ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წიგნისფერი
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2024


ქალის ლოცვა

ქალის ლოცვა

მუცელო!
მუცელო!
მუცელო, ამტკივდი!
ერთ დღეს როდესაც ცომის გუნდებს შევდგამ ღუმელში,
ჩემი კაცი კი ეზოს მოცელავს,
სანამ ლობიოს გადავარჩევ თიხის ქოთანში
და ცეცხლს გამომხმარ ფიჭვებს შევუნთებ,
წამომტკივდი და შემახსენე :
მე ხომ ქალი ვარ ! გამოსაწრთობი სხვათა თარგების !
გამოსაშრობი ჭურჭლების და სამკაულების,
ხმლების სამჭედლო !
როცა ყანებში მომრავლდება მინდვრის თაგვები,
სანამ საზამთროდ ატმებსა და ასკილს მოვხუფავ,
წამომტკივდი და გამახსენე, რომ მე ქალი ვარ.
ნეფერტიტი თუ  დარეჯანი, სედა, აიზა...
გამლღვალი ვერცხლი - ყალიბებში ჩამოწველილი
და სანამ სევდას სტრიებივით ზედვე აიზელ,
სანამ უპეებს სადილივით დაანახშირებ,
სანამ აუხსნი შვილებს:
- დედი, დედი, აი, მზე !
სანამ შიშისგან მომრგვალებულ ბეჭებს აიმრეზ,
წამომტკივდი და გამახსენე ჩემი ქალობა.
ჩამოატარე ჩემს კალაპოტს სისხლის მდინარე,
მარეცხინე და მაკემსინე,
მომაწველინე,
მაცხობინე და მაზელინე,
მომახარშინე,
მაძინე, მბეგვე, დამალურჯე
და თეთრ დღეებში
გამომაჩინე, სხვა ქალებში გამოახშირე

ჩემი ბროლივით ძუძუების ამოკვირტება..
ჩემი წითელი კაბის კუდის ქარში ფრიალი...
ქარს გამატანე ფოთოლივით, გადამარჩინე
და ტკივილისგან ციბრუტივით დამატრიალე.
გამაქლიბინე მიწისფერი ფეხის ფრჩხილები,
დამავარცხნინე ნაწნავები - კაქტუსიანი,
ჩამაწყობინე წამწამები ცისფერ ქილებში
და სანამ ასე ლამაზი ვარ, გთხოვ, რომ მიმისნო !
რომ მოისმინო თარიღები :
როდის მესროლონ
ქვა ან ტალახი,
როდის მცემონ, დამალილავონ,
როდის გაცურდეს ირმის რქებზე ჩემი ღრიალი?!

მუცელო!
მუცელო!
მუცელო, ამტკივდი !

სანამ მიმხვდარან რომ ჩემს შიგანს ვხარშავ ქვაბებში,
რომ გადაყლაპულ სისხლში ვხარშავ ახალ კარტოფილს
და ისე მიმაქვს მაგიდასთან, სანამ ცხელია.
ამტკივდი, სანამ ჩემში მკვდარი ქალის მრცხვენია.
მუცელო!
მუცელო, ამტკივდი!
ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს