 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 10 ოქტომბერი, 2024 |
(დასასრული)
განკითხვის დღეს ნაცემივით დამტვრეულმა დავიკავე ადგილი აუდიტორიაში. კოშმარისაგან გამოწვეული ბურუსი და გამოსაფხიზლებელი აბებით გამოწვეული სიცხადე ერთმანეთს სამკვდრო სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ჩემს თავში. მიჭირდა გამერჩია, სიზმარში ვიყავი თუ ცხადში რაც შეეხება გენეტიკას, ერთ უფორმო მასად იყო ყველაფერი ათქვეფილი; მგონი აღარაფერი ვიცოდი, აღარაფერი მახსოვდა. ალბათ რესტრიქტაზას უმარტივეს ფორმულასაც ვერ დავწერდი, ვინმეს რომ ეკითხა. გვერდით ბიჭიკო მომიჯდა, უსიამოდ გამაჟრჟოლა. არაფერი დაუშავებია, მაგრამ მისი არსებობაც სასჯელად იქცა ჩემთვის. რა კრიალა თვალები და რა გულუბრყვილო იერი აქვს. ალბათ მთელი ღამე ახალშობილ ყრმასავით უშფოთველად ეძინა, ანგელოზის მშვიდი, უსიზმრო ძილით, ანდა თუ მოელანდა რაიმე, მხოლოდ და მხოლოდ თეთრფრთიანი ანგელოზები. სხვა რა შეიძლება დაგესიზმროს? ერთი უნდა ვკითხო, ნახა თუ არა სიზმარი. თავი მივაბრუნე, მინდოდა მეკითხა, მაგრამ კარი გაიღო და პროფესორი შემოვიდა. არც მოგვსალმებია, ისე მიუჯდა მაგიდას, საქაღალდე დადო და ხელი თავაუწევლად ბიჭიკოსაკენ გაიშვირა: - რა შეგიძლიათ გვითხრათ სიზმრის ქიმიზმზე? გულზე შემომეყარა. ეს ხომ ჩემი თემაა... ნეტავი რა აქვს გუნებაში ჩვენს ცმუტიას? ვითომ ჩემთან გახუმრება მოინდომა? შეიძლება. . . ფართო მეცნიერულ ერუდიციასთან ერთად იუმორის გრძნობაც ჰქონია.
მეორე საკითხი ალბათ ხელფრთიანთა რიგი იქნება, გენოს თემა. მართლა, გენო სადღაა? აუდიტორიას თვალი მოვავლე, გენოს ჭაჭანებაც არ იყო. ნეტავი რატომ არ მობრძანდა? შეეშინდა თუ. . . ალბათ ავადმყოფობის ცნობას მოიტანს. ბიჭიკომ თვალნათლივ, ლამის ხელშესახებად აღწერა სიზმრების დროს თავის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიური და ფიზიკური პროცესები. უკვე ყველაფერზე ხელჩაქნეულს აღარაფრის გაგონება მინდოდა, მაგრამ ჩემს ცნობიერებამდე მაინც აღწევდა ნაწყვეტნაწყვეტი ფრაზები: სპონტანური, რიტმული, ბიოელექტრული აქტივობა. . . ალფა რიტმი. . . ხანდახან პროფესორისკენ გავაპარებდი თვალს; მშვიდად იჯდა. მიბნედილ თვალებზე ვატყობდი, ნასიამოვნები იყო. ჯერ ერთი იმით, რომ ბრწყინვალე, ამომწურავი პასუხი ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენია. მეორეც: ეს მართლაცდა კარგი ხუმრობა იყო ჩემს მიმართ. მე რაღა უნდა მეთქვა, რაღა უნდა დამემატებინა? ამდენი უშველებელი ფორმულა, სიზმრის ქიმიზმი. . . ჩემთვის გაუგებარი სიმბოლოების უსასრულო მწკრივი. ეჰ, ჯობს ახლავე ავდგე, გავეცალო აქაურობას და რაც უფრო მალე გავიქცევი, მით უკეთესი იქნება. ასე ვფიქრობდი, მაგრამ ადგილიდან არ ვიძროდი. სხეული ტყვიასავით დამიმძიმდა. ისიც კი ვერ შევძელი, მერხზე დაყრდნობილი ხელი მომენაცვლებინა. ვეღარაფერს ვახერხებდი, არც წასვლა შემეძლო, არც დარჩენა, მგონი მართლა სიზმარში ვიყავი. ისევ ის მტანჯველი მაჯლაჯუნა. . . ბიჭიკოს ხმა სადღაც შორიდან ჩამესმოდა, ვეღარაფერს ვარჩევდი მისი ნალაპარაკებიდან. უეცრად ჩამოვარდნილმა პაუზამ მიიქცია ჩემი ყურადღება. - როგორ თქვით? არ იცით რა არის სიზმარი?- მომესმა პროფესორის შეკითხვა. ამ გაჭიანურებული პაუზის შემდეგ მის ხმაში აშკარად გაოცება ისმოდა. როგორც ჩანს, გამოკითხვა დაამთავრა და ახლა ფორმულირებული სახით მოითხოვა სიზმრის განმარტება. - არა, არ ვიცი - არხეინად უპასუხა ბიჭიკომ. ამას კიდევ უფრო ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა. პროფესორი გაოცებული და ცოტათი დაბნეულიც ჩანდა. ბიჭიკო ნირშეუცვლელად იყურებოდა თავისი კრიალა თვალებით. რაც შემეხება მე, ყველაფერი ეს კიდევ ერთ დამამტკიცებელ საბუთად მივიჩნიე, რომ ნამდვილად სიზმარში ვიმყოფებოდი. ჭკუისკოლოფ ბიჭიკოს არ შეუძლია პასუხი გასცეს ისეთ უბრალო შეკითხვას, რომელსაც საბავშვო ბაღის აღმზრდელიც კი უპასუხებდა. მე რომ ბიჭიკოს ადგილას ვყოფილიყავი, ალბათ თავხედობაში ჩამომართმევდა პროფესორი და ძნელი წარმოსადგენია, რა დღეს დამაყრიდა. მაგრამ ბიჭიკო სულ სხვაა. ცოტა ხანს იფიქრა პროფესორმა და მერეთქვა: - თუ ეს შეკითხვაა, მე არ ვიცი, რა არის სიზმარი - იყო პასუხი. აქ კი პროფესორი განრისხდა. მისი პასუხი ალბათ მართლა თავხედობად ჩათვალა. მე ისევ ვორჭოფობდი. ვერ დამედგინა, ეს ყველაფერი სიზმარი იყო თუ ცხადი.. - ეს მართლაც ძნელი საკითხია - ირონიულად თქვა პროფესორმა, - მაგრამ ჩვენს ლაბორატორიაში მოიძებნებიან ისეთ მეცნიერი თანამშრომლები, რომლებსაც შეუძლიათ ამაზე პასუხის გაცემა. აბა, ერთი განმიმარტეთ, რა არის სიზმარი? - მომმართა მე. ხმა ვერ ამოვიღე. არ ველოდი ამ შეკითხვას. გაუნძრევლად ვიჯექი და ჩემს მტანჯველებს შევყურებდი. პროფესორმა პირდაპირ შემომხედა თავისი მრგვალი, უწამწამო თვალებით. - ვერ გაიხსენეთ? - ამ სიტყვებთან ერთად მაღლა შემართა ბეჭდით შემკული ხელი, ძვირფასმა თვალმა გაიბრწყინა. უენბლიედ მეც ავწიე ხელი, თითქოს თავის დასაცავად და ამან უზომოდ გამახარა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისევ სიზმარში ხდება. სიტყვამაც: „გაიხსენე“ ეს საბოლოოდ დაადასტურა. სიზმარია, სიზმარი და მე მოძრაობა შემიძლია, ხელი მემორჩილება, ალბათ ლაპარაკსაც შევძლებ. - გაიხსენეთ თუ არა? რა ცხადად ვხედავ პროფესორის სახეს. ვხედავ ცხვირზე უფერულ მეჭეჭს. ვხედავ მაგიდას, მაგიდაზე საქაღალდეს, საწერ კალამს, მინერალური წყლით სავსე ბოთლს. ყვეკლაფერი ცხადზე ცხადია, უკიდურესად რეალური. . . მესმის პროფესორის მრისხანე ხმა: გაიხსენე! და მეც სრულიად არხეინად ვუპასუხე: არ ვიცი მეთქი, უფრო იმიტომ ამოვიღე ხმა, მინდოდა გამეგო, შემეძლო თუ არა ლაპარაკი. პროფესორი ძალიან განრისხდა, მრგვალი თვალებით ისე შემომცქეროდა, მეგონა ახლა მეცემა და გამგლეჯს მეთქი, მაგრამ მე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, აღარ მეშინოდა საკუთარი უცოდინარობისა და უსაქმურობისა. სიტყვა „გაიხსენე“ აღარ ჟღერდა ჩემთვოს ასე საზარლად. უკვე გავიხსენე, რაც ყველაზე უფრო მჭირდებოდა, გავიხსენე სიზმარი სიზმარში და ამით ვუშველე თავს. ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორე თავიდან საზიზღარი მაჯლაჯუნა. ახლა ჩემთვის აღარაფერია საშიში.. როგორც ჩანს, პროფესორმა იგრძნო ჩემი ძალა, იგრძნო, რომ ვეღარაფერს გააწყობდა ჩემთან, ხელი დაავლო საქაღალდეს და კარისკენ გასწია. - არც თქვენ იცით რა არის სიზმარი? - დავაწიე სიტყვა კარებთან, თან ჩემს ხმას ნეტარებით ვუგდებდი ყურს. - რაო? - სე გაოცდა, ხელის მაღლა აქნევაც კი დაავიწყდა. - ხო, არ იცით, არავინ არაფერი იცით. გველნაკბენივით გავარდა გარეთ. მე გულიანად ვიცინი, ბედნიერი და კმაყოფილი. უკვე აღარ მაწუხებს უღონობა, პირიქით, საოცარ სიმსუბუქეს და ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ. ბედნიერი და კმაყოფილი ისევ მერხზე ვიჯექი. სიამოვნებისგან ვიცინოდი და ველოდი, როდის გამეღვიძებოდა. ბიჭიკო გვერდით მეჯდა. ვერა და ვერ ვიღვიძებდი. მაგრამ რაც უფრო დრო გადიოდა, ეს ყველაფერი მით უფრო რეალური, მით უფრო ცხადი იყო. უკვე ეჭვმა შემიპყრო, ვაითუ მართლა ცხადში იყო ეს და მე სიზმარი მეგონა. მაშინებდა ამის გარკვევა, მაგრამ სანამდე უნდა ვყოფილიყავი ასეთ ორჭოფულ მდგომარეობაში, სიზმრისა და ცხადის საზღვარზე. მივუბრუნდი ბიჭიკოს, ჩაჭრილ მოწაფესავით რომ იჯდა თავჩაქინდრულიდა ვკითხე: - რატომ არ უპასუხე ასეთ მარტივ შეკითხვას? შემომხედა თავისი კრიალა თვალებით და ასეთი საბედისწერო სიტყვები მითხრა: - სიზმარი არასოდეს მინახავს. ესაა თქვენი ერთადერთი უპირატესობა ჩვენთან შედარებით. - ვისი ჩვენი? - ადამიანების. ხმაც არ ამომიღია, ისე დავავლე ხელი მინერალური წყლით სავსე ბოთლს და თავში გამეტებით ჩავცხე. . . „კიდევ კარგი, არაფერი დაუშავდა“ - მომესმა ამ დროს. მოვიხედე და ის სამეული დავინახე, ძიძებივით რომ დაჰყვებოდნენ თან ბიჭიკოს პირველ დღეებში. ეს წამოძახილი ჩემს საქციელს არ გამოუწვევია. რა უნდა დაეკლო ბოთლს ფოლადის კარკასისასაგნ აწყობილი თოჯინასათვის.. აკი დაიფშვნა კიდეც ბიჭიკოს რკინის თავზე. მას კი ნირიც არ შესცვლია, მგონი არც კი გაუგია რამე, გულგრილად დაასრულა დაწყებული ფრაზა: მე მხოლოდ იმ ბიოქომიური პროცესების დანახვა შემიძლია, რომლებიც თავის ტვინში სიზმრების დროს მიმდინარეობს, თვითონ სიზმარი კი არასოდეს მინახავს. ძალიან, ძალიან მინდა მისი ნახვა, მინდა თვალებში ჩავხედო თქვენს უპირატესობას....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|