ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
9 სექტემბერი, 2024


მიწაში დაფლული ოქრო

          მივდივარ რუსთაველზე, დიდად  არ ვჩქარობ, ვათვალიერებ იქაურობას, მაღაზიების ვიტრინებს,  ჭრელაჭრულა აფიშებს, მოსეირნეებს. უკვე შუა რუსთაველზე ვარ და უცბად ვხედავ ქსოვილის  უგრძეს  ფართო ლენტს,  რუთაველის თეატრის  სახურავიდან ოპერამდე გადაჭიმულს. ლენტზე წარწერაა ნახევარმეტრიანი  ასოებით  გამოყვანილი; ‘’საპატრიარქო აცხადებს დახმარებას ხელოვნების მუშაკთა მიმართ,’’ ღაღადებს წარწერა. ძალიან გამიხარდა, ხელოვნების მუშაკთა რიცხვს ნადვილად მივეკუთვნები, შემიძლია ეჭვმიუტანელი ფაქტები წარმოვადგინო გამოცემული წიგნების და ავტორიტეტული რეცენზიების სახით. დახმარებაც ძალიან მჭირდება... ბნელი ოთხმოცდაათიანი წლებია, სწორედ ის დრო და ეპოქა, როცა საქართველოში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს და პატრონი ძაღლს.
      მეორე დღესვე ვეწვიე საპატრიარქოს დახმარების მიღების იმედით,  ამხელა წარწერას რაღაზე გამოფენდნენ, თუ მართლა არ აპირებენ რაიმეს. თან წავიღე ჩემი ერთერთი ზღაპრების წიგნი, კერძოდ “ცისარტყელას დაბადება,” მომისმინეს  საპატრიარქოს მისაღებში,    მამა თეოდორთან გამამწესეს, როცა ვიზიტის მიზეზი ვთქვი.
      ცოტა ვიარე თუ ბევრი, მივაგენი მამა თეოდორის კაბინეტს. გამიმართლა, მამა თეოდორი კაბინეტში ბრძანდებოდა, ნებართვა ვითხოვე და შევაბიჯე კაბინეტში. ჩამოვჯექი ერთერთ სკამზე (როგორც ყველა კაბინეტი, იქაურობაც  მაგიდებით და სკამებით იყო აღჭურვილი), 
ჩანთიდან  “ცისარტყელას დაბადება’’ დავაძრე და  ჩემი ვიზიტის მიზანი  გავამხილე. ვთქვი რომ ხელოვნების მუშაკი ვარ, ერთერთი წიგნი თან მაქვს, ყველას ხომ ვერ წამოვიღებდი... წავიკითხე წარწერა,რომელიც დახმარებას ასაჯაროებს ხელოვნების მუშაკთათვის, დახმარება მეც მჭირდება,
        - რომელ წარწერაზე ლაპარაკობთ?- იკითხა მამა თეოდორმა.
      - რუსთაველზე რომაა, თეატრისა და ოპერის შენობებს შორის.
      მამა  თეოდორმა თავი გაიქნია.
      - მე იქ არავითარი წარწერა არ  მინახავს, - თქვა.
      - არის, - დავიჩემე მე, - საკუთარი თვალით წავიკითხე.
    -  დახმარებითაც ვერაფრით დაგეხმარებით,- მამა თეოდორი წამოდგა, მაგრძნობინა, აქ ზედმეტი ხარო, -  არაფრის საშუალება არ გვაქვს.
    -  რაღაზე გამოფინეს ის წარწერა.
    - გითხარით, არ ვიცი, რომელ წარწერაზე ლაპრაკობთ. თანაც რა დროს ხელოვნებაა, ნარკომანებს ვერ ვეხმარებით.....  რა დღეში არიან ნარკომანები, ვერაფრით ვშველით...- ეს ბოლო სიტყვები უკვე დერეფნიდან მომაძახა მამა თეოდორმა, ანუ კაბინეტიდან გავარდა, ლაყუჩებიანის არ იყოს.
      მაგრამ მე მომზადებული შევხვდი ამ ჟესტს, ლაყუჩებიანთან ვიზიტისგან განსხვავებით, მეც მივყევი მამა თეოდორს და ახლა დერეფანში დავიწყეთ ამ გაუგებრობის გარჩევა.
    - ხელოვნებაც თავისებური ნარკოტიკია, - ვეუბნები, თან ვცდილობ არ ჩამოვრჩე... ტანმორჩილი კაცია მამა თეოდორი,  თანაც სხარტი, თხელი აგებულების. სწრაფად მიიწევს წინ ანაფორის კალთების ფრიალით.
      მაინც რა საოცარია, როგორ დააფრიალებს ანაფორის კალთებს, წესით ამდენხანს ცხრაჯერ მაინც უნდა დაებიჯებინა ფეხი ანაფორის კალთაზე და აქედან გამომდინარე, უნდა გადაყირავებულიყო, მაგრამ არა, მსგავსიც კი არაფერი ხდება, ცქვიტად დარბის  მთელი და უვნებელი. მის შეყურეს ლამის მეc ამერიოს ნაბიჯი, თუმცა გაჩუმებით მაინც არ ვჩუმდები, ვაგრძელებ ჩემსას;
    -...მეცნიერებმა დაადგინეს, ნარკოტიკებით თრობის პროცესი და ხელოვანის შთაგონება ძალიან გვანან ერთმანეთს, იდენტური სურათები იხატება, როცა მათ  ერთმანეთს ადარებენ. ამიტომ  ხელოვანსაც უნდა დაეხმაროთ, თუნდაც  ამ მსგავსების გამო.
      - არაფრის საშუალება არ გვაქვს, ნარკომანებსაც კი ვერ ვეხმარებით, - სადღაც შორიდან მესმის პასუხად.  კარგა შორს  გამასწრო ცქვიტმა მამაომ. მეც ფეხს ავუჩქარე.
      რა ჰქვია ყოველივე ამას? ანუ, ჩემს მჭერმეტყველებას  მამა თეოდორის ფრიალა ანაფორის ფონზე... არ ვიცი და არც მაშინ ვიცოდი,  მაგრამ ვერ ვჩერდებოდი. მთავარი იყო, არ გავჩუმებულიყავი, დანარჩენის დარდი ვის  ჰქონდა.
    უცბად მამა თეოდორი გაქრა. შევჩერდი, თვალი  მოვავლე ყოველი მხრით.  ისეთი ცქვიტია, იქნებ სულ სხვა მხარეს გაუხვია, ისე რომ ვერ შევამჩნიე.
        ჩრდილმა გაიელვა ცოტა მოშორებით. გავიქეცი, მინის კარებს მივადექი. გავაღე და ახალ დერეფანში აღმოვჩნდი. ვხედავ მამა თეოდორი ახლა აქ დააფრიალებს ანაფორის კალთებს.
      - მამა თეოდორ,- დავაწიე სიტყვა ჯერ კიდევ შორიდან...- ძალიან მომწონს თქვენი ეკლესიური სახელი.მართლაც დიდებული სახელია,  ეკლესიის მსახურისთვის ზედმიწევნით შესაფერი,- აქოშინებულმა მივირბინე მასთან და გავაგრძელე, -  ეს სახელი  ხომ ღმერთის ოქროს ნიშნავს...  ჰოდა ზუსტად ასეა, ვინც ღმერთს ემსახურება, სწორედ რომ  ოქრო და  განძია  ჩვეულებრივ მოკვდავთათვის. მაგრამ ქრისტე სხვა განძის შესახებაც ლაპარაკობდა...
      აქ მამა თეოდორი მხედველობიდან დამეკარგა, თვალები დავაცეცე მის ძებნაში, კარები დავინახე.  როგორც ჩანს, ამ კარებში შემასწრო, მეც შევედი. სწორად მივმხდარვარ, მამა თეოდორი იქ იყო, კედლის  გასწვრივ ჩამორიგებულ შკაფებთან ჩალიჩობდა რაღაცას.  მაშინვე მივიჭერი მასთან და  გავაგრძელე ჩემებური:
    - ....ქრისტემ  ადამიანის ტალანტსაც უწოდა ოქრო, ანუ განძი... თან მოუწოდა , რომ მიწაში არ დაემარხა  იგი, აუცილებლად  რაღაცისთვის გამოეყენებინა. სწორედ ამისთვის მჭირდება დახმარება, მამა თეოდორ, ღმერთის ნება უნდა აღვასრულო, მისი ნაჩუქარი ოქრო არ უნდა დაიკარგოს...
      ვის ველაპარაკები, კედელს თუ ჭერს?  სიტყვა არ დამემთავრებინა, მამა თეოდორი გაქრა... გაქრა  და აღარც გამოჩენილა, ვეღარ მოვიძიე,  რამდენიც  არ ვაცეცე თვალები ხან იქით, ხან აქეთ. მაინც რა ცქვიტი იყო ის დალოცვილი.... 
      ასე დასრულდა ჩემი ვიზიტი, აღთქმული  დახმარების  დევნით  აღძრული... სათქმელი თითქოსდა აღარაფერია, ერთ პატარა  დეტალს მაინც აღვნიშნავ; გზად რუსთაველზე გავიარე, სახლისკენ წასულმა, მინდოდა ერთხელ კიდევ შემეხედა  ნახევარმეტრიანი ასოებით აჭრელებული  ფართო ლენტისთვის,    შუა რუსთაველზე  რომ იყო გადაჭიმული.. ვეღარც ის  მოვიძიე, მისი კვალიც არ ჩანდა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს