 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 4 ივლისი, 2024 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
წარმატებით დაიწყო ჩემი გერმანიასთან შეგუების პროცესი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ადვილი იყო. გამოწვევები ახალ რეალობაში თბილისისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. აქ პირველად დავიწყე მარტომ ცხოვრება, პირველად უნდა მეზრუნა საკუთარ საკვებზე თუ საყიდლებზე, პირველად მომიწია ჩემი ოთახის დალაგება და ასევე პირველად მომიწია სამუშაოს ძებნა და ბოლოს მუშაობაც. ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ის, რომ უნდა მომეხერხებინა თან სწავლა და თან ჩემი თავის რჩენა. აბა წარმოიდგნიეთ დილით 6 საათზე ადგომა, (ფიზიკურ) სამუშაოზე გავარდნა, იქედან ლექციებზე წასვლა და დაღლილი სახლში დაბრუნება, რომელიც არც დალაგებული იყო და არც არავინ გეტყოდა, „დედიკო, საჭმელი გაგიცხელოო”. ამავე დროს შეიძლება აღმოგეჩინა, რომ სახლში პურიც კი არ გქონდა და უკვე 7 საათი იყო, როდესაც მაღაზიებიც დაკეტილია და პურსაც კი ვერ იყიდი ჰამბურგში. საწყალი ქართველი სტუდენტების უმეტესობა ამ დღეში იყო და შესაბამისად ძალიან ბევრმა ვერც შეძლო უნივერსიტეტის დამთავრება და სადღაც შუა გზაში მოუწია სწავლის მიტოვება.
კოლეჯში მალე გავიჩინე მეგობრები. ყველაზე ახლოს კოლუმბიელ კარლოს მუნიო ტორესთან და ახალ გუინეელ ამადუ მუქთართან ვიყავი. არ ვიცი ეს ესე რატომ მოხდა, მაგრამ ალბათ ესეც თბილისელი, ამერიკაში ნამყოფი ბიჭების დანერგილი სტერეოტიპის ბრალი შეიძლება იყოს, რომლის მიხედვითაც „ამერიკაში ყველაზე კაი ტიპები ზანგები (შავკანიანები) არიან და თეთრებს არ უნდა გაეკაროო“.
ისე მოვედი 18 წლამდე (გერმანიამდე), რომ შეყვარებული არ მყოლია. ცალმხრივად რა თქმა უნდა მუდმივად ვიღაც მომწონდა ან მიყვარდა, თუმცა მაშინ ვფიქრობდი, რომ მე არავის მოვწონდი. საკმაოდ გვიან გავმაღლდი, სადღაც მეათე-მეთერთმეტე კლასში და შესაბამისად ძალიან დაკომპლექსებული ვიყავი ჩემი დაბალი სიმაღლის გამო. ალბათ შეყვარებულის არყოლამ და გოგონებთან უბრალოდ მეგობრობამ მიმიყვანა იქამდე, რომ გოგოების უმეტესობას მეგობრად აღვიქვამდი. ძალიან მეცინება იმაზე, რომ ჩემი ჯგუფელი ლიტველი რუთა დილის 5 საათამდე იმდენი ვასეირნე ჰამბურგის ქუჩებში და “მეტი არაფერი“, რომ ბოლოს საწყალი დაღლილ-დაქანცული და მოწყენილი წავიდა სახლში. რამდენიმე დღეში კი, სავარაუდოდ ღრმად დარწმუნებულმა, რომ ან გეი ვიყავი და ან უბრალოდ არ მომწონდა რუთამ, ჩემ ახალ გუინეელ მეგობართან, ამადუ მუქთართან გააბა რომანი..
ჩემი სირცხვილისგან აწითლებული სახე უნდა გენახათ ჩვენს წინ მჯდომი, ხორციანი, ცოტა დიდ-ცხვირიანი, მაგრამ ამავე დროს უსექსუალურესი სლოვაკი მიროსლავა, რომ მოგვიტრიალდა ერთერთ ლექციაზე მე და კარლოსს და რომ გვითხრა, ღამე დამესიზმრა, რომ თქვენ ორნი ერთად მხმარობდითო... მასთანაც ამ ამბის შემდეგ ბევრი რამ შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ისევე, როგორც ლიტველ რუთასთან, მიროსლავასთანაც “მეტი არაფერი” ყოფილა..
მესამე გოგოს, რომელიც მომეწონა პაოლა ერქვა და ისიც კოლუმბიიდან იყო. პაოლა ძალიან მომწონდა, თუმცა მეგონა, რომ მას არ მოვწონდი და ისე უბრალოდ ვმეგობრობდით. რამოდენიმეჯერ ერთად წავედით დისკოზე. ჰამბურგში ყველაზე ტურისტული დისკო „Docks“ იყო და მართლაც გასაკვირი იყო ჩემთვის ის ფაქტი, რომ ამდენი არაფხიზელი ადამიანის მიუხედავად იქ ჩხუბი არასდროს მინახავს. არადა ჩაბნელებულ თბილისში მახსოვს დისკოტეკებზე ლამის საჩხუბრად დავდიოდით ხოლმე. პაოლამ ერთხელაც წამიყვანა Love Parade-ზე. ამ უკანასკნელზე პირველად ვიყავი და წარმოდგენაც არ მქონდა რას ნიშნავდა. პარადის აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ სატვირთო მანქანები კუზაოებზე ნახევრად-ჩაცმულ მოცეკვავე ადამიანებს ნელი სვლით ჰამბურგის ქუჩებში დაატარებდნენ. მათ ხალხი ხვდებოდა და ისინიც ცეკვავდნენ. ხმამაღალი ელექტრონული მუსიკა და ცეკვა. არაფერი განსაკუთრებული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ყველაფერი საკმაოდ აღვირახსნილად გამოიყურებოდა და მაშინდელი მე, რომელიც ფიქრობდა, რომ “ქალს თუ ტანგა აცვია, ბოზია” რა თქმა უნდა გაოცებული თვალებით ვუყურებდი ნახევრად ჩაცმულ ადამიანებს და მათ შიშველ ძუძუებს, რომლებზეც როგორც წესი პატარა ბრჭყვიალა ვარსკვლავები ქონდათ ხოლმე დაკრული. დღის კულმინაცია კი ის იყო, როდესაც პაოლამ მითხრა წამო დედაჩემი უნდა გაგაცნოო. გამიკვირდა, ვიფიქრე სადმე იქვე ცხოვრობდა და იქ უნდა წავსულიყავით. თან მოვემზადე, რომ თავი ღირსეულად დამეჭირა. ვინ იცის, ეგებ ჩემი მომავალი სიდედრი იყო ის ქალი. ყველაფერი მალევე დასრულდა იმით, რომ პაოლამ ერთერთ სატვირთო მანქანაზე ნახევრად ჩაცმული ქალი, იგივე „დედამისი” გამაცნო. ჰალოო დამიყვირა ზემოდან დედამისმა და თან წითელი ბრჭყვიალა ვარსკვლავები შემომანათა..
პაოლასთან არაფერი გამოვიდა. იმდენი ვიარეთ დისკოტეკებზე და “მეტი არაფერი”, რომ ბოლოს მობეზრდა და მარტივად, გერმანელი ბოიფრენდი გაიჩინა. მაშინ გული დამწყდა, ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ მასაც მოვწონდი…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|