ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დაკარგული თაობა
ჟანრი: პროზა
20 ივლისი, 2024


პარასკევა χ-4

__

ლალი მაქანდაკებდა, არჩილი როცა მოვიდა და ჰკითხა - ჩინური წესით ძერწავო? –  იმის მაგივრად, რომ ქანდაკების გვერდით ვმდგარიყავი, მის წინ ვიდექი და ვუყურებდი (ლალის ვეხმარებოდი). რაღაცეები შეუსწორა - შუბლი ასეთი გამობურცული არ არის, ყური ცოტა დაბლა დაუწიეო.
- კეხიანი ცხვირი მაქვს? - ვეკითხები ლალის, - წინიდან რომ არ მეტყობა!
- შენ ბევრი რამე არ გეტყობა! - ლელა მიახლოვდება.
- ცერაძე გახსოვს? - ვეკითხები.
- რა დამავიწყებს! შენ შიზოფრენიკს გეძახოდა, არა?! - იცინის.
- შუაში ხაზს რომ ვერ ვავლებდი, იმიტომ...
- თქვენი მასწავლებელი? - ლალი კითხულობს.
- პირველ კურსზე რომ გვყავდა.
ხატვა შტრიხებიდან და რგოლებიდან დაგვაწყებინა.
- თან მკაცრიც იყო!
- პირველად რომ დავაგვიანე, იცი, როგორ მეჩხუბა?.. აუ, რა გიჟი იყო! მასთან ერთად სუყველა გიჟები ვხდებოდით! მოჰქონდა წიგნები, ლაპარაკობდა მხატვრებზე, მათ ნახატებზე - თან რა გატაცებით! ისეთი გადამდები ემოციები ჰქონდა!...
- ცოტა ხანს პირი მოკუმე! - ლალი მეუბნება.
«ახლაც რომ წარმოვიდგენ მის სახეს, მგონია, ასხივებს!»...
– დავიღალე, – ვამბობ, – ხატვა მინდა.
– კარგი.
ნატურმორტთან მივდივარ, დღეს მინდა დავამთავრო – როლებში შევდივარ, უკვე ორივე ხელით ვხატავ...
– ღამე აქ ხომ არ უნდა გაათენო? – ზურა მეკითხება, – უკვე ყველანი წასულან, ქილით გამხსნელი მოაქვს, ხელებს ვიბან. კიბეებზე ჩამოვდივართ.
– შენ იცი, “გნომები” არსებობენ, – ამბობს ზურა, – მართლა არსებობენ, ფანტაზია რეალურად არსბობს!



უძილობა დამჩემდა - ღამ-ღამობით მეღვიძება და მიკვირს, რომ ვარსებობ, ისევ აქ ვარ და ყველაფერი გრძელდება, ჯერ არ დამთავრებულა.
ავდექი და ჩონჩხების ხატვა დავიწყე - ისე, გასართობად. მერე მომინდა, დამეხატა ქუჩა, სადაც ადამიანების მაგივრად ჩონჩხები ივლიდნენ... სახურავზე შავი კატის ჩონჩხი (ჩონჩხს შეეტყობა კატა რა ფერის იყო??)... ადამიანის გვერდით საყელურზე გამობმული, თავდაღუნული ძაღლის ჩონჩხი, მის გვერდით რომ მილასლასებს და პატრონივით წელში მოხრილა; შენობის გამოსასვლელ კარებთან - ახალგაზრდა მამაკაცის ჩონჩხი, შეიძლება მასთან ერთად ქალიც დავხატო...
ჩონჩხი - სიცოცხლის მყარი, უცვლელი საწყისი, ჩვეულებრივ სიკვდილის სიმბოლოდ რომ გვესახება.
...ეშმაკის ჩონჩხი - ჰი, ჰი, ეშმაკი რა არის და იმისი ჩონჩხი რა იქნება!
...მაღლა ამხტარი თუ აფრენილი სპილოსძვლისფერი ჩონჩხი, ჰაეროვან ცხვირსახოცს რომ უქნევს დედემიწას (ჰო, ამ ფიგურას ცენტრში მოვათავსებ, ბაცად ლურჯი ცის ფონზე)... და იცრიცება დიდი, ყვითელი მზის სხივებში...



2 მეტრი სიგრძის ტილო:  აივანი, მოაჯირთან ახალგაზრდა ქალი - ჩვენგან ზურგშექცევით, მის წინ გადაშლილი საოცარი სილამაზის მთები. წინა პლანზე - მაგიდასთან დამჯდარ სერიოზულ, ფიქრიან, თმებჩამოშლილ ქალს ძალიან სქელი, გადაშლილი წიგნი უდევს წინ (მერე ვიღაცამ მითხრა, ეს ცხოვრების წიგნიაო). მარცხნივ - დიდი, თეთრი ძაღლი აივანზე წევს.
ეს ყველაფერი არარეალურობის შეგრძნებას იწვევს, თუ ეს სხვა, უფრო მძაფრი რეალობაა!
მზე ამოდის და მთებზე ჯადოსნურ ფერებად იღვრება. მათი შერევა არსად არ აქრობს ერთმანეთს, მხოლოდ აძლიერებს - ნამდვილი, სუფთა... ჭკუიდან შემშლელი ფერები!
- შენი სიყვარულის ნახატი! - ლელაც ჩემთან მოსულა.
- არ მიყვარს, რამდენჯერ გითხრა!
კარებისკენ მივდივარ. ამ დროს გუგა შემორბის ოთახში, გვერდზე ვხტები, რომ არ დამეჯახოს. ლელა იცინის.
გუგა ხატვას იწყებს. მე ახლა შორიდან ვუყურებ. ერთი გოგო მიდის მასთან, მისი კურსელი და რაღაცას ელაპარაკება, ბატონო გუგათი მიმართავს. გუგა კი არაფერს პასუხობს და მარტო იღიმება.



«სუყველას შეყვარება შეიძლება...»
«რას მელაპარაკები!»
«ბოლოს როდის იყავი შეყვარებული?»
«ბოლოს? ბოლოს... 17-ის.»
«მერე?»
«რა მერე... გგონია, არ მინდა, კიდევ მიყვარდეს... ოღონდ ისე კი არა, რომ «შემახვიოს» და რამე... მე თვითონ, ჩემით, ყველაფრისგან დამოუკიდებლად რომ შევიყვარო - მაშინ შევძლებ გამოვხატო ჩემი გრძნობები და ეჭვსაც არ შევიტან იმ სიტყვებში, რასაც მე მეუბნებიან... მეთვითონ ვეტყვი იმას, რისი მოსმენაც მინდა და ეს არ იქნება ტყუილი, რადგან მე დავიჯერებ იმ სისულელეს, რასაც სიყვარული ჰქვია!”



ლელა იჯდა და ხატავდა. მე რომ მივედი, გაუხარდა. მუხლებზე ხელი მომხვია და - მაკა როგორ მიყვარსო! - გამოაცხადა.
ზურა ისევ ცხვირს ხატავდა. ამ ბოლო დროს ცხვირების ხატვის მეტს არაფერს აკეთებს - არც კი ვიცი, უკვე რამდენი ცხვირი დახატა. ბავშვობაში მარტო ყვავილებს ვხატავდიო, ამბობს... თავის სასიყვარულო თავგადასავლებს უყვება იქ მყოფთ, რომელიც ხუთი წლიდან იწყება - მეზობლის გოგო; სკოლა; ჩოგბურთის კორტები...
გოგენი თაბაშირის თავს ხატავდა ზეთში - პირქუში, მდუმარე გოგენი.
გივი გოეთეს «ფერთა თეორიის» შესახებ მელაპარაკება.
გუგას ნახატთან მივდივარ  - ყოველდღე ახალი რაღაც ემატება - თვალებს არ ვუჯერებ - მზის ერთი სხივი მთებიდან პირდაპირ აივანზე ეცემა! ყველაფერს რაღაც უცნაურად განვიცდი და მეჩვენება - იქ, იმ ფერად სამყაროში თავისი სიცოცხლეა, მოძრაობა, მხოლოდ ჩვენთვის ერთი წამით შეჩერებულან.  ცოცხლები არიან პერსონაჟები - მოაჯირთან მდგარი ქალის თვალებით ვუყურებ მთებს და მის სხეულში ვგრძნობ უცნაურ ჟრჟოლას! ხოლო აივანზე დგას მკრთალი ჩრდილი, რომელსაც ნაზად შერევია თმებჩამოშლილი, მკერდსავსე ქალის ნელი ფიქრი და დიდი, ფუმფულა ძაღლის თეთრი გარინდება.
უცებ მომეჩვენა, რომ მთელი ეს პერიოდი უიმედოდ შეყვარებულის როლს ვთამაშობდი. «მის ჩლიქებს ლოკავ და ნაფეხურებს ეთაყვანები!» - პარასკევას ჩურჩულიც სწორედ ამ დროს ჩამესმა. «არც ისეთი შორეული და მიუწვდომელია, შენ როგორც გგონია, გადადგი ნაბიჯი და თვითონ დარწმუნდები!» არა, არ შემფერის შორიდან ტკბობა, აღტაცება მხოლოდ ფერებით - რომანტიკა რომანტიკაა, იქ მათლაც შეიძლება ლამაზი იყოს მეოცნებე, პოეტურად შეყვარებული, მაგრამ ცხოვრებაში სულ სხვანაირად ყოფილა!..
- მაკა, რა მოგდის?! - გარშემო ვიყურები, ოთახში ლალი შემოსულა და გაკვირვებული მიყურებს.
- დღესვე სიყვარულს ავუხსნი!
- რა-ა?
- მივალ და ვეტყვი, რომ მიყვარს!
- ჯერ გაიცანი, დაუმეგობრდი...
- რა საჭიროა.



გაჩერებაზე ამოვდივარ. ვხედავ, მიწისქვეშა ამოსასვლელის მეორე ბოლოში გუგა ზის. მისკენ მივდივარ.
- ელოდები ვინმეს?
- არა.
მის გვერდით ვჯდები.
- სახლში მივდივარ, - ამბობს, - სიგარეტის მოსაწევად დავჯექი. აი, იმ სახლში ვცხოვრობ, - ხელს იშვერს.
მის ხელს თვალი გავაყოლე - «ისა?»
- არა, მაგის გვერდზე.
ისევ გაჩერებისკენ ვიყურები, ხალხს ვათვალიერებ.
- წავედი, - ამბობს და დგება.
აქეთ-იქით ვიყურები - სადღა არის გუგა!

                                                                    (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები