ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გზაარეული
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2024


აბია

სახლიღა შემორჩა ქვითკირის
თვალებზე სიბერის ღარები
აბიას არავინ მისტირის
ურემზე შეუბავს ხარები

გზადაგზა ურმის თვალს აწვება
ბილიკზე ტბორი და ჭყაპია
გაგიჟდა ! თქვეს სოფლის კაცებმა
არავის არ უსმენს აბია

ურემზე ლოდები უყრია
ხარები დასისხლეს ეკლებმა
აბია გლეხია გულღია
და გული გზადაგზა ეღლება

ცა სეტყვავს მიწას და წყნარდება
აბია გზას მისდევს სეტყვიანს,
შეჰყვირებს ძლიერ რომ მწარდება
და მთებიც რაღაცას ეტყვიან

ცხელ წყურვილს წყაროსთან იამებს
დაჯდება ცოტახანს ისვენებს
ჩამობანს ხარებსაც იარებს
და მთისკენ გარეკავს ისევე

საღამოს ტყეს გლეჯენ ქარები
ხევ და ხევ ტურები დარბიან
დღისით კი ბღავიან ხარები
თავისას არ იშლის აბია

გადიან დღეები, თვეები
და წარსულს ბარდება ყოველი
ივიწყებს ქარიშხლებს ტყეები
ივიწყებს აბიას სოფელი

წლებს შემდეგ, პატარა საყდარი
სოფლელებს მთის წვერზე ეპოვნათ
არავინ არ იცის სად არის
აბია გიჟი რომ ეგონათ






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს