მიმართული იყო ამ მოძრაობისკენ, თუ რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც ეს უცნაური, მოძრავი ხაზი მის გასწვრივ, გამოღმა ნაპირამდე მოაღწევდა. მოძრავი ხაზი მოხუცის წინ, ნაპირამდე რამდენიმე მეტრით ადრე, წყალში გაჩერდა. ტბაზე ისევ სიჩუმემ დაისადგურა. იგი ხედავდა, რომ წყლიდან რაღაც თანდათანობით ამოსვლას იწყებდა. როდესაც არსება წყლის ზედაპირზე ნახევარი ტანით ამოვიდა, მოხუცმა განცვიფრებისგან სიცილი და ტირილი ერთდოულად დაიწყო. მის თვალწინ ჩანდა ცოცხალი ორგანიზმი, დორას უცვლელი სახით და თმებით, რომელსაც წელს ზევით ადამიანის ფორმა შეენარჩუნებინა, ხოლო წელს ქვევით კიდურებიანად წყლის ბინადრად გადაქცეულიყო. მოხუცმა საკუთარი თვალით ნახა შვილიშვილი, რომელიც ქალთევზად იქცა. მან კარგად გაარჩია ასევე ჟანგისფერი ნამგალი, რომელიც ქალთევზას კისერზე ეკიდა. მისი ოქროსფერი კუდი და დიდი ზომის ფარფლი ძალიან ლამაზად ეხამებოდა იქაურობას. მოხუცი გორაკიდან ნაპირთან ჩავიდა, რათა უფრო ახლოდან ენახა ეს სასწაული. ქალთევზაც ნაპირთან უფო ახლოს მოცურდა. ის უყურებდა ამ არაბუნებრივ არსებას, რომელიც დორას სახით და დორას თვალებით შეჰყურებდა მას. დორას ბავშვურობა ძირფესვიანად შეცვლილიყო და ამჯერად, მისი გამომეტყველება უდიდეს ბრძოლასა და წინააღმდეგობებს გამოხატავდა, რომელიც შორეულ მომავალში მოელოდა. თვალებიდან ჩანდა, რომ ქალთევზა არათუ მისთვის ერთ დროს ყველაზე ძვირფას ადამიანს ათვალიერებდა, არამედ ისეთს, რომელთანაც თითქოს არასდროს არაფერი აკავშირებდა. ქალთევზამ თავი გვერდზე გადაწია. კიდევ ერთხელ შეათვალიერა ნაპირთან მდგომი ადამიანი, რომლის შეხედულებაც მას არაფერს ეუბნებოდა და გაუცხოებულიყო მისთვის. ნელი ცურვით, თანდათანობით ნაპირს მოშორდა, შეტრიალდა და დიდი სისწრაფით ტბის შუაგულისკენ შურდულივით გავარდა. იგი მიადგა ტბის ყველა მხარეს. გადახედა როგორც მინდვრებს, ასევე ქვიან ნაპირს და თოვლიან გორაკებს. შეუჩერებლად არტყამდა წრეს და მივიდა ყველა სამკუთხა ნახევარკუნძულთან, რომელიც ტბას გააჩნდა. ასე იცურა საკმაო ხანს და როცა დაასრულა პერიმეტრის შესწავლა, ტბის იდუმალ სიღრმეში გაუჩინარდა. მოხუცი შეეცადა დადევნებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამაოდ. ქალთევზას უსწრაფესი ცურვისთვის ფეხის აბმა შეუძლებელი საქმე გახლდათ. უბრალოდ, იგი საკუთარ თავს აგულიანებდა, რომ შეეცადა მაინც, დორას დასწეოდა. მთავარი იყო იმის გაგება, რომ დღეიდან არავთარი დორა არ არსებობდა მის თვალწინ, რომელიც დამჯერი და მომსმენი იყო მოხუცის მიმართ. დღეიდან იგი გადაიქცა ყველასათვის მოუხელთებელ და ქარტეხილებით სავსე ცხოვრების მქონე ქალთევზად, რომლის გარშემო შექმნილ შესაძლო მომავალზე საუბარი არავისთან შეეძლო. მის მომავალს მხოლოდ კოლხური წინასწარმეტყველება და დაუჯერებელი ისტორიის მქონე ტბა გადაწყვეტდა. - ვიცი, რომ ის უკვე დორა აღარ არის, მაგრამ მინდა, რომ კიდევ ერთხელ ჩავხედო თვალებში. იქნებ უკეთესი განწყობით გავეცალო აქაურობას, - ფიქრობდა ის და გადაწყვიტა ტბაში შესულიყო იმ იმედით, რომ ქალთევზა კვლავ მოუახლოვდებოდა ნაპირს. როგორც კი რამდენიმე ნაბიჯით წყალში შევიდა, მის გარშემო ყველაფერი შეიცვალა: ცამ პირი შეკრა, ჩამობნელდა, ატყდა ჭექა-ქუხილი, რის ფონზეც თავსხმა წვიმა წამოვიდა, რამაც პირქუში ტბის უცაბედი აღელვება გამოიწვია. ვერავის წარმოედგინა, თუ ტბას ამ დონეზე ღელვა შეეძლო. უცაბედად, ტბაზე აზვირთებული ტალღების სიდიდე თვით ზღვასაც კი შეშურდებოდა. მოხუცმა ძლივს დააღწია თავი დახრჩობას და როგორც იქნა, მოახერხა ნაპირზე გამოსვლა. ნაპირზე გამოსულმა შეამჩნია, რომ ტბამ დამშვიდება დაიწყო, ცაც შედარებით გაიხსნა და წვიმაც შეწყდა. ამინდი თანდათანობით მშვიდდებოდა და აგვისტოს თვისათვის დამახასიათებელ ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებოდა. მოხუცი მიხვდა, რომ ეს ყველაფერი ბუნების მხრიდან ქალთევზას ხელშეუხებლობას უკავშირდებოდა. ასე იქნებოდა მუდმივად. თუ ვინმე გადაწყვეტდა წყალში ჩასვლას, განმეორდებოდა ზუსტად იგივე სურათი, რაც მოხდა მოხუცის მიერ წყალში ჩასვლის შემთხვევაში. ცხადი იყო, რომ დორას უსაფრთხოებაზე ამიერიდან ბუნება და მისი ულამაზესი ქმნილება - იდუმალი ტბა ერთობლივად იზრუნებდა. - ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა, რაც სოფლად ვიხილე, - ფიქრობდა იგი. სიხარული და სევდა ერთდროულად დაეუფლა მის გონებას. სიხარული იმისა, რომ დორა აღმოჩნდა რჩეული და ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი ბოროტების წინააღმდეგ. ხოლო სევდა იმისა, რომ იგი დარჩა ეულად, დორას გარეშე დაუსრულებელ ფიქრებთან მარტოობაში, თუ როგორი იქნებოდა კოლხეთის მომავალი. პირველ რიგში აქ ნანახით და შემდეგ უკვე ამხელა გზით გადაღლილი, ზანდატ დაიძრა აღმართის მიმართულებით, ზურგით ტბისკენ და ლასლასით გაუდგა სახლისკენ მიმავალ გზას. * * * რა თქმა უნდა, მკითხველს ძალიან აინტერესებს, ჩააღწია თუ არა მოხუცის ნახატმა ვენეციაში. იტალიელი ექსპედიტორი რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო მრავალთვიანი მოგზაურობიდან და ჯერ კიდევ მხარ-თეძოზე წამოწოლილი სახლში ისვენებდა. მას ტყავის ჩანთები არ გაეხსნა, გადაღლილობისგან სიზარმაცე მოსძალებოდა და დღემეხვალიედ განაგრძობდა ლოგინში კოტრიალს. ბოლოს და ბოლოს, კარგად გამოძინებულმა, გადაწყვიტა დილიდანვე დაეწყო ჩამოტანილი ნივთების ამოლაგება და შესაბამისად, ორივე ტყავის ჩანთა გახსნა. იგი ნივთებს სახეობების მიხედვით ალაგებდა. განსაკუთრებულ ადგილს უჩენდა იმათ, რომლებშიც ექსპედიტორს სხვებთან შედარებით ძვირი ჰქონდა გადახდილი და ასევე, თვალსაჩინო ადგილზე დებდა იმ ნივთებს, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონდა. ჩანთის ძირში, მას დახვეული და თასმით შეკრული რაღაც ქაღალდი ეცა თვალთ. იტალიელი კარგი მახსოვრობის ადამიანი იყო და ასკვნიდა, რომ მას ეს ნივთი არ შეეძინა. დიდი ინტერესით, შესაბამისი ქაღალდი ჩანთიდან ამოიღო და გახსნა. როდესაც ის ნახატი დაინახა, რომელიც მან ფაზისში დაიწუნა და სასაცილოდ ჩათვალა, ძალიან გაუკვირდა. - კი მაგრამ, მე ხომ ეს ნახატი უკან მივუგდე კოლხ ვაჭარს? აქ საიდან აღმოჩნდა? -იდგა ექსპედიტორი მაგიდასთან და კეფას ნერვიულად იფხანდა. - ზუსტად მახსოვს, რომ ეს არასერიოზული ნახატი არ გამოვართვი იმ ვაჭარს, რომელიც ცდილობდა ქაღალდის ძალით შემოჩეჩებას, - ფიქრობდა იგი. - სტუმრად საქმიან და გამოცდილ ადამიანებს ველოდები. მათ შორის ცნობილ მკვლევარებსა და კოლექციონერებს. თუ ამ ქაღალდს ნახავენ, უსაქმო მაწანწალად ჩამთვლიან, - გაიფიქრა ექსპედიტორმა, ქაღალდი მსუბუქად დაკუჭა და დანთებულ ბუხარში შეაგდო. მოხუცის ნახატი ცეცხლის გვერდზე, ბუხრის უკიდურეს კუთხეში ისეთ ადგილზე დავარდა, რომ ცეცხლი არ წაეკიდა. - ამ უნიჭო ნახატს უცნაურად უმართლებს. გაიფიქრა იტალიელმა და ქაღალდს შეხედა, რომელსაც ნაკვერჩხალის გაღვივების გამო, თანდათანობით კვამლი ასდიოდა. - თუ ასეთი იღბლიანია, რომ ჩემს ჩანთაში უცნაურად აღმოჩნდა და ცეცხლშიც გასაკვირად არ იწვის, მივცემ არსებობის უფლებას, - ჩაილუღლუღა ექსპედიტორმა და ქაღალდი ისევ ხელში აიღო. ნახატის კუთხეში, ცარიელი ადგილი, სადაც ცეცხლი აალებას ცდილობდა, თითებით მოაშორა და ისევ დახვეულ, პირვანდელ ფორმას დაუბრუნა. - საინტერესოა ეს ყველაფერი, თავი გაიქნია და მოხუცის ნახატი იქვე, გროშებად ნაყიდ ნივთებს შორის დააგდო.
* * *
- ალექს, ალექს! ხვალ შუალედური გამოცდები გაქვს და მორჩი დროის ფლანგვას. ლეპტოპი გათიშე და მიხედე საქმეს! - ყურში არ გესმის? მეცადინეობა დაიწყე-მეთქი, სანამ მოთიმენებას ვკარგავ, - აგრძელებდა დედა ალექსისთვის მითითების მიცემას, მაგრამ პასუხი არ ჩანდა! გაბრაზებული დედა შვილის საძინებელი ოთახისკენ გაეშურა, კარები უხეშად შეაღო და ამჯერად, შედარებით ახლოდან, უფრო ხმამაღლა დაუყვირა: - ალექს! როგორც იქნა, შვილი შემობრუნდა დედისკენ, რომელიც სავარძელში მჯდომი, ყურსასმენებში ბოლო ხმაზე ჩართულ Imagine Dragons-ის Believer-ს უსმენდა და ამიტომაც ვერ გაიგო დედის ძახილი. თან, Facebook-ის Messenger ჩატში დამატებულ მეგობრებს ემესიჯებოდა. - ახლავე დედა, მალე დავასრულებ საუბარს და ხვალინდელ საკითხებს გადავიმეორებ. მაპატიე, რომ შენი ხმა ვერ გავიგე, - მიუგო ალექსმა და მწვანე თვალები დედას მოსიყვარულედ გადაავლო. - მართლა დიდი დრო გავიდა, რაც ვუსაქმურობთ. მემგონი, შუალედურები მარტო ჩემი პრობლემა არ არის და თქვენც უნდა მოემზადოთ, - დაწერა ჩატში ალექსმა. - გეთანხმები, ალექს, სანამ იქამდე მივიყვანთ საქმეს, რომ დაბალი ქულები მივიღოთ და მშობლები გავაბრაზოთ, სჯობს დავასრულოთ საუბარი და ვიმეცადინოთ, - გაეპასუხა ალექსს კოლეჯის ერთ-ერთი მეგობარი ჩატში. - ვფიქრობ, მე უკვე მოვახერხე დედაჩემის გაბრაზება. დროებით, მეგობრებო. თუ საღამოს გეცლებათ, გავაგრძელოთ, - ჩაწერა ჩატში ალექსმა და თან შესაბამისი „სმაილიც“ მიაყოლა. ყველა პროგრამა გამორთო, ლეპტოპი დაკეცა და სავარძლიდან წამოდგა. ალექს კომნენი იყო 15 წლის ყმაწვილი, თეთრი კანისფერი და ქერა თმებით. ფართე შუბლით, სწორი ცხვირით, თხელი ტუჩებით და განიერი ყურებით. მას შუბლს ზემოთ ბუნებრივად აწეული თმები ჰქონდა. ბავშვობიდან კბილების დარღვეული თანწყობის გამო რამდენიმე თვის წინ მისთვის ბრეკეტები ჩაედგათ, რაც მზიან ამინდში მის ისედაც კაშკაშა სიცილს კიდევ უფრო ბრჭყვიალას ხდიდა. ამ ყველაფერს კი ემატებოდა დიდი მწვანე თვალები, რაც ერთობლიობაში მისი სახის გამომეტყველებას აყალიბებდა როგორც აზრიანს, პოზიტიურს და საკმაოდ ლამაზი შესახედაობის მქონეს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მისი სიმაღლე ასაკთან შედარებით იყო საშუალო. კოლეჯში მის მეგობრებს შორის იყვნენ ალექსზე მაღლებიც და ასევე - მასზე დაბალი აღნაგობის მქონენიც. არც გამხდარი იყო, თუმცა ვერც მსუქანს ვერ ვუწოდებდით. ჩვენში ასეთი წონის მოზარდებს პუტკუნებს ეძახიან. თუმცა ალბათ არც პუტკუნა არ იყო. უფრო გამხდარსა და პუტკუნას შორის საშუალო. ასეთი იყო მისი წონა. მისი ცოცხალი და მწვანე თვალების გამომეტყველება მნახველს დააფიქრებდა, რომ ალექსის მომავალი ცხოვრება და გასავლელი გზა საკმაოდ ბობოქარი უნდა ყოფილიყო, რომელიც გამოხატული იქნებოდა მრავალი მოვლენის ერთობლიობით. მათ შორის: კარგად სწავლაში; სპორტულ აქტივობებში; უამრავი დასვენებისა და გართობის დღეების ფარგლებში და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან საინტერესო თავგადასავლებში. ალექსს საკმაოდ საინტერესო და გემოვნებიანი ჩაცმის სტილი ჰქონდა. ამ კვირა დღეს მას ღია ფერის ყელიანი კეტები ეცვა, რომელსაც შავი ფერის ჯინსები და გრძელმკლავიანი მწვანე ფერის მაისური ძალიან უხდებოდა. ალექსს ძალიან მოსწონდა ნახატებიანი ჩასაცმელი და ამჯერად მას ეცვა ისეთი, რომელზეც 23 ნომრიანი ლეიკერსელი ლებრონ ჯეიმსის და 35 ნომრიანი ფინიქს სანსის კალათბურთელ კევინ დურანტის თბილი შეხვედრის ამსახველი ფოტო იყო გამოსახული. მისთვის ხომ კალათბურთი წარმოადგენდა ყველაზე საყვარელი სპორტის სახეობას და ძალიან დიდ დროს ატარებდა ხან კოლეჯის საკალათბურთო დარბაზში და ხანაც ქუჩის საკალათბურთო მოედანზე, რომელიც მის სახლთან ძალიან ახლოს მდებარეობდა. თავისუფლად და საშინაო ტანსაცმელში ჯერჯერობით იმიტომ არ იყო ჩაცმული, რომ კალმის და რვეულის საყიდლად სახლის მოპირდაპირედ მდებარე სუპერმარკეტში უნდა გადასულიყო. თან მისთვის საყვარელი ჩიპსი და მცირე ზომის ბოთლით კოკა-კოლა აუცილებლად უნდა გამოეყოლებინა ხელისთვის. ალექსი საკმაოდ ბეჯითი და მოწესრიგებული მოსწავლე იყო და ამიტომაც მშობლებს მისთვის სასუსნავების ყიდვისთვის ფულის დახარჯვა არასოდეს ენანებოდათ. მუდმივად უტოვებდნენ საკმარის თანხას, რათა მისთვის ესიამოვნებინათ. სიბეჯითესთან ერთად, იგი იყო საკმაოდ სპორტული და როგორც კი დავალებების მომზადებას დაასრულებდა, იმწამსვე საკალათბურთო მოედნისკენ გაიქცეოდა. კოლეჯში კი, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ერთი საათი მაინც რამდენიმე თანაკურსელთან ერთად დარბაზში რჩებოდა. 15 წლის მოზარდისთვის სრულებით საკმარისი სიცელქე და მოუსვენრობაც გააჩნდა ხასიათში. კოლეჯში მოწყობილი ბავშვური არეულობების დროს არასოდეს რჩებოდა გვერდზე და მუდმივად ცდილობდა პირიქით მოქცეულიყო, აღმოჩენილიყო ორომტრიალის მთავარ ორგანიზატორთა შორის. კოლეჯის საკალათბურთო გუნდში კაპიტნის როლში მყოფი მუდმივად ახერხებდა, რომ თანაგუნდელთათვის ბრძოლის ჟინის შემქმნელი მოთამაშე ყოფილიყო და გადამწყვეტი გარდატეხა შეეტანა თამაშის მიმდინარეობისას. უამრავი რთული თამაშის მოგება შეძლეს სწორედ ალექსის მებრძოლი ხასიათის გამო. თუმცა ლიდერთან ერთად იყო არჩვეულებრივად გუნდური მოთამაშე და სწორედ ამიტომაც ყველას მოსწონდა მასთან ერთად ერთ გუნდში თამაში. მისი ძალიან მეგობრული და უშუალო ხასითი სასიამოვნოდ ეხამებოდა მის გარეგნობას, რაც საბოლოო ჯამში ალექსს ყველასათვის მისაბაძ და საინტერესო ბიჭად აყალიბებდა. ტელეფონი აიღო და მარკეტისკენ გაეშურა. კერგონის ქუჩის 51 ნომრიდან გამოვიდა და საფეხმავლო ბილიკს მარჯვნივ გაუყვა. ასიოდე მეტრის გავლის შემდეგ ქუჩა მარცხნივ გადაჭრა და სუპერმარკეტში შევიდა. აქ იყიდებოდა ყველაფერი, რაც ალექსის ოჯახს ყოველდღიურობისთვის სჭირდებოდა და სწორედ ამიტომაც ისინი მუდმივად აქაურობას სტუმრობდნენ. გამყიდველები იცნობდნენ ალექსის ოჯახის წევრებს და დიდი ხნის ურთიერთობის შემდეგ ალექსიც მათთან შინაურულად გრძნობდა თავს. - გამარჯობა, ქალბატონო ემილი, - მიესალმა ალექსი გამყიდველს, რომელიც მისკენ ზურგით მდგარი უჯრაში ქვითრებს ალაგებდა და ვერ დაინახა, ვინ მოუახლოვდა სალაროს. - გაგიმარჯოს, ალექს, როგორ ხარ? - მიესალმა შავკანიანი, სამხრეთ ამერიკული წარმოშობის გამყიდველი. - კარგად ვართ, გმადლობთ. თუ შეიძლება, პარკიც მომეცით, - უთხრა ალექსმა გამყიდველს და მის მიერ მოწოდებულ პარკში ნაყიდი ნივთები ჩაალაგა. - რამდენიმე დღეა დედა მარკეტში არ მინახავს. ამ ბოლო დროს ძირითადად მამაშენი შემოდის. ალბათ პატარა ძმა ურჩობს, - ღიმილით გააგრძელა საუბარი ემილიმ. - მართალია. ამ ბოლო დროს ჭირვეულობს, - მიუგო ალექსმა. - სასიამოვნო დღეს გისურვებთ, ქალბატონო ემილი, - დაიბარა ალექსმა და გასასვლელისკენ წავიდა. - სასიამოვნო დღეს გისურვებ, ალექს, - მიაძახა გამყიდველმა და მოზარდს თვალი გააყოლა. - რა ზრდილობიანი და ყურადღებიანია, - ჩაიფიქრა თავისთვის და ალექსთან შეხვედრით კმაყოფილმა მუშაობა განაგრძო. უკან, სახლისაკენ მიმავალ გზაზე, ქუჩა ისევ იგივე გადასასვლელზე გადმოჭრა და ტროტუარს მარჯვნივ გაუყვა. იგი სახლისაკენ ხან ძუნძულით, ხანაც ჩქარი ნაბიჯებით მიემართებოდა. ალექსის სახლის წინა მხარე, ქუჩიდან, შემოსაზღვრული იყო დაბალი ზომის ნაცრისფერი ღობით, რომელიც ხის ფიცრებისგან იყო დამზადებული. ტროტუარსა და სახლს, ღობის გარდა, ერთმანეთისგან ლამაზად შეკრეჭილი მწვანე ბალახიც აცალკევებდა, რომლის შუაშიც მოასფალტებული, ფეხით სავალი ვიწრო ბილიკი გადიოდა და თეთრი ფერის, მანსარდული ტიპის, მომცრო ზომის, მყუდრო სახლის მთავარ შესასვლელს უერთდებოდა. გვერდებზე, ორივე მხარეს, ასევე საკმაოდ კოხტა სახლები იყო განლაგებული, რომლეთაგან ერთ-ერთში პენსიონერი, მარტოხელა ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ხოლო მეორე მხარეს მდგარი სახლი თითქმის მთელი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო. მისი მეპატრონეები სამსახურის გამო მოშორებით, სხვა ქალაქში გადასულიყვნენ საცხოვრებლად და იშვიათად აკითხავდნენ აქაურობას. მარტოხელა ცოლ-ქმარი კომუნიკაბელურობით არ გამოირჩეოდა და თავისთვის განაგრძობდა მშვიდ ცხოვრებას. იშვიათად, ქუჩაში შეხვედრისას თუ გაიმეტებდნენ მისალმებას ალექსის ოჯახის წევრების მიმართ. ეს იყო ის მაქსიმუმი, რა ყურადღებაც შესაძლოა გამოეჩინათ პენსიონრებს გვერდზე მცხოვრები მეზობლების მიმართ. სახლის უკანა მხარეს ქალაქის ხელმძღვანელობას საერთო დანიშნულების გალავანი აეშენებინა, რომელიც კერგონის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას ქალაქის საწარმოო ზონიდან გამოყოფდა, რომელშიც არაერთი ფაბრიკა-ქარხანა იყო განთავსებული. მან სახლის მთავარი შესასვლელი რკინის კარი შეაღო და კორიდორიან, დიდი ზომის მისაღებ ოთახში შევიდა, სადაც ალექსის ოჯახის წევრები დროის უდიდეს ნაწილს ატარებდნენ. შესასვლელში ორსექციანი დიდი ზომის კარადა იდგა, რომლის ქვედა ნაწილსაც ფეხსაცმელების შესანახი ფუნქცია გააჩნდა, ხოლო ზედა ნაწილს, ქურთუკების და ზოგადად, თბილი ტანსაცმლის ჩამოსაკიდად იყენებდნენ. განიერი კორიდორი საკმაოდ ნათელ მისაღებ ოთახს უერთდებოდა, რომელსაც ორი დიდი ზომის ფანჯარა გააჩნდა, რომელთა ხედი სახლის უკანა მხარეს მდებარე ეზოს ვიწრო ნაწილში გადიოდა. მისაღები ოთახის ცენტრში რკალისებრი ფორმის ტახტი იდგა, რომელზე წამოწოლა და ტელევიზორის ყურება ალექსის მამის საყვარელი დასვენების ფორმა იყო. პლაზმური ტელევიზორი ტახტის პირდაპირ, ოთახის მარჯვენა კედელზე, ეკიდა. ტახტის წინ კი საშუალო ზომის შუშის საწერი მაგიდა იდგა, რომელსაც მამა მუშაობის პროცესში ხშირად იყენებდა. მისაღები ოთახის მარჯვენა კუთხეში, ფანჯრის ქვეშ, მოწყობილი იყო ალექსის მცირეწლოვანი ძმის გასართობი ადგილი. უამრავი სათამაშოთი, ფანქრებით და სხვადასხვა ფერის სახატავი რვეულით მიმოფანტული. ოთახის მარცხნივ, ფანჯარასთან და მის დიაგონალურად მდებარე კუთხეში კი სხვადასხვა სახეობის ქოთნის ყვავილები ელაგა, რომლებიც ამ კოხტა სახლს ძალიან უხდებოდა და მათი მოვლა ალექსის დედის ერთ-ერთ საყვარელ საქმეს წარმოადგენდა. ოთახის მარჯვენა პირველ კედელზე მიდგმული მაგიდა ოთხი სკამით თითქმის უფუნქციო იყო. აქ ოჯახის წევრები მხოლოდ მაშინ ჩამოსხდებოდნენ, თუ ტახტზე ჯდომა მობეზრდებოდათ, ან იმ შემთხვევაში, თუ სტუმრები მოვიდოდნენ და არასაკმარისი ადგილების გამო, შესაბამისი მაგიდის გარშემო ადამიანთა დასხდომა აუცილებელი გახდებოდა. ტახტის უკანა მხარეს ოთახს კედელი არ გააჩნდა. იგი ღია ფორმის იყო და პირდაპირ გადიოდა სახლის სამზარეულოში, რომელშიც მოგრძო ფორმის მაგიდა და ექვსი სკამი იდგა. სწორედ სამზარეულოში იყო განთავსებული ოჯახის ყოველდღიურობისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ნივთი. მაცივარი, სარეცხი მანქანა, სამზარეულოს მთავარ კედელზე აწყობილი ჭურჭლის და სხვა საჭირო ნივთების შესანახი დიდი კარადა უამრავი უჯრით, ზედვე დამონტაჟებული გაზქურით და წყლის ნიჟარით. სანამ კორიდორიდან მთავარ ოთახში გადმოხვიდოდით, მარჯვნივ ალექსის მშობლების ოთახი იყო განთავსებული, ხოლო მარცხნივ დაკიდებული ნესტგამძლე კარები ცხადყოფდა, რომ ეს სახლის აბაზანის შესასვლელი უნდა ყოფილიყო. ფართე კორიდორის მარცხენა ნაწილში, მომრგვალებული ფორმის მოაჯირებიანი კიბე სახლის ზედა ნაწილში ადიოდა. როგორც კი ამ კიბეზე ახვიდოდით, მარჯვნივ დაინახავდით ყავისფერ კარებს, რომელიც ნახევრად სხვენში მდებარე, დაბალჭერიან, ალექს კომნენის ოთახში შეგიყვანდათ. კარების გასწვრივ ოთახს ერთი ფანჯარა გააჩნდა, რომელიც კერგონის ქუჩას გადაჰყურებდა. ფანჯრის მხარეს ალექსს სამუშაო მაგიდა დაედგა, რომელსაც მეცადინეობისას, ან ლეპტოპის გამოყენებისას მაღალსაზურგიანი რბილი სავარძლით მიუჯდებოდა. ოთახის მარჯვენა კედელთან მდგარი ორსართულიანი საწოლი ორივე ძმისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მის მცირეწლოვან ძმას ჯერჯერობით მშობლების ოთახში აწვენდნენ და შესაბამისად, ალექსს ლოგინის ქვედა ნაწილში ეძინა. ზედა ნაწილზე კი არაერთი წიგნი, რვეული და უამრავი სხვადასხვა ნივთი ჰქონდა შემოყრილი. ოთახის მარცხენა კედელზე განთავსებული ვიწრო და მაღალი ფორმის ტანსაცმლის სათავსოს ზედა უჯრიდან რაიმეს გადმოტანის შემთხვევაში, მას აუცილებლად სავარძლის გამოეყენება დასჭირდებოდა, რათა მიწვდომოდა ზედა კარადის სახელურს. ოთახის მარცხენა კედელზევე გაკრული ჰქონდა მსოფლიოში ცნობილი არა ერთი სპორტსმენის პლაკატი, რომელთა შორის კალათბურთელთა ფოტოები სჭარბობდა. ალექსს ძალიან უყვარდა მუსიკა და ამიტომაც სპორტსმენთა შორის მან ადგილი უამრავ როკ და პოპ მუსიკის შემსრულებელთა ფოტოებსაც მოუძებნა. ფოტოების ქვეშ, კედელზე მიჭედებულ პატარა ლურსმნებზე, მისთვის ყველაზე ძვირფასი სხვადასხვა ხარისხის რამდენიმე მედალი ჩამოეკიდა, რომლებიც კოლეჯის საკალათბურთო გუნდთან ერთად მიღწეული უმნიშვნელოვანესი გამარჯვებებით იყო მოპოვებული. სახლში შესულმა კეტები გაიხადა, ფეხზე მსუბუქი ჩუსტები მოირგო და საკუთარი ოთახისაკენ აღმავალ კიბეს აუყვა. უცებ მისაღები ოთახიდან ტახტზე მოკალათებულმა მამამ ამოსძახა: - ალექს, ჩოგბურთში ცინცინატის მასტერსის ფინალი იწყება. ალკარასი-ჯოკოს ორთაბრძოლაა. ვფიქრობ ძალიან სანახაობრივი იქნება. ჩამოდი, ერთად ვუყუროთ, თან მეცადინეობის წინ კარგი განტვირთვაც გამოგივა. - მართლა? არც ვიცოდი, როგორ გამომრჩა. გეთანხმები, რომ ძალიან საინტერესო იქნება ამ მატჩის ნახვა. ახლავე ჩამოვალ, - ჩამოსძახა ალექსმა, რომელმაც პარკიდან ჩიპსი და კოლა ამოიღო და კიბეებზე სწრაფად დაეშვა. სპორტსმენები უკვე გამახურებელ ვარჯიშებს ატარებდნენ, როდესაც ის მამის გვერდზე დაჯდა და ორივე ჩოგბურთელისათვის მეტად მნიშვნელოვანი თამაშის საყურებლად მოემზადა. სამზარეულოში მოფუსფუსე დედამ უკმაყოფილება გამოთქვა მამის გადაწყვეტილებაზე და ქმარს გამოსძახა: - ბერტ, უკაცრავად, მაგრამ მე მგონი ხვალინდელი შუალედური გამოცდების წინ ალექსს ხელს უშლი და დროს აკარგინებ. მაშ, როდისღა უნდა გადაიმეოროს საკითხები? არადა ამ შუალედურში მიღებულ ქულებს დიდი მნიშვნელობა ექნება სემესტრული ნიშნების წინ, - განაგრძობდა დედა. - მესმის, სარა, რომ უნდა მოემზადოს, მაგრამ მოხერხებულმა ახალგაზრდამ დრო ყველაფრისთვის უნდა გამონახოს. შუალედურებისთვისაც უნდა მოემზადოს და მსოფლიოში მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებსაც უნდა მიადევნოს თვალი. სამყარო მარტო დავალებების მომზადება ხომ არ არის? სამყარო საინტერესო მოვლენების ერთობლიობაა, რომლებიც თუ შესაძლებლობა გაქვს, არ უნდა გამოტოვო, - უპასუხა ბერტმა ცოლს და ალექსს თვალი ჩაუკრა. ბერტი და სარა კომნენები უკვე 17 წლის ცოლ-ქმარი იყვნენ და მათ უკვე 15 წლის და 2 წლის ვაჟიშვილები ჰყავდათ. ერთმანეთში შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ და ცდილობდნენ ცხოვრება ბედნიერად ეტარებინათ. ზოგჯერ ოჯახისათვის შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, გამოსავალს მუდმივად ერთობლივად და მშვიდად პოულობდნენ. შემოსავალიც საკმაოდ ნორმალური გააჩნდათ, რომელიც მათ საჭიროებებს უმკლავდებოდა და შესაბამისად, არაფერს იშურებდნენ შვილების კეთილდღეობისთვის. ისინი პატარა ქალაქში ცხოვრობდნენ და შესაბამისად, ფინანსისტ ბერტ კომნენს აქ ყველა კარგად იცნობდა, როგორც საკუთარი პროფესიის უზადოდ მცოდნეს და კლიენტთათვის საკმაოდ სანდო ადამიანს. ბერტ კომნენი 45 წლის შედარებით დაბალი, ქერა მამაკაცი იყო, რომლის თვალების ფერიც ალექსს გამოჰყოლოდა. ალექსთან შედარებით, ბერტს გაცილებით მუქი კანისფერი ჰქონდა, მაგრამ სარასგან განსხვავებით, შავგრემანი ნამდვილად არ იყო. პროფესიიდან გამომდინარე, მას მუშაობა ძირითადად კომპიუტერის საშუალებით უწევდა, რის გამოც ცოტას მოძრაობდა, რასაც მუცელზე შესამჩნევი ზომის ღიპის გაჩენა გამოეწვია. ერთი სიტყვით, ალექსის მამა გათვითცნობიერებულ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელიც სამსახურის საქმეების პარალელურად, მუდმივად ეცნობოდა სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილ სიახლეებს და რაზეც ვერასოდეს იტყოდა უარს, ეს ჩოგბურთის ყურება იყო. ასე გაეყოთ მამას და შვილს საყვარელი სპორტის სახეობები, თუმცა ორივენი ცდილობდნენ, რომ ერთმანეთი დაეინტერესებინათ საკუთარი ფავორიტი სპორტსმენების თამაშებით. სწორედ ამ მიზნის გაგრძელებას ემსახურებოდა ის ფაქტი, რომ ბერტმა ალექსი მასთან ერთად ფინალის საყურებლად მოიწვია. ფინალი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა, რომელიც მეტოქეთა შორის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გადამწყვეტ მესამე სეტში მამა-შვილი საკუთარ ემოციებს უკვე ვეღარც აკონტროლებდა და ორივე მათგანი შთაბეჭდილებებს მაღალ ხმაზე გამოხატავდნენ. არც ერთი არ გულშემატკივრობდა რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს, უბრალოდ ისინი უდიდეს სიამოვნებას იღებდნენ ნებისმიერი ლამაზად გათამაშებული ქულისგან და სულ დაავიწყდათ, რომ ამ სახლში მარტო არ იყვნენ. - იქნებ ცოტა დამშვიდდეთ. მემგონი დაგავიწყდათ, რომ გვერდით ოთახში თომასს სძინავს, - ამდენი ხმაურისგან დაყრუებულმა სარამ სამზარეულოდან გაცეცხლებული გულშემატკივრებისკენ გამოიწია. - ბოდიში, სულ დაგვავიწყდა, - ჩაილაპარაკა ყვირილისგან აწითლებულმა ორივე მაყურებელმა და ცოტა შერცხვათ კიდეც, რომ მძინარე თომასი არც ერთს არ გაახსენდა. როდესაც სარამ შეამჩნია, რომ მამა-შვილი შედარებით დაწყნარდა და ტელევიზორის ყურებას მშვიდად განაგრძობდა, სამზარეულოში შებრუნდა და ვახშმის მომზადებას ისევ შეუდგა. ალექსის დედა, სარა კომნენი, 40 წლამდე კოპწია, მუდამ სიკოხტავესა და სისუფთავეზე მოფიქრალი შავგრემანი ქალი იყო. წაბლისფერი თმით და თაფლისფერი თვალებით. მას ძალიან უხდებოდა თეთრი წინსაფარი, რომელიც ოჯახზე მზრუნველი დიასახლისის შეხედულებას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდიდა. სარა დიასახლისობასთან ერთად ბერტის თანაშემწეობასაც საკმაოდ კარგად ითავსებდა. თანაცხოვრების არც თუ ისე მოკლე ხანში, მას ქმრისგან ფინანსისტობის ბევრი დეტალი შეესწავლა და, შესაბამისად, თავისუფლად შეეძლო ნებისმიერი დოკუმენტის მომზადება, რომელიც საგრძნობლად უადვილებდა ბერტს დაგროვილი სამუშაოს შესრულებას. სარა კომნენი დროის უდიდეს ნაწილს ალექსის სწავლა-განათლებას უთმობდა. მას მშობელთა შორის მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული შვილების ყოველდღიურ აღზრდაზე. უბრალოდ, ცოლ-ქმარმა იცოდა ძალიან დიდი უცნაურობის შესახებ, რომელიც მათ შვილს ეხებოდა და სწორედ ეს იყო ის საკითხი, რომლის გახსენებაც ორივე მათგანს მოსვენებას უკარგავდა. მათ არასოდეს უსაუბრიათ ამ მოვლენის შესახებ არავისთან. პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ეს უცნაურობა არავის გაეგო და, მითუმეტეს, შვილს. საკითხზე დაუსრულებელი ფიქრისგან გადაღლილებმა გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთშიც კი შეეწყვიტათ ამ თემაზე საუბარი, რადგანაც მოცემულობას მაინც ვერ ცვლიდნენ, ხოლო მათ განწყობაზე მუდმივი შეხსენებები ძალზედ უარყოფითად მოქმედებდა. ყველაზე მძიმე მათთვის იყო იმ გარემოებაზე ფიქრი, რომ, თუ აღნიშნული საიდუმლოების შესახებ შვილი გაიგებდა და კითხვას დაუსვამდა მათ, რა უნდა ეპასუხათ და რითი აესხნათ ეს მოვლენა. პასუხი არც მათ იცოდნენ და შვილის მოტყუება მაინც და მაინც საუკეთესო გამოსავლად არ ესახებოდათ. - იქნებ არც არასოდეს გაიგოს? არ არსებობს, ერთ დროს მაინც გაიგებს. ჰოდა, როცა გაიგებს, გამოსავალზეც სწორედ მაშინ ვიფიქრებთ, - ასეთი იყო მშობლების საერთო გადაწყვეტილება. - მიუხედავად მისი ასაკისა, ჯოკო ჯერჯერობით რჩება საუკეთესო ჩოგბურთელად, - თქვა ბერტმა მას შემდეგ, რაც მატჩი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. - ასეთია ადამიანის შესაძლებლობები, შეუზღუდავი, მაშინ, როდესაც აკეთებ შენს საყვარელ საქმეს და თან მთელს შენს ენერგიას დებ ამ ყველაფერში მაღალი შედეგების მისაღწევად, - განაგრძობდა იგი საუბარს. ეტყობოდა, რომ ბოლომდე ნეიტრალურიც არ ყოფილა თამაშის ყურების დროს და ჯოკოს გამარჯვებით მიღებულ კმაყოფილებას მაინც ვერ მალავდა. - ამიტომაც ყოველთვის ის საქმე უნდა აკეთო, რომლისაც მთელი არსით ჯგერა, რომ შენი საკეთებელია და არასოდეს დაუშვა, რომ მასზე ვინმემ უარი გათქმევინოს, ან შეგაფერხოს, - ამჯერად ბერტი ალექსს მოუბრუნდა და მას მოძღვრავდა. - რა თქმა უნდა, სწავლაც მომწონს, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო საქმე კალათბურთის თამაშია. სწორედ ამიტომაც ვცდილობ, რომ ძირითადად ამ სპორტით დავკავდე. თუმცა დედას ჩემი დროის მსგავსი სახით განაწილება, დიდად არ სიამოვნებს, -წარმოთქვა ალექსმა და სამზარეულოში მოფუსფუსე დედას ღიმილიანი სახით გახედა. - მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ შენ კალათბურთი ითამაშო, მაგრამ განათლების მიღება ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელია. მე თუ მკითხავ, განათლება მითუმეტეს სჭირდებათ ცნობილ სპორტსმენებს, - თქვა დედამ. - აი, ჯოკოს შედეგები ხომ მოგწონს? ხომ გსიამოვნებს იმის ნახვა, რასაც ის კორტზე აკეთებს? - ჰკითხა დედამ ალექსს. - მსოფლიოში იარსებებს თუნდაც ერთი ადამიანი, ვისაც ამის ნახვა არ მოეწონება? - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა ალექსმა. - ჰოდა, ის სერბია, მაგრამ ნახე, ინგლისურად როგორ კარგად საუბრობს. სიტყვით გამოსვლისას მისი საუბრის მოსმენა არანაკლებ სასიამოვნოა, ვიდრე მისი გათამაშებების ყურება. და ეს საიდან მოდის, როგორ ფიქრობ? განათლებიდან და წიგნების კითხვიდან, - დედას ძალიან მოეწონა საკუთარი მსჯელობა და შვილის რჩევა-დარიგება განაგრძო. - თუ გიფიქრია ოდესმე, რა ცუდი სანახავი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც აჯილდოებენ, სიტყვით გამოდის და მისი საუბარი აბდა-უბდაა? დამიჯერე, რომ ამით იგი ნებისმიერი დონის სპორტულ შედეგს ფასს დაუკარგავს, -დასძინა დედამ და ამით ოჯახის წევრებს შორის საუბარი დასასრულისკენ წაიყვანა. - სასიამოვნო ტრანსლაციის მერე, მამის თქმისა არ იყოს, ახლა ნამდვილად ნაყოფიერად ვიმუშავებ ხვალინდელი შუალედურებისთვის, - გაიფიქრა ალექსმა და საკუთარი ოთახისკენ წასვლა დააპირა, რა დროსაც მშობლების ოთახიდან გამოსული ახალგაღვიძებული თომასი დაინახა, რომელიც მთავარი ოთახისკენ ფეხშიშველი მობაჯბაჯებდა. ხორბლისფერკანიანმა ბავშვმა კუპრივით შავი თვალები მშობლებსა და ძმას შეავლო, მათი ნახვით კმყოფილმა ყველას გაუღიმა და ალექსისკენ გამოიქცა. მისი ლოყებჩაკეცილი ღიმილის ნახვა ნებისმიერ უხასიათო ადამიანს გაამხიარულებდა. ალექსმა უმცროსი ძმა ხელში აიყვანა, მოეალერსა და ოთახში თომასისთვის მოწყობილი სათამაშო კუთხისკენ წაიყვანა. - აჰა, შენი მანქანები და რობოტები, - უთხრა მან თომასს ალერსიანი ხმით და გარშემო მიმოფანტული სათამაშოები ახლოს მოუგროვა. კარგად გამოძინებული თომასი სიცილსა და ოჯახის წევრებისათვის თვალყურის მიდევნებას განაგრძობდა. როგორც კი გარშემო შეკრებილი მისთვის საყვარელი სათამაშოები დაინახა, რამდენიმე მათგანს ხელი დაავლო და თამაში დაიწყო. თომასის გასართობ ნივთებს შორის მრავლად იყო სახატავი რვეულები, ფანქრები და ფლომასტერები, რომელთა გამოყენებითაც ცდილობდა რაღაცეების ხატვას, მაგრამ ბუნებრივია, რომ ჯერჯერობით აზრიანი არაფერი გამოსდიოდა. - წავედი, წავედი, -თქვა ალექსმა და ოთახისკენ გაეშურა. შესაძლოა ითქვას, რომ ალექსი შეხედულებით მამას უფრო ჰგავდა, ვიდრე დედას, ხოლო თომასი - პირიქით. ერთხელაც, ალექსის ოჯახი სრული შემადგენლობით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მათ ქუჩაში სიტყვაძუნწობით ცნობილი ის მარტოხელა პენსიონერი ცოლ-ქმარი შემოხვდათ, რომლებიც მეზობლად ცხოვრობდნენ. შვილების ნახვის შემდეგ, მეზობელი ქალი შემოუბრუნდა მშობლებს და უთხრა: - საოცარია პირდაპირ, ასე მგონია, რომ მშობლებმა შვილები გარეგნობის მიხედვით გაიყავით, - ეს იყო ყველაზე ლოგიკური ფრაზა, რომელიც ვინმეს გაეგო მისი მხრიდან. ორშაბათ დილით ალექსი კოლეჯში წასასვლელად ემზადებოდა. მოწესრიგდა, ისაუზმა და მისი ოთახის ქვეშ მდებარე პატარა გარაჟიდან ველოსიპედი გამოიყვანა. სასწავლებელში იგი ძირათადად წითელი ფერის ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რომელიც ბერტმა მე-14 დაბადების დღეზე საჩუქრად მოუყვანა. - ალექს, შენ იცი. ნაყოფიერ დღეს გისურვებ, - გასძახა სახლის კარებში მდგომმა სარამ შვილს, რომელიც უკვე ეზოდან გადიოდა. - მადლობა, დედა, შენც წარმატებულ დღეს გისურვებ, - უპასუხა ალექსმა. წინა მხარეს განთავსებულ საბარგულში ჩანთა ჩადო და ველოსიპედს შემოახტა. პატარა და მყუდრო ქალაქი ბერკინჰამი საკმაოდ მშვიდი საცხოვრებელი იყო. იქ მცხოვრებ ადამიანებს გადაადგილება ძირითადად განიერ ქუჩებზე უწევდათ. ქალაქში ხუთსართულიანზე უფრო მაღალი შენობა არ იდგა და აქედან გამომდინარე, მისი არც ერთი უბანი არ იყო ავტომობილების რაოდენობით გადატვირთული და არც განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეინიშნებოდა სადმე. დარგული ხეების რაოდენობით ბერკინჰამი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და სუფთა ქალაქი იყო მსოფლიოში. ავტომანქანების ორზოლიანი სავალი ნაწილი, ორივე მხარეს მდებარე განიერი ტროტუარები და ტროტუარებზე მონიშნული ველობილიკები; მწკრივში დარგული თანაბარი ზომის ჭადრის ხეებით, რომელთა ნახევარი ნაწილი ავტომანქანების სავალ გზას გადაჰყურებდა და მეორე ნახევარი ტროტუარებს; კოხტად მოხაზული თეთრი ფერის საგზაო მანიშნებლებით და გზის გასწვრივ, ლამპიონებზე სიმეტრიულად ჩამოკიდებული საგზაო ნიშნებით; ძირითადად წითელი და სტაფილოსფერი შენობებით. აი, ასეთი კოპწია და დაწკრიალებული იყო ქალაქი ბერკინჰამი და მისი ქუჩები, მათ შორის კერგონის ქუჩაც. კარგ განწყობაზე მყოფი ალექსი სწრაფად მიაქანებდა ველოსიპედს. გზაჯვარედინზე გადასვლისას მას სიჩქარის შემცირება მოუწია, რა დროსაც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს უცნაურად მდგომ ადამიანს მოჰკრა თვალი. თეთრ პერანგსა და შავ სმოკინგში ჩაცმული, რომელზეც შავი ფრაკი გადაეცვა, შავი ბაბთით, ჭაღარაწვერებიანი, ჭაღარა გაბურძგნული თმებით, ძალიან გამხდარი და ფერმკრთალი მოხუცი მის წინ მდგარ ქუჩის საათს გაქვავებული სახით, გაუნძრევლად შეჰყურებდა. თითქოს რაღაც მნიშვნელოვან მოვლენას ელოდებოდა. თან მარჯვენა ხელით ყავარჯენს ეყრდნობოდა. ქუჩის მრგვალი საათის ციფერბლატი კონკრეტული დღის რიცხვს, თვეს და წელსაც უჩვენებდა. ალექსმა ახლოს ჩაუარა და როდესაც რამდენიმე ათეული მეტრის შემდეგ უკან მოიხედა, მოხუცი ისევ იგივე პოზაში იდგა. - ნეტავ, დრო ასე აინტერესებს? - გაიფიქრა ალექსმა და სიჩქარეს კვლავ მოუმატა. მესამე გზაჯვარედინზე მარცხნივ გადაუხვია და სკაივორგის ქუჩას გაუყვა, რომელზეც კოლეჯი მდებარეობდა. როგორც ყველა კოლეჯს, ამასაც საკმაოდ დიდი ეზო გააჩნდა. სამსართულიანი, წითელი აგურის შენობა გარშემორტყმული იყო გამწვანებული ეზოთი, ლამაზი ხეებით და ყვავილებით, რომელთა შორისაც გამავალი არაერთი ბილიკი ადამიანს სხვადასხვა მიმართულებით წაიყვანდა. ერთი მათგანი კოლეჯის ძირითადი შენობისკენ მიდიოდა, დანარჩენი კი ზოგი ეზოში მოწყობილი კოხტა შადრევნისკენ, ზოგი სასწავლებლის დამხმარე შენობებისკენ და ზოგიც ეზოს კუთხეებისკენ, სადაც მოსწავლეთათვის განსხვავებული შინაარსის დასასვენებელი სივრცეები იყო მოწყობილი. ალექსმა თავისი ველოსიპედი ველოსადგომზე გააჩერა და კოლეჯში შესასვლელი გრძელი და მრავალსაფეხურიანი კიბეებისკენ სვლა განაგრძო. უზარმაზარი ორი ხის კარებიდან ერთ-ერთი შეაღო და პირველი სართულის კორიდორში შევიდა. მოსწავლეები ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილიყვნენ და ყველანი თავის საკლასო ოთახებში შესასვლელად ემზადებოდა. ალექსი ნაცნობებს მიესალმა, ბავშვებს შორის გაიარა და შიდა კიბეებით მეორე სართულზე ავიდა. აქაც ბევრი ნაცნობი სახე შემოხვდა, მაგრამ იგი საკუთარი კლასელებისკენ გაეშურა, რომელთა ნაწილიც თანდათანობით 204-ე საკლასო ოთახის შესასვლელთან იკრიბებოდა. ალექსს ყველა თავისი კლასელი თანაბრად უყვარდა, მაგრამ როგორც ყველგან ხდება, განსაკუთრებული ურთიერთობა რამდენიმე მათგანთან გააჩნდა. - ჯოუ, ჯეიმს, ელსი, როგორ ხართ? - მიესალმა ალექსი. - სალამი, ალექს, როგორ ხარ? - შემოეხვივნენ კლასელები. - როგორც ყოველთვის, შენ მზად იქნები შუალედურებისთვის, - გაუღიმა ელსიმ ალექსს. - წუხელ ჩატში იწერებოდა, რომ ყველამ მოვასწარით მომზადება და არა მგონია, ვინმეზე უკეთ ვიყო მომზადებული. იმედი მაქვს, ყველანი გავართმევთ თავს, - ღიმილითვე უპასუხა ალექსმა. - გვიან რომ შევიჭყიტე, პიტერი ჯერ კიდევ ციმციმებდა მესენჯერში, - თქვა ჯეიმსმა. - არა მგონია, ინტერნეტში ყოფნის გამო ათენებდეს ღამეს, - სიტყვა შეაწია მეგობრებში შემოსწრებულმა ლილიანმა. - ყველამ ხომ ვიცით, რომ ერთადერთი, რის გამოც პიტერი შეიძლება გვიანობამდე შემორჩეს, ეს მისი გატაცებაა, - თქვა ჯოუმ და ყველამ დაუდასტურა, რადგანაც პიტერის გატაცების შესახებ ყველა მისმა მეგობარმა კარგად იცოდა. - დანარჩენები სად არიან? - იკითხა ალექსმა. - როგორც ყოველთვის, ნოა და ოლივია ერთად მოვიდნენ, - მიუგო ჯეიმსმა და მეგობრებს კორიდორში შემოსასვლელისკენ ანიშნა, საიდანაც წყვილი მათკენ მოდიოდა. თან ყველას ცნობისმოყვარედ ჩაეცინა. - ადი, როგორც ყოველთვის, ალბათ ყველაზე ადრე მოვიდა და კლასში საკითხებს იმეორებს, - თქვა ალექსმა. - რა თქმა უნდა, ის ხომ ჩვენს შორის ყველაზე ბეჯითია, - აღნიშნეს მეგობრებმა და საკლასო ოთახში შევიდნენ. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა და შუალედურების დასაწერად მოემზადნენ. მასწავლებელმა მერხებს გადახედა, ორივე ხელით სათვალე გაისწორა და თქვა: - როგორც ყოველთვის, პიტერი აგვიანებს. მაოცებს ეს ბიჭი, როგორი ზანტი და ნელია, - განაგრძობდა იგი. - ჩვენთან შედარებით, ის საკმაოდ შორს ცხოვრობს, ქალბატონო მადლენ, - შეეცადა ადი პიტერის გამართლებას. - მე პიტერზე უფრო შორს ვცხოვრობ, მაგრამ ვახერხებ დროულად მოსვლას! -მკაცრად წარმოთქვა მასწავლებელმა. - თუმცა პიტერი კარგი ბიჭია, დაველოდოთ, - ცოტა ტონი შეარბილა და მოსწავლეებს შუალედურების საკითხები შეახსენა. რამდენიმე წუთში საკლასო ოთახის ვიწრო და მაღალი კარები პიტერმა შემოაღო და სათვალეებიანი თავი შემოყო. - ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, ქალბატონო მადლენ, - უთხრა მან მასწავლებელს. - მობოდიშება მიღებულია, შემოდი, მაგრამ შეეცადე დრო აკონტროლო, პიტერ, - მიუგო მასწავლებელმა და თვალებით მოსწავლეს თავისი სკამისკენ მიუთითა. პიტერი გატაცებული იყო პორტრეტების ხატვით. დაიდებდა წინ სხვადასხვა ადამიანთა ფოტოებს და ცდილობდა გამოსახულების გადმოტანას ქალაღლდზე, რომელიც ნორმალურად გამოსდიოდა. როდესაც პორტრეტების ხატვას დაიწყებდა, დროის გასვლას ვეღარ გრძნობდა, რის გამოც გვიან წვებოდა და სწორედ ეს იყო მისი კოლეჯში დაგვიანების მთავარი მიზეზი. შიგადაშიგ, განმარტოების სურვილი პიტერის გულჩათხრობილ ხასიათს განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს. თუმცა ზომიერად მხიარულიც იყო და მეგობრებთან კარგ ურთიერთობასაც მშვენივრად ახერხებდა. მათემატიკის შუალედური გამოცდები საკმაოდ მომქანცველი აღმოჩნდა, რომელსაც მოსწავლეებმა დიდი ხანი მოანდომეს. დასასრულს, ყველა მათგანმა ნაწერი პედაგოგს ჩააბარა და თანდათანობით საკლასო ოთახიდან გასვლა დაიწყეს. აპრილის თბილი დღე იდგა და ყველანი კოლეჯის დიდ და ლამაზ ეზოში გამოვიდნენ. ალექსმა და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ჩამოსაჯდომი სკამებისკენ გადაენაცვლათ, რომელიც ფერადი შადრევნის გარშემო იყო განლაგებული. ამ ადგილას ყოფნა ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი განტვირთვა, ასეთი დაძაბული სასწავლო დღის ბოლოს და შადრევნებიდან წამოსული გრილი ჰაერი ალექსსა და მის მეგობრებს სასიამოვნოდ მოელამუნა. - როგორი კმაყოფილები ხართ საკუთარი თავით? - იკითხა ალექსმა. - ყველაფერს კვირის ბოლოს გავიგებთ, როდესაც ქულები გამოქვეყნდება, -თავმომწონედ უპასუხა ადიმ. - არასოდეს მომწონდა გეომეტრია. დამღალა ძველი ბერძნების თეორემებმა და მათი დამტკიცების წესებმა, - უკმაყოფილოდ თქვა ჯოუმ, რომელიც საკმაოდ ნიჭიერი იყო, მაგრამ - ზარმაცი. - შენი ამბავი ვიცით, რომ თეორემებს აქსიომები გირჩევნია, - დასცინა მას ლილიანმა, რომელიც ჯოუს ხასიათს ყველაზე კარგად იცნობდა. - გამოტყდით, რომ ყველას აქსიომები გირჩევნიათ და მხოლოდ მე ნუ მახსენებთ. ნაკლები შრომა და ფიქრი სჭირდება, - იჩემებდა ჯოუ. - ადი მართლია. შედეგებს ყველანი კვირის ბოლოს გავიგებთ და არ ღირს ამაზე საუბარი. ისედაც ყველანი ძალიან დავიღალეთ. სანამ სახლებში წავალთ, სჯობს ცოტა ხანი რამით გავერთოთ, - თქვა ალექსმა. - კალათბურთის დარბაზში ხომ არ გადავიდეთ? - დასძინა მან. - მეზარება, სჯობს ხვალისთვის გადავდოთ. ბურგერ ქინგში ხომ არ გადავიდეთ? მშია კიდეც და თან მუსიკასაც მოვუსმენთ, - შესთავაზა მეგობრებს ნოამ, რომელიც მუდმივად ჭამაზე წუწუნებდა. - კარგი აზრია. ჭამაზე მეც არ ვიტყოდი უარს, - ჩაურთო ჯეიმსმა. ყველანი დაეთანხმნენ და გადაწყვიტეს ბურგერების საჭმელად კოლეჯის გვერდით მდებარე პატარა კაფეში გადასულიყვნენ. - ველოსიპედს წამოვიყვან და დაგეწევით, - თქვა ალექსმა და ველოსადგომისკენ გაეშურა. ჭამეს, ხილის ტკბილი წვენები დალიეს, კაფეშიც ბევრი ისაუბრეს და ყველანი საკუთარი სახლებისკენ წავიდნენ. იმ პირობით დაემშვიდობნენ ერთმანეთს, რომ როგორც ყოველთვის, საღამოს ჩატში შეიკრიბებოდნენ. - ბიჭებო, ხვალ არ გამაგონოთ, რომ რომელიმეს კალათბურთის თამაში გეზარებათ. უნდა ვივარჯიშოთ, რომ თვის ბოლოს კოლეჯებს შორის გასამართი შეჯიბრებისთვის კარგად მოვემზადოთ, - მიმართა ალექსმა ყველას და მეგობრებს ხელი დაუქნია. - მოვილაპარაკეთ. ხვალიდან ვიწყებთ აქტიურ მომზადებას კალათბურთში! -უპასუხეს დანარჩენებმა. ალექსი სახლში დაღლილი, მაგრამ შვენიერ ხასიათზე მივიდა. ბერტს თავისი ჩვეული ადგილი დაეკავებინა ტახტზე და ლეპტოპში მუშაობდა, სარა კი საბავშვო სკამზე მჯდარ თომასს საჭმელს აჭმევდა. - მოვედი, - თქვა ალექსმა, როგორც კი სახლის კარები შემოაღო. - რამდენად ნორმალური საკითხები შეგხვდა? - იკითხა დედამ. - იყო რთულებიც და შედარებით მარტივებიც. მე მგონი კარგად დავწერე. თუმცა ყველაფერი კვირის ბოლოს ქულების გამოცხადების შემდგომ გახდება ცნობილი, -თქვა ალექსმა და დედას პახუსად ადის ვერსია შესთავაზა. ეტყობოდა, რომ თავისი მეგობრის მოსწრებული პასუხი ძალიან მოეწონა და შესაბამისად, გაიმეორა კიდეც. - ჩემი ბავშვობის დროს სწავლის განსხვავებული სისტემა იყო, მაგრამ პრინციპი ერთიდაიგივეა. ნებისმიერი გამოცდების თუ შუალედურების ჩატარებისას საკითხები სამ ჯგუფად იყოფა: რთულებად, საშუალო სირთულის და მარტივ ამოცანებად, - თქვა ბერტმა. ალექსი ცოტა ხანი თომასს გაეთამაშა და მალევე საკუთარ ოთახს მიაშურა. კოლეჯის შემდეგ, სანამ დავალებების მოზადებას შეუდგებოდა, ჩვეულებრივ, ალექსი ისვენებდა. ძირითადად საკალათბურთო მოედანზე მიდიოდა, მაგრამ დღეს ასე აღარ მოხდა, რადგანაც მისმა თანაგუნდელებმა დღეს თამაშზე უარი განაცხადეს. გადაწყვიტა, ჯერ მუსიკისთვის მოესმინა, შემდეგ ცოტა ხანი მეგობრებთან ემესიჯა და ამიტომაც კომპიუტერი ჩართო და მაგიდას მიუჯდა. ამჯერად მან Coldplay-ს ალბომი ჩართო, რომელიც A Sky Full Of Stars-ით იწყებოდა. სწრაფადვე იგრძნო ენერგიის მოზღვავება და დაღლამ მომენტალურად გაუარა. - აქ ხართ? - ჩაწერა ჩატში. პასუხი არავინ გასცა. - ეტყობა გვიან შემოვლენ. ცოტა ხანი მუსიკებს მოვუსმენ, შემდეგ რამე ფილმს მოვძევნი და ვნახავ, - გაიფიქრა და Google-ის გამოყენებით ფილმი - „ვარსკვლავური ომები“ შეარჩია. ძალიან კმაყოფილი დარჩა ფილმის ნახვით. - თურმე რამდენი დამიკარგავს, რომ ეს ფილმი ნანახი არ მქონდა, - ფიქრობდა იგი. მეგობრებთან ბევრი ისაუბრა და გაკვეთილებიც დროულად მოამზადა. ამასობაში 23:00 საათიც გახდა. მისი ძილის დრო იყო. დაწვა და 15 წლის მოზარდისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო ფიქრებისა და ოცნებების კორიანტელში ტკბილად ჩაეძინა. მეორე დღესაც ალექს კომნენი კოლეჯისაკენ ჩვეულ რიტმში მიაქანებდა ველოსიპედს. იგი უკვე საკალათბურთო შეჯიბრებაზე ფიქრობდა და ერთი სული ჰქონდა, როდის შეკრებდა გუნდს დარბაზში. - ვფიქრობ, „ხარებთან“ ძალიან რთული ბრძოლა გვექნება. მთავარია, დაცვაში კარგად ვითამაშოთ და პერიმეტრიდან სროლები გამოვიყენოთ. ორქულიან შეტევებში უპირატესობა უსათუოდ გვექნება, - გზად მიმავალი საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, რა დროსაც გზაჯვარედინს მიადგა და იქ ნანახისგან ძალიან შეცბა. იგივე მოხუცი, იგივენაირად ჩაცმული, ზუსტად იგივე ადგილას იდგა და ქუჩის საათს ისეთივე გაქვავებული უყურებდა, როგორც ეს გუშინ შეამჩნია. ალექსი დღეს უფრო დააკვირდა ამ უცნაური ადამიანის მდგომარეობას, ვიდრე გუშინ და შეეცადა, მისი სახის გამომეტყველებით შეეფასებინა მოხუცის მდგომარეობა. ისევ ახლოს ჩაუარა, თუმცა ამ შემთხვევაში მოძრაობა არ გაუგრძელებია და იქვე, შორიახლოს გაჩერდა. გვერდიდანაც დაათვალიერა, ქუჩის საათსაც შეხედა, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი ნახა. ქუჩის საათი ჩვეულებრივ 09 საათსა და 45 წუთს უჩვენებდა, ხოლო ციფერბლატზე 2024 წლის 13 აპრილი იყო გამოსახული, რაც დღევანდელი დღის თარიღს მიუთითებდა. - ეს მოხუცი უსათუოდ გიჟია და არ იცის, აქ რისთვის დგას. ეტყობა, საათის ყურება მისი აკვიატებაა, - დაასკვნა ალექსმა და ხელმეორედ ნანახი გაუგებრობისგან გაკვირვებულმა გზა განაგრძო. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, თანაგუნდელებთან ერთად კოლეჯის საკალათბურთო დარბაზში გადაინაცვლეს, რომელიც ძირითადი შენობის უკანა მხარეს მდებარეობდა. კოლეჯის საკალათბურთო გუნდ „არწივებში“ ალექსი, პიტერი, ჯოუ, ჯეიმსი და ნოა ერთად თამაშობდნენ. ეს ხუთი ადამიანი იყო გუნდის ძირითადი შემადგენლობა, ხოლო მათ სათადარიგო სკამს სხვა კლასის მოსწავლეებიც ემატებოდნენ. გამთამაშებლის პოზიცია ალექსს ეკავა, ხოლო ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე თამაში სიმაღლისა და წონის გათვალისწინებით ნოას ხვდა წილად. ეს ორი ადამიანი იყო გადამწყვეტი ფაქტორი „არწივებში“, რომლებსაც სხვები შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებოდნენ. - დღეს მწვრთნელი არ გვეყოლება და ვარჯიშების თანმიმდევრობას მე ვუხელმძღვანელებ, - თქვა ალექსმა კოლეჯის სპორტის მასწავლებელზე და როგორც გუნდის კაპიტანმა ვარჯიშის მიმდინარეობა თავად დააორგანიზა. - ჯერ გავხურდეთ. წრეზე ვირბინოთ და შემდეგ ხელ-ფეხი ვამუშაოთ, -ურჩია თანაგუნდელებს ალექსმა და ყველამ მოედნის პირითი ხაზის გარშემო ძუნძული დაიწყო. შემდეგ ნაბიჯებს აუჩქარეს და ბოლოში სირბილი ორწრიანი კროსით დაასრულეს. ხელ-ფეხის გამახურებელი ვარჯიშების შემდეგ ფარქვეშ ბურთით შესვლები ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს, შემდეგ კი სამქულიანების და საჯარიმო ტყორცნების მრავალგზისი მცდელობით გააგრძელეს. მას შემდეგ, რაც ვარჯიშის შემადგენელ სტანდარტულ ელემენტებზე მუშაობა დაასრულეს, ყველამ საკუთარი შეხედულებისამებრ ფარის მიმართულებით სროლები მოედნის სხვადასხვა წერტილებიდან განახორციელეს. ასე გრძელდებოდა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. ბოლოს, 2-2 ზე განაწილდნენ და ცალ ფარზე ერთმანეთის წინააღმდეგ 21 ქულამდე თამაში დაიწყეს. მეხუთედ მყოფი ჯოუ, ხან ერთი გუნდის შემადგენლობაში შემოდიოდა შეცვლაზე, ხან - მეორის. ალექსი და ნოა, როგორც სხვებზე გაცილებით გამოცდილი კალათბურთელები, წყვილში მუდმივად ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ, რათა ძალები შედარებით თანაბრად გადანაწილებულიყო და ორივე მხარეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოევლინა. თამაში ალექსის და პიტერის გამარჯვებით, 21:17 დასრულდა. ასე გრძელდებოდა ვარჯიშები ყოველდღიურად. ხან სპორტის მასწავლებელთან ერთად და ხან მის გარეშე მანამ, სანამ საკალათბურთო შეჯიბრების დრო არ დადგა.
* * * როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფური თამაშები და ტურნირის სხვა ეტაპები ”არწივებმა“ შედარებით ადვილად გაიარეს. ადვილად გაიარა ასევე ყველა ეტაპი საკალათბურთო გუნდმა - „ხარებმა“. შესაბამისად, გაირკვა კოლეჯებს შორის გამართული საკალათბურთო შეჯიბრების ფინალისტები, რომელიც „არწივებსა“ და „ხარებს“ შორის გაიმართებოდა. ბუნებრივია, რომ დაძაბულობა იმატებდა და ალექსის გუნდი ცდილობდა კარგად დაესვენა და მასქიმალურად კონცენტრირებული ყოფილიყო ბრძოლისათვის ტურნირის დასკვნითი ეტაპის წინ. ფინალის წინა დღეს სპორტის მასწავლებელთან - ილიასსთან ერთად შეიკრიბნენ და მოწინააღმდეგე გუნდის სათამაშო ტაქტიკა გააანალიზეს. - ფინალი მეტოქის მოედანზეა, რაც „ხარებისთვის“ დიდი უპირატესობაა. ისინი შეჩვეულები არიან იქაურობას, ჩვენ კი მსგავსი ფუფუნება არ გვაქვს. ამიტომაც სამქულიანების სროლა არ იქნება ჩვენი ძლიერი მხარე. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ თამაშის ჩვენთვის ხელსაყრელი ნაწილი, ანუ ორქულიანებზე თამაში და ფარქვეშ შესვლა, რომელზეც ძირითადი დატვირთვა ალექსზე და ნოაზე იქნება, - თქვა ილიასმა. - თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელსაყრელი პოზიციიდან სამქულიანები არ უნდა ვისროლოთ. - ჯოუ, ჯეიმს, პიტერ! თქვენი ფუნქციაა დაცვაში ყურადღებით თამაში და უნდა ეცადოთ, რომ გადაცემებით მაქსიმალურად მოამარაგოთ ალექსი და ნოა, -განაგრძობდა იგი. - ალექსს სისწრაფეში უპირატესობა ექნება და ეს ჩვენი მთავარი კოზირი უნდა გახდეს ხვალინდელ თამაშზე, - აქტიურობდა სპორტის მასწავლებელი და თამაშის წინ გუნდს მოტივაციას უმაღლებდა. - წინა თამაშში ძალიან ბევრი ჯარიმა ავიღეთ. უნდა გამოვასწოროთ და ფრთხილები ვიყოთ დაცვაში, - განაგრძო საუბარი ალექსმა. - ნოა, დაცვაში დროულად დაბრუნებას უნდა მიაქციო ყურადღება. „ხარების“ ცენტრიც საკმაოდ მაღალია და შენს გარეშე მის შეჩერებას ვეღარ შევძლებთ, - დასძინა ალექსმა. - ჯეიმს, ამ ტურნირზე ძალიან ბევრი გარბენი დაგიგროვდა. თუ ბურთის კონტროლი გაგიჭირდება, ეცადე, დროული გადაცემა გააკეთო, - უხსნიდა ალექსი ჯემსს, რომელიც გუნდში შეცდომების დაშვების მხრივ რეკორდსმენი გახლდათ. თუმცა თავდაუზოგავად ბრძოლა შეეძლო. - ამ ბოლო დროს სროლები ცუდად გამომდის და სჯობს, სრულად დაცვაში თამაშით დავკავდე, - თქვა პიტერმა. - გამოგივა, პიტერ, ყველაფერი გამოგვივა. უნდა გავიმარჯვოთ! - ბრძოლის ჟინით გაჟღენთილმა ალექსმა პიტერი შეაგულიანა. - ჯოუ, შენ რას იტყვი? - იკითხა ილიასმა. - რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რაც თქვენ ილაპარაკეთ. თავს არ დავზოგავ და ბოლომდე ვიბრძოლებ! - უპასუხა ჯოუმ და ამ ნათქვამზე ყველას ერთი სურვილი გაუჩნდა. წრე შეკრეს, აწეული მუშტები ერთმანეთს მიადეს და ერთხმად დაიქუხეს: - „არწივები“! ყველა მათგანი ხვალინდელი ბრძოლისათვის მზად იყო. - ახლა კი სახლებში წავიდეთ და კარგად დავისვენოთ, - თქვა ილიასმა და თავის გამორჩეულ მოსწავლეებს წარმატებები უსურვა. - ჰო მართლა, გულშემატკივრებს ელოდებით? - იკითხა სპორტის მასწავლებელმა, როდესაც ისინი კოლეჯის ეზოდან გადიოდნენ. - ძალიან ბევრს. მოსწავლეებსაც და როგორც ვიცი, მშობლებიც აპირებენ წამოსვლას. მამაჩემი უსათუოდ გამომყვება, - თქვა ალექსმა ბერტზე და მრავალრიცხოვანი პუბლიკის მოლოდინით გახარებულმა ილიასს თვალი ჩაუკრა. - მოვედი, - გასძახა ალექსმა მშობლებს, როგორც კი სახლში შემოვიდა. - აბა, როგორი განწყობა გაქვს ხვალინდელი ბრძოლის წინ? - იკითხა ბერტმა. - რა თქმა უნდა, საბრძოლო, მამა, და სხვებიც ჩემსავით არიან. ხვალ „არწივების“ და „ხარების“ დიდ შერკინებას ნახავ! - გაუღიმა მამას. -ალექს, არ გეწყინოს, რომ შენს თამაშზე ვერ მოვდივარ. ხომ იცი, რომ თომასს მოვლა სჭირდება, ხოლო დარბაზში წასაყვანად ჯერ ძალიან პატარაა, - ეს ნათქვამი იმდენად თბილად გამოუვიდა სარას, რომ ალექსს არ შეეძლო, დედას არ ჩახუტებოდა. - როგორ უნდა მეწყინოს. მე ხომ ვიცი, რომ შენ სახლიდანაც გულმხურვალედ მიგულშემატკივრებ, - უპასუხა ალექსმა და სარა გულში ჩაიკრა. - დღეს სხვაზე არაფერზე ვიფიქრებ, გარდა კალათბურთისა და ვეცდები, კარგად გამოვიძინო, - თქვა ალექსმა. - ეს აუცილებელია, - დაუდასტურა ბერტმა. ლოგინში ჩაწვა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა დაძინება. - ნეტავ რა ანგარიში იქნება პირველ ტაიმში? ნეტავ რა ანგარიში იქნება მეოთხე მეოთხედის წინ? რამდენ ქულას მოვაგროვებ? გავიმარჯვებთ თუ არა? - კითხვების მთელი წყება უტრიალებდა თავში, რაც დასვენებაში ხელს უშლიდა. - ყველანი ყველაფერს დავდებთ მოედანზე და შედეგსაც აუცილებლად მივიღებთ! - დაარწმუნა საკუთარი თავი და კარგა ხნის ჭირვეულობის მიუხედავად, ღრმად ჩაეძინა. ბერტმა ალექსი ფინალზე სათამაშოდ საკუთარი ავტომობილით წაიყვანა. ბუნებრივია, რომ მოწინააღმდეგეთა საკალათბურთო დარბაზში უმეტესად „ხარების“ გულშემატკივრები იკრიბებოდნენ. დარბაზი გზის გასწვრივ მდებარეობდა და იქ მოხვედრა მარტივად იყო შესაძლებელი. ალექსი და ბერტი დარბაზში შევიდნენ და „არწივების“ გუნდის მხარეს გადაინაცვლეს. ალექსი ნაწილობრივ შეგროვილ გუნდს შეუერთდა, რომელსაც ილიასი ესაუბრებოდა, ხოლო ბერტმა ათეულობით სხვა ადამიანთან ერთად ქომაგთათვის განკუთვნილ ტრიბუნაზე დაიკავა ადგილი. ზუსტად იმ სკამების უკან, სადაც საკალათბურთო კლუბი „არწივები“ მოეწყო. - ნოა და პიტერიც მოვლენ და გავხურდებით, - თქვა სპორტის მასწავლებელმა. იქამდე კი, დაფაზე ალექსის საჩვენებლად რამდენიმე კომბინაცია დახაზა. მატჩის წინ საბრძოლო განწყობის დონე იმატებდა. თანდათანობით გულშემატკივრებისგან ტრიბუნები შეივსო. არასაკმარისი ადგილების გამო მაყურებლები კიბეებზეც კი ჩამოსხდნენ. - „ხარების“ გულშემატკივრები გაცილებით მეტია, - გადაულაპარაკა ბერტმა ალექსის ერთ-ერთი მეგობრის მშობელს. - მთავარია ხარისხი. უნდა გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები და არ დავიზაროთ! - უპასუხა ბერტს გვერდით მჯდომმა „არწივების“ გულშემატკივარმა, რომელსაც ხმაურიანი ფონის შესაქმნელად საშუალო ზომის საყვირიც წამოეღო. ტრიბუნების ზედა ნაწილში, ორივე მხარეს, გუნდების ფანკლუბები განთავსდნენ, რომლებიც კოლეჯის მოსწავლეებისგან იკრიბებოდა მნიშვნელოვანი ორთაბრძოლის წინ და გადამწყვეტ როლს ასრულებდა თამაშის საბოლოო შედეგზე. წამყვანმა წითელ ფორმაში გამოწყობილი „ხარების“ შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც მოედანზე გამოვიდნენ. შემდეგ „არწივების“ გუნდზე გადავიდა, რომლებიც დღეს თეთრ ფორმაში გამოწყობილები ითამაშებდნენ. ორივე გუნდმა მაყურებელთა მქუხარე ტაში და აპლოდისმენტები დაიმსახურა, რამაც თითოეულ მოთამაშეში პასუხისმგებლობის გრძნობა გააასმაგა, რათა მათ ყველაფერი გაეკეთებინათ იმისათვის, რომ საკუთარი გულშემატკივარი გამარჯვებით გაეხარებინათ. დაიწყო თამაშისწინა გამახურებელი ვარჯიშები, რომელიც დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა და ამის შემდეგ გუნდებმა საკუთარ მწვრთნელებთან მოიყარეს თავი. ილიასი ბოლო მითითებებს გასცემდა თამაშის წინ: - ჯეიმს, ნოასთან ერთად ორმაგ დაცვაზე იზრუნე, ყურადღებით! - პიტერ, მეტი გადაცემა, ვიდრე წინა თამაშებში და უშეცდომოდ! მოწინააღმდეგის მხრიდან ნებისმიერი ჩაჭრილი ბურთი ართულებს ჩვენს მდგომარეობას. - ნოა, სანამ ბურთს კალათისკენ გადაგზავნი, შეეცადე მაქსიმალურად აიწიო სიმაღლეში. ამით სროლის გაფუჭების ალბათობას შევამცირებთ. - ჯოუ, რაც შეიძლება ნაკლები დაკარგვა! - ალექს, შენი იმედი მაქვს, - ვარჯიშების დროს მიცემული არაერთი შენიშვნის მიუხედავად, თამაშის წინ მუდმივად ასე მიმართავდა ილიასი ალექსს, იცოდა რა, რომ გამთამაშებლის როლში მყოფი ალექს კომნენი წარმოადგენდა „არწივების“ ხერხემალს. ილიასმა მთელი გუნდის საჩვენებლად ჯერ ერთი კომბინაცია დახაზა დაფაზე და წაშალა, შემდეგ მეორე და ასე მოიქცა რამდენჯერმე, სანამ მსაჯის სასტვენის ხმა არ გაისმა. პირველ ბურთზე ნოა და მისი ვიზავი, მოწინააღმდეგე გუნდის ცენტრი, ახტნენ. ბურთი „ხარების“ მხარეს დარჩა და ფინალიც დაიწყო. მოედნის უპირატესობის ეფექტი თავიდანვე გამოჩნდა თამაშში, რის გამოც პირველ ორ წუთში „ხარები“ 7:0 წინ გაიჭრა. ილიასმაც არ დააყოვნა და წუთშესვენება აიღო. - ჯოუ, პიტერ, გამოფხიზლდით! ბოლოს და ბოლოს გააკეთეთ გადაცემა ალექსზე, რომ გააზრებული შეტევა შევქმნათ. გეყოთ ამდენი შეცდომები. ესე ხომ დავმარცხდებით?! - დაუყვირა მწვრთნელმა მოთამაშეებს. მწვრთნელის რეაქციამ თითქოს გამოაფხიზლა გუნდი და როგორც იქნა „არწივებმა“ პირველი ქულების მოგროვება დაიწყეს. ჯერ იყო და ალექსის გადაცემით ნოამ მოათავსა ბურთი კალათში, ხოლო შემდეგ შეტევაში სწრაფი შესვლით უკვე ალექსმა გამოიჩინა თავი. თუმცა დაცვაში კვლავ ცუდად თამაშობდნენ და ილიასს მეორე წუთშესვენების აღებამ 12:4 ანგარიშზე მოუწია. - ჯეიმს, მუდმივად გავიწყდება, რომ ნოას ორმაგი დაცვის შესრულებაში უნდა დაეხმარო, რის გამოც ჩვენს კალათში ბურთი ადვილად ვარდება! - გაცხარებული მწვრთნელი ხმამაღლა საუბრობდა. აშკარა იყო, რომ დასაწყისში „არწივები“ ვერ განეწყვნენ თამაშისთვის, რის გამოც პირველი მეოთხედი 18:9 დასრულდა „ხარების“ სასარგებლოდ. იგივე ვითარება გაგრძელდა თამაშის მეორე მეოთხედშიც. მიუხედავად მწვრთნელის არაერთი ჩარევისა, არწივები ჯერჯერობით ვეღარ ახერხებდნენ ვითარების გამოსწორებას. დაცვაში ცუდად თამაშობდნენ და ამის პარალელურად განახორციელეს უამრავი უშედეგო შეტევა, რამაც პირველი ტაიმის „ხარებთა“ სოლიდური უპირატესობით, ანგარიშით 44:25, დასრულება გამოიწვია. „ხარების“ გულშემატკივრები ზეიმს არ წყვეტდნენ. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ტურნირის გამარჯვებული მათი ფავორიტი გუნდი გახდებოდა. „არწივების“ ქომაგი კი ასეთი ანგარიშით ძალიან დაითრგუნა. მათთვის საყვარელი გუნდი საკუთარი თამაშის სტილს ვერ პოულობდა და ყველასთვის მოულოდნელად თამაშს ასე უშანსოდ აგებდა. - მთავარია გუნდი დავამშვიდო და დავაჯერო, რომ ამ თამაშის მოგება შესაძლებელია, - ფიქრობდა ილიასი, რომელიც მოედნიდან შესვენებაზე გასულ გუნდს უკან მიყვებოდა. - ჩვენ იმისთვის არ გავხდით ფინალისტები, რომ ასე უბრძოლველად დავთმოთ ყველაფერი. ჩვენ შევძლებთ თამაშის შემოტრიალებას! - აგულიანებდა საკუთარ თავს ალექსი. ილიასმა კიდევ ერთხელ შეახსენა გუნდს ყველა ის სუსტი წერტილი და შეცდომა, რომლებიც „არწივებს“ გააჩნდა მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში. შეეცადა თითოეულ მოთამაშეში მუხტი აეწია და ბევრი საუბრისგან თავბრუდახვეულმა, გუნდის კაპიტანს - ალექს კომნენს სთხოვა, ისიც ჩარეულიყო ახსნის პროცესში. ალექსს კარგად ესმოდა, რომ წმინდად სპორტული თვალსაზრისით, ყველამ ყველაფერი იცოდა. ყველანი კარგად ხვდებოდნენ თავიანთ პრობლემებს. უბრალოდ, გამოსწორებას ვერ ახერხებდნენ და ეს გამოწვეული იყო მოუთოკავი ემოციების გამო. ამიტომაც თანაგუნდელებთან საუბარი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა: - ჩვენ ბევრი გვიბრძოლია და მიგვიღწევია შედეგებისთვის. ბევრჯერ გაგვიხარებია გულშემაკტივარი და ბევრჯერ უამაყიათ ჩვენს მშობლებსა და და-ძმას ჩვენი მნიშვნელოვანი გამარჯვებებით. „არწივებს“ უფლება არ გვაქვს ხელები ჩამოვუშვათ და ბრძოლის გარეშე დავთმოთ ტიტულები. ეს წარმოუდგენელია, შეუძლებელია და, ღმერთო ჩემო, უბრალოდ სირცხვილია! გარშემო მყოფი ადამიანების წინაშე „არწივების“ უსუსურობა დაუშვებელია! - მთელი ტაიმი გვაქვს წინ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ ყველა დანარჩენს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ქალაქ ბერკინჰამის საუკეთესო კალათბურთელები და ჩვენ ამას დავამტკიცებთ! - ბრძოლა გამარჯვებამდე! - შემოსძახა ალექსმა და ასეთი ემოციური მიმართვის შემდეგ ყველას თვალები გაუნათდა. ყველას საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდა და ისინი სულ სხვა მოტივაციით გამოვიდნენ მოედანზე. „არწივებმა“ გააფთრებული ბრძოლა გამოუცხადეს „ხარებს“. „ხარები“ გაოცებას ვერ მალავდნენ, ისეთი ტრანსფორმაცია განიცადეს „არწივებმა“ პირველ და მეორე ტაიმებს შორის. როგორც კი მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშე ბურთს მიიღებდა, მას წამში წრეს არტყამდნენ „არწივების“ კალათბურთელები და იქამდე განაგრძობდნენ ზეწოლას, სანამ ბურთს არ დააკარგინებდნენ, ან ხელიდან არ გამოსტაცებდნენ. მთელი მესამე პერიოდი „არწივების“ სრული დომინაციით წარიმართა, თუმცა გუნდები შესვენებაზე დიდი სხვაობით გავიდნენ და ამიტომაც გამარჯვებისთვის მხოლოდ ერთი პერიოდის კარგად თამაში არ იყო საკმარისი. ბოლო მეოთხედის დაწყების წინ, „არწივები“ მხოლოდ 8 ქულით, ანგარიშით 55:47, მარცხდებოდნენ. ყველაფერი თამაშის ბოლო 10 წუთში გადაწყდებოდა. - ინიციატივა ჩვენს ხელში გადმოვიდა და მოედანზე პირველ ნომრად ჩვენ ვთამაშობთ. „ხარებს“ ძალიან უჭირთ და თამაშში დაბრუნების საშუალება არ უნდა მივცეთ, - იგრძნო ილიასმა, რომ ამ თამაშის მოგება შესაძლებელი გახდა, რადგანაც „არწივები“ თამაშის ხარისხს ყოველწუთიერად მაღლა სწევდნენ და ამის ფონზე მოწინააღმდეგე გუნდში არეულობა უფროდაუფრო შესამჩნევი ხდებოდა. - ბოლო 10 წუთი გვრჩება იმისათვის, რომ ამ დარბაზიდან ძალიან ამაყები გავიდეთ! - არწივებო, წინ! ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ხმამაღლა წარმოთქვა ალექსმა! - არწივები! - დაიძახეს კალათბურთელებმა და ანთებული თვალებით მოედანზე გავიდნენ. ალექსმა საკუთარი ნახევრიდან ბურთი წამოიღო. ფლანგებზე ჯოუ და ჯეიმსი განლაგდნენ. მან ნოას ანიშნა, რომ ბლოკი დაეყენებინა, კომბინაცია იდეალურად გამოვიდა, რასაც სწრაფი შესვლა და კაპიტნის ზუსტი ორქულიანი სროლა მოყვა. სხვაობა 6 ქულამდე დავიდა. ამ ყველაფერმა კი ტრიბუნაზე გულშემატკივართა განწყობები რადიკალურად შეცვალა. ახლა უკვე „არწივების“ ქომაგები გააქტიურდნენ და სხვადასხვა საყვირების გამოყენებით, დარბაზში გამაყრუებელი ხმაური გამოიწვიეს. „ხარების“ გულშემაკტივართა რიგებში კი გაჩნდა დამარცხების შიში და ისეთი აქტიურები ვეღარ იყვნენ, როგორებიც პირველი ტაიმის განმავლობაში. ალექსი უკვე მარჯვენა ფლანგიდან უტევდა მოწინააღმდეგეს. მისგან ყველა ისევ სწრაფ შესვლას მოელოდა, თუმცა მოძრაობის დაწყებისთანავე მან ნოაზე გააკეთა გადაცემა, რომელიც ალექსისგან მოსალოდნელი შეტევის პირობებში მოწინააღმდეგის მხრიდან უმეთვალყურეოდ იყო დარჩენილი. ნოამ მაღალი ნახტომის გამოყენებით ბურთი ადვილად მოათავსა კალათში. სხვაობა სულ უფროდაუფრო მცირდებოდა. „ხარებმაც“ მოახერხეს წარმატებული შეტევების ორგანიზება და შესაბამისად მცირე, მაგრამ უპირატესობას მაინც ინარჩუნებდნენ. გამარჯვებისათვის საჭირო იყო „არწივების“ მხრიდან მეტი და მეტი შედეგიანი ტყორცნების განხორციელება. -სამქულიანი, მაგარია, ბრავო! - დაიძახებდნენ ხან „არწივების“ და ხან „ხარების“ გულშემატკივრები! -ააცილა, ეხლა ჩვენი შეტევის დროა! - წამოხტებოდა ტრიბუნაზე ხან წითელ ფორმაში ჩაცმული ქომაგთა ჯგუფი, ხან თეთრ ფორმაში ჩაცმული კოლეჯის მოსწავლეები. ასეთ დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა მთელმა სათამაშო დრომ და 70:70 ანგარიშზე, მაშინ, როდესაც დარჩენილი იყო 30 წამი, თავდაუზოგავი ბრძოლით გადაღლილმა ალექსმა ჯარიმა შეტევაში მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბურთი მოწინააღმდეგე გუნდს გადაეცემოდა. „არწივთათვის“ სამწუხაროდ, „ხარებმა“ კარგი კომბინაცია მოიფიქრეს. ჯოუ იძულებული გახდა ჯარიმა მიეღო და მხოლოდ ამით შეეჩერებინა მოწინააღმდეგეთა მხრიდან გარდაუვალი ორქულიანი ტყორცნა და 11 წამით ადრე, „ხარებმა“ ორი საჯარიმო სროლის უფლება მოიპოვეს. - ჩემი შეცდომის გამო ვაგებთ თამაშს. გადამწყვეტი შეტევის წინ, მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვყოფილიყავი ბურთის კონტროლზე. ეს რა ჩავიდინე?! -ფიქრობდა ალექსი და თან საჯარიმო ხაზზე მდგომ მოწინააღმდეგეს გაჰყურებდა, რომელმაც ორივე საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა. ანგარიში 72:70 გახდა „ხარების“ სასარგებლოდ. ილიასმა ბოლო წუთშესვენება აიღო. ალექსს თავი ჩაღუნული ჰქონდა და საკუთარ თავზე ძალიან ბრაზობდა ბოლოში დაშვებული შეცდომის გამო. - ალექს, ეს თამაშია. თამაშში კი ყველაფერი ხდება. ასე რომ, თავის დადანაშაულებას შეეშვი. ბოლო შეტევისათვის დრო რჩება, - თქვა მწვრთნელმა. - ალექს, შენ ხომ ყველაზე შედეგიანი ხარ ჩვენს გუნდში. რომ არა შენი სწრაფი შეტევები და ზუსტი გადაცემები, „ხარებთან“ ანგარიშში ახლოსაც კი არ ვიქნებოდით. ძალიან რთული აღმოჩნდა მათთან თამაში, - აღნიშნა ნოამ. ალექსთან დაკავშირებით ნოას პოზიციას სრულად იზიარებდა მთელი გუნდი და ყველანი ერთად გუნდის კაპიტანს გარს შემოეხვივნენ. - ბატონო ილიას, ვფიქრობთ, რომ ბოლო ტყორცნა ალექსს უნდა ვანდოთ. მისი წყალობით ვინარჩუნებთ თამაშის გადარჩენის შანსს და ჩვენ, „არწივები“ ვფიქრობთ, რომ თამაში მან უნდა დაასრულოს, - წარმოთქვა პიტერმა. ალექსს გული გაუთბა გუნდური სოლიდარობისთვის, მაგრამ პიტერს არ ეთანხმებოდა. - ისევ შეცდომა რომ დავუშვა? - იკითხა მან. - კარგია, რომ გუნდის პოზიცია ჩემს პოზიციას ემთხვევა, - თქვა ილიასმა. - მეც ვფიქრობ, რომ ბოლო შეტევა ალექსმა უნდა შეასრულოს, - აგრძელებდა იგი. მან აწითლებულ ალექსს ორივე მხრებში ხელი ჩაავლო, თვალი თვალში გაუსწორა და ჩუმი ხმით უთხრა: - ალექს, შენ ეს შეგიძლია! შეუტიე და მოიგე ეს თამაში! ალექსი რამდენიმე წამი ჩაფიქრდა. ამასობაში კი მსაჯის სასტვენის ხმა გაისმა და თამაში განახლდა. - შეუტიე და მოიგე. ე.ი. სამქულიანზე უნდა ვითამაშო, - გაიფიქრა ალექსმა. - თამამი გადაწყვეტილებაა, მომწონს! მაშ, უნდა მოვიგოთ თამაში ხომ?! დავალება მიღებულია, - გაესაუბრა საკუთარ თავს ალექსი და გვერდითი ხაზიდან შემოტანილი გადაცემა ჯოუსგან მიიღო. ბოლო 11-მა წამმა უკუათვლა დაიწყო. 10,9,8... დრო იწურებოდა. ალექსი მოწყდა ადგილიდან, ელვის სისწრაფით გაიჭრა მოწინააღმდეგეთა ნახევრისკენ. სამქულიანის ხაზთან მას ხარების გუნდის გამთამაშებელი დახვდა, რომელიც ცდილობდა მის შეჩერებას. ალექსმა მარცხენა ხელიდან მარჯვნივ გადაიტანა ბურთი და ორქულიან ზონაში მარჯვნივ ნაბიჯი გადადგა. მეტოქეც ძალაუნებურად შეყვა მას. ალექსმა მომენტალურად მოძრაობა შეწყვიტა და უკან გადადგმული ნაბიჯით კვლავ სამქულიან ზონაში დაიკავა ადგილი. მისი მანევრით მოტყუებული მოწინააღმდეგე მთლიანად გამოეთიშა შეტევის წერტილს. ახლა უკვე სრულიად მარტო დარჩენილმა ალექსმა ბურთი კარგად გაისწორა, ფარს დაუმიზნა და სამქულიანი ტყორცნა „ხარების“ ფარისაკენ გადაგზავნა. ალექსმა თვალები დახუჭა. ტყორცნიდან ორიოდე წამში მან გაიგო სირენის ხმა, რომელიც სათამაშო დროის ამოწურვას მიანიშნებდა. - სროლა მოვასწარი, თუ ჩავარდება, აუცილებლად ჩაითვლება, - ჩაილაპარაკა მან და ფარის მაგივრად მარცხნივ, თეთრ ფორმაში გამოწყობილი ქომაგებისკენ გამოიხედა. სწორედ მათი რეაქციით მიხვდებოდა ყველაფერს. ალექსს თავი სიზმარში ეგონა, როდესაც „არწივების“ უკლებლივ ყველა გულშემატკივარი ფეხზე წამოხტა და ყველამ თავისებურად გამოხატა საკუთარი აღტაცება ნანახის გამო. ფერადი ბუშტები და ბრჭყვიალა ნაჭრები ააფრიალეს და მათი ნაწილი მოედანზეც კი გამოვიდა. - ე.ი. არის! - წამოიძახა მან და მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა დარბაზში განთავსებულ ტაბლოს, რომელიც 72:73 ანგარიშს უჩვენებდა „არწივების“ სასარგებლოდ. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამასობაში კი მწვრთნელი და მთელი თავისი გუნდი ალექსისკენ გამორბოდა, რათა მასთან ერთად გაეზიარებინად ეს დიდი ბედნიერება. - ჩვენ ეს შევძელით, გავიმარჯვეთ! - ყვიროდნენ ისინი. - ალექს, ჩვენ ვამაყობთ შენით და „არწივების“ მთელი გუნდით, - პირადად მასთან მოსალოცად კოლეჯის დირექტორიც მოვიდა. უცებ ალექსმა ზეიმი შეწყვიტა და საკუთარი თანაგუნდელები შეკრიბა. - მიღებული სპორტული ჟესტია, ბიჭებო, მივიდეთ და „ხარების“ კალათბურთელებს ხელი ჩამოვართვათ. მადლობა გადავუხადოთ ასეთი ღირსეული ორთაბრძოლისთვის, - თქვა მან და წითელმაისურიანი კალათბურთელებისკენ წავიდა, თან თავისი მეგობრებიც გაიყოლა. - ბრავო, ალექს. ვადასტურებ, რომ დრამატული მატჩი გვანახეთ. გილოცავ! - აღნიშნა ბერტმა და სიამაყით აღვსილი საკუთარ შვილს გადაეხვია. შეჯიბრების ორგანიზატორებმა მოედნის ცენტრში სცენა მოაწყვეს, სადაც ორივე გუნდის კალათბურთელებსა და მწვრთნელებს სამსახროვრო მედლები და სიგელები გადაეცა. ალექსისთვის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი დადგა მაშინ, როდესაც წამყვანმა მიკროფონში შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: - ქ. ბერკინჰამის კოლეჯებს შორის გამართული საკალათბურთო შეჯიბრების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდეს „არწივების“ კაპიტანი - ალექს კომნენი. მადლობა მას ბრწყინვალედ ასპარეზობისთვის! - გთხოვთ მობრძანდეთ და ჩაიბაროთ კუთვნილი თასი, - თქვა ორგანიზატორმა და ალექსი ტრიბუნაზე მოიხმო. ალექსმა ყველას მადლობა გადაუხადა. ამაყად და, ამავდროულად, თავშეკავებულად მიიღო თასი და დარბაზში მყოფ ყველა ადამიანს მადლიერების ნიშნად თავი დაუხარა. გულში კი უდიდეს სიამაყესა და სიხარულს გრძნობდა. ხალხი თანდათანობით იშლებოდა და სახლებისკენ მიდიოდა. ემოციებით გაჟღენთილი „არწივების“ კალათბურთელები დარბაზის გასწვრივ მდებარე ტროტუარზე შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ შეეხნენ დღევანდელი დღის მნიშვნელობას. ყველა მათგანი უზომოდ კმაყოფილი იყო საკუთარი შრომით. ამასობაში მათ უახლოესი მეგობარი გოგონებიც შემოუერთნენ. - ვერაფერს იტყვი, მართლაც კარგი თამაში იყო. თქვენ უკეთესად ითამაშეთ და ჩემპიონობაც დაიმსახურეთ! - თქვა ადიმ. - ლილიან, ჩვენი გეგმა ხომ არ შევთავაზოთ ბიჭებს? - იკითხა ოლივიამ. - თქვენი გეგმა რაში მდგომარეობს? ისევ ჭამა ხომ არა?- ინტერესით იკითხა ნოამ. - გვითხარი ლილიან, თქვენი გეგმა, - სთხოვა ჯოუმ. - ბიჭებო, ხვალ კვირაა და ბელსტოპის პარკში პიკნიკი ხომ არ მოვაწყოთ? დღევანდელი დღის შემდეგ კარგი განტვირთვა იქნება, - მიუგო ლილიანმა. - თანახმა ვარ. იმ შემთხვევაში, თუ პიკნიკზე მხოლოდ ტკბილეული არ იქნება, -აღნიშნა ჯეიმსმა. - კარგი აზრია, - დასძინა პიტერმაც. - ალექს, ხვალინდელი დღის გეგმაზე ვთათბირობთ, შენ რას იტყვი? - გასძახა ელსიმ ალექსს, რომელიც ბერტსა და ილიასს საუბარში შეუერთდა. - და ხვალ რა ხდება? - ხვალ ბელსტოპის პარკში პიკნიკს ვაწყობთ, - უპასუხა პიტერმა. - კარგი აზრია, თანახმა ვარ, - თქვა ალექსმა და უფროსებთან დღევანდელ თამაშზე მსჯელობა განაგრძო. შეთანხმდნენ, რომ ხვალ 12:00 საათზე ბელსტოპის პარკის შესასვლელთან შეიკრიბებოდნენ. კიდევ რამდენიმე წუთიც და ალექსი და ბერტი უკვე სახლისკენ მიემგზავრებოდნენ. სარამ უკვე იცოდა ალექსის ჩემპიონობის შესახებ, რომელიც მას ბერტმა ტელეფონით აცნობა. ავტომობილის ხმის გაგონებაზე სარა თომასით ხელში ეზოშივე შეეგება თავისი ოჯახის წევრებს. - გილოცავ, ალექს! ეს წელი შენთვის საკმაოდ იღბლიანია. მიხარია, რომ წარმატებას მიაღწიე! - მიმართა დედამ და უფროს შვილს გადაეხვია. - ნამდვილად მაგარი თამაში შემოგვთავაზეს! ალექსმა საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მოიპოვა, - დასძინა ბერტმა. - გილოცავ, გილოცავ! - იმეორებდა სარა და სიხარულს ვერ მალავდა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ შვილი დასახულ მიზნებს თანდათანობით აღწევდა. - შუალედურებშიც მაღალი შედეგები გაქვს. შენს საყვარელ სპორტშიც თავი გამოიჩინე. დედისთვის ამაზე ძვირფასი რა უნდა იყოს?! - არაფერი, - თავადვე უპასუხა საკუთარ შეკითხვას სარამ. - შევედით სახლში, ვახშამი მოვამზადე, - თქვა სარამ საუბრის ბოლოს და ყველანი სახლში შევიდნენ. ალექსი დღევანდელი დღის ემოციებიდან ვერ გამოდიოდა. მუდმივად მიღწეულ შედეგებზე ფიქრობდა და ვერაფრით ვერ ახერხებდა სხვა საკითხებზე გადართვას. უკვე სუფრიდან ადგომას ფიქრობდა, როდესაც მასთან თომასი მოვიდა და თავისი ქცევებით იგი სათამაშოდ გამოიწვია. - ისედაც შენთან უნდა მოვსულიყავი, - მოეფერა ალექსი პატარა ძმას და ხელჩაკიდებული სათამაშო კუთხისკენ წაიყვანა. - აბაა, თქვი დედა, მამა, ალექსი, გაიმეორე, - ალექსი თან სათამაშოებს აწვდიდა თომასს და თან ცდილობდა, მისთვის მთავარი სიტყვები ესწავლებინა, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გამოსდიოდა. თომასი მისთვის ჩვეულად, გაურკვეველ ენაზე, რაღაცებს ბურტყუნებდა. ბოლოს, ფერადი ფლომასტერებიდან ცისფერი აარჩია და სახატავ რვეულზე პატარ-პატარა რგოლები დახატა, რომლებშიც, ბუნებრივია, რომ ალექსმა საინტერესო ვერაფერი დაინახა. თუმცა თომასი ცარიელი ფურცლების სხვადასხვა გვერდებზე ცისფერი რგოლების ხატვას ისევდაისევ განაგრძობდა. თანდათანობით აღნიშნული რგოლების ხატვა თომასს სულ უფროდაუფრო სიმეტრიულად გამოსდიოდა. - ეტყობა, ეს რგოლები უმარტივდება მის ჯერ კიდევ პატარა ჭკუას, - გაიფიქრა ალექსმა თავისთვის და თომასს თავზე ხელი ალერსიანად გადაუსვა. კიდევ რამდენიმე ხანი ითამაშეს და შემდეგ ალექსმა საკუთარ ოთახში გადაინაცვლა. ბელსტოპის პარკს ბერკინჰამის შუაგულში უზარმაზარი ტერიტორია ეკავა. მას მხოლოდ ერთი შესასვლელი და გამოსასვლელი ჰქონდა, საიდანაც იწყებოდა ქვაფენილიანი, განიერი სასეირნო ბილიკი, რომელიც შესასვლელიდან მარცხენა მიმართულებით იწყებოდა, პარკის ცენტრალური ნაწილის გავლით წრეს არტყამდა იქაურობას და ისევ შემოსასვლელთან სრულდებოდა, რომელსაც პარალელურად გასასვლელის ფუნქციაც გააჩნდა. ბილიკის ორივე მხარეს განთავსებული იყო მსოფლიოს ღირსშესანიშნავი ნაგებობების მაკეტები შესაბამისი საინფორმაციო დაფებით. ასევე სხვადასხვა ზომის ხელოვნური ტბები და მწვანე მინდვრები, სადაც შესაძლებელი იყო პიკნიკის გაშლა და, უბრალოდ, დასასვენებლად ბალახზე წამოგორება. მრავალფეროვნებისთვის ბილიკს ორივე მხარეს ზოლში გასდევდა ტროპიკული მცენარეების უნიკალური ჯიშები, რომლებსაც განსხვავებული კლიმატის გამო პარკის ადმინისტრაცია განსაკუთრებულად უვლიდა. ძირითადად კი თვალუწვდენელი პალმები, რომლებსაც ძირიდან დაახლოებით ათი მეტრის სიმაღლეზე ტოტები არ გააჩნდა და მხოლოდ ხის კენწეროზე, სიმეტრიულად განლაგებული, თანაბარი ზომის ტოტები და ფოთლები ისეთ შაბეჭდილებას უქმნიდა ადამიანს, რომ თითქოს რკინის ბოძები დიდი ზომის ქოლგით ყოფილიყო დახურული. ისე გამოვიდა, რომ ალექსი და ნოა ყველაზე ადრე მივიდნენ პარკში. ამიტომაც სანამ დანარჩენი მეგობრები შემოუერთდებოდნენ, გადაწყვიტეს, ტრენაჟორებზე ცოტა წაევარჯიშათ. ბელსტოპის პარკში, ყოველ ნაბიჯზე, მოწყობილი იყო სხვადასხვა სახეობის, თანამედროვე ტიპის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობდა ასევე ჩოგბურთის კორტიც და რაც ყველაზე მთავარია, თავისი რელიეფით ბელსტოპის პარკი ყველაზე მიმზიდველი მოყვარული გოლფისტებისთვის გახლდათ. თანდათანობით შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ პარკის ტერიტორიაზე ესეირნათ. - მე ყველაზე მეტად ამ ქანდაკების ნახვა მაინტერესებს, - თქვა ჯოუმ და თითი თავისუფლების ქანდაკების მაკეტისკენ გაიშვირა. - მეც. არ მიყვარს არაფერი, რაც ომს და მეფეებს უკავშირდება. ყველაფერს თავისუფლება მირჩევნია. ამიტომაც მეც დიდი სიამოვნებით დავათვალიერებდი ნიკეას ქანდაკებას. ჯოუ, ერთად ხომ არ წავიდეთ? - თქვა ელსიმ და ჯოუსთან ძალიან ახლოს დადგა. ამ ორ ადამიანს ეტყობოდა, რომ ხასიათებით ძალიან ესადაგებოდნენ ერთმანეთს და, შესაბამისად, გემოვნებაც ერთნაირი ჰქონდათ. - მხოლოდ ნიუ იორკის თავისუფლების ქანდაკება არ არის ერთადერთი, რომელიც თავისუფლებას უკავშირდება და რაღა ერთიდაიგივეს ირჩევთ? - თავისი ბრძნული გამოხედვით იკითხა ადიმ. - ნოა შემპირდა, რომ ის აუცილებლად წამიყვანს ინდოეთში და ერთად დავათვალიერებთ ტაჯმაჰალს, რომელიც უდიდესი სიყვარულის ნიშნად აშენდა, - თქვა ოლივიამ და ნოას ხელი წელზე შემოხვია. უკვე წელიწადზე მეტი იყო, რაც ნოა და ოლივია ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ. შესაბამისად, მათ ისეთი ადგილები იზიდავდა, რომელიც რომანტიზმთან და უანალოგო მიჯნურობასთან იყო დაკავშირებული. - დიდი სიამოვნებით დავათვალიერებდი ლუვრის მუზეუმს, სადაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი ნახატები და ქანდაკებები ინახება, - თქვა პიტერმა, რომლისთვისაც სამყარო ხელოვნებით იწყებოდა და სრულდებოდა. - მიმაჩნია, რომ მსოფლიოს თანამედროვეობასა და სიძველეს უფრო მეტად მეტროპილიტენის ხელოვნების მუზეუმი აერთიანებს, - თქვა ადიმ და მეგობრებს შესაბამისი მაკეტისკენ მიუთითა. პიტერს და ადის ერთი და იგივე ინტერესის სფერო გააჩნდათ. თუმცა ორივე მათგანი ცდილობდა, რომ მუდმივად არ დასთანხმებოდნენ ერთმანეთს. ასეთი ქცევებით ისინი ცდილობდნენ, რომ ერთმანეთისთვის ემტკიცებინათ, ვის უფრო მეტი ჰქონდა წაკითხული და გაგონილი მსოფლიოს შესახებ. სწორედ ამით იყო განპირობებული ის, რომ პიტერმა აირჩია ლუვრი, ხოლო ადიმ - მეტროპილიტენი. სინამდვილეში კი, ორივე ნაგებობას ერთი და იგივე შინაარსი გააჩნდა. საბოლოო ჯამში კი, ორივე მათგანს ყველაზე კარგად ესმოდა ერთმანეთის. - მე და ლილიანს ბევრი გვისაუბრია, რომ ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს რიოს კარნავალი და პარალელურად სამხრეთ ამერიკიდან ისე არ უნდა დაბრუნდეს, რომ ამაზონის ჯუნგლები არ ნახოს, - თქვა ჯეიმსმა. ოღონდაც ისე, რომ ბოლო ფრაზაში თვითონაც არ იყო დარწმუნებული. - რა თქმა უნდა, ნამდვილი მოგზაურობა ხომ ეგზოტიკაა. თუმცა ჯუნჯლებზე ცოტას დავფიქრდებოდი, - მომღიმარი სახით ლილიანმა ჯეიმსის ნათქვამი ნაწილობრივ დაადასტურა. - შენ რატომ არაფერს ამბობ საკუთარ გატაცებაზე? - ჰკითხეს მეგობრებმა ალექსს, რომელიც სხვების არჩევანს ყურადღებით უსმენდა. - ყველა თქვენგანის მოსაზრებას ვეთანხმები, მაგრამ პარკში არ არის იმ რაღაცის მაკეტი, რომელსაც მე ავირჩევდი, - უპასუხა ალექსმა. - აქ თითქმის მთელი მსოფლიოა თავმოყრილი და ხომ არ გაგვიმხელდი, რა არის ისეთი, რაც ვერ იპოვე? - იკითხა ადიმ. - თავგადასავალი! - თქვა ჩახლეჩილი ხმით ალექსმა და ეს ნათქვამი საკმაოდ არაბუნებრივად გამოუვიდა. - ჰა, ჰა. და ჩვენ, რომლებმაც გამოვთქვით სურვილი ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის, როგორ ფიქრობ, რომ თავგადასავალს თავისთავად არ ვგულისხმობთ?! - ირონიულად მიუგეს მეგობრებმა ალექსს. - თქვენ ვერ გამიგეთ და უკეთესად აგიხსნით. რა თქმა უნდა, ყველა მოგზაურობა თავგადასავალია, მაგრამ ვისურვებდი, რომ საკუთარ თავზე გადახდენილ თავგადასავალში აღმომეჩინა სანახაობა. რა ვერ გაიგეთ? - ცოტათი გაბრაზებულად იკითხა ალექსმა. - თან გავიგეთ და თან ვერც გავიგეთ, - უპასუხეს მეგობრებმა. - მოვრჩით სანახაობებზე საუბარს. დროა პიკნიკი მოვაწყოთ, - თქვა ლილიანმა და ყველანი პარკის ტეროტიროაზე მდებარე ერთ-ერთი ხელოვნური ტბისკენ გაეშურნენ, რომელიც კაფესთან ახლოს მდებარეობდა. სპორტული ზურგჩანთები ჩამოიხსნეს, ცელოფნის პარკი გაშალეს და შეუდგნენ პიკნიკის მოწყობას. მათი მენიუ ტკბილეულის, ხილისა და სხვადასხვა წვენისგან შედგებოდა და ასევე, ძალიან გემრიელი ხორცის ბლინებისგან. - მე წავალ და პლედებს მოვიტან, - თქვა პიტერმა და კაფესკენ გაეშურა. - სულ ხუთი ცალი იყო დარჩენილი. თუმცა მათ შორის 4 პლედი შედარებით დიდი ზომისაა და ვიკმარებთ, - უთხრა მეგობრებს კაფედან მობრუნებულმა პიტერმა. - ეტყობა კაფეს მენეჯერმა იცის ჩვენს შორის არსებული წყვილების შესახებ. პიტერ, ის პატარა პლედი მე მომეცი, - ღიმილით უთხრა ალექსმა პიტერს. ყველა მიუხვდა ალექსს სათქმელს და გაეცინათ. გულის სიღრმეში ხომ ყველანი ხვდებოდნენ, რომ ალექსის ხუმრობა სიმართლის დიდ დოზას შეიცავდა. უბრალოდ, ნოასა და ოლივიას გარდა, სხვა დანარჩენები ჯერჯერობით ბოლომდე არ უტყდებოდნენ საკუთარ თავს წყვილებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ, რომელსაც სიყვარული თუ არა, მოწონება და ინტერესი მაინც ერქვა. თავიანთი ულუფა ერთჯერად თეფშებზე გადაიღეს, წვენი დაისხეს და ყველა მათგანმა ტბის პირას, პიკნიკის გარშემო, საკუთარი ადგილი იპოვა. ალექსის ხუმრობა ნამდვილად შეიცავდა სიმართლეს. ძალაუნებურად, დიდი პლედები წყვილებად შემოიხვიეს, საკუთარი ზურგჩანთები ამოიდეს და ისე მოკალათდნენ. მხოლოდ ალექსს ხვდა წილად პატარა პლედი, რადგანაც იგი, როგორც ყოველთვის, ამ პიკნიკზეც მეწყვილის გარეშე იყო წარმოდგენილი. მეწყვილის გარეშე არა იმიტომ, რომ მას მოერიდა მისი წამოყვანა. უბრალოდ, ალექსს ამ ეტაპზე არ ჰყავდა თავისი გულისსწორი, რომელთან ერთადაც ისე კომფორტულად იგრძნობდა თავს, როგორც პიტერი-ადისთან, ნოა-ოლივიასთან, ჯოუ-ელსისთან და ჯეიმსი-ლილიანთან. თუმცა კოლეჯში და მის გარეთაც მრავლად იყვნენ გოგონები, რომლებსაც ალექსი მომსწონდათ. ალექსს კი არც ერთი მათგანისკენ არ მიუწევდა გული. - გულს ხომ ვერ უბრძანებ. როდესაც მეწვევა სიყვარული, მას აუცილებლად მივიღებ და ხელს არ ვკრავ, - იტყოდა ხოლმე ალექსი, როდესაც ამ საკითხზე ვინმე შეეკითხებოდა, ან საკუთარ თავთან გაუჩნდებოდა მსგავსი შინაარსის შეკითხვა. ამასობაში მეგობრებს შემოაღამდათ. -დღეს პირველი მაისია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზაფხულის ხავერდოვან პერიოდში შევაბიჯეთ, - თქვა ალექსმა, რომელიც მინდორზე წამოწოლილი, მოწმენდილ ცაზე მიმოფანტულ ვარსკვლავებს შეჰყურებდა. - ჩემი ნება რომ იყოს, წელიწადის ყველა დროს მაისად გარდავქმნიდი. მაისი ხომ არც ძალიან ცხელია და ზამთარიც კაი ხნის მოტოვებულია უკან. მე ყველაზე მეტად ეს პერიოდი მომწონს, - აგრძელებდა ალექსი. - მე შემოდგომას ვამჯობინებდი. წელიწადის ამ დროს სამყარო ყველაზე ფერადია და მიმაჩნია, რომ მხატვრისთვის მრავალფეროვნება შედეგის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია, - თქვა პიტერმა. სხვები უბრალოდ უსმენდნენ. ბუნებრივია, რომ წელიწადის ყველა დრო თავისებურად ლამაზია და ამ წუთში ალექსის და პიტერის გარდა, არცერთი მეგობართაგანი არ ფიქრობდა წელიწადის რომელიმე დროის განსაკუთრებულად გამოყოფაზე. ისინიც ჩვეულებრივ უყურებდნენ ცას, რომელიც მაისის თბილ საღამოს შეუდარებლად ლამაზი ჩანდა. - თუ აკვირდებით, რომ ყოველდღიურად მესენჯერ-ჩატში იმდენს ვწერთ ერთმანეთს, რომ პიკნიკზე სალაპარაკო თემების რაოდენობა შეგვიმცირდა, - თქვა, ყველა საკითხზე ძალიან დაკვირვებულმა ადიმ. - მართალია. ამიტომაც ხშირად უნდა მოვაწყოთ ასეთი შეკრებები. მე ძალიან მომწონს. ვისვენებ და საკმაოდ კარგად ვერთობი კიდეც, - უპასუხა ჯეიმსმა. - ახლა არ გვინდა საუბარი მესენჯერის და, ზოგადად, თანამედროვე ტექნოლოგიების კრიტიკაზე, - თქვა ჯოუმ, რომელსაც ძალიან მოსწონდა ჩატებში ძრომიალი და კომპიუტერული თამაშები. - ამას არც ვამბობ, ჯოუ, რა სისულელეა. აბა მე მკითხე, თუ რამდენ დროს ვატარებ კომპიუტერთან. უბრალოდ იმ საკითხს გავუსვი ხაზი, რომ დღევანდელი დღის მსგავსი შეკრებები ხშირად უნდა მოვაწყოთ. ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია ჩვენს ქალაქში, სადაც ერთად გასვლა ცუდი იდეა არ იქნება, - განავრცო ადიმ საკუთარი ნათქვამი. - საღამოჟამს ტბის პირას ყოფნამ და დღევანდელმა ვითარებამ რომელი ფოტო გამახხსენა, იცით? - იკითხა ალექსმა. - რომელი? - ჰკითხეს მეგობრებმა. - ერთხელ მამაჩემი საკუთარ ლეპტოპში რაღაც ფოტოებს ათვალიერებდა. დამიძახა და მანახა ვენეციაში გამართული „Pink Floyd”-ის კონცერტის ფოტოები, რომელიც პატარ-პატარა კუნძულებზე წყლის პირას ჩატარდა. 1989 წლის ფოტოები არისო, ასე მითხრა. იმ დროს ჩვენ დაბადებულიც კი არ ვიყავით, წარმოიდგინე, - გაიცინა ალექსმა. - რა კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი ტბის პირასაც იმართებოდეს იგივე დონის კონცერტები, მაგარს ვისიამოვნებდით, - განაგრძო მან. - მეც მაქვს ნანახი ის ფოტო, - უპასუხა პიტერმა, - მართლაც ძალიან მაგარი ამბავი იქნებოდა. - ოცნებას კაცი არ მოუკლავს, - ადიმ ჩვეულებრისამებრ კბილი გაჰქრა მეოცნებე ყმაწვილებს. ძალიან ბევრ რამეზე ისაუბრეს. კინოზე, მუსიკაზე, ხელოვნებასა და, უბრალოდ, ადამიანურ ურთიერთობებზე. წყვილებისთვის კი ყველაზე მთავარი რამ იყო ის გარემოება, რომ მათ ერთმანეთის გვერდიგვერდ დროის გატარება მორიგ ჯერზე მოახერხეს. დღეისათვის ეს იყო მათთვის კინოც, მუსიკაც და ხელოვნებაც. ალექსსაც მოეწონა მეგობრებთან თბილად გატარებული დღე და სახლში მისულს, ტკბილად ჩაეძინა. იგი ორშაბათისთვის და ახალი ორომტრიალის დასაწყისისთვის ემზადებოდა, რომელიც მუდმივად თან ახლდა 15 წლის ყმაწვილის ყოველდღიურ ცხოვრებას. თუმცა მას ვერც კი წარმოედგინა, თუ რამდენად თავგადასავლიანი შესაძლოა ყოფილიყო მისი მომავალი ცხოვრება. იქამდე კი, ჩვეულებისამებრ, ორშაბათს სამშაბათი მოსდევდა, სამშაბათს-ოთხშაბათი და ასე გრძელედებოდა უწყვეტად. კოლეჯში კარგი განათლების მიღებას წარმატებით ახერხებდა, ოჯახში თბილ და ტკბილ ცხოვრებას კარგად ეხამებოდა მოსიყვარულე მეგობრების გარემოცვა, სპორტული ცხოვრება და შემეცნებითი თვალსაზრისითაც, მუდმივად ვითარდებოდა. სულ უფროდაუფრო მეტ ფილმს ნახულობდა, უსმენდა მსოფლიოში აღიარებულ და საუკეთესო მუსიკას და ცდილობდა ყოველდღიურად აეღო ახალი ინფორმაცია სამყაროს შესახებ. თუმცა მის გარშემო გარკვეული უცნაურობები დაიწყო, რომელსაც ვერაფრით ხსნიდა.
* * *
ერთ დღესაც, კოლეჯიდან დაბრუნებულმა ალექსმა გადაწყვიტა, რომ თომასი გაერთო და გაემხიარულებინა. თომასმა მანქანებით და რობოტებით თამაში შეწყვიტა და ალექსს ბავშვური მიმიკებით ანიშნა, რომ ფლომასტერებით სავსე ყუთი მოეწია ახლოს. როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადაც თომასმა ფერად ფლომასტრებს შორის მაინცდამაინც ცისფერი ამოარჩია და სახატავ რვეულზე ისევ მრგვალი ლაქების სიმეტრიული ხატვა დაიწყო. იგი სხვა ფერის ფლომასტრებს ყურადღებას არც აქცევდა. წინა დღეებისგან განსხვავებით, თომასის ეს საქციელი ალექსისთვის დამაფიქრებელი აღმოჩნდა. თითქოს ბავშვი ცდილობდა, რომ თავისი უფროსი ძმისთვის რაღაცა ენიშნებინა, ალექსი კი ვერაფრის დიდებით ვერ ხვდებოდა. ამავდროულად, თომასის მიერ დახატული ცისფერი ლაქების წყობა შედარებით შინაარსიანი ჩანდა, ვიდრე წინა შემთხვევაში. - მე მგონი წყლის ცისფერ წვეთებს ჰგავს, - გაიფიქრა მან. თან თომასი ცისფერი ლაქების ხატვის პარალელურად შიგადაშიგ ამოხედავდა ხოლმე უფროს ძმას. ინტერესიანი, ძალიან ინტერესიანი და აზრიანი თვალებით, რაც ალექსს უფრო აფიქრებდა. ასე მოხდა რამდენჯერმე, ერთმანეთის მიყოლებით. ერთხელაც, შაბათ დღეს, სარამ თომასი ალექსს დაუტოვა, რათა თავად საყიდლებზე წასულიყო. ბერტიც პროფესიული საქმიანობით იყო დაკავებული და სახლში არ იმყოფებოდა. - ალექს, შენ იცი. თომასს მიხედე. მე მალე დავბრუნდები, - უთხრა დედამ და სუპერმარკეტისკენ გაეშურა. ალექსს ინტერესი არ ასვენებდა, თუ რატომ ხატავდა თომასი ასე აკვიატებულად ცისფერ ლაქებს, რომელიც სულ უფრო ემსგავსებოდა წყლის წვეთებს. ფლომასტრების ყუთი გაუწოდა და დაელოდა, თუ რომელ ფერს ამოიღებდა თომასი. ნუ გაგიკვირდებათ და თომასმა ისევ ცისფერი ფლომასტერი აარჩია და ჩვეული მოქმედებებით, მორიგჯერ, რამდენიმე ფურცელზე ისევ იგივე დახატა. - მე ვერ ვხსნი ამ გაურკვევლობას და მოდი, დედას ვკითხავ, როცა მოვა, - გაიფიქრა ალექსმა და გადაწყვიტა, თავი დაენებებინა უაზროდ მარჩიელობისთვის, თუ რას ნიშნავდა თომასის ცისფერი ლაქები. - ალექს, მოვედი, - დაიძახა კარებიდან სარამ, რომელსაც სხვადასხვა სანოვაგით სავსე ორი დიდი პარკი ეჭირა ხელში. ალექსმა პარკები გამოართვა დედას და სამზარეულოში შეიტანა. - დედა, თან ძალიან მეუცნაურება და თან მეცინება კიდეც თომასის ქცევებზე. მე ვერაფერი გავიგე და იქნებ შენ ნახო, - ღიმილით მიუგო ალექსმა დედას. - რა ქცევები? - იკითხა სარამ. - მოდი და შენ თვითონ ნახე, - უპასუხა ალექსმა და თომასის სახატავი რვეული გაუწოდა, რომელიც ცისფერი ლაქებით იყო სავსე. - დღეებია ვაკვირდები და თომასი არ წყვეტს ამის კეთებას, - ისევ ღიმილიანი სახით უთხრა დედას. სარა შეკრთა, როდესაც სახატავი რვეულის გადაფურცვლა დაიწყო. ის ძალიან აღელვდა და ხელების კანკალიც კი დაეწყო. ალექსმა შეამჩნია, რომ დედას ხასიათი შეეცვალა და ამ ყველაფერმა მისი გაკვირვება გამოიწვია და კითხვები კიდევ უფრო გააღრმავა. - რაღაც სისულელეები დაუჯღაბნია, - თქვა სარამ საკმაოდ პანიკური ხმით. პარალელურად იატაკიდან ფლომასტერების ყუთს ხელი დაავლო. ძალიან ნერვიულად თომასის სახატავი რვეული დახია და ფლომასტერებთან ერთად სახლის ეზოში მდგარ სანაგვე ყუთში ჩაყარა. როდესაც შემობრუნდა, გაბრაზებულმა ალექსმა ჰკითხა: - კი, მაგრამ მე შემოგთავაზე, რომ თომასის სახატავი რვეული გენახა და არა ის, რაც ახლა გააკეთე. რატომ დაუხიე ფურცლები, ან ფლომასტერები რატომ გადაუყარე? - ასეა საჭირო და იმიტომ, - უპასუხა განერვიულებულმა სარამ. - რატომ იყო ამის საჭიროება? ის ხომ ბავშვია და აკეთებს იმას, რასაც ახერხებს. - არაფერში სჭირდება არც სახატავი რვეული და არც ფლომასტერები. აქედანვე მიეჩვევა უაზრობების ხატვას და ჩვევაში გადაეზრდება. მე კი არ მინდა, რომ ჩემი შვილი სისულელეებს ხატავდეს. გასაგებია? - არაფერიც არ არის გასაგები, დედა. რა სიველურეა, ასე გადაუყარო ბავშვს ნივთები, - გაცხარებული პასუხობდა ალექსიც. დედის და უფროსი ძმის კამათის შემყურე თომასიმ სახე აირია და ის იყო ტირილი უნდა დაეწყო, რომ სარამ გიჟივით ხელში აიტაცა და მოუსვენრად დაიწყო საბავშვო სკამის ძებნა ოთახში, რომელშიც თომასის ჭამის დროს ჩასვამდა ხოლმე. - მოშივდა და ამიტომაც ჭირვეულობს, - თქვა დედამ. - რა შუაშია ჭამა, მე სხვა რამეზე ვბრაზობ და გეკითხები, - არ ჩერდებოდა ალექსი. - მემგონი დაგავიწყდა, რომ მშობელი მე ვარ და ამიტომაც მე გადავწვეტ, რითი უნდა გაერთოს თომასი და რითი-არა, გასაგებია, ალექს? ეს ბოლო წინადადება იმდენად მკაცრად თქვა სარამ, რომ ალექსი იძულებული გახდა, დედასთან კამათი შეეწყვიტა. იგი უსიტყვოდ მიბრუნდა და თავის ოთახში ავიდა. - წარმოუდგენელია. დედა ასეთი გაცეცხლებული არასდროს მინახავს. ნეტავ რა არ მოეწონა? - გაკვირვებული ალექსი საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. სარას ქცევებმა ალექსში კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა შემოიტანა, ვიდრე თომასის აკვიატებულმა ხატვამ, მაგრამ დედის რეაქციის შემხედვარე დარწმუნებული იყო, რომ მისთვის ამ თემაზე მორიგჯერ კითხვის დასმას აზრი არ ჰქონდა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაძაბავდა მათ შორის ურთიერთობას, ვიდრე წეღან. ამიტომაც გადაწყვიტა, თავი შეეკავებინა და თავად გაერკვია თომასის უცნაურობა. ამ დღის შემდეგ ლაღი და თავისუფალი ალექსი გულჩათხრობილი გახდა. ეს მის მეგობრებსაც არ გამოჰპარვიათ. - ალექს, რაზე ფიქრობ? ასე მიგვაჩნია, რომ რაღაც პრობლემა გაქვს და გვიმალავ, - ეკითხებოდნენ კოლეჯში. - არაფერი, უბრალოდ ეს დღეები ძალიან დაღლილი ვარ, - პასუხობდა ალექსი. - კი, მაგრამ რამ დაგღალა? ადრე უფრო დაკავებული იყავი და მაშინ არ გიწუწუნია დაღლაზე. კალათბურთის თამაშის სურვილსაც რატომღაც აღარ გამოხატავ. არადა პირიქით იყო ხოლმე, - განაგრძობდნენ კითხვების დასმას მეგობრები. - არდადეგები დადგება და ყველაფერი გაივლის, - ბოლოს ასეთი პასუხით იშორებდა ალექსი მეგობრებს. უკვე მაისის თვე იწურებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსწავლეთათვის საზაფხულო დასვენების პერიოდი ახლოვდებოდა. თომასის ნახატებზე ბევრად მეტი უცნაურობაც შეამჩნია ალექსმა საკუთარ თავში, როდესაც აღმოაჩინა, რომ ბერკინჰამის ქუჩებში ფეხით სიარულისას მისი გონება რატომღაც ყველაზე მკვეთრად ცისფერს აღიქვამდა. აი, მაგალითად, ბილბორდებზე განთავსებულ რეკლამებზე, შენობებსა თუ სხვა უამრავ ობიექტზე დაკვირვებისას, ალექსის თვალები განსაკუთრებულად ერთ კონკრეტულ ფერს აფიქსირებდა. მაშინ, როდესაც მისი მშობლიური ქალაქი მრავალფეროვნებით იყო გამორჩეული. - ნეტავ, რატომ ხდება ასე? ალბათ თომასის ქცევებზე უზომო ყურადღების მიქცევამ გამოიწვია, - ფიქრობდა იგი. თუმცა ეს უცნაურობები და ერთი ფერის ზედოზირებით აღქმის პროცესი ძლიერდებოდა. ფაქტობრივად, სხვა ფერებს ვერც კი ამჩნევდა. ამ ყველაფერმა კი ყმაწვილის განწყობებზე ძალიან იმოქმედა. ის სულ უფროდაუფრო ნაკლებ დროს ატარებდა როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მეგობრებთანაც. ერჩივნა, განმარტოებული ყოფილიყო. ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა იმისათვის, რომ საკუთარი თავისთვის დაეძალებინა, თუნდაც სასეირნოდ გამოსულიყო. მერე და მერე არც ის სეირნობა სიამოვნებდა, აღქმებში ამოჩემებული ერთი ფერის გამო. დედასთან თომასის სახატავი რვეულის გამო წამოწყებული კამათის შემდეგ, სარაც მუდმივად დაძაბულის და შინაგანად აღელვებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეს გარემოება დამატებით აპროვოცირებდა ალექსის უხასიათობას. ის ცდლობდა, რომ მაქსიმალურად თავი აერიდებინა დედასთან ხანგრძლივი კომუნიკაციისთვის. არც სარა აქტიურობდა ამ მიმართულებით. დედა-შვილს შორის, ფაქტობრივად, უსიტყვო და დისტანცირებული ურთიერთობა ყალიბდებოდა, რაც ორივე მათგანისთვის უკიდურესად უჩვეულო ვითარება გახლდათ. თუმცა, ფაქტია, რომ ამის მიზეზები არსებობდა, რომელიც ჯერჯერობით ალექსისთვის გამოცანად რჩებოდა. ერთხელაც ალექსმა გადაწყვიტა, რომ მიეყურადებინა მშობლების საუბრისთვის, იქნებ რამე გაერკვია მის გარშემო შექმნილი გარემოების შესახებ. ბერტი კარგ ხასიათზე დაბრუნდა სახლში. იგი ბევრს ხუმრობდა თავის კოლეგებზე, რომლებთან ერთადაც მივლინებაში ყოფნისას უამრავი სახალისო ისტორია გადახდენოდა თავს. ბუნებრივია, რომ ალექსი არ იყო იუმორის განწყობაზე და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ გასცლოდა იქაურობას. მშობლებს დაემშვიდობა, უთხრა, რომ წიგნის კითხვა უნდა დაესრულებინა და თავის ოთახში გადაინაცვლა. ოთახის კარი ოდნავ გამოაღო და მთელი ყურადღება მშობლებისკენ მიმართა. თუ ისინი ერთმანეთში საუბარს დაიწყებდნენ, ის ჩუმად უნდა გამოსულიყო კიბის თავთან და როგორმე მოეხერხებინა, რომ გაეგო მათი საუბრის შინაარსი. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, როდესაც სარამ ჩათვალა, რომ ალექსს უკვე ეძინა, მან დაბალ ხმაზე ქმართან საუბარი დაიწყო. ამ დროს კი ალექსი კიბის თავზე ჩამომჯდარი, ორივე ყურით და გონებით მშობლებისკენ მიმართული, ისმენდა მშობლების დიალოგს: - ბერტ, გთხოვ, რომ დაასრულო შენი ისტორიების მოყოლა და კარგად მომისმინო! - ბოლო რამდენიმე დღეა მოსვენება დავკარგე და ამის შესახებ უნდა მოგიყვე! - თქვა სარამ და დეტალურად მოუყვა ბერტს თომასის მიერ დახატულ ცისფერ ლაქებზე, მის რეაქციაზე და ამ ყველაფრის გამო ალექსთან წამოჭრილ კამათზე. - სარა, უსაფუძვლოდ ღელავ და ტყუილად აკავშირებ თომასის ბავშვურ ნახატებს იმ საიდუმლოსთან, რომელიც ჩვენ ვიცით, - უპასუხა ბერტმა სარას და შეეცადა, ცოლი დაემშვიდებინა. - ხომ იცი, რომ ცისფერი და კენტი რიცხვები მაშინებს და მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც თომასის სახატავ რვეულში წვეთების ფორმის ლაქები აღმოვაჩინე. თან გადავითვალე და რვეულის ყველა ფურცელზე ლაქების რაოდენობა კენტი იყო. თავი ვერ შევიკავე და რვეული ნაკუწებად ვაქციე და ფანქრებთან ერთად ნაგავში გადავყარე. ყველაფერი იმდენად არაბუნებრივად გამომივიდა, რომ ალექსთან კამათი გამოვიწვიე. შევცდი, რომ არ შევინახე და შენ არ გაჩვენე. დარწმუნებული ვარ, რომ შენზეც ისევე ემოციურად იმოქმედებდა, როგორც ჩემზე. თუმცა თავს ვერ ვაკონტროლებდი და ყველაფერი მექანიკურად გამოვიდა, - აგრძელებდა სარა ბერტისთვის ამბის მოყოლას. გამომდინარე იქიდან, რომ ბერტს საკუთარი თვალით არ ჰქონდა ნანახი თომასის სახატავი რვეული, საკითხის სერიოზულობა სათანადოდ ვერ აღიქვა. იგი ცდილობდა, რომ ცოლი შემთხვევითობაში დაერწმუნებინა. - სარა, თომასი ჯერ ძალიან მცირე ასაკისაა იმისათვის, რომ მისი ნახატებისთვის ყურადღების მიქცევა ღირდეს. ან საიდან უნდა იცოდეს ორი წლის ბავშვმა იმის შესახებ, რაც ჩვენ ვიცით? - მესმის, ბერტ, რომ შეუძლებელია თომასმა იცოდეს ეს ამბავი. მაგრამ დამიჯერე, შენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავი, შენც იგივე რეაქცია გექნებოდა, როდესაც შენთვის ცნობილია იმ საიდუმლოს შესახებ, რომელსაც ამდენი წელია საგულდაგულოდ ინახავ და ყველაფერს აკეთებ იმისათვის, რომ ეს საიდუმლო არ გამჟღავნდეს. - დიდი ხანი ვიფიქრე მეც ამ საკითხზე და დავასკვენი, რომ ჩვენ ზედმეტად ვნერვიულობთ, სარა. ალექსი სრულიად ჯანმრთელია და სრულფასოვანი. უბრალოდ, საქმე გვაქვს ისეთ მოვლენასთან, რომელსაც მსოფლიო მედიცინა ვერ ხსნის. ეს არის და ეს. სჯობს, დროზე დავივიწყოთ და გავაგრძელოთ ჩვეულებრივი ცხოვრება. - განა მე არ მსურს, რომ დავივიწყო? მაგრამ როგორც დედას, არ გამომდის და თავის მოთოკვა ძალიან გამიჭირდა, - ნაღვლიანად უპასუხა სარამ. - დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება. თავის დროზე საფუძვლიანად გამოვიკვლიეთ და ყველამ გვითხრა, რომ ეს ანომალია ალექსის განვითარებას ხელს არ შეუშლიდა და რაც დრო გადის, ვრწმუნდებით, რომ ექიმები არ შემცდარან. მადლობა ღმერთს, რომ ალექსი თავის ასაკთან შედარებით გადაჭარბებულად განვითარებულია, - თქვა ბერტმა და სარას ალერსიანად გაუღიმა. - გთხოვ, რომ დამშვიდდე და წარსულზე ფიქრი შეწყვიტო. ყველაფერი კარგად იქნება, - უთხრა ბერტმა სარას და ცოლს სიყვარულით თავზე ხელი გადაუსვა. - იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, - გაიმეორა სარამ ქმრის ნათქვამი და ჩაის მოსადუღებლად სამზარეულოში გავიდა. თავბრუდახვეული ალექსი ძლივს წამოდგა ფეხზე და ლასლასით შეაღწია თავის ოთახში. - რა საიდუმლო? რა ცისფერი წვეთები? რა ანომალია? ცხადია, რომ ეს ყველაფერი მე მეხება, - ფიქრობდა ლოგინზე მწოლიარე ქანცგამოცლილი ალექსი, რომელმაც მხოლოდ ის გაიგო, რომ მშობლებმა რაღაც საიდუმლო იცოდნენ მის შესახებ, თუმცა კონკრეტულად რა, ვერაფერი გაეგო. - ჩემ შესახებ საიდუმლო ცისფერს უკავშირდება და სწორედ ამიტომაც შეეშინდა დედას თომასის ნახატების. სწორედ ამით არის გამოწვეული, რომ ამ ბოლო დროს ჩემ გარშემო გამოკვეთილად მხოლოდ ერთ ფერს აღვიქვამ. თუმცა, რატომ? - უნდა გავარკვიო, მაგრამ როგორ? ვეცდები, კიდევ მოვისმინო მათი საუბარი. იქნებ მეტის გარკვევა შევძლო, - წარმოუდგენელი რაოდენობის კითხვის მორევში გადაეშვა და დილა ისე გათენდა, რომ თვალი წუთითაც არ მოუხუჭავს. ამ დღის შემდეგ ალექსს არაერთხელ ჰქონდა მცდელობა, რომ მორიგჯერ ფარულად მოესმინა მშობლების საუბრისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა. სარა და ბერტი არც ერთხელ არ მიუბრუნდნენ თემას ალექსის შესახებ და, აქედან გამომდინარე, რაც მეტი დრო გადიოდა, ალექსი ხვდებოდა, რომ მშობლებმა მის ანომალიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ამოწურულად ჩათვალეს. - მათ რომ ვკითხო, აზრი არა აქვს. მაინც არ მეტყვიან არაფერს. პირიქით, შესაძლოა ისე მოახერხონ, რომ კიდევ უფრო გაართულონ რამის გარკვევა. ამ წუთში კი, შესაძლოა მქონდეს შანსი, რომ გავარკვიო ჩემ შესახებ საიდუმლო, რომელსაც ასე მკაცრად მალავენ, - ფიქრობდა იგი. - უმჯობესია, კიდევ ერთხელ გადავამოწმო, - ჩაილაპარაკა მან და კოლეჯიდან სახლისაკენ მომავალ გზაზე სუპერმარკეტში შეიარა. ამჯერად, გამყიდველებთან კომუნიკაციისგან თავი შეიკავა. სახატავი რვეულის და ფერადი ფლომასტერების ღირებულება გადაიხადა და სწრაფად დატოვა იქაურობა. სახლშიც უხმაუროდ შევიდა და პირდაპირ კიბეებს აუყვა თავისი ოთახისკენ. - დედა, მოვედი! - ეს მხოლოდ მაშინ თქვა ხმამაღლა, როდესაც უკვე კიბის შუა ნაწილამდე იყო ასული. მას ეშინოდა, რომ სახატავი რვეული და ფლომასტერები სარას არ ენახა. რამდენიმე დღე ითმინა მანამ, სანამ სარას კვლავ არ მოუწია საყიდლებზე სახლიდან გასვლა და თომასი ისევ ალექსისთან არ დატოვა. როგორც კი სარა ეზოს კარებს გასცდა, ალექსმა სწრაფად აირბინა ოთახში და თომასის სახატავი რვეული და ფერადი ფლომასტერების მთელი ყუთი ცხვირწინ დაუდო. - აი, თომას, მოგიტანე ის ნივთები, რომლებიც ამ ბოლო დროს შენ ძალიან გაინტერესებს. აბა, ვნახოთ, როგორც მამამ ივარაუდა, გვაქვს თუ არა საქმე შემთხვევითობასთან. თომასი არც დაფიქრებულა. პირდაპირ ცისფერ ფლომასტერს დაავლო ხელი და ისევ იგივე ლაქების ხატვა გაიმეორა. - წარმოუდგენელია! ისევ ცისფერი წყლის წვეთები და ისევ კენტი რაოდენობის ლაქები! - უკვე ხმამაღლა მსჯელობა დაიწყო ალექსმა. - არავითარი შემთხვევითობა, ეს მინიშნებაა! ეს ყველაფერი უსათუოდ ნიშნავს იმას, რომ თომასის ჩემთვის რაღაცის ახსნა უნდა. ვერ მეტყველებს და ცდილობს, ნახატებით მანიშნოს, - თავზე ხელებშემოწყობილი ალექსი იდგა თომასის წინ და ვერ გაეგო, როგორ უნდა მიმხვდარიყო მის მინიშნებას. იგი იატაკზე მჯდომი ძმისკენ დაიხარა, პატარას გაუღიმა და ხმადაბლა უთხრა: - თომასი, იქნებ გამოგივიდეს და კიდევ რაიმე მინიშნება დაამატო. გთხოვ, ვიცი, რომ ორი წლის ხარ და ზედმეტს ვითხოვ შენგან, მაგრამ მეც გამიგე. კითხვებზე პასუხს ვერ ვპოულობ და ბოლო დროს მომხდარი ამბების გამო უკიდურესად შეწუხებული ვარ. თომასიმ უფროსი ძმის ღიმილს ღიმილითვე უპასუხა და ისევ წყლის წვეთების ფორმის ლაქების ხატვა განაგრძო. - არაფერი გამოდის. ვატყობ, მხოლოდ ერთი მინიშნების ამარა ვრჩები და საიდუმლოს გარკვევა ძალიან გამიჭირდება, - ფიქრობდა ალექსი. - ვხვდები, რომ ჩემს დახმარებას ცდილობ და მეტი არ შეგიძლია. ამისთვისაც მადლობა, თომასი. დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შენ გარკვეულ მინიშნებას მაძლევ. ესეც კი მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ საიდუმლოს ამოვხსნი და მძიმე ტვირთისგან გავთავისუფლდები, - ალექსმა კვლავ მზრუნველი ხმით ჩასჩურჩულა თომასის და შუბლზე აკოცა. - ცისფერი წვეთები უნდა ვეძებო და კენტ ციფრებს ყურადღება უნდა მივაქციო, - თავისთვის ჩაილაპარაკა ალექსმა და სახატავი რვეული ფლომასტერებთან ერთად თავის ოთახში საგულდაგულოდ გადამალა. კოლეჯში მისული ალექსი ეზოში მოწყობილ შადრევანს წრეს არტყამდა იმის იმედით, რომ იქნებ პასუხები ეპოვა. იგი დადიოდა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაში, ბელსტოპის პარკშიც კი შეიარა რამდენჯერმე, რადგანაც ცისფერი ლაქები წყლის წვეთებს მიამსგავსა. გადაამოწმა ბერკინჰამის ტერიტორიაზე თითქმის ყველა ადგილი, რომელსაც წყალთან ჰქონდა კავშირი, თუმცა ჯერჯერობით ხელმოსაჭიდ ფაქტს ვერაფერს პოულობდა. მისი ამ უცნაური ქცევებით გაკვირვებული მეგობრები ცდილობდნენ მასთან ჩვეული კომუნიკაციის აღდგენას, თუმცა პასუხად მხოლოდ დუმილს და ურთიერთობისგან დისტანცირებას იღებდნენ. - ალექს, მეგობრებმა ხომ არაფერი გაწყენინეთ? ყველანი ძალიან განვიცდით, რომ ჩვენთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, შეწყვიტე, - ჰკითხა ერთხელაც ჯეიმსმა. - არა, მეგობრები არაფერ შუაშია, - მკვახედ უპასუხა ალექსმა. - მაშ, რა გემართება? მოულოდნელი სიყვარული ხომ არ გეწვია? - ჯეიმსი შეეცადა, დიალოგი პოზიტიური საკითხებით გაეგრძელებინა. - შეყვარებული რომ მყავდეს, ანგარიში შენ უნდა ჩაგაბარო? ან საიდან დაასკვენი? - საკუთარი მდგომარეობით დამძიმებული ალექსი უკვე შეტევაზე გადადიოდა. - შენი წყენინება არც მიფიქრია. უბრალოდ გაგეხუმრე. ცოტას გავამხიარულებ - მეთქი, - ალექსის უტაქტო პასუხებით გულგატეხილმა ჯეიმსმა საუბარში უკან დაიხია. არადა ალექსის ყველა მეგობარი ხვდებოდა, რომ მას დიდი სადარდებელი გასჩენოდა. - კარგი, დაგემშვიდობები, ალექს. მინდა იცოდე, რომ შენი მეგობრები მუდამ შენს გვერდით ვიქნებით, როცა დაგჭირდება. - გავითვალისწინებ, - ცივად უპასუხა ალექსმა და შადრევნის გარშემო წრეზე სიარული განაგრძო. თან ყოველი ნაბიჯის გადაგმის შემდეგ შადრევნის აუზში იხედებოდა. 11 მაისს ალექსმა ძლივს წამოწია ტანი ლოგინიდან. მკვირცხლი და ენერგიით სავსე 15 წლის ყმაწვილი ზანტ და ქანცგამოცლილ ხანშიშესულ ადამიანს დაემსგავსა, რომელსაც ყველაფერი ეზარებოდა. არც კოლეჯში სიარული იზიდავდა მაინც და მაინც, მაგრამ იძულებული იყო, ყველაფერი ჩვეულებრივად ეკეთებინა, რათა მშობლებს მისი მდგომარეობა არ შეემჩნიათ. ძლივს მოაწესრიგა ჩანთა და ეზოს გასასვლელამდე ძლივს მიათრევდა ველოსიპედს. ბოლოს, როგორც იქნა, შემოაჯდა და კოლეჯისკენ გაეშურა. იმ გზაჯვარედინს უახლოვდებოდა, სადაც ქუჩის საათი იდგა და არაფრით არ უნდოდა იმის დაჯერება, რაც შორიახლოდან მოჩანდა. ამიტომაც სვლა მაქსიმალურად შეანელა. - ნუთუ ის ამბები არ იყო საკმარისი, რაც თომასის სახატავ რვეულს მოჰყვა და ახლა ისევ იგივე?! ღმერთო ჩემო, - გაიფიქრა ალექსმა. იგი გზაჯვარედინს უახლოვდებოდა და, რაც უფრო ცოტა მანძილი რჩებოდა ქუჩის საათამდე, მით უფრო მკაფიო ხდებოდა მის გონებაში აღბეჭდილი სურათი: იგივე ფორმაში მყოფი, გამხდარი და ფერმკრთალი მოხუცი, ზუსტად იგივე სახით იდგა და საათს ისეთივე დაჟინებული მზერით შეჰყურებდა, როგორც წინა ორ შემთხვევაში. ამჯერად ალექსი შიშმა აიტანა. ნანახისგან განცვიფრებულს გონება აერია, ორიენტაცია დაკარგა და მას შემდეგ, რაც მოხუცს რამდენიმე მეტრის მანძილით გასცდა, ველოსიპედის წინა თვალი საგზაო ნიშნის ბოძს წამოსდო და იქვე, ტროტუარზე, საკმაოდ მტკივნეულად დაენარცხა. ალექსის წაქცევისგან გამოწვეულ ხმაურზე მოხუცი მისკენ შემოტრიალდა და როდესაც შეამჩნია, რომ ადამიანი ძირს ეგდო, მასთან მისვლა გადაწყვიტა. ალექსმა დაინახა, რომ მისთვის საკმაოდ უსიამოვნო და უკვე შიშისმომგვრელი მოხუცი მისკენ მოიწევდა, წამსვე გაუქრა ტკივილის გრძნობა, ფეხზე წამოხტა, ველოსიპედს შემოახტა და უკანმოუხედავად გაეცალა იქაურობას. მარჯვენა ფეხის არეში ტკივილსა და წვას გრძნობდა, მაგრამ სულაც არ აინტერესებდა ეს მდგომარეობა. შეუჩერებლად ატრიალებდა ველოსიპედის ორივე პედალს და კოლეჯისკენ მიქროდა. - ნუთუ ეს მოხუციც რაიმეს ნიშანია? უკვე მესამედ შევხვდი ამ ადაიამინს და სამივეჯერ ერთიდაიგივე ვითარებაში, - ფიქრობდა იგი. - ცისფერი წვეთები და კენტი რიცხვი; თუ ცისფერი წვეთები, კენტი რიცხვი და მოხუცი ერთდროულად? რომელზე უნდა ვიფიქრო? - შიშისაგან და დაღლილობისაგან გათანგულმა ალექსმა როგორც იქნა თავის სასწავლებელს მიაღწია. კოჭლობით აიარა კოლეჯის კიბეები და საკლასო ოთახში შევიდა. მეგობრებს ძალიან გაუხარდათ ალექსის ნახვა, თუმცა ალექსი მათ ყურადღებასაც არ აქცევდა. ნორმალურად არც კი მიესალმა, ისე დაჯდა თავის მერხთან. მისი სახის გამომეტყველებით ყველა მიხვდა, რომ ალექსი იმაზე მეტად იყო აფორიაქებული, ვიდრე წინა დღეებში. მასწავლებლებს საერთოდ არ უსმენდა. სულ სხვაგან იყო მისი გონება, ვიდრე ახალი სასწავლო მასალის ათვისება და დამატებითი ინფორმაციის მიღება. შინაგანად ძალიან მყარი ბუნების მქონე ალექსისთვისაც კი რთული აღმოჩნდა იმ ყველაფრის მიღება, რაც მის გარშემო ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდებოდა. - გავუძლებ, უსათუოდ გავუძლებ და ამ უცნაურობებზე გავიმაჯრვებ. ყველა საიდუმლოებას ამოვხსნი. მე ხომ ბრძოლა შემიძლია! - აგულიანებდა საკუთარ თავს ალექსი, მაგრამ ემოციები ძალიან მოაწვა და იძულებული გახდა, მასწავლებლისთვის ეთხოვა: - შეიძლება გარეთ გასვლა? მოსწავლეთათვის საკითხების ახსნაში გართულ მასწავლებელს გაუჭირდა მუშაობის შეწყვეტა და ბრაზმორეული სახით უპასუხა: - ალექს, ამ ბოლო დროს უცნაურად მეჩვენები. დღეს კი განსაკუთრებით. იქნებ ამიხსნა, რა ხდება? - არაფერი. უბრალოდ, კოლეჯისაკენ მომავალ გზაზე ველოსიპედით წავიქეცი. შარვალი და ფეხსაცმელი მტვრიანი მაქვს და ვიფიქრე, თავი მომეწესრიგებინა, - უპასუხა ალექსმა. - თუ ამის გარდა სხვა პრობმელები არ გაქვს, არაუშავს, - თქვა მასწავლებელმა და კარებისაკენ მიმავალ ალექსს ეჭვნარევი თვალები გააყოლა. ალექსმა დერეფნის ფანჯარა გამოაღო და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ის ცდოლობდა თავის დამშვიდებას და სიამაყე არ აძლევდა საშუალებას, რომ სისუსტე გამოევლინა. პარალელურად, წაქცევისაგან გამოწვეული დაზიანების ადგილზე ტკივილს ისევ გრძნობდა. ის დერეფნის ბოლოსკენ წავიდა და საპირფარეშოში შევიდა. ონკანიდან წყალი მოუშვა და დასვრილი ფეხსაცმელი გაიწმინდა. როდესაც შარვალს იწმენდდა, ტკივილმა იმატა და გადაწყვიტა, დაზიანებული ფეხისთვის შეეხედა. როდესაც მან შარვლის ტოტი მუხლებამდე აიწია, ნანახისგან სრული შოკი მიიღო, ფეხები მოეცალა და ჩაიკეცა: მას ჭრილობიდან ცისფერი სისხლი სდიოდა! - შეუძლებელია, წარმოუდგენელია! ცისფერი სისხლი?! საიდან?! - ალექს კომნენს ყვირილი მოუნდა, მაგრამ შეეცადა, თავი დაემშვიდებინა და შარვალი ნერვიულად გაისწორა. საპირფარეშოდან გიჟივით გამოვარდა და საკლასო ოთახის კარი შეაღო. - ბოდიშს გიხდით, ქალბატონო მადლენ, მაგრამ აუცილებლად სახლში უნდა წავიდე, - თქვა ალექსმა და პასუხსაც არ დაელოდა, ისე მიხურა კარები და თავქუდმოგლეჯილი კიბეებზე დაეშვა. გარბოდა შეუჩერებლად და უკანმოუხედავად. თითქოს ენერგიის მოზღვავება იგრძნო. ზუსტად ისეთი, როგორც ეს ადრე ხდებოდა. მანამ, სანამ მის თავს უცნაურობათა მთელი კასკადი გადაივლიდა. ქუჩის საათთან მიირბინა. შემოგარენი კარგად დაათვალიერა, თუმცა იქ ვერავინ შენიშნა. საათი 11-ს უჩვენებდა, ხოლო ციფერბლატზე 2024 წლის 11 მაისი იყო გამოსახული. იქ დიდი ხანი არ შეჩერებულა. სწრაფი ნაბიჯებით გზა სახლისკენ განაგრძო და როდესაც ეზოს შესასვლელთან მივიდა, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ველოსიპედი კოლეჯში დაავიწყდა. - უმნიშვნელო დეტალია, - გაიფიქრა მან და თავის ოთახში შევიდა. ლოგინზე ჩამოჯდა და დაიწყო ფიქრი. დრო უსასრულოდ მოეჩვენა, იმდენი ხანი იჯდა გაუნძრევლად. - თომასის ნიშანი ნამდვილად ეს იყო. ადამიანებს ხომ ჩვეულებრივ წითელი ფერის სისხლი აქვთ. მე კი ცისფერი აღმომაჩნდა. თუმცა აქამდეც მინახავს ჩემი სისხლის ფერი. მაშინ ის ჩვეულებრივი იყო. ახლა რა მოხდა? - ფიქრობდა იგი. - ისიც გასაგებია, თუ რას მიმალავდნენ მშობლები. სწორედ ამ უცნაურობას, მაგრამ რა შეიცვალა? როდის შეიცვალა? - კითხვათა მთელი წყება არ ასვენებდა ალექსს. დილიდან ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მხოლოდ თომასისთვის შეხედვით, მშობლებისთვის შეუმჩნევლად, მადლიერება გამოხატა მცირეწლოვანი ძმის მიმართ, რომელმაც მის სიცოცხლეში უმნიშვნელოვანესი დეტალისკენ მიანიშნა. არც ლეპტოპი ჩაურთავს და, შესაბამისად, არც მუსიკებისთვის მოუსმენია. მეგობრებისთვის მესიჯების მიწერა კი ისედაც კაი ხნის შეწყვეტილი ჰქონდა. ორივე ხელი ნიკაპქვეშ ამოედო და, საკუთარ მაგიდასთან მჯდომი, ფანჯრიდან ძალიან, ძალიან შორს იყურებოდა. რამდენ რამეზე არ იფიქრა, ცხოვრების რამდენი ეპიზოდი გაისხენა, ვინ მოთვლის. თუმცა რეალობა იყო ის, რაც საკუთარი თვალით დაინახა. ამ გახსენებაზე შარვალი მუხლამდე კვლავ აიწია და ჭრილობას ხელმეორედ შეხედა. - არაფერი შეცვლილა, სისხლი ნამდვილად ცისფერია, - თქვა მან და ფანჯარაში შორი მზერა განაგრძო. მეორე დღიდან ალექსისთვის ახალი საძიებელი საკითხი გახდა მნიშვნელოვანი. თუ მან უკვე იცოდა რას ნიშნავდა თომასის მიერ დახატული ცისფერი წვეთები, მას ჯერ კიდევ გასარკვევი ჰქონდა კენტი რიცხვების მნიშვნელობა. ამიტომაც მისთვის განსაკუთრებულად საყურადღებო გახდა ნებისმიერი კენტი რიცხვი: 1,3,5,7, და ა.შ. გარშემო ათვალიერებდა ყველაფერს, სადაც კენტი ციფრი იყო გამოსახული, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ ჩანდა. - უსათუოდ გამოჩნდება. ჯერ კიდევ გუშინ არც ცისფერ ლაქებთან დაკავშირებით მქონდა პასუხები, მაგრამ მარტივი შემთხვევითობით ყველაფერი გაირკვა. ასე იქნება კენტი რიცხვების შემთხვევაშიც, - ფიქრობდა ალექსი. მას შემდეგ, რაც საკუთარ განსაკუთრებულობაზე პასუხი ნაწილობრივ მაინც მიიღო, მის გონებაში მოულოდნელობით გამოწვეულ შიშსა და ემოციას გადაევლო. მან ოპტიმიზმით და მომავლის რწმენით აღვსილმა უშეღავათო ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ დამძიმებულ მდგომარეობას. ალექსი თანდათანობით უბრუნდებოდა ადრინდელ სრულფასოვნებას, რაც თავისთავად გამორიცხავდა გაბედულობაზე უარის თქმის შესაძლებლობას და დაბნეულობას. - იმაზე მეტი საზრუნავი რა უნდა გამაჩნდეს, ვიდრე ჩემ გარშემო არსებული საიდუმლოების ბოლომდე გაშიფვრა, - საკუთარ თავთან დიალოგს განაგრძობდა და მსგავსი მოტივაციის პარალელურად, ცდილობდა შედეგის მიღწევას. - უმჯობესია, მშობლების გარეშე მოვახერხო ამის გარკვევა. საკუთარი ყურით მოვისმინე, თუ რაოდენ მძიმეა ეს ყველაფერი მათთვის და არ მინდა, დამატებით ტკივილი მივაყენო მათ. ალბათ ისედაც რამდენი ინერვიულეს, როდესაც გაიგეს, რომ ცისფერი სისხლი მქონდა, - ფიქრობდა ალექსი. ამასობაში ფიქრსა და ბერკინჰამის ქუჩებში ხეტიალით გართულს შემოაღამდა. - ხვალ განვაგრძობ, - თქვა ალექსმა და სახლისკენ გაეშურა. სახლისკენ მიმავალს თვალში შესამჩნევად მოხვდა გარე განათების ბოძებზე მიყოლებით გაკრული ერთი და იგივე შინაარსის საინფორმაციო პლაკატები, რომელიც ბერკინჰამის მოსახლეობას სამარშრუტო ტაქსების კონკრეტული კომპანიით სარგებლობას ურჩევდა. პლაკატებზე მითითებული იყო სხვადასხვა ნომერი, თუმცა იმის გამო, რომ პლაკატები ბოძებზე შედარებით მაღლა იყო გაკრული, სრულად არ ჩანდა. - იქნებ ის ბოლო ციფრები, რომლებიც არ ჩანს, იყოს რაიმეს ნიშანი, - გაიფიქრა ალექსმა და ბოძზე აძვრა. პლაკატზე მითითებული ტელეფონის ნომრის ბოლო ციფრები ლუწი აღმოჩნდა და უკმაყოფილოდ დაბლა ჩამოსვლა დაიწყო. ამ დროს კი გუშინ დაცემისგან მიყენებულმა ჭრილობამ თავი კვლავ შეახსენა და ფეხის არეში ისევ წვა იგრძნო. - აუცილებლად უნდა შევიხვიო, - გაიფიქრა მან და სახლში მისულმა სააფთიაქო ყუთიდან ბამბა და ბინტი ჩუმად ამოიღო. ის იყო, ჭრილობა უნდა შეეხვია, დაინახა, რომ წინა დღესთან შედარებით, სისხლის ფერი ჩვეულებრივ, წითელი ფერის აღმოჩნდა. - უჰ, ეს დაუსრულებელი უცნაურობები. როგორ ხდება, რომ გუშინ ცისფერი სისხლი მქონდა, ხოლო დღეს, ჩვეულებრივ, წითელი? - გუშინ ხომ არ მომეჩვენა? ნამდვილად არა. ორჯერ ვნახე და აშკარად ცისფერი იყო, - თავისსავე კითხვებს თვითონვე პასუხობდა. - მოიცა, დღეს რა რიცხვია? 12. ე.ი. გუშინ 11 მაისი იყო, - დაფიქრდა ალექსი. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ, მას გონება გაუნათდა და ჩაილაპარაკა. - ვიპოვე! ვიპოვე პასუხი კენტ რიცხვებზე! 11 მაისს ცისფერი სისხლი მქონდა, ხოლო 12 მაისს წითელი სისხლი მაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი სისხლის უცნაური ფერი სწორედაც რომ დღის კენტ თარიღებს უკავშირდება! - ზუსტად ასეა, - დაასკვნა ალექსმა. - თომასის მინიშნება სრულფასოვნად ამოხსნილია. ცისფერი ლაქები ჩემს ცისფერ სისხლს უკავშირდება, ხოლო ფურცელზე ლაქების კენტი რაოდენობა და მშობლების მიერ კენტ რიცხვებზე განსაკუთრებული ხაზგასმა, უსათუოდ დღეების კენტ თარიღებს უკავშირდება! -იმსჯელა ალექსმა. მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ალექსი არ შემცდარა. მან ზუსტად გაშიფრა თომასის მინიშნებები ორივე ნაწილში. მიუხედავად დიდი სირთულეებისა და 15 წლის ყმაწვილისთვის საკმარისზე მეტი გამოწვევებისა, ალექსის ცხოვრების ბოლო პერიოდში გუშინდელი და დღევანდელი დღე მაინც პოზიტიურ მოვლენებად რჩებოდა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანმა მიიღო პასუხები მის არაორდინალურობასა და განსაკუთრებულობაზე. წინ სხვა კითხვებზე პასუხის ძიების დრო დგებოდა. იქამდე კი, უძილობითა და აფორიაქებული ცხოვრებით გადაღლილს, ღრმად ჩაეძინა. დილიდანვე იგრძნო, რომ ხასიათი ბევრად გამოუკეთდა და უკეთესი განწყობით შეხვდა დღეს. მთელი შაბათ-კვირა სახლიდან არ გასულა, ლეპტოპთან იჯდა და გუგლის გამოყენებით ცდილობდა საკუთარ უცნაურობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებას. - ვერაფრით ვიჯერებ, რომ ჩემი შემთხვევა სამედიცინო ანომალიაა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ნამდვილად არანაირი ჩივილები არ მაქვს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ძიება უნდა განვაგრძო, - ფიქრობდა ალექსი. „ცისფერი სისხლი“, „განსხვავებული სისხლის ფერით გამოწვეული ანომალია“! უამრავი სხვადასხვა სახის სიტყვათა კომბინაციას იყენებდა ინტერნეტში, თუმცა სასურველ შედეგს მაინც ვერ აღწევდა. „სისხლის დაავადებები“, მსგავსი ფრაზა ჩაწერა გუგლში, რომელმაც ათასობით ინფორმაცია ამოუყარა. საათობით კითხულობდა სხვადასხვა კვლევასა და სტატიას, მაგრამ მათ შორის მის შემთხვევასთან დაკავშირებული არაფერი იწერებოდა. - ნუთუ დედამიწაზე ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც განსხვავებული ფერის სისხლი გააჩნია. ცოტა არ იყოს, დაუჯერებელია! ასე განვლო დღეებმა და ორშაბათს კოლეჯში შედარებით დამშვიდებული წავიდა. მეგობრებმაც ნახვისთანავე შეამჩნიეს, რომ ალექსის განწყობა აშკარად გაუმჯობესებულიყო. სახე დაუწყნარდა და მისი ქცევები თანდათანობით იბრუნებდა ადეკვატურობას, მაგრამ მისი სიჯიუტიდან და შეუვალი ხასიათიდან გამომდინარე, მაინც არ უტყდებოდა საკუთარ თავს, რომ წინა დღეებში მეგობრებთან ზედმეტი მოსდიოდა. ამ საკითხზე თავადაც კრინტს არ ძრავდა და არც მეგობრები მიანიშნებდნენ. პირიქით, ყველა მათგანი მზრუნველობასა და სიყვარულს გამოხატავდა ალექსის მიმართ. - წინა დღეებში ძალიან გადაღლილი ვიყავი. ხომ არ გაქვთ სურვილი, რომ დღეს კალათბურთი ვითამაშოთ? - დიალოგი ალექსმა წამოიწყო. - დიდი სიამოვნებით. როგორც იქნა, ალექს, პირიდან ნანატრი სიტყვა - კალათბურთი დაგცდა, - ღიმილით უპასუხა ნოამ. სხვებიც სიხარულით აჰყვნენ და გაკვეთილების შემდეგ, ორიოდე საათი, დარბაზში გაატარეს. გარეთ რომ გამოვიდნენ, ჩვეულებრივ, კოლეჯის ეზოში მოწყობილ შადრევანთან გადაინაცვლეს. ყველას მოენატრა ერთად გატარებული დღეები და კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. - თქვენთან ერთი კითხვა მაქვს. ძალიან რთული სტატია წავიკითხე, უკვე აღარც მახსოვს, ინტერნეტში როგორ გადავეყარე. ამ სტატიაში საუბარი იყო განსხვავებული სისხლის ფერის მქონე ადამიანებზე. თქვენ ხომ არაფერი გსმენიათ ამის შესახებ? - ბუნებრივია, რომ საკუთარ თავზე თქმა ვერ გაბედა და ალექსმა გადაწყვიტა, ტყუილი ეთქვა. - ასეთ თემებზე საუბარი ჩემთვის საკმაოდ უსიამოვნოა, - თქვა ლილიანმა. - არა, არაფერი გვსმენია, - უპასუხეს სხვებმაც. - სისხლი არა მარტო ადამიანებში, არამედ ცხოველებსა და ფრინველებში, ქვეწარმავლებშიც ერთიდაიგივე ფერის არის, ალექს. - თავმომწონედ უპასუხა ადიმ, რომელსაც გულის სიღრმეში აწყობდა, რომ ალექსმა თავისი ჭკუით უაზრო კითხვა დასვა. - ეგ მეც კარგად ვიცი, ადი, უბრალოდ, სტატიის გამო ვიკითხე, - მიუგო ალექსმა. თუმცა მინდა გითხრა, რომ ცდები! სამყაროში მოიძებნებიან ზოგიერთი არსებები, რომლებსაც სისხლის განსხვავებული ფერი გააჩნიათ, - დასძინა ალექსმა, რის შემდეგაც შეცდომაში გამოჭერილმა ადიმ თავი უკმაყოფილოდ შეატრიალა. - მოიცა, მოიცა, ალექს, შეეშვი ასეთ თემებზე ინფორმაციის მოგროვებას. მემგონი, შენი ბოლოდროინდელი უხასიათობა, მსგავსი საკითხებით დაინტერესებას უკავშირდება, - ხუმრობა შეაპარა ჯოუმ. - ჯოუ, მე მშვენიერ ხასიათზე ვარ და შენ თუ რამე არ მოგწონს, ეს შენი პრობლემაა. თუ რამე გსმენიათ, თქვით ჰოო, თუ არა, ე.ი. არა. ძალიან მარტივი კითხვა დავსვი, - გაბრაზდა ალექსი. - აშკარად თემა უნდა შეიცვალოს, სალაპარაკოს მეტი რა გვაქვს? დიდი ხანია, არ გვისაუბრია, - ვითარება შეარბილა ელსიმ. - მოდი, პიტერს ვკითხოთ. პიტერ, რა ხდება შენს შემოქმედებაში? - ჰკითხა ჯეიმსმა. მთელი ამ საუბრის განმავლობაში პიტერი ხმას არ იღებდა და ღრმად ჩაფიქრებული, საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას მეგობრების დიალოგს. - რა მკითხეთ? - იკითხა პიტერმა. - აჰა, ხომ ვამბობ, პიტერი შეპყრობილია მხატვრობით და სხვა არაფერი აინტერესებს - მეთქი. რა ხდება შენს შემოქმედებაში - მეთქი, გეკითხები? -აგრძელებდა ჯეიმსი. - გონებაში რამეს დახატავს და ისე გვიპასუხებს, - ჩაეცინა ოლივიას. - მაინც ვერაფერს გაიგებთ და თქმას რა აზრი აქვს, - სპონტანურად წარმოთქვა პიტერმა. - ნეტავ რა უნდა იყოს ისეთი, რასაც ვერ გავიგებთ? - პიტერის პასუხი იუკადრისა ადიმ. - არაფერი, ადი. ისე ვთქვი, ბოდიში, - უპასუხა პიტერმა. - ბოდიშს მარტო ადის უხდი, თუ ყველას? - პიტერსა და ოლივიას შორის არსებულ ურთიერთობაზე მინიშნებით ჰკითხა ლილიანმა. პიტერს ცოტა მოერიდა კიდეც, რომ ადის ასე გამოყოფა გამოუვიდა დანარჩენებისგან, მაგრამ ეს არც არავის გაკვირვებია. - ალექს, შენ რაზე საუბრობდი? - იკითხა პიტერმა. - არაფერი, გაატარე, - უპასუხა ალექსმა. - უბრალოდ მაინტერესებს, იქნებ მე ვიცოდე პასუხი, - დაბნეულად ჰკითხა პიტერმა, რომელიც აღმოჩნდა, რომ მეგობრებთან სეირნობისას, ალექსის გვერდით მოდიოდა. ალექსს არ უნდოდა, რომ კითხვის გამეორება სხვებს გაეგოთ და პიტერს გადაუჩურჩულა. - ხომ არაფერი გსმენია განსხვავებული სისხლის ფერის ადამიანებზე? - არა ალექს, ნამდვილად არაფერი მსმენია. - ჩემი კითხვები სულ სხვა რამეს გულისხმობს, - ნაძალადევად გაიცინა პიტერმა. - სულ სხვას, რას? - დიდი ინტერესით იკითხა ალექსმა. - არაფერი, ალექს, გაატარე, - იგივე ფრაზებით შეეპასუხა პიტერი. აშკარა იყო, რომ ამ ორ ადამიანს ბევრი კითხვა და საფიქრალი დაუგროვდა, მაგრამ ვერცერთ მათგანს ვერ მიეღო გადაწყვეტილება, რომ ხმამაღლა ესაუბრათ ამ თემებზე. ალექსმა იცოდა საკუთარი საფიქრალის შესახებ, მაგრამ პიტერის წუხილთან დაკავშირებით, არა. პირიქით იყო პიტერიც. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მკითხველმა იცის ალექსის უცნაურობის შესახებ, ხოლო პიტერის უცნაურობის შესახებ - არა. ბოლოს, პიტერმა მაინც ვერ მოითმინა და ალექსს გადაულაპარაკა. - ალექს, შენ ჩემი უახლოესი მეგობარი ხარ. ამიტომაც ერთი უმნიშვნელოვანესი საიდუმლო უნდა გაგანდო. მარტო ვერ ვუმკლავდები ამ ყველაფერს. - რა საიდუმლო? - ჰკითხა ალექსმა. - ჩუ. ამას ვერ მოგიყვები, უნდა გაჩვენო. დღეს სახლში მეჩქარება. მოვილაპარაკეთ, რომ ხვალ აუცილებლად განახებ, - ხმადაბლა უთხრა პიტერმა. - თუ ასეა, მეც მაქვს შენთვის სათქმელი, პიტერ, - და ამ საუბარში შეამჩნიეს, რომ ისინი დანარჩენ მეგობრებს ჩამორჩნენ. - საზოგადოებაში ჩურჩული აკრძალულია, - დაუძახა ნოამ ცალკე მდგომ მეგობრებს. - დღეს მოვრჩით. ხვალ განვაგრძოთ, - თქვა ალექსმა და ორივე მათგანმა ნაბიჯებს აუჩქარა. ორივენი ხვალინდელი დღის მოლოდინით უკიდურესად დაინტერესებულნი შეერივნენ დანარჩენ მეგობრებს, რომლებსაც არანაირი საიდუმლოებები არ გააჩნდათ და მხიარულად განაგრძობდნენ საუბარს საკუთარ ყოველდღიურობაზე. ალექსი თითქოს ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ მისი განსხვავებული სისხლის ფერი სამედიცინო ანომალია იყო, მაგრამ პიტერთან საუბრის შემდეგ მასში კითხვებმა ხელახლა გაიღვიძა. - წარმოიდგინე, რომ პიტერსაც იგივე პრობლემა აღმოაჩნდეს? თუ ეს არა, მაშ რა აღელვებს ასე მწარედ? - ფიქრობდა თავისთვის ალექსი. - ისედაც ძალიან ბევრი საფიქრალი მაქვს. რაც იქნება, ის იქნება. ხვალ ყველაფერს გავიგებ, - საკუთარ თავთან საუბარი დაასრულა და დაელოდა მომდევნო დღეს. მეორე დღეს, გაკვეთილების შემდეგ, ალექსმა და პიტერმა ისე მოახერხეს, რომ დანარჩენი მეგობრები ჩამოიცილეს და განმარტოვდნენ. - ალექს, ჩემს თავს დიდი უცნაურობა ხდება, რისი ახსნის პოვნა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. - რა უცნაურობა? მითხარი, პიტერ! - ბოლო პერიოდში რაღაცნაირად პორტრეტების ხატვა ამოვიჩემე. ვიღებ მშობლების ფოტოებს, ასევე ინტერნეტში ვპოულობ სხვადასხვა ცნობილ ადამიანთა სურათებს და ვცდილობ, ქაღალდზე გადმოვიტანო. - და ამაში ცუდი, ან მითუმეტეს, უცნაური რა არის? - დამაცადე. ყველაფერს აგიხსნი. ოღონდ ჩვენს შორის უნდა დარჩეს. - ულაპარაკოდ, რა თქმა უნდა. - ჰოდა, ბოლო რამდენიმე დღეა ვხატავ ერთიდაიგივეს, ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანის პორტრეტს. წინ მიდევს აბსოლუტურად სხვა ადამიანების ფოტო და ვხატავ განსხვავებულ ვიღაცას. ვერ აგიხსნი, საკუთარი თვალით უნდა ნახო. - ეს როგორ ხდება? - გაკვირვებით მიუგო ალექსმა. - ჩემი ნების გარეშე. მესმის, რომ დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. - მოსწავლეები უკვე წავიდნენ და მოდი შევბრუნდეთ ჩვენს საკლასო ოთახში. შენ წინ დამიჯექი, მე დაგხატავ და ვნახოთ, ამჯერად რა გამოვა. კარგი? - წავიდეთ, - უპასუხა ალექსმა და ორივენი საკლასო ოთახში შევიდნენ. კარები კარგად მოხურეს და მოულოდნელი სტუმრებისაგან თავის დაზღვევის მიზნით, ორი სკამი კარებს მიადგეს. ეტყობოდა, რომ პიტერი დღევანდელი დღისთვის ემზადებოდა. მან სადგამი სახატავი დაფა გაშალა, ზედ სახატავი ქაღალდი დააფინა და ფანქარი მოიმარჯვა. - შენ აქ დაჯექი, - თქვა მან და ალექსი ოდნავ გვერდულად, წინ დაისვა, რათა ხატვის დროს მისი სახე კარგად გამოჩენილიყო. - ალექს, ძალიან ვნერვიულობ. ვშიშობ, რომ იგივე მოხდება. - საშიში არაფერია, პიტერ. დაიწყე! პიტერმაც დაიწყო! იგი არანორმალური სისწრაფით ხატავდა. თითქოს მას ვიღაც პულტის საშუალებით მართავდაო, ისე არაბუნებრივად იქცეოდა. ალექსს დაშტერებული თვალებით უყურებდა, ხოლო ფანქარს მექანიკურად აფხაკუნებდა ქაღალდზე. არც ერთხელ არ შეუხედავს საკუთარი ნახატისთვის, თითქოს წინასწარ იცოდა, რასაც ხატავდა. თანდათანობით, ხელის მოძრაობა ხელის კანკალში გადაეზარდა და სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა. თმები ყალყზე უდგებოდა. გაწითლდა და უცებ საუბარი დაიწყო. - ისევ იგივეა, ისევ იგივე! - განაგრძე, პიტერ, არ შეჩერდე! - ამხნევებდა ალექსი. პიტერიც აგრძელებდა ხატვას. მთელი სხეული ისე უხურდა, რომ პერანგის ღილები შეიხსნა. თავს ნერვიულად აქნევდა აქეთ-იქით. ოხრავდა და მუშაობის გაგრძელებას საკუთარ თავზე უდიდესი ძალდატანების ხარჯზე ახერხებდა. ბოლოსკენ ხატვის ტემპს უკლო. თანდათანობით მშვიდდებოდა. ხელის კანკალმაც გაუარა, სამუშაო ფანქარი დაფაზე ჩამოდო და ნახატიდან ნაბიჯით უკან გაიწია. მხოლოდ ახლა შეხედა მან საბოლოო შედეგს. რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა და წარმოთქვა: - ალექს, სამწუხაროდ, ვერც შენი პორტრეტი ვერ დავხატე. ისევ იგივე გამოვიდა. კვლავ ჩემთვის უცნობი ადამიანი დავხატე, - ეს ისე მძიმედ თქვა, რომ ენერგია გამოეცალა და სკამამდე ბარბაცით მივიდა. მას უკვე არაფრის კეთების თავი აღარ ჰქონდა. - პიტერ, ვერაფერი გავიგე. შეგიძლია ნახატი მანახო? პიტერი უსიტყვოდ წამოდგა და სახატავი დაფა ნახატიანად ალექსისკენ შემოატრიალა. - აჰა, ჩემი უცნაურობა. შეხედე! ნანახისგან განცვიფრებული ალექსი კინაღამ სკამიდან გადავარდა. როგორ წარმოდგენდა, რომ მას მერე, რაც საკუთარ თავს გადახდა, კიდევ რამე გააკვირვებდა. იგი თვალებს ვერ უჯერებდა. - ნუთუ, ამდენი სასწაული ერთი ადამიანის გარშემო მეტისმეტი არ არის?! - დაიყვირა ალექსმა. - ზუსტად ერთი-ერთშია. განსხვავება არ არის. დაუჯერებელია, შეუძლებელია! - მეტის მოთმენა უკვე აღარ შეეძლო და ალექსი ბოლო ხმაზე ყვიროდა. ალექსის შემხედვარე პიტერს საკუთარი უცნაურობა გადაავიწყდა. გაკვირვებული ისმენდა მის ყვირილს და არ იცოდა, რა ეფიქრა. - კი, მაგრამ შენ რაღა მოგივიდა ალექს? - იკითხა მან. - მე ვიცი, ვინც არის შენს ნახატზე გამოსახული. ვიციი, ნამდვილად ის არის! - დაიყვირა ალექსმა, ნახატს ხელი დაავლო და ოთახიდან გარეთ გავარდა. - შენ საიდან იცი? - კითხვის დასმა ვერ მოასწრო პიტერმა, ისე შურდულივით მიქროდა ალექსი. -მოიცადე, სად გარბიხარ, დამელოდე! - დაიყვირა პიტერმაც და ალექსს უკან დაედევნა. ერთი ამოსუნთქვით ჩაირიბინეს კიბეები, კოლეჯის ეზო გაირბინეს და ქუჩაში გავიდნენ. - ღმერთო ჩემო, რა მოხდა? შეგიძლია ამიხსნა? - დევნას არ წყვეტდა პიტერი, მაგრამ ვერაფრით ეწეოდა ალექსს. ალექსმა სკაივორგის ქუჩიდან კერგონის ქუჩაზე მარჯვნივ გადაუხვია და გზის მარცხენა მხარეს თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. იგივეს აკეთებდა პიტერიც. - მეტი აღარ შემიძლია, შეჩერდი! - ყვიროდა პიტერი. - შეჩერება არ შეიძლება, პიტერ, დაუყოვნებლივ უნდა მივიდე ქუჩის საათთან, -გამოსძახა ალექსმა. - მადლობა ღმერთს, რომ ცოტა მანძილი დარჩა, - გაიფიქრა პიტერმა და რაც შეეძლო სირბილს მოუმატა. ალექსმა და პიტერმა რამდენიმე წამის ინტერვალით მიირბინეს ქუჩის საათთან. ორივენი წელში მოხრილები ხელებით მუხლებს ეყრდნობოდნენ და გულის ამოვარდნამდე ქოშინებდნენ. - რისთვის ვირბინეთ ასე გამწარებულებმა? - როგორც იქნა წარმოთქვა პიტერმა. - სამწუხაროდ, ის არ დაგვხვდა, - უპასუხა ალექსმა. - ვინ არ დაგვხვდა? - ის მოხუცი, რომელიც შენ დახატე. აღმოჩნდა, რომ პიტერმა სწორედ ის მოხუცი დახატა, რომელსაც ალექსი ქუჩის საათთან რამდენჯერმე გადაეყარა. - ხუმრობ?! მე ვერ გამიგია, ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი და შენ საიდან უნდა იცოდე? - საქმეც მაგაშია, რომ ზუსტად ის არის, ვისაც არაერთხელ შევხვდი ამ ქუჩის საათთან. თან ძალიან უცნაურ გარემოებაში. - რამე ხომ არ გეჩვენება? - პირიქით, პიტერ, იმაზე უფრო ცხადად ჩანს ყველაფერი, ვიდრე წარმომედგინა. ბოლოს, ქუჩის საათის წინ მდგარ გრძელ სკამზე ჩამოსხდნენ, რათა ცოტათი დაესვენათ. - პიტერ, მესმის, რომ ვერაფერს ხვდები, მაგრამ დამიჯერე, რომ ყველაფერს აგიხსნი. - როდის ამიხსნი? - ცოტა დავისვენოთ, შემდეგ ბელსტოპის პარკში წავიდეთ და იქ მშვიდად ვისაუბროთ, - თქვა ალექსმა და რამდენიმე ხანში მეგობრებმა პარკში გადაინაცვლეს. - პიტერ, მე ცისფერი სისხლი მაქვს! - თქვა ალექსმა. პიტერმა ერთდროულად დაბნეული და განცვიფრებული თვალები შეავლო მეგობარს. - უკაცრავად, ალექს, მაგრამ ვერაფერი გავიგე. - ჰო, ჰო. ზუსტად ასეა. აღმოვაჩინე, რომ ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებსაც წითელი სისხლი აქვთ, მე ცისფერი სისხლი მაქვს! - კი, მაგრამ როგორ? - როგორც ჩანს, ასეთი დავიბადე, - უთხრა ალექსმა და პიტერს სიტყვასიტყვით მოუყვა ყველაფერი, რაც მშობლების დიალოგიდან გაიგო. - როგორ მიხვდი? - საქმეც იმაშია, რომ შენ ზუსტად ის ადამიანი დახატე, პიტერ, რომლის ნახვისაც ძალიან შემეშინდა, ველოსიპედით წავიქეცი და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჭრილობიდან ცისფერი სისხლი მდიოდა. - გამახსენდა. ველოსიპედით რომ წაიქეცი, იმ დღეს ძალიან გაფითრებული სახე გქონდა. ეტყობა ამ ამბავს ნერვიულობდი, ხომ? - არა, იმ მომენტში უცნაურ მოხუცთან მორიგი შეხვედრის გამო ვნერვიულობდი. ცოტა მოგვიანებით, საპირფარეშოში აღმოვაჩინე ჩემი უცნაურობა, - თქვა ალექსმა და მოხუცთან შეხვედრების შესახებ მოუყვა. ასევე, უთხრა თომასის მიერ დახატული ცისფერი ლაქების შესახებაც, რომელიც წინ უძღოდა ამ ყველაფერს. - ჰო მართლა. თან, ცისფერი სისხლი მხოლოდ კენტი რიცხვის დღეებში გამაჩნია. ალექსმა ამომწურავად უამბო ყველაფერი უახლოეს მეგობარს, რაც უნდა ეთქვა და შვებით ამოისუნთქა. საიდუმლოებების გულში შენახვით დამძიმებულს, ცოტათი მოეშვა. დიდი ხანი უსიტყვოდ ისხდნენ მეგობრები ერთმანეთის გვერდიგვერდ. ორივე მათგანი საკუთარ უცნაურობასა და საერთო გასაჭირზე ფიქრობდა. - გამოდის, რომ თომასის და ჩემი ნახატები მინიშნებებია, - სიჩუმე პირველმა პიტერმა დაარღვია. - მეც ასე მგონია. ამიტომაც მოხუცთან შეხვედრა არ უნდა გადავდოთ, - უპასუხა ალექსმა. - ისე თუ მოხდა, რომ მოხუცი არ გამოჩნდეს? მაშინ რა უნდა ვქნათ? - უნდა ვცადოთ. მე ვიცი, როდის უნდა მოვიდეთ ქუჩის საათთან. - როდის? - დილით ადრე, დაახლოებით 09:00 საათზე. რამდენჯერაც შევხვდი მას, ეს მუდმივად მაშინ ხდებოდა, როდესაც მე კოლეჯში მივდიოდი, - თქვა ალექსმა. - მაშ, ხვალ დილით 09:00 საათზე საათთან უნდა შევიკრიბოთ ხომ? - აუცილებლად, - უპასუხა მეგობარმა და გადაწყვიტეს, სახლებში წასულიყვნენ. აშკარა იყო, რომ დღეიდან მეგობრებს საერთო საზრუნავი გაუჩნდათ და ორივე მათგანი მზად იყო, რომ, თუ საჭირო გახდებოდა, თავგადასავალის ძიებაშიც არ მიატოვებდნენ ერთმანეთს. მეორე დღეს 09:00 საათზე ალექსი და პიტერი ქუჩის საათთან შეხვდნენ ერთმანეთს. - აჯობებს, ცოტა მოშორებით დავდგეთ და ისე დავაკვირდეთ აქაურობას, - თქვა ალექსმა და კერგონის ქუჩას რამდენიმე ათეული მეტრით დაბლა, კოლეჯის მიმართულებით ჩაუყვნენ. მოუთმენლობისგან ორივე მათგანი ბოლთას სცემდა. ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით აქეთ-იქით მოძრაობდნენ. წამდაუწუმ საათისკენ იცქირებოდნენ, მაგრამ მოხუცი ჯერჯერობით არ ჩანდა. - ნეტავ თუ მოვა? - ფიქრობდნენ მეგობრები. გახდა 09:30 და მდგომარეობა უცვლელი იყო. - ალექს, ზუსტი დრო არ გახსოვს? რომელ საათზე ნახე იგი? - ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ კოლეჯისკენ მიმავალ გზაზე, დაახლოებით ასეთ დროს გამოვივლი ხოლმე. ჯერ დაველოდოთ. თუ 10 საათამდე არ გამოჩნდება, მის საპოვნელად სხვა გზას უნდა მივმართოთ, - უპასუხა ალექსმა. ამ საუბარში გარკვეულმა დრომ განვლო, როდესაც ალექსი ხეს ამოეფარა და პიტერსაც ანიშნა, იგივე გაეკეთებინა. - აი, ისიც გამოჩნდა. - აბა სად ხედავ? - აი, მეორე მხრიდან გზაჯვარედინზე გადმოდის, - ალექსმა საჩვენებელი თითი მოხუცისკენ გაიშვირა, რომელიც ოდნავი კოჭლობით, მწვანე შუქნიშანზე ქუჩის სააათის მიმართულებით კვეთდა გზაჯვარედინს. პიტერმა შორიდან ვერ მოახერხა მოხუცის სახის გარკვევით დანახვა და მასთან ერთად ხეს ამოფარებულ ალექსს გადაულაპარაკა: - მისი სახე არ ჩანს, ცოტა ახლოს ხომ არ მივიდეთ? - პიტერ, შეგიძლია მენდო. ახლა მთავარია, მის მოქმედებებს დავაკვირდეთ და შემდეგ, მისი საცხოვრებელი ადგილი დავადგინოთ. - კარგი, შევთანხმდით. გენდობი. მოხუცი ჩვეულებრივ მივიდა ქუჩის საათთან, როგორც წინა შემთხვევებში და ზუსტად იგივენაირად, დაჟინებული მზერა მიაპყრო საათსა და მის ქვეშ განთავსებულ ციფერბლატს. ასე გაუნძრევლად იდგა იგი 10:00 საათამდე, 15 წუთის განმავლობაში და მას შემდეგ, რაც იქ მისთვის საინტერესო ვერაფერი ნახა, გარშემო მიმოიხედა და იგივე მიმართულებას გაუყვა, რომლითაც ამ ადგილას მოვიდა. მოხუცმა სვლა მაზროკის ქუჩის მიმართულებით განაგრძო. დადუმებული მეგობრები მიხვდნენ, რომ მოხუცს თვალსაწიერიდან კარგავდნენ და ამიტომაც სწრაფად დაიწყეს მოქმედება. მალულად, სხვადასხვა ხეებს ამოფარებულები, შორიახლოს მიყვებოდნენ მათთვის სრულიად უცხო, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვან ადამიანს. მოხუცს უკან ერთხელაც არ მოუხედავს. ნელა და კოჭლობით აგრძელებდა გზას მაზროკის ქუჩის გასწვრივ, მოასფალტებულ ტროტუარზე. მან 37 ნომერ შენობასთან მარჯვნივ მოუხვია, კიბეებზე ავიდა და საცხოვრებელი სახლის კარებზე დამაგრებული რკინის დასაკაკუნებელი ძლიერად ჩამოკრა. კარებიც გაიღო და ის სახლში შევიდა. მეგობრებმა ფრთხილი ნაბიჯებით აიარეს იგივე კიბეები, შესასვლელში მითითებული მასპინძლის სახელი და გვარი წაიკითხეს და სწრაფად გაეცალნენ იქაურობას. - სახლი ვიცით, სახელი და გვარიც ვიცით. ახლა კი დროა, შიგნით შევიდეთ, - თქვა ალექსმა, რომელსაც ძალიან ეჩქარებოდა ყველაფრის გარკვევა, რაც მასთან და პიტერთან დაკავშირებით ხდებოდა. - მოიცა, ალექს, ნუ ვიჩქარებთ. ცოტა გავისეირნოთ და მერე მოვიდეთ. იქამდე კი საკუთარ გონებაში ყველაფერი დავალაგოთ. მგონია, რომ რთული საუბარი გველის და ამისთვის ფსიქოლოგიურად შევემზადოთ, - ურჩია პიტერმა. - მართალი ხარ, გეთანხმები. ვფიქრობ, დღეს ჩვენი უცნაურობების გარშემო ბევრი რამ გაირკვევა. შეუძლებელია, რომ მოვლენათა ასეთი ჯაჭვი შემთხვევითობა იყოს. კარგა ხანს იხეტიალეს მაზროკის ქუჩის გარშემო და გადაწყვიტეს, უცნაურ მოხუცთან შესახვედრად სახლში შესულიყვნენ. კარებთან მდგომებმა იმედიანი თვალებით გადახედეს ერთმანეთს, ღრმად ჩაისუნთქეს და ალექსმა მოხუცის მსგავსად რკინის დასაკაკუნებელი ძლიერად ჩამოკრა. დრო საუკუნედ გადაიქცა, არადა კარები მალევე გაიღო. - უკაცრავად, ქალბატონო, ბატონ ჰაროლდ მაკორმაკთან ვართ! - უთხრა ალექსმა ხანშიშესულ ქალს, რომელმაც კარები გააღო. იგი, ჰაროლდის მეუღლე - შარლოტ მაკორმაკი გახლდათ. შარლოტს ერთი ხელით კარების სახელური ეჭირა, მეორე ხელით კი დოინჯი ჰქონდა შემორტყმული. თმებგაშლილმა და ფართოწარბებიანმა ქერა ქალმა სათვალეები ჩამოიწია და სტუმრებს უსიამოვნოდ გადმოხედა: - ყმაწვილებო, თქვენ აშკარად არ მეცნობით. ჰაროლდს საიდან იცნობთ და რა გნებავთ მასთან? ის იყო, რომ ალექსს უნდა ეთქვა მასთან სასწრაფო საქმე გვაქვსო, რომ სახლის სიღრმიდან მამაკაცის ხმა მოესმათ. - შარლოტ, ვინ არის კარებთან? - ვიღაც ჩვენთვის სრულიად უცხო ბავშვები არიან, - უპასუხა შარლოტმა. - შემოუშვი, - სამივემ ნათქვამი გარკვევით გაიგონა. უკმაყოფილო შარლოტმა ზანტად ჩაიწია გვერდზე და მეგობრები სახლში შემოუშვა. ისინი მაღალჭერიან მისაღებ ოთახში შევიდნენ, რომლის ცენტრშიც ძველისძველი ჭაღი ეკიდა და რომლის ნათურათა უმრავლესობა გადამწვარიყო. შესაბამისად, ისედაც მუქი კედლებით შემოფარგლული ოთახი საკმაოდ ჩაბნელებულიყო. ეტყობოდა, რომ მისაღებ ოთახში განთავსებული ავეჯის დიდი ნაწილი ანტიკვარული იყო, მაგრამ მოუვლელობისგან იქაურობას მტვერი და აბლაბუდა ჰქონდა მოდებული. მეგობრებმა ოთახის შუაგულში, სავარძლებსა და მაგიდას შორის ჩაიარეს და ინსტინქტურად მარცხენა მხარეს წავიდნენ, რადგანაც სწორედ ამ მიმართულებიდან მოესმათ მოხუცის საუბარი, რომელიც დიდი ალბათობით ჰაროლდ მაკორმაკი უნდა ყოფილიყო. ისინი მისაღები ოთახის მარცხენა მხარეს მდებარე ოთახში შევიდნენ, რომლის კარები ისედაც ღია დახვდათ. ეს ოთახი უშველებელი ზომის ბიბლიოთეკა აღმოჩნდა, რომლის გარშემოც კედლები მთლიანად თაროებითა და წიგნებით იყო დაფარული. ოთახის შუაში ოვალური და მოგრძო ტიპის ძველებური მაგიდა იდგა. მაგიდაზე კი წიგნები, ფურცლები და სხვადასხვა ზომის რუქები იყო მიმოფანტული ისე, რომ ზედაპირზე ცარიელ ადგილს ვერც ნახავდით. ბიბლიოთეკაში შესულ ალექსს და პიტერს კარების საპირისპირო მხარეს მათკენ ზურგით მდგომი ადამიანი დახვდათ, რომელიც ფეხშიშველი, გახსნილი ფრაკით იდგა და ხმას არ იღებდა. არც შემობრუნება უცდია. უსიამოვნო და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომლის დროსაც მეგობრებმა ერთმანეთს მხარი რამდენჯერმე გაჰკრეს, არა შენ დაიწყე საუბარი, არა - შენო. - უკაცრავად, თქვენი სახელი და გვარი კარებზე აბრიდან ამოვიკითხეთ. სახლამდე კი ქუჩის საათიდან გამოგყევით. თქვენ ბატონი ჰაროლდ მაკორმაკი ბრძანდებით? - როგორც იქნა, ალექსმა საუბარი დაიწყო. პასუხი არ ჩანდა, ხოლო მეგობრები, მსგავს უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩენილები, მხრებს იჩეჩავდნენ და იშმუშნებოდნენ. - აჯობებს, პირდაპირ ვთქვა ჩემ შესახებ. შესაძლოა ამას ელოდება, - გაიფიქრა ალექსმა და თქვა: - ბატონო ჰაროლდ, მე ცისფერსისხლიანი ალექს კომნენი ვარ! პიტერმა ჩათვალა, რომ ასე იყო საჭირო და ალექსის მიერ ფრაზის დასრულებისთანავე წარმოთქვა: - მე კი უცნაური მხატვარი პიტერ ლივინგი გახლავართ! ისევ სიჩუმემ დაისადგურა. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით, რომ მეგობრებისკენ ზურგით მდგომი ადამიანი წიგნების თაროს მოშორდა, მაგიდისკენ გამოიწია და თანდათანობით, პირით ყმაწვილებისკენ შემობრუნება დაიწყო. ფრაკის ქვეშ მოხუცს იგივე თეთრი პერანგი და შავი სმოკინგი ეცვა. ამჯერად ბაფთა არ ეკეთა. ჭაღარაწვერებიან, ასევე ჭაღარა, გაბურძგნული თმებით, ძალიან გამხდარ და ფერმკრთალ მოხუცს ახლო მანძილიდან ნახვისას შუბლზე და თვალების ქვეშ გრძელი და მოკლე ნაოჭები ემატებოდა, რამაც მეგობრების გონებაში არსებული შიშის გრძნობა და დაზაფრულობა გააასმაგა. მაგრამ ალექსი ხვდებოდა, რომ მიუხედავად შიშისა, ისინი აქ უნდა მოსულიყვნენ და მოახერხა, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა, როდესაც დარწმუნდა, რომ იგი ნამდვილად ის მოხუცი გახლდათ, რომელიც ქუჩის საათთან ხვდებოდა მას. ხოლო პიტერი, რომელმაც მოხუცის სახე დაინახა, შეკრთა და უკან, კარებისკენ გადახტა. მას სახლიდან გაქცევა უნდოდა, მაგრამ ალექსმა მარცხენა მკლავში ხელი ჩაავლო და თავისკენ მოქაჩა. - მშვიდად, პიტერ! ჩემთან იდექი და ყველაფერს ერთად გავარკვევთ! - ალექს, წარმოუდგენელია! ნამდვილად ამ ადამიანს ვხატავ, მაგრამ რატომ? მე ხომ ის არასოდეს მინახავს, - ჩურჩულებდა პიტერი და ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა. - სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ ყველაფერი გავარკვიოთ! დაამშვიდა ალექსმა. პარალელურად კი მოხუცი ხმას არ იღებდა. იგი ყურადღებით აკვირდებოდა მეგობრებს და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთში ჩურჩულით საუბრობდნენ, მათი საუბრის შინაარსი მაინც გაიგო. - ნახატი მანახეთ! - მკაცრად თქვა მოხუცმა, რომელიც მაგიდის გასწვრივ მიმოდიოდა და სტუმრებისკენ არც კი იხედებოდა. ალექსმა დაკეცილი ნახატი პატრონს დაუბრუნა და უთხრა: - აჰა, პიტერ, ეს შენ უნდა მიაწოდო! პიტერმა ხელების კანკალით ნახატი გამოართვა და მაგიდაზე გაშალა, რომ მოხუცს კარგად შეეხედა. მოხუცი ნახატის შეხედვას არ ჩქარობდა. იგი სიარულს განაგრძობდა. - პორტრეტების ხატვა შეგძლებია, მგავს, - თქვა მოხუცმა და გაკვირვებულმა მეგობრებმა ერთმანეთს გადახედეს. როგორც ჩანს, მეგობრებისთვის შეუმჩნევლად მოხუცს პიტერის ნახატი აქეთ-იქით სიარულის დროს უკვე დაეთვალიერებინა. - გიკვირთ როდის მოვახერხე ნახატის ნახვა, ხომ? ამისთვის თავის ტრიალი არ არის საჭირო. თვალების მოძრაობაც საკმარისია, - თქვა მოხუცმა, რომელიც მეგობრების აზრებს კარგად ხვდებოდა. - ბოდიში, ჩვენ გითხარით ჩვენი ვინაობა. იქნებ გვიპასუხოთ, თქვენ ჰაროლდ მაკორმაკი ბრძანდებით? - კითხვა გაიმეორა ალექსმა. - დაუშვათ, ჰაროლდ მაკორმაკი ვარ, შემდეგ? - მოხუცმა საუბრის გაგრძელების საშუალება მისცა მათ. - არაფერი. უბრალოდ კომფორტულია, როდესაც მასპინძლის ვინაობა იცი. ასე უფრო ადვილია საუბარი, - გაიღიმა ალექსმა და უხერხულობისგან თავი გვერდზე მიატრიალა. - ე.ი. შენ ცისფერსისხლიანი ხარ, ხოლო შენ უცნაური მხატვარი, არა? - იკითხა მოხუცმა და პირველად ალექსს შეხედა, შემდეგ - პიტერს. - ზუსტად ასეა, - უპასუხეს მეგობრებმა. - კარგი. ხვალ 09:30-ზე ქუჩის საათთან შევხვდებით, - თქვა მოხუცმა და ისევ წიგნებისკენ შეტრიალდა. - კი, მაგრამ, ბატონო ჰაროლდ, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს ...! - მე მგონი გასაგებად ვთქვი, რომ ხვალ 09:30-ზე შევხვდებით კედლის საათთან - მეთქი! - განრისხებული სახით შემობრუნებულმა მოხუცმა ალექსს საუბარი გააწყვეტინა. - წავედით, ალექს, სანამ დაგვერევა, - შეშინებული პიტერი ალექსს გასასვლელისკენ ექაჩებოდა. - მაცადე, - იშორებდა ალექსი. - გასაგებია, ბატონო ჰაროლდ. ხვალ 09:30 საათზე საათთან შევხვდებით ერთმანეთს, - თქვა ალექსმა და გასასვლელისკენ სირბილით მიმავალ პიტერს უკან გაედევნა. ბიბლიოთეკის კარებთან შეჩერდა, მოხუცს შემოუბუნდა და უთხრა: - ბატონო ჰაროლდ, სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა. ეს იმდენად არაბუნებრივად გამოუვიდა, რომ მიხვდა, მსგავსი სიტყვები არ უნდა გამოეყენებინა, მაგრამ უკვე ნათქვამი ჰქონდა და ვერაფერს შეცვლიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ალექსი მოხუცისგან უპასუხოდ დარჩა. - რა საშინელი ვინმეა, - თქვა პიტერმა როგორც კი მეგობრები ქუჩაში გამოვიდნენ. - გეთანხმები, ნამდვილად ასეა, - უპასუხა მოხუცთან ვიზიტით ჩაფიქრებულმა ალექსმა, რომელიც ხვალინდელი შეხვედრის აზრს ვერ ხვდებოდა. - შენი არ ვიცი და მე ამ ბოროტ ბებერთან შეხვედრას ნამდვილად არ ვაპირებ, - აგრძელებდა მოხუცთან შეხვედრის გამო უკიდურესად შეშინებული და გაბრაზებული პიტერი. - მისმინე, პიტერ, როგორ გგონია, მე მიხარია ამ ადამიანთან შეხვედრა? მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ვფიქრობ, არც შენ გაქვს სხვა გზა, ვიდრე ჰაროლდთან ურთიერთობის გაგრძელებაა. იქნებ რამე გავიგოთ ჩვენ შესახებ, - ხვალინდელი შეხვედრის მნიშვნელობაში არწმუნებდა ალექსი. - კი, მაგრამ მას ხმა არ ამოუღია. მხოლოდ მისი აქეთ-იქით საიარულისა და ორი სიტყვის გარდა საინტერესო არაფერი მომხდარა. - მესმის შენი. მეც ვერ გავიგე ვერაფერი, მაგრამ არც ისე არ იყო, რომ არაფერი თქვა. შენმა ნახატმა დააინტერესა და ჩვენი უცნაურობებიც იკითხა. იქნებ, ხვალ უფრო მეტი რამ გვკითხოს, - ამბობდა ალექსი. - საერთოდ დავანებებ ხატვას თავს და უცნაურობასაც დავივიწყებ. მირჩევნია, ჩემს საყვარელს საქმეს დავანებო თავი, ვიდრე ჰაროლდს ხელმეორედ შევხვდე, - პიტერი ჯიუტად იდგა თავის ნათქვამზე. - პიტერ, ღვთის გულისათვის, დარწმუნებული ხარ, რომ საყვარელ საქმეზე უარის თქმა სჯობს ჰაროლდთან შეხვედრას?! პიტერმა ალექსის კითხვაზე მკაფიო თანხმობა ვერ გამოხატა. იგი ორჭოფობდა. ამით შეგულიანებული ალექსი აგრძელებდა პიტერის გადარწმუნებას. - შევთანხმდით. ხვალ 09:30-ზე ქუჩის საათთან ვხვდებით, - თქვა ალექსმა და პიტერს ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა. პიტერმა უყურა ალექსის გაწვდილს ხელს, უყურა და ბოლოს ნაძალადევად უპასუხა: - კაი, ჰოო. შენი და მხატვრობის ხათრით, - თქვა და ალექსს ხელი ჩამოართვა. მეორე დღეს, დათქმულ დროს, ალექსი და პიტერი ქუჩის საათთან მივიდნენ. მოხუცი უკვე მოსულიყო და ქუჩის საათის მოპირდაპირედ, უსიტყვოდ და გაუნძრევლად იდგა. მეგობრებმა მისალმებაც ვერ გაბედეს. ალექსი მარცხნივ, პიტერი მარჯვნივ ამოუდგნენ გაშეშებულ მოხუცს და მათაც კედლის საათსა და ციფერბლატს გაჟინებული მზერა მიაპყრეს. - ნეტა რა აინტერესებს? - ფიქრობდნენ მეგობრები, რომლებიც უკვე რამდენიმე წუთი იდგნენ და მოხუცის ქმედებებში აზრიანს ვერაფერს კითხულობდნენ. 09:45 წუთზე ციფრულ ეკრანზე ყველა სხვა ნაწერი წაიშალა და ასეთი ფრაზა გამოჩნდა: „ჰაროლდ, ის მოვიდა!“ ნანახით აღტაცებულმა მოხუცმა მის გვერდზე მყოფ ყმაწვილებს გადახედა და ჰკითხა: - ტაბლოზე თქვენც იგივე ნაწერს ხედავთ, რასაც მე, თუ მეჩვენება? - ბატონო ჰაროლდ, აშკარად თქვენი სახელი წერია, - უპასუხა ალექსმა. - სრულად წაიკითხეთ, რას ხედავთ ეკრანზე?! - დაჟინებულად თქვა მოხუცმა. - „ჰაროლდ, ის მოვიდა!“ ციფერბლატზე აღნიშნული წარწერა ერთდროულად წაიკითხეს მეგობრებმა. მოხუცი ყოველ წამში ნერწყვს ყლაპავდა და თვალებს ელვისებურად ახამხამებდა. თანდათანობით მის დაძაბულ და პირქუშ სახის გამომეტყველებას სიმშვიდე უბრუნდებოდა. მას სახე უნათდებოდა. უცებ მოხუცმა ყავარჯენი ხელიდან გააგდო და ორივე ყმაწვილს მხრებზე ხელები შემოხვია. შემდეგ ხელები ჩამოუშვა და მუხლებზე დაიჩოქა. - როგორც იქნა. ღმერთმანი, როგორც იქნა! - სიხარულისა და სიმწრის ნარევი ხმით წარმოთქვა მოხუცმა. მეგობრები უყურებდნენ მუხლმოყრილ მოხუცს და ვერაფერს ხვდებოდნენ. აშკარა იყო, რომ მისი მოღუშული და ამ წუთას არაფრისმთქმელი სახის მიღმა მგრძნობიარე და მეტად ადამიანური გამომეტყველება გამოკრთოდა. - ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ შვება ვიგრძენი! - თქვა მოხუცმა, ფეხზე წამოდგა და ორივეს გადაეხვია. - ახლა კი სახლში წავიდეთ. შარლოტი ორცხობილებით გაგვიმასპინძლდება, - თქვა მან და მეგობრებთან ერთად სახლისკენ გაეშურა. ალექსი და პიტერი უსიტყვოდ უკან მიჰყვებოდნენ მოხუცს. ყველაფერი ბუნდოვანი ჩანდა. მათთვის გაუგებარი იყო, რამ გამოიწვია მოხუცის ასეთი ცვლილება უკეთესობისკენ და რას ნიშნავდა ციფერბლატზე გამოსახული წარწერა. - შარლოტ! წლებია ფიქრობ, რომ მე ჭკუიდან შევიშალე, მაგრამ მე ჯიუტად განვაგრძობდი ლოდინს. ჰოდა, ჩემი მოლოდინები გამართლდა. ის ჩემთან მოვიდა! - სახლში შესული მოხუცი ნანახის გამო აღტაცებას ვერ მალავდა. - ვინ მოვიდა? - გაკვირვებით იკითხა შარლოტმა. - ამას აუცილებლად გავარკვევთ. შენ კი, გთხოვ, რომ ორცხობილები და ფორთოხლის წვენი მოგვართვა, - გაეპასუხა მოხუცი და მეგობრებს ბიბლიოთეკაში შეუძღვა. მას ენერგია მოემატა. მისი განწყობა გუშინდელთან შედარებით სრულიად საპირისპირო იყო. იგი ყმაწვილების მიმართ მზრუნველობასა და თანადგომას გამოხატავდა. ყველანი მაგიდას მიუსხდნენ და მათთვის ცხოვრების მანძილზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საუბარი დაიწყო. მას შემდეგ, რაც მოხუცმა გულმოდგინედ მოისმინა ალექსისა და პიტერის ისტორიები, გადაწყვიტა, რომ თავადაც მოეყოლა თავის გარშემო შექმნილი უცნაურობის შესახებ. - იდგა 2008 წლის 19 სექტემბერი. თარიღი ზუსტად მახსოვს, არ დამავიწყდება. მე ჩემს მეგობარს ქუჩის საათის წინ ველოდებოდი. ის იგვიანებდა და გადავწყვიტე, მის მოსვლამდე გაზეთი წამეკითხა. კარგა ხნის შემდეგ დროის გადამოწმება ვცადე, სკამიდან წამოვდექი, საათს მივუახლოვდი და შევხედე. არ დამავიწყდება, რომ საათი 09:45-ს აჩვენებდა, რა დროსაც მონიტორზე ყველა ნაწერი წაიშალა და დაეწერა: - ჰაროლდ, ელოდე რჩეულს! - ვიფიქრე, რომ გაზეთის კითხვის გამო თვალები დამეღალა და მოვიფშვნიტე. ხელმეორედ შევხედე ნაწერს და იქ გარკვევით, ზუსტად ეს ფრაზა ეწერა: - ჰაროლდ, ელოდე რჩეულს! - მას შემდეგ 15 წელი გავიდა. ყოველ დილით მოვდიოდი ქუჩის საათთან და ჯიუტად ველოდებოდი, რომ ციფერბლატზე რაღაც დაეწერებოდა, რომელიც მომცემდა საშუალებას, რომ იმ დღეს შექმნილი უცნაურობა ამომეხსნა. ჰოდა, თქვენი გამოჩენის შემდეგ, ზუსტად იგივე დროს, 09:45 საათზე მივიღე მორიგი მინიშნება, რომელიც თქვენც კარგად დაინახეთ: - ჰაროლდ, ის მოვიდა! - ბატონო ჰაროლდ, - კითხვის დასმა უნდოდა ალექსს, მაგრამ მოხუცმა დაასწრო: - ალექს, პიტერ! გთხოვთ, რომ ამ წუთიდან უბრალოდ ჰაროლდი დამიძახოთ. - გასაგებია. იქნებ გაიმეოროთ, პირველად როდის ნახეთ ქუჩის საათზე წარწერა? - კითხვა დაასრულა ალექსმა. - 2008 წლის 19 სექტემბერს, - მიუგო ჰაროლდმა. - საოცარია, სწორედ ამ დღეს დავიბადე, - თქვა ალექსმა და სამივემ ერთმანეთს გადახედეს. - რას ამბობ? ე.ი. იმ დღეს მინიშნება შემთხვევით არ მინახავს. თურმე ამ დღეს სწორედ რომ შენ, სხვებისგან გამორჩეული ადამიანი დაიბადე, - წარმოთქვა აღტაცებულმა ჰაროლდმა და ფეხზე წამოხტა. - ვერაფერი გავიგე, - თქვა ალექსმა. დამუნჯებული პიტერი კი ადგილიდან არ განძრეულა. - რა ვერ გაიგე, ალექს? - ჩაურთო ჰაროლდმა სიტყვა. - შენ ხარ ცისფერსისხლიანი რჩეული! შენ ხარ პლანეტაზე მცხოვრებ მილიარდობით ადამიანთა შორის ერთადერთი, რომელსაც განსხვავებული ფერის სისხლი გიდუღს ძარღვებში! - მე კი მგონია, რომ ეს სამედიცინო ანომალიაა და სხვა არაფერი, - პასუხობდა ალექსი. - შეუძლებელია. არავითარი ანომალია. ჩემი გამოცდილება მაძლევს საშუალებას, რომ დავასკვნა: შენ ხარ რჩეული, რომელსაც მისია გაგაჩნია და ეს მისია აუცილებლად უნდა შესრულდეს. შენი ძმა თომასი არის ადამიანი, რომელმაც მოგცა მინიშნება და შეგაძლებინა შენი განსაკუთრებულობა აღმოგეჩინა. პიტერის უცნაურმა პორტრეტების ხატვამ კი შეგაძლებინა, რომ ჩემთან მოსულიყავი. - ვინ ვარ მე?! მე ვარ არქივარიუსი, რომელსაც მთელი ცხოვრება წიგნებთან, ხელოვნების ნიმუშებთან და რუქებთან მაქვს გატარებული და ციფერბლატზე 15 წლის წინ და დღეს გამოსახული წარწერები არის მინიშნება, რათა დაგეხმარო მისიის პოვნაში, - თქვა მოხუცმა და საკუთარი ანალიზით კმაყოფილი, ისევ დაუბრუნდა მაგიდას. - კი, მაგრამ რატომ მაინც და მაინც მისია? იქნებ სხვა რამით აიხსნება ალექსის განსხვავებული სისხლის ფერი? - იკითხა პიტერმა, რომელსაც აქამდე კრინტი არ დაუძრავს. - იმიტომ, რომ სამყაროში ცისფერსისხლიანის კვლავ გამოჩენას უპირობოდ თან ახლავს მოვალეობა. ახლავე დაგიმტკიცებთ, - თქვა ჰაროლდმა და თაროდან ყველაზე დიდი წიგნი გადმოიღო. მეგობრებმა მაგიდასთან მოხუცის მხარეს გადაინაცვლეს. - საუკუნეების წინ, კოლხეთსა და ტრაპიზონში ცისფერსისხლიანი კომნენოსები ცხოვრობდნენ. სწორედ ამ გვარიდან მოდის შენი გვარიც - კომნენი. ნათქვამია, რომ კომნენოსების გვარი შეცვლილი ფორმით შემორჩება თანამედროვეობას. ისინი შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ერთი საუკუნის განმავლობაში ისინი მეფობდნენ კიდეც ტრაპიზონის საკეისროში. რამდენიმე საუკუნის შემდეგ მათი ნაწილი გაიფანტა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ნაწილი შეერწყა სხვა გვარებს, ნაწილმა კი უბრალოდ არსებობა შეწყვიტა. ნახეთ, აქ წერია, რომ ბერძენი ფილოსოფოსებისა და წინასწარმეტყველების შეფასების მიხედვით, მომავალში სამყაროში აუცილებლად დაიბადება ცისფერსისხლიანი ადამიანი, რომლის მისიაც შავიზღვისპირეთში დარჩენილი წინაპრებისთვის დიდი და კეთილი საქმის კეთება იქნება, - თქვა ჰაროლდმა და წიგნში ძველი ისტორიის აღწერილობა ყმაწვილებსაც წააკითხა. - ეს გამორჩეული წიგნია ჩემთვის! - დასძინა მან. სიჩუმემ დაისადგურა. ჰაროლდის მიერ წაკითხულის შემდეგ, მეგობრებს თითქოს ენა გადაეყლაპათ. განსაკუთრებით ალექსი ჩაფიქრდა. - ნუთუ, რასაც ჰაროლდი ამბობს, სიმართლეა და ნამდვილად რჩეული ვარ, - ფიქრობდა ალექსი და ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრის მიმართ მისი ინტერესი თანდათანობით იზრდებოდა. მოსალოდნელ საფრთხეებზე ფიქრს უკლო. პირიქით, მისი რჩეულობის და მისიის ალბათობამ მასში სიამაყისა და გამბედაობის გრძნობას უმატა. ან რომელი ყმაწვილი არ ისურვებდა, რომ ყოფილიყო სხვებისგან გამორჩეული და მისი ფუნქცია დიდი და კეთილი საქმეების კეთება გამხდარიყო?! - რა მისია უნდა მქონდეს, ან როგორ უნდა გავიგოთ? - იკითხა ალექსმა. - ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ წინ დაუვიწყარი თავგადასავლები გველოდება. იქამდე კი თქვენ დაისვენეთ. მე ახალი მინიშნებების ძიებას განვაგრძობ, - დარწმუნებით წარმოთქვა ჰაროლდმა. ძალიან საინტერესოდ ჟღერდა ჰაროლდის ნათქვამი. ერთად გატარებული მთელი დღის შემდეგ ისინი დაემშვიდობნენ ერთმანეთს იმ პირობით, რომ ხვალ ისევ ჰაროლდთან შეიკრიბებოდნენ და ამასობაში გამოცდილი არქივარიუსი მორიგ საინტერესო დეტალებს გაარკვევდა საქმის გარშემო. - ჰაროლდზე რას ფიქრობ? - ქუჩაში გამოსვლისას ჰკითხა ალექსმა პიტერს. - პირველ რიგში გუშინ მასზე ნათქვამი უხეში სიტყვები უკან მიმაქვს, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ჰაროლდი დღეს ასე შეიცვლებოდა, - უპასუხა პიტერმა, რომელიც ჰაროლდთან დღევანდელი ურთიერთობის შემდგომ საკუთარ შეფასებას ნანობდა. - მეც ვერ წარმოვიდგენდი. ალბათ მინიშნების შემდეგ დაიბოღმა. შენ წარმოიდგინე, რაოდენ მძიმეა, ამდენი წელი რაღაც გაწუხებდეს და პასუხს ვერ პოულობდე. ჩვენ მოკლე დროში დატრიალებულმა უცნაურობებმა შეგვცვალა და მისი მდგომარეობა, მითუმეტეს, სრულიად ბუნებრივია, - ალექსმა პიტერის ნათქვამს მოკლე ანალიზი დაურთო. - ჩემს რჩეულობაზე რას იტყვი? - განაგრძო საუბარი ალექსმა. - დღევანდელი ქცევების შემდეგ, ჰაროლდის პატიოსნებაში ეჭვი აღარ მეპარება. შესაძლოა შეცდომას უშვებს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ნამდვილად განსხვავებული სისხლის ფერი გაქვს. - აშკარაა, რომ ძალიან გამოცდილი და განსწავლული ადამიანია, - აგრძელებდა პიტერი. - სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვენდოთ, - თქვა ალექსმა, რომელსაც უკვე სწყუროდა თავგადასავლების ძიება და რამდენჯერაც მისი განსაკუთრებულობა გაახსენდებოდა, იმდენჯერ გული სიამოვნებითა და კმაყოფილებით ევსებოდა. - გეთანხმები, რომ უნდა ვენდოთ. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უნდობლობის საფუძველი არ გვაქვს, - დასძინა პიტერმა. - ისიც ხომ აშკარაა, რაც მონიტორზე წავიკითხეთ, - საუბარს არ წყვეტდა ალექსი. - მართალია. მეც დავინახე და წავიკითხე, - დაუდასტურა პიტერმა. კითხვა-პასუხითა და ზოგადად დღევანდელი დღით გადაღლილებმა გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთს დამშვიდობებოდნენ და სახლებში წასულიყვნენ. - თუ ნამდვილად რჩეული ვარ და თავგადასავლები მიწერია, შენ ჩემთან ერთად იქნები? - ნაღვლიანად ჰკითხა ალექსმა პიტერს, რომელიც უკვე შორდებოდა მეგობარს. - სხვა ვერსია არც განიხილება! მაგაზე არც იდარდო და თავს მიხედე! - გაუღიმა პიტერმა. - კიდევ ერთი რამ, პიტერ! მადლობა მინიშნებისთვის, რომელმაც ჰაროლდთან მიმიყვანა! - შენც მადლობა, ალექს, რომ ჩემს უცნაურობას რაღაცნაირი ახსნა მაინც მოეძებნა! თომასისთვის მადლობის გადახდა არ დაგავიწყდეს! - თომასის მადლობა უკვე გადავუხადე! - უპასუხა ალექსმა და მეგობრები ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით სახლებისკენ მიმავალ გზას გაუყვნენ. მეორე დღეს მეგობრები ისევ ჰაროლდთან შეიკრიბნენ. არქივარიუსს სახეზე ეტყობოდა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში მას პირველად წუხელ დაესვენა ადამიანურად და დღეისათვის ენერგიულად და საქმისადმი მომართულად გამოიყურებოდა. - ძალიან ბევრი მკვლევრის მოსაზრებას გადავხედე. ბუნებრივია, რომ მე მათ პოზიციას ისედაც კარგად ვიცნობ. კოლხებს და მათ შორის კომნენოსებსაც ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ბერძენთა შთამომავლობასთან ჰქონდათ. ამიტომაც ჩვენ ალექსის მისიაზე პასუხები რომში უნდა ვეძიოთ, - წარმოთქვა ჰაროლდმა. - ინტუიცია მკარნახობს, რომ ჩვენ იტალიის დედაქალაქ რომში უნდა წავიდეთ, - განაგრძობდა არქივარიუსი. მეგობრებმა ერთმანეთს შეხედეს. მათთვის შორეულ მოგზაურობაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. -კი, მაგრამ, ჰაროლდ, ჩვენ ხომ დამოუკიდებლად ბერკინჰამს არ გავცდენილვართ? - იკითხა პიტერმა. ალექსი უფრო გაგებით შეხვდა ჰაროლდის პოზიციას. მან იმდენი არარეალური რამ იხილა საკუთარი თვალით, რომ ამ ყველაფერთან შედარებით, მოგზაურობა ადვილ გასეირნებად მოეჩვენა. თუმცა პიტერის ნათქვამიც ყურადღებას საჭიროებდა. არასრულწლოვნებისთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მარტივი საქმე არ იქნებოდა. - ჰაროლდ, კონკრეტულად შეგიძლია გვითხრა, რომში გამგზავრებაში რას გულისხმობ? - იკითხა ალექსმა. - რომში მუზეუმები უნდა მოვიაროთ და უნდა ვნახოთ ყველაფერი, რასაც კოლხეთთან აქვს კავშირი. მათ შორის ნახატები, ხელნაკეთები და, უბრალოდ, ხელოვნების ყველა ნიმუში, რამაც შესაძლოა დახმარება აღმოგვიჩინოს მისიის პოვნაში, - უპასუხა ჰაროლდმა ალექსს. - მესმის შენი ინტუიციის, მაგრამ სხვა ქალაქების მუზეუმები რომ აღმოჩნდეს უფრო საინტერესო, ვიდრე რომი? - კითხვების დასმას აგრძელებდა ალექსი. - თვალებში შემომხედე, ალექს, - თქვა არქივარიუსმა და თავი ალექსის სახესთან ახლოს მიიტანა. - მე 15 წელი ჯიუტად ვენდობოდი ჩემს წინათგრძნობას. მიუხედავად სიმძიმისა, ყოველ დღე ვაკეთებდი ერთი და იგივეს, მჯეროდა რა, რომ საკუთარ თავთან გაჩენილ კითხვაზე პასუხს აუცილებლად ვიპოვიდი და ვიპოვე კიდეც. ახლა კი საპოვნელია პასუხი შენს მისიაზე, როგორც რჩეულის მომავალზე. მემგონი, ჩვენ სამნი ვართ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩართულნი და ჩვენ შორის ყველაზე მეტად ჩემს ინტუიციას დაეჯერება. რას იტყვი? ალექსს სხვა გზა არ რჩებოდა, გარდა იმისა, რომ დასთანხმებოდა ჰაროლდს, რადგანაც ყველა მისი სიტყვა სიმართლეს შეესაბამებოდა. - მაშ, როდის მივეგმზავრებით რომში? - იკითხა ალექსმა. - თუნდაც ხვალ, მე მზადყოფნას ვაცხადებ! - უპასუხა ჰაროლდმა. - თანახმა ვარ. მეც მზად ვარ ვიარო და ვიბრძოლო მანამ, სანამ ყველა საიდუმლოს ფარდას არ ავხდი. გენდობი, ჰაროლდ, და თანდათანობით ვცდილობ დავიჯერო, რომ რჩეული ვარ და ჩემს მისიას მნიშვნელოვანი საქმის კეთება წარმოადგენს. არ დაგიმალავ და ოდნავ მსიამოვნებს კიდეც, თუ საბოლოოდ ნამდვილად რჩეული აღმოვჩნდები! - ალექს, შენ უნდა იამაყო, რომ რჩეული ხარ. ეს დადასტურებულია, რომ ასეა. ჩვენ უფლება არა გვაქვს, რომ ბერძენი ფილოსოფოსებისა და წინასწარმეტყველების გამონათქვამებში ეჭვი შევიტანოთ. დღევანდელი სამყაროც ხომ დიდწილად მათ თეორიებზე დგას. მგონია, რომ პიტერსა და მეც გვაქვს საამაყო, რომ რჩეულის თანამებრძოლობა გვხვდა წილად, - თქვა ჰაროლდმა და შეეცადა, დადუმებული პიტერიც გამოეწვია საუბარში, რომელიც სახლიდან ასე შორს მარტო წასვლას წინასწარ ნერვიულობდა. - ალექს, ჩვენ ვინ შეგვიშვებს იტალიაში? - საუბარში ჩაერთო პიტერი. - პიტერ, შენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევი. მე კი ყველგან წავალ, თუნდაც სამყაროს დასალიერში, ოღონდაც ყველაფრის პასუხი გავიგო, - მტკიცედ უპასუხა ალექსმა. - ალექს, წასვლის წინააღმდეგი არც მე ვარ, მაგრამ ამას როგორ მოვახერხებთ? - უკმაყოფილოდ თქვა პიტერმა, რამაც ალექსი და ჰაროლდიც დააფიქრა, თუ რა უნდა ეღონათ, რომ გზაში დოკუმენტების თვალსაზრისით პრობლემები არ შექმნოდათ. ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ალექსის წამოძახილმა დაარღვია: - პიტერ, ქალაქი დუბლინი და ქუჩაში ძაღლთან ერთად მოსეირნე უდიდეს ფეხბურთელ როი კინთან შეხვედრა დაგავიწყდა? - მერე და ეს რას ცვლის? - ჰკითხა მას პიტერმა. - დამოუკიდებლად არა, მაგრამ ჯგუფთან ერთად ხომ ვიმოგზაურეთ? ჰოდა, იმედი მაქვს, რომ ის დოკუმენტები გამოგვადგება, რომლითაც კოლეჯის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად ირლანდიაში ვიმყოფებოდით, - თქვა გახარებულმა ალექსმა. მას არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელი ამბები გაახსენდა. - ლოგიკურია, - საუბარში ჰაროლდიც ჩერთო და მეგობრებს ურჩია, რომ ის დოკუმენტები მოეძებნათ, რომლითაც საზღვარგარეთ გამგზავრება შეძლეს. ბუნებრივია, რომ სახლიდან წასვლა და ოჯახის დატოვება ალექსსაც ანაღვლებდა, მაგრამ, ვაითუ სასწორზე ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი იდო, ვიდრე მშობლებისა და ძმის დროებით დატოვება? - ამაზე რაციონალური ფიქრი რომში გამგზავრების გადაწყვეტილებისკენ შედარებით მარტივად უბიძგებდა ალექსს, ვიდრე - პიტერს. - მე ხომ სამუდამოდ არ ვტოვებ ჩემს ოჯახს? პასუხებს ვიპოვი და, თუ საჭირო გახდება, ვიბრძოლებ და გამარჯვებული დავბრუნდები. მჯერა, რომ ბერტს და სარას გაუხარდებათ და მაპატიებენ, რომ ისინი გაუფრთხილებლად მარტო დავტოვე, - ფიქრობდა ალექსი. ცოტა ხანს არავინ არაფერს ამბობდა. სავარაუდოა, რომ ყველაფერი ითქვა და ერთი და იგივეს გამეორებისაგან თავს სამივე იკავებდა, მაგრამ გულში სამივე გამგზავრებაზე ფიქრობდა. ბუნებრივია, რომ საბოლოო სიტყვა მაინც რჩეულს უნდა ეთქვა. - ვეღარ დავიცდით, ხვალვე უნდა წავიდეთ! - დამაჯერებლად თქვა ალექსმა. - მე და ჰაროლდი მზად ვართ. პიტერ, შენი გადასაწყვეტია, წამოხვალ თუ არა. თუ არ წამოხვალ, გპირდები, რომ არ მეწყინება და ჩემთვის ისეთივე მეგობარი და თანამებრძოლი დარჩები, როგორიც ამ წუთში ხარ, - ალექსი ცდილობდა, რომ პიტერი გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩაეგდო. - გუშინაც გითხარი და ახლაც გიმეორებ, რომ ისედაც მადლიერი ვარ, რომ შენი მინიშნებით ჰაროლდთან აღმოვჩნდით, არასოდეს დავივიწყებ! - პიტერის მიმართ მადლიერებას გამოხატავდა ალექსი. პიტერი რამდენიმე წუთის განმავლობაში მის წინ გაშლილ რუქის ერთ წერტილს ჩაფიქრებული უყურებდა. შემდეგ წამოდგა, თითი ქალაქი რომის აღმნიშვნელ ადგილს დაადო და მტკიცედ თქვა: - რაც არ უნდა მოხდეს, მე თქვენთან ერთად მოვდივარ რომში! დუბლინში მოგზაურობის დროს შექმნილი დოკუმენტები შენახული მაქვს. დაე, ერთად ვიპოვოთ მისია და შევასრულოთ იგი! - თქვა და საკუთარ სიტყვებზე გული თავადაც სიამაყით აღევსო, რომ მოახერხა და ნერვიულობა გადალახა. ჰაროლდი ორივე ყმაწვილს მოეალერსა, კიდევ ერთხელ შეაგულიანა და მრავალდღიანი და შორეული მოგზაურობის წინ ხვალინდელი დღისთვის ოპტიმისტურად განაწყო. - დამიჯერეთ, ყველაფერი კარგად იქნება! - საჩვენებელი თითი მაგიდაზე დააკაკუნა და დასძინა: - ჩემი ინტუიცია არ გვიღალატებს, მჯერა! ალექსი ხვალინდელი მოგზაურობისთვის ემზადებოდა. მშობლებისთვის შეუმჩნევლად ალაგებდა ზურგჩანთაში საჭირო ნივთებს. მას მშობლებთან და თომასთან განშორებაზე ფიქრი წამითაც არ ტოვებდა. მათ გარეშე ხომ ერთი დღეც არ უცხოვრია, მაგრამ საკუთარ თავს მუდმივად ახსენებდა, რომ ის არის ცისფერსისხლიანი რჩეული - ალექს კომნენი. უშიშარი და შეუპოვარი, რომელსაც ვერ შეაჩერებს ვერაფერი, რამეთუ დიადი მიზნები ამოძრავებს და კეთილი საქმის კეთების სწამს და ამას წინ ვერაფერი აღუდგება. მას უყვარს საკუთარი მშობლები და ძმა, მაგრამ მათთან ერთად მას უყვარს თავისი ბრძოლისუნარიანობაც, რომლის გარეშეც ის საინტერესო ვერ იქნება ვერავისთვის და, რაც მთავარია, ვერ იქნება მაგალითის მიმცემი თომასისთვის, რომელმაც თავისი ნახატებით უმნიშვნელოვანესი საქმე გაუკეთა. - თომასის ჩემთვის მინიშნება იმისთვის არ მოუცია, რომ მშიშარასავით სახლში ვიჯდე. პირიქით, მან ნახატებით მითხრა, რომ ვიმოქმედო, ვიპოვო ჩემი მისია და შევასრულო იგი. სხვაგვარად მე მას შევარცხვენ. თომასის შერცხვენას კი ყველაფერი მირჩევნია, მათ შორის ოჯახის დატოვებაც! - საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ალექსი. როდესაც სამგზავროდ ყველაფერი გაამზადა, გადაწყვიტა მშობლებისთვის წერილი დაეტოვებინა, რომლითაც ერთის მხრივ საკუთარი ქმედების მართებულებას აუხსნიდა მათ და მეორეს მხრივ, შვილის უეცარი გაუჩინარებით მიყენებულ ტკივილს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა.
ძვირფასო დედა, ძვირფასო მამა! ჩემო საყვარელო თომას! მე ყველაფერი გავიგე ჩემი უცნაურობის შესახებ. უკვე ვიცი, რომ ცისფერსისხლიანი ვარ და ვხვდები, რომ ამ ყველაფრის გამო თქვენ ძალიან ღელავთ. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ მე მშვიდად მეცხოვრა, მაგრამ რაღაც ძალას სურდა, რომ მე ჩემ შესახებ სიმართლე შემეტყო. ასე მოხდა კიდეც. ჰოდა, სახლიდან მივდივარ სწორედ იმის გამო, რომ ჩემ შესახებ მეტი გავარკვიო. უნდა ვეძებო ჩემი კავშირები საუკუნეების წინ მცხოვრებ ცისფერსისხლიან ადამიანებთან. ძალიან მიყვარხართ და გთხოვთ, რომ არ იდარდოთ. თავს გავუფრთხილდები და მალე დავბრუნდები. დედა, გპირდები, რომ ყველა გაცდენილ გაკვეთილებს ავანაზღაურებ. ???? მამა, ჩაინიშნე ყველა მაგარი საჩოგბურთო ორთაბრძოლა და როგორც კი დავბრუნდები, ერთად ვუყუროთ. ???? ჩემ მაგივრად თომასს აკოცეთ. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ძვირფასია იგი ჩემთვის და რამდენად მნიშვნელოვანი საქმე გამიკეთა თავისი უცნაური ლაქების ხატვით. შეხვედრამდე, ალექსი!
ხმამაღლა კითხულობდა სარა ალექსის ოთახში მის მიერ დატოვებულ წერილს, ბოლოს ტირილი ვერ შეიკავა და ბერტს გადაეხვია. - მაინც გაიგო, ღმერთოო! რამდენად მძიმე დღეა, წარმოუდგენლად მძიმე! ან სად უნდა წასულიყო? არაფერი უწერია. ან სად უნდა ვეძებოთ? - ქვითინებდა სარა. - დამშვიდდი, სარა! მესმის, რომ მძიმე პერიოდი დაგვიდგა, მაგრამ ეს მისი ცხოვრებაა და თუ მოახერხებს, რომ საკუთარი განსხვავებულობის მიზეზი დაადგინოს, მან ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს. სხვანაირად, კითხვები ჩვენსავით მთელი ცხოვრება დასტანჯავს, რაც ნამდვილად არ მინდა, რომ ასე მოხდეს. - მე მჯერა ალექსის ვაჟკაცობის და გონიერების! მჯერა, რომ მას სხვანაირად მოქმედება არ შეუძლია და სახლიდან წასვლა მისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო. სხვა შემთხვევაში, ის ჩვენ არ დაგვტოვებდა, - აგრძელებდა ბერტი. - ის აუცილებლად საკუთარ თავთან პირნათელი დაბრუნდება! - თქვა ბერტმა და თავის ოჯახის წევრებს ჩაეხუტა. სარა კი ალექსის ნივთებს ათვალიერებდა და ვერაფრით მშვიდდებოდა. - სარა, თავს მოერიე! - უთხრა ბერტმა და ცოლს თავზე ხელები შემოხვია. ბერტსაც ძალიან უმძიმდა ეს ყველაფერი, მაგრამ სისუსტის გამოვლენის უფლება არ ჰქონდა. უკვე ვერაფერს შეცვლიდა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ სარას პირობებში ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც საკუთარი ოჯახი უნდა დაემშვიდებინა და განეგრძოთ ცხოვრება. - სარა, შევპირდეთ ერთმანეთს, რომ მხოლოდ კარგზე ვიფიქრებთ! ამით ალექსსაც თავის სავალ გზას გავუადვილებთ. ამ დროს კი, ალექსი, ჰაროლდი და პიტერი უკვე ჩქაროსნული მატარებელში ისხდნენ და რომისკენ მიემგზავრებოდნენ.
1) ჩადიან რომში, სადაც მინიშნებას ეძებენ. ბევრი ძებნის და თავგადასავლების შემდეგ, პოულობენ. 2) მინიშნებასთან ერთად მოდიან საქართველოში და აქაც არაერთი თავგადასავალი შეხვდებათ, რის ბოლოშიც აღწევენ მიზანს, რაც ალბათ საიდუმლოდ უნდა დარჩეს, რათა მკითხველმა ემოცია არ დაკარგოს.???? 3) პირველ წიგნს აუცილებლად მოყვება გაგრძელება, სადაც დაისახება ახალი მიზნები, რომლისთვისაც მთავარი გმირები იბრძოლებენ და გადაივლიან არაერთ თავგადასავალს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|