–
ლელასთან ვიყავი. დიდხანს ვიყავი. ლუდს ვსვამდით და ლელას ძმაკაცს ველოდებოდით, რომელსაც ვიღაცის სახელოსნოში უნდა წავეყვანეთ, მაგრამ არ მოვიდა და ლელამ მითხრა, თუ გინდა, ხატვაზე ავიდეთო. გუგა კიბის ბოლოში იჯდა, თითქოს არ მიყურებდა, მაგრამ როცა მივუახლოვდი, გამიღიმა თავისი უცნაური ღიმილით. ვეღარ ვხატავ. ოთახში დავდიოდი და ლელამ მითხრა, თუ გინდა, დაგხატავო. მეც, მეტი რა მინდოდა, კედელთან, ტიხარზე შემოვჯექი. ლადო მატყობს, რომ ვერ ვმუშაობ. - შენ სულ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა გხედავდე? - მეკითხება. - რისი თქმა უნდოდა?! - ლალი სიცილს ძლივს იკავებს. - რა ვიცი, ალბათ ვერტიკალური უნდა ეთქვა, - ვუხსნი. გუგა ოთახის მეორე ბოლოში ხატავს. შავი, დატალღული თმები ცალ მხარეს სასაცილოდ აქვს აპრეხილი. მინდა, არ ვუყურო, მაგრამ არ გამომდის. ზოგჯერ მახინჯი მეჩვენება, ზოგჯერ გიჟივით ლამაზი! თან რა საოცრად ხატავს - ისე თავისუფლად და შეუმჩნევლად, თითქოს არც ხატავს! შეიძლება ერთი ხაზი ჩამოუსვას და მე გავგიჟდე! საერთოდაც, ისეთი სწრაფი მოძრაობები აქვს, თითქოს არც მოძრაობს... ლაპარაკობს და არც ლაპარაკობს, იმიტომ, რომ ფიქრით სხვაგან არის! ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარება, რომ საერთოდ არსებობს!.. - რაზე ფიქრობ? - ლელა მეკითხება. - აქვს შუბლშეკრული, პირქუში სახე და გახსნილი, გულღია სახე!.. აქვს არაჩვეულებრივად დიდი თვალები, ზოგჯერ თვალები საერთოდ არა აქვს!.. - რაა?! - ვერ ხვდება. ნახატს მაჩვენებს, უკვე დაუხატავს. - ლალი, შეხედე! - ვეძახი. - ყოჩაღ, გევხარ!
–
ნინოს მივაკითხეთ ეზოს ბოლოში მეტეოროლოგიის კათედრაზე. ლექცია ჯერ არ იყო გამოსული და მე და ნიკა რაღაც კიბით ავძვერით ორსართულიანი შენობის სახურავზე. დიდი ფიჭვის ხეები გადმობურულიყო მის უკანა მხარეს. სახურავის ბრტყელი ზედაპირი კი გირჩებით და ხმელი წიწვებით იყო სავსე. ჯერ გავიარ-გამოვიარეთ, ქვემოთ გადავიხედეთ, ფიჭვის ბათქუნა ტოტებს შევეხეთ ხელით. კიდევ რაღაც მეტეოროლოგიური დანადგარებიც იყო. «რამდენი გირჩებია!» გირჩებს დავუწყეთ ქვემოთ სროლა, მერე ფეხბურთის თამაში გავაჩაღეთ. ამ დროს ნინომ ამოყო სახურავზე თავი, ვიღაცას ეთქვა, ჩვენ რომ აქა ვართ - ჩქარა, ჩამოდით, დეკანი მოდის, დაუნახავს, რომ სახურავზე ფეხბურთს თამაშობენო! ერთი-ორი გირჩა კიდევ ვისროლეთ, ჩამოვედით და დავიმალეთ. - ხომ არ გვიცნობენ? - არა მგონია. თან ორივე ბიჭები ეგონეთ, «ბიჭები თამაშობენო ფეხბურთს!» მაშინვე მივხვდი, თქვენ რომ იყავით. - ესეც ბიჭი ეგონათ? - ნიკას ეცინება. - სხვა დროს კიდევ ამოვიდეთ, გირჩები კიდევ დარჩა!
–
საოცარი დღე არის, ერთბაშად მოძალებული მზის ყვითელი ფერისგან თვალებიდან ნაპერწკლები მცვივა და თავბრუ მეხვევა; სხეულის შეგრძნება მაქვს დაკარგული, გამჭვირვალე ვარ და აგურისფრად მოკირწყლულ ბილიკზე დავფარფატებ. ვიცი, რამე სისულელე უნდა გავაკეთო. გუგა ბირჟაზეა ზურასთან ერთად, ფილებზე სხედან. - დაჯექი - მეუბნება ზურა. მის გვერდით ვჯდები. გუგას ვუყურებ - ფართოდ გახელილი თვალებით მიშტერებია სივრცეს. - ზოოპარკში წავიდეთ - ამბობს მოულოდნელად. - რა-ა?! - ყურებს არ ვუჯერებ. - ზოოპარკში წავიდეთ - ისევ იმეორებს. - მე არ მცალია, - ზურა რაღაც საქმეს იმიზეზებს და მიდის. გუგა ფეხზე დგას, თითქოს რაღაცას ფიქრობს, ვერ გადაუწყვეტია... - ჩვენ წავიდეთ, - ვეუბნები. «ზოპარკისკენ ჰერი-ჰერი!»
ვერის დაღმართზე ვეშვებით. ერთმანეთის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებს ვაგროვებთ. - რამდენი წლის ხარ? - მეკითხება. - 19-ის, შენ? - მე 27-ის. რომელ ფაკულტეტზე სწავლობ? - გეოგრაფიულზე. შენ რა გაქვს დამთავრებული? - არქიტექტურული. რომელ კურსზე ხარ? - მესამეზე. - ხატვაზე? - მეორეზე, შენ? - წელს ვამთავრებ. - ზოოპარკში როდის იყავი ბოლოს? - დიდი ხანია არ ვყოფილვარ, ბავშვობაში ხშირად დავდიოდი და ცხოველებს ვხატავდი... სადიპლომოც ზოოპარკზე გავაკეთე. ზოოპარკის პროექტზე მელაპარაკება. მერე თავისი ცხოვრების რომელიღაც მონაკვეთზე, როცა ეგონა, რაღაცა მისიით იყო მოსული - ამ ცხოვრებიდან განდგომილი, რელიგიურ მისტიფიკაციებში იყო გადავარდნილი... დიდი პოეტის სიტყვები სანამ არ გაახსენდა: «მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივსდიოთ მას...» - მაშინ არ ხატავდი? - ხატვა კი არა, ცხოვრების ინტერესი საერთოდ დაკარგული მქონდა. სტუდენტობის დროინდელი სიგიჟეებიც არ გამორჩენია - ყირაზე გადასვლა, ნახევარსაათიანი «ტოსტები»... სხვა ბიჭებს არ გავს - მორიდებული და ფრთხილია, თან ისეთი მშვიდი, აუღელვებელი ხმით ლაპარაკობს, ვგრძნობ, რომ დაძაბულია, თან ცოტა დაღლილი მეჩვენება. მიყვება კაცზე, რომელსაც დათვმა ხელი მოაჭამა... «როგორ ვუთხრა ახლა, რომ მომწონს»... ნიანგებისკენ მივდივართ. - მომწონხარ! - ვეუბნები - ეს სიტყვები ჯერ არავისთვის მითქვამს... ალბათ ძალიან მომწონხარ და იმიტომ! უცნაურად შემხედა, მერე თვალი ამარიდა. - არ გამაწითლო ახლა! უკვე მეცინება ჩემს თავზე და ცნობისმოყვარედ ვათვალიერებ, მართლა გაწითლდა თუ არა.
- სახლში ბევრი ნახატები მაქვს, - მეუბნება დამშვიდობებისას, - როდისმე გაჩვენებ.
–
ჩათვლები დაგვეწყო - კათედრაზე ავიარე. უცნაური აღმოჩენა - ჯგუფელები მომნატრებია! იას თავისი მოქსოვილი თხელი სვიტრი ეცვა, უხდებოდა. სადა ხარ დაკარგული, მოგვიყევი, შენსკენ რა ხდება, ახალი რა არისო... რაღაც სხვანაირად გამოიყურები, შეყვარებული ხომ არა ხარო? გავმხიარულდი და - ყურებამდე-მეთქი, ვუთხარი. - შეხედეთ, მგონი ყურებიც წითელი აქვსო, - თამრიკომ დამცინა. იაც გაუჩერებლად ყვებოდა თავისი გატაცების ამბებს. - ყველაფერი უნდა მოყვე? - ვუთხარი. - ისევ ჯობია, მე მოვყვე, ვიდრე მერე ჩემზე ილაპარაკონ!
–
გამოცდებმა სიზმარივით ჩაიარა. ვფიქრობდი, რაც მოხდება, მოხდება-მეთქი და მართლაც ყველაფერი თავისით ხდებოდა, თითქოს მე იქ არც კი ვიყავი.
-
ხატვის სტუდიაში მე-3 კურსელები დიპლომებს იცავდნენ. სათითაოდ გამოჰქონდათ ნახატები და რაღაც უნდა ეთქვათ. გუგამაც გამოიტანა თავისი ნახატი, ნახატის გვერდით დადგა: - ეს შავია, ეს კი, - თეთრი. - კიდევ რას გვეტყვი? - არაფერს. ნახატი დასამთავრებელი იყო, დიპლომის დაცვა შემოდგომისთვის გადაუტანეს.
II
ლიას მივაკითხე სამსახურში (აუზზე). ზაფხულის მერე არ მენახა. ლიამ იქვე, აუზის კაფეში ჩამიყვანა, ხაჭაპური და ყავა მოითხოვა და კუთხეში მყუდრო მაგიდასთან დავსხედით. – ხატვის პრაქტიკაზე ხომ არ ყოფილხარ? – ვკითხე. – აბა არა?! – უცბად გამომაფხიზლა მისმა ემოციურმა წამოძახილმა, – რატომ არ წამოხვედი, იცი, რა დრო ვატარეთ! – ვინ და ვინ იყავით? – გუგა, გივი... მაიკოს შენ არ იცნობ... და მერე მთელი საათნახევარი მიყვებოდა გაუჩერებლად – ასეთი რამე მეორედ აღარ განმეორდებაო! რაღაც ფოტოებიც მაჩვენა. – ეს ჩვენი „გრუპა ზახვატაა“. მეორე სურათზე, მდინარეში შესულან მოლბერტებიანად და ხატავენ. ის ამბავი კი ბოლოსთვის მოიტოვა – – რა ამბავი? – გუგაზე... – ეკლესიაში სპექტაკლი რომ გამართა? – არა... – აბა? – ვიცი, გეწყინება... – მაინც მითხარი. – ხომ გითხარი, გუგა და მაიკო... ჰოდა, ოთახში მაიკო ეგულებოდა, ქალების ოთახში შევარდნილა, იქ კი მაიკოს მაგივრად სხვა დახვედრია, მისულა და „ქალი უნდაო“, უთქვამს. – მერე იმან რაო? – რა უნდა ეთქვა, შეშინებული გარეთ გამოვარდნილა. ამის მერე ოთახის კარებთან ყარაულს ვაყენებდით. ცოტა ხანს ჩაფიქრებული ვიჯექი, მერე ვკითხე: – მანიაკია?! – ასე გამოდის.
–
– გოგონა, ჩვენ თქვენ მოგყვებით! – მეუბნება წვერებიანი. ეს ბიჭები მეტროშივე შევნიშნე, ესკალატორამდეც ჩემს გვერდით მორბოდნენ. – მერე რა! – თქვენ სად მიდიხართ? – არსად. – როგორ... არა, მართლა! – მართლა არსად. – უსასრულობაში! – ხელი მოწყვეტით აიქნია წვერებიანმა. – მასე რომ არ შეიძლება?! – ვერ მოითმინა ამხანაგმა, – აი, ჩვენ ფეხბურთზე მივდივართ, თქვენ არ წამოხვალთ?... – მადლობთ, მაგრამ... არა.
–
რატომ არ წავედი ფეხბურთზე – კარგი იქნებოდა, მეყვირა და მეხტუნა და მექნია ხელები არანორმალურივით... მაგნიტოფონი ჩავრთე. ლიას სიტყვები გამახსენდა – „გოგოები თითქმის გახდილები დადიოდნენ, ისეთი სარაფანები ეცვათ... ბიჭები ჭკუაზე არ იყვნენ!“ „იქნებ ბუნებრივიც არის, რაც გუგამ გააკეთა, ზედმეტი გულახდილობით მოუვიდა ან იქნებ მთვრალი იყო“... – მის გამართლებას ვცდილობ.
–
მხატვრის სახლშია ჩვენი ფაკულტეტის ნახატების გამოფენა – მასწავლებლების და მოსწავლეების ერთად. გუშინ გვიანობამდე დავრჩი, მანამდე ვიყავი დარბაზებში, სანამ არ დაბნელდა და ფანჯარაში მთვარე არ დავინახე, მაგრამ ეს მთვარე გუგას ნახატიდან ირეკლებოდა – დიდი, მრგვალი მთვარე, რომელსაც მგელი შეყმუის. მგელი უკანა თათებზე ჩაყუნცულა; არემარეს ვერცხლისფერი გადაკრავს. დღეს კი, სანამ მესამე სართულზე ავიდოდი, იაპონელების გამოფენაზე შევიარე - სხვანაირი, არაბუნებრივი ფერებით იყო დახატული, თითქოს წყალქვეშა სამყაროები იხსნებოდა ხელოვნური განათებებით. გუგას დიდ ტილოებს თითქმის კედლის ნახევარი ეკავა: სხვადასხვა ფერის «ვარდები» რეზონანსულ ფერთა «სპექტრული ფონით»; გახლეჩილი ბროწეულები; ალეგორიული მისტიფიკაცია «დღე და ღამე», სადაც ღამეს ყორნისფერთმიანი ქალი წარმოადგენს, დღეს კი - ხნიერი, ჭაღარა მამაკაცი. ფანჯრის მიღმა ჰორიზონტზე კი მოჩანს ზღვა და დღე-ღამის გასაყარზე ბინდშერეულ ცაზე ობობას ქსელივით ნაზი მთვარე, რომელსაც ფერი არა აქვს... ლიას ის ნახატი ჰქონდა მოტანილი, არჩილი რომ ამბობდა, სეზანის სტილშიაო; ლალისაც რამდენიმე და ჩემი - «ძაღლი» და «ნიღბებიანი კომპოზიცია». ცოტა ადრე წამოვედი, უნივერსიტეტში უნდა მივსულიყავი.
-
ვზივარ ფანჯრის რაფაზე დერეფანში და ველოდები ფილოლოგთა წრის დაწყებას. მერე შევდივარ, თითქმის ბოლო მერხზე ვჯდები, მერე “ მერხით კიდევ უკან, სულ ბოლოში. ქეთი ბ-ს ლექსების განხილვაა. რეცენზენტებიც თავის ადგილზე არიან. ქეთი იწყებს ლექსების კითხვას... ლექსებს კრიტიკა მოყვება, კრიტიკას - პოლემიკა. ფანჯარაში ვიყურები - საკუთარ გამოსახულებას ვხედავ - სერიოზული და ცოტა მოწყენილი გამომეტყველება მიუღია. კარები იღება და ლაშა და თემური შემოდიან ხელგადახვეულები. ლაშა პირველივე მერხზე ჯდება, თემური ბოლოში მიდის, წვება და იძინებს. - თემური ჩემი ძმაა! - ამბობს ლაშა. დაჯდა თუ არა, ვიღაცა გოგოს გადახვია ხელი - გრძელკიდურებიანი, მრგვალი თავით, რომელიღაც ჯიშის მაიმუნს მაგონებს. გოგო სხვა მერხზე გადაჯდა. ლაშა კათედრასთან ადის. - ხედავ, ქეთი, შენი ლექსები აქ სულ არ ანტერესებთ! - ამბობს - ხომ ხედავ, სხვა რამეზე ლაპარაკობენ, შენი ლექსები დაავიწყდათ, ქეთი!.. ამათ ერთმანეთის ინტერესი აქვთ, ერთმანეთთან კამათი უნდათ, რომ ერთმანეთი წინიდან და უკნიდან... შენი ლექსები კი არ აინტერესებთ, ქეთი, ნახე, რა ხალხი მოდის, ზოგი მთვრალია, ჩემი არ იყოს... თემური ყველაზე კარგად იქცევა, ძინავს და ყველაფერი ფეხებზე კიდია... «შენ რა სიტყვებს ლაპარაკობო», - ვიღაცა წამოუხტა, - «თავი სადა გგონიაო!» როგორც იქნა, აწყნარებენ და ახლა იმის გამორკვევას იწყებენ, რა საერთოა ხატვას და პოეზიას შორის... - თურმე ორივე ხელოვნება ყოფილა! ბოლოს ერთი ქალი ეპატრონება მიკროფონს და გაჰყვირის - «რა საჭიროა პოეზიის განხილვა უნივერსიტეტში!» - ქვემოდან ეკამათებიან და ის კი კივილით აყრუებს იქაურობას. თემურისაც კი ეღვიძება. ყურებში ვიცობ თითებს და კარებისკენ მივდივარ, მაგრამ კარები არ იღება და ვერც ლაშა აღებს, ვერც თემური, რომლებიც ჩემს დახმარებას ცდილობენ. ლაშა წავა ოთახის ბოლოში, გამოიქცევა, შეახტება კარებს მხრით; წავა უკან, გამოიქცევა, ისევ შეახტება... - ჩაგვკეტეს! - ვეუბნები. ის ჩერდება და იდიოტივით მიყურებს. ამ დროს კარები იღება (ალბათ თემური მიაწვა) და სამივე გარეთ გამოვდივართ. - მაკა როგორ მიყვარს! - ეუბნება ლაშა თემურის და მკოცნის. მერე ტიტე და პავლე მოდიან. პავლემ ერთხელ მაკოცა და მეორედაც უნდოდა, მაგრამ ხელი ვკარი და წაბარბაცდა, კინაღამ წაიქცა (ესენიც მთვრალები იყვნენ). მერე აუდიტორიაში შევიდნენ. ლაშამ ხელში ამიყვანა და ფანჯრის რაფაზე შემომსვა. თვითონაც ჩემს გვერდით ჯდება, სიგარეტს უკიდებს. - სად მიდიხარ? - მეკითხება. - სახლში. შენ? - მეც სახლში. - მე არ მივდივარ სახლში... - მეცინება. - არც მე მივდივარ! კურტკას გამოვიტან - ამბობს ცოტა ხნის მერე და ოთახში ბრუნდება. სიგარეტს მე მიტოვებს და მე ვეწევი ლაშას სიგარეტს. - არ გეძინება? - ვეკითხები. როცა ისევ გამოდის. - რა სულელურ შეკითხვებს მაძლევ! - ლაშამ ხელი ჩამკიდა და ასე ხელჩაკიდებულებმა გავიარეთ დერეფანი, ქვემოთ დავეშვით. გარეთ გამოვდივართ, ფართო კიბეები თეთრად ანათებს. აგურმოყრილ ბილიკზე გადავდივართ. ლაშა ჩერდება, იხრება და მკოცნის. იმდენად მოულოდნელად, თან რაღაც ბუნებრივად აკეთებს ამას, ვერაფრის მოფიქრებას ვერ ვასწრებ. ხელჩაკიდებულები შევდივართ ბაღში, ქვის ფიგურებზე ვსხდებით და სულმოუთქმელად ვკოცნით ერთმანეთს. მერე მე მეცინება. ისიც იცინის, - მაკა, რა კარგი ბაია ხარ! - მეუბნება და თმებს მიჩეჩავს, - როგორ მიყვარს, გოგოებს რომ ბიჭურად შეჭრილი თმები აქვთ!.. ისევ მკოცნის. - შენ ბევრ ქალებთან ყოფილხარ? - ვეკითხები. - ბევრთან არა, მაგრამ კარგებთან! სახლში მაცილებს. ტროლეიბუსში მეკითხება - შენთვის უხერხული ხომ არ იქნებაო - და ისევ მკოცნის. შუა, გაუქმებულ კარებთან ვდგევართ. ბუნდოვნად ვგრძნობ, გვერდით თხუთმეტიოდე წლის ბიჭი თვალმოუშორებლად გვიყურებს. მერე მეტროს დარბაზში ვზივართ და ჩემი ჭკუით, ახლა მე მას ვაცილებ, მის მატარებელს ველოდებით. მერე ამბობს, სიგარეტი ხომ მაინც უნდა მოვწიოო და ზემოთ ამოვდივართ, ჩემს სახლთან. ტელეფონის ჯიხურთან ვდგევართ ჩაბნელებულ სკვერში. ყელზე მკოცნის, მერე ტუჩებში - ისე, როგორც ჯერ არავის უკოცნია! რომ შემეძლოს, ვიყვირებდი, მაგრამ ხმა არა მაქვს.
-
...მესამე დღეა, თავბრუ მეხვევა. პარალელურ ჯგუფელებთან ერთად ავდივარ კიბეებზე. წითელთმიან ბიჭს ჩემი ხელი იღლიაში ამოუჩრია და ისე მიმათრევს. - იცი, რა მალე ვიღლები? - თავს ვაცოდებ, - ძალა სულ გამომეცლება ხოლმე და ლამის დავვარდე! გულის სარქველი მაქვს გაბზარული... ლექცია უკვე დაწყებულა. გრძელ მერხთან ვსხდებით. - ჩემს რვეულში ჩაწერე, რა! - მეუბნება წითელთმიანი. თვითონ რაღაც წიგნს კითხულობს. - რა წიგნია? - არ გეტყვი! - არ მეტყვი და ნუ მეტყვი. მერე მაჩვენებს, სპორტზეა. კურტკას ვიხდი. წითელთმიანი გამომართმევს: - სად წავიღო? - მე მეგონა, შენ იცოდი! თავის ჩანთაზე მიუჩენს ადგილს. - რაგბზე კიდევ დვდიხარ? - ვეკითხები. - ეჰ, რამდენი ხანია, თავი დავანებე! - რატო? - დრო არა მაქვს. ჩანაწერებით ვავსებ რვეულს.
-
- რა კარგად ხატავს, არა? - ვეკითხები ზურას და ლიას ნახატს ვაკვირდები. ზურასაც მოსწონს. - ჩემი ამხანაგია... - მხარხე ხელს ვადებ ლიას - არა, ჩემი მეგობარია! - შენ მეგობრები გყავს?! - უკვირს ზურას - რომ მითხარი, ადამიანები არ მიყვარსო! - მაშინ ალბათ ცუდ ხასიათზე ვიყავი, ზოგჯერ პირიქით, ყველა მიყვარს! ზურა ეჭვის თვალით მიყურებს. გუგას ოთახის ცენტრში დაუდგამს თავისი «აშენებული» ნატურმორტი, ნატურმორტი კი არა, უფრო კომპოზიციაა - წინ სარკე უდგას - სარკეში თვითონ ჩანს... და კიდევ ცარიელი ჩარჩოები, ვარდისფერი დრაპირება, სხვა და სხვა ფერის ორი სიბრტყე... სარკეს გულის ფორმა აქვს, ოღონდ, ამოტრიალებული გულის - წვერი ზემოთა აქვს, ეტყობა, სახლიდან მოიტანა. როცა მივუახლოვდი, ამომხედა და გამიღიმა: - შენ არ გინდა დახატო შენი თავი სარკეში? უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
კიდევ ერთი გოგოს ნახატს ვნახულობ - სულ ბნელია, თითქმის შავი თუ მუქი ლურჯი და ერთი განათებული ფანჯარა, უფრო სწორედ, ლამპარია ყვითლად. ქვემოთ კი ორი იასამნისფერი ბურთია სიბნელეში. «საინტერესოა», ვეუბნები. შევამჩნიე, რომ ხანდახან ჩუმად მღერის ხოლმე, ისე, რომ არავინ გაიგოს. რა უცნაური ხალხი დადის ჩვენთან ხატვაზე, თან ყველა მარტოა... მარტოობა უხდება ადამიანს.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კი, უნივერსიტეტია
კი, უნივერსიტეტია
1. უფრო საინტერტერსო ხდება ყველაფერი, ცოტაოდენი კონფლიქტი აკლია(მე მგონი) მეგონა აკადემიაში იყო ხატვის მე-2-დი ფაკულტეები, მერე გამხსენდა რომ უნივერსიტეტს ჰქონდა. არა მგონია გუგა მანიაკი გამოდგეს, თუმცა საინტერესო კი იქნებოდა :) უფრო საინტერტერსო ხდება ყველაფერი, ცოტაოდენი კონფლიქტი აკლია(მე მგონი) მეგონა აკადემიაში იყო ხატვის მე-2-დი ფაკულტეები, მერე გამხსენდა რომ უნივერსიტეტს ჰქონდა. არა მგონია გუგა მანიაკი გამოდგეს, თუმცა საინტერესო კი იქნებოდა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|