ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი სადღობელაშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 მაისი, 2024


ადამიანი-მდინარეები

მინახავს ადამიანი-მდინარეები,
გრძელი და მდორე, წყალმადლიანი მდინარეები,
წლებდახუნძლული ადამიანები,
მონაგარსავსეები,
მათი კალაპოტი სანდოა და ურყევი.
მოკლე მდინარეებიც მინახავს,
ნაადრევად დღეჩამქარალები,
უკალაპოტოები და კვალვერდამჩნეულები.
მუდმივი მდინარეებიც მინახავს,
სახეს რომ არ იფერუმარილებენ
და სხვაში არასდიდებით აგერევათ.
თავადაც საზრდოობენ და სხვასაც ასაზრდოებენ...
ეპიზოდური მდინარეები,
ტრანზიტულები,
ქრებიან და ჩნდებიან
და ყველაზე მეტად მაშინებენ
ასეთი მდინარე-ადამიანები,
არასანდოები,
დროებითები,
კალაპოტს რომ წამდაუწუმ იცვლიან.
ერთი ღამის მდინარეებიც მინახავს,
დღისით რომ იმალებიან,
ღამე რომ მოვარდებიან
და მოჩვენებით კალაპოტს აატორტმანებენ.
შენაკადიანი მდინარეები,
ადამიანები სიკეთეები.
უშენაკადო მდინარეები,
საკუთართავმოკიდებული მარტოსულები.
მიწისქვეშა მდინარეები,
ვერშემჩნეული ადამიანები.
უკალაპოტო მდინარეებზე უნდოები
კალაპოშეცვლილი მდინარეები არიან,
არ იცი, როდის აუხირდებიან საკუთარ თავს
და დაუბრუნდებიან თუ არა ოდესმე.
შხამიანი მდინარეებიც მინახავს,
გესლს რომ ანთხევენ და ვერ მიეკარები.
მღვრიე მდინარეები
საგულდაგულოდ ინიღბებიან,
ტანანკარა მდინარეებისგან განსხვავებით.
მე კალაპოტშეცვლილი მდინარე ვარ,
საკუთარ თავს რომ ვერასდროს დავუბრუნდები.
საკუთარი გულისქვეშა წვიმებით ვსაზრდოობ
და ჩემს ტალღებში ვარდისფრადშეფერილი,
ტკივილთან გაშინაურებული დელფინები დაცურავენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები