ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2024


***



ცაზე მტვერი დევს,
ალაგ-ალაგ გაყურსული და ჩალისფერია
ის ადგილები,
საიდანაც თავს იძვრენს სხივი.
მე ვდგავარ ქალაქის მოედანზე,
ქვაფენილი წევს ფეხების ქვეშ,
ისეთია ჩემი შეგრძნება,
თითქოს მკვდარი ან მძინარე დრაკონის ფერდზე ამოვიზარდე.
სახე დასავლეთისკენ მაქვს მიბრუნებული,
არ მინდა ვხედავდე ჩემს უკან მიძინებულ ადამიანებს,
არც ის მინდა თვალში ვეჩხირებოდე ხელისშემშლელ შემცოდებლებს.
დასავლეთი არც მზის ჩასვლის მნიშვნელობას აზუსტებს,
არც დასრულების სიმბოლოა,
მითუმეტეს არც დაღმასვლის მეტაფორა.
მზის მოძრაობა ციკლის დაშიფრული სისტემაა,
თვალსაჩინო დეტალიზება კურსის გავლისას,
თუ როგორ არის შესაძლებელი ცივილიზაციური ბრწყინვალება წამოკრიფო გზადაგზა და
თავი მოუყარო სირთულეების გათვალისწინებით,
განსხვავებულთა თავსებადობის მიზნით,
კულტურათა კვეთის წერტილში
იმ წონასწორობის შექმნის იდეას,
რომელსაც თავადვე დაარღვევენ თუ მოინდომეს.
ვსუნთქავ ამ ჰაერს, ვსუნთქავ ღრმად.
ჩემი ნებაა თითოეული აქტი რომელსაც ვმართავ,
ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც.
რაც შეეხება სამყაროს იმ წერტილში ყოფნას,
საიდანაც ველოლიავები შორეულ სიხშირესთან კავშირს
და ხარისხის გაუმჯობესებას, იქამდე ექნება აზრი,
ვიდრე უკანასკნელი სიტყვა იქნება ადამიანთან და ადამიანი იქნება სიტყვა,
სიტყვა იქნება უკანასკნელ ადამიანთან.
ყველაფერი მის მიერ განადგურდება, და უმისოდ არაფერი განადგურებულა,
რაც კი განადგურდა.
მასში იქნება სიკვდილი, და სიკვდილი იქნება სიბნელე ღმერთთა.
მანამ კი არის მცდელობა, მცდელობათა ერთობლიობა,
მოსწრება და შეცდომების კორიანტელი.
მტვერი, ბუღი, ქარიშხალი და ჰოპ - დუენდე!
ბევრი რამ შეიძლება გარითმულიყო აქაც,
ცხოვრებაშიც,
თუმცა ასე ტექნიკურად არ მიცხოვრია.
არა და ცხოვრებაც ეს არის,
გინდა ტექსტებში იცხოვრე,
გინდა ღია ცის ქვეშ,
როგორც გინდა.
მაინც იგრძნობ ამინდის ცვლილებას,
მაინც აღმოაჩენ  საკუთარ თავს
და გექნება ფუფუნება არ იყო ღმერთის მსგავსი,
რომელიც დგას ახლა მოედანის ქვაფენილიან შუაგულში,
ჩემი თვალებით დასავლეთისკენ იყურება
და ზურგს უკან დარჩენილ სამყაროს
შეიძლება ჩემს პოეზიაზეც ესაუბრება.

19 ივლისი 2024 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს