ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: განთიადელი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2024


ძლიერი იყო დედაჩემი

60 წლის ვარ და დედაზე  დარდი მამძიმებს.
- დიდი ხნის წინ წასულ დედაზე.
რაღა დროს შენი დედააო, იტყვი ალბათ, შენ.
ახალგაზრდავ, ძალიან ცდები.
არასოდეს არ ქვრებიან ჩვენში დედები.
თვითონაც იგრძნობ,  როცა ასაკი
ოცნებისგან ხახვივით გაგფცქვნის,
დედა კი, მუდამ შენი მფარველი
და შეუმჩნევლ სასწაულთა შენთვის ჩამდენი,
ერთ შორეულ, გარდუვალ დღეს,
უჩინარი თავად გახდება.
იმ დღიდან კი ხმაში ალერსით,
შენ აღარავინ გიწოდებს "შვილოს",
არამედ  - მხოლოდ დედას, ან მამას,
ბებიას, პაპას.
ჰო, ეს ასეა.

და დავუშვათ 60 წლის ხარ და აქამდე ასე გეგონა:
ტკივილებმა
შეამცირეს შენი ადგილი, დედის დიდ გულში.
სარეცელთანაც იშვიათად  მიგიხმობდა.
გეგონა დღემდე - დაფშვნილ სამყაროს გადააბიჯე ერთი დღის ელდით,
იმ წყეული დღის,
მეხსიერებას რომ გიწამლავს თავის სიცხადით.
დღემდე მოხვედი ამ წარსულით,
ახლა კი იგებ, მან გამოსტაცა
ფინალის ხაზი დიად მბრძანებელს,
სცენა იყო ეს გაციება.
დღეს გადააწყდი დაკარგულ დეტალს:
ერთხელაც უთქვამს:
"მკაცრად ვექცევი, არ ვიკარებ
ერთბაშად რომ არ დაატყდესო უჩემობა."

იმ ერთ დღეზე გიამბობ ახლა.
თან სევდას დავცლი,
თან გაგიცხადებ, რამხელა ცოდნა
თანდაყვებათ ბავშვებს ხანდახან.
დედა მოკვეთილ მკერდს დააცქერდა.
შენც მიგიხმო, დასარწმუნებლად.
ზამთრის  ხეს გავდა ნაკერები და არა თოვლით,
უხვ, წვრილ მარცვლებად მოენიშნა
სიკვდილს სხეული.
მერე დაძებნა და მიაგნო,
განაჩენის ტოლფას დიაგნოზს.
და გადმოხეთქა დაქცეული ცხოვრების გლოვამ.
შენ, ექვსი წლისამ არსაიდან მოსული ცოდნით
მიხვდი სიკვდილი,
არსაიდან მოსული ცოდნით მიიღე ძალა,
მის წინ  ცრემლი არ დაგცდენოდა.
ის სახლში იყო.
შენ ეზოში ისმენდი მის ხმას, ცრემლს იბრუნებდი.
გეძახოდა, კიდევ და კიდევ,
რადგან ურჩხულთან მარტო ყოფნა ეძნელებოდა.
მოიშორებდი ცრემლებს, დარდის კვალს
და შედიოდი, ოღონდ - წამებით.
რას აკეთებო, იკითხა ბოლოს.
ვთამაშობო - შენ  "უდარდელად" .
ხმაში სიმწარე მოემატა.
"რა უჭკუოს და უმწეოს გტოვებ,
რა გათამაშებს."

მერე წახვედით მის მეგობართან.
იმ ასიოდ მეტრს დედამიწა ტორტმან -რწევით მიგაცილებდათ.
მეგობარის ნუგეშს აწყალებდა
ყვითელ ქაღალდზე დაკლაკნილი სიტყვების შხამი,
დედა ისევ ხმით დასტიროდა ნაცრადქმნილ ყოფას.
გაბერილ ბუშტზე ნემსის შეხების ეფექტი ჰქონდა
მეგობრის სიტყვებს, - "ნუ ამბობ ბავშვთან."
და ამოხეთქა ყველა ცრემლმა, ყველა ბღავილმა,
რაც ჩაიბრუნე, რასაც აწი ჩაიბრუნებდი, დაიდუმებდი. 
დედა  გაჩუმდა. ყველაფერს მიხვდა.

ეს იყო იმ დღეს, მეხსიერებას სიცხადით რომ დღემდე გიწამლავს,
იმ წყეულ დღეს აირჩია სტრატეგია: ნაბიჯ - ნაბიჯ გადაჩვეოდი.
სუსტმა ქალმა და ძალიან ძლიერმა დედამ, უძლეველობას - თავად სიკვდილს გამოსტაცა ფინალის ხაზი.

თუნდ 1000 წლის არ იდარდებდი?

ასეთი არის, მეგობარო, ეს სამყარო. შენ რა გგონია?
ფეხზე თუ არა სულ სატურნის რკალზე ჰკიდია,
შენი გრძნობა თუ უგრძნობლობა;
ჭამა ბაბუამ ტყემალი თუ თაფლი სდიოდა.
მანამ მოგმწყემსავს დედამიწა, და გამოგკვებავს,
სანამდე შენი ახალი თუ ბებერი ხორცით,
ერთხელაც მუცლის ამოვსება მოესურვება.

გთხოვ მაპატიო, ჩემო კარგო, რომ დაგამძიმე.
ახლობელთაგან რომ ვერც ერთი ვერ გავიმეტე
და ნამარხ ლავას
მხოლოდ  შენს ფერხთით გავუხსნი გამოსასვლელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები