 | ავტორი: მარიამული ჟანრი: პროზა 12 ნოემბერი, 2024 |
ხელნაწერი მანუსკრიპტები არ იწვიან თავი I
ავტომობილი დუმილს არღვევს და გზას განაგრძობს. ხშირად უწევს საცობებსა თუ შუქნიშნებზე შეფერხება. მტკიცე ნებისყოფით მომართული მიიწევს გადატვირთული გზის ლაბირინთებში. უხვევს მარჯვნივ და ქალაქგარეთ შემოვლითი გზით უბრუნდება ისევ ქალაქს. ვზივარ გვერდითა სავარძელში და ვაკვირდები თუ როგორ წარმოუდგენლად სწრაფად იცვლება გარემო. თითქოს მიწიდან ამოსხლტნენ ხეები, გზის ახალთახალი ჯებირები, თეთრ ზოლებად მონიშნული კილომეტრები, გორები, მეორეხარისხოვანი გზები, საგზაო ნიშნები. კადრები მყისიერად ცვლიან ერთმანეთს, როგორც კინო ფირის ლენტაზე აღბეჭდილი ნეგატივი, რაც ფერებით და სინათლის დონით თავდაპირველი გამოსახულებისგან მკვეთრად განსხვავებულია. ნელ-ნელა ვარჩევ და კონტურებად ვსაზღვრავ, მაგრამ სწრაფადვე ერთად შეერწყმიან და უცებვე ქრებიან თვალთახედვის ჰორიზონტიდან და მერე მეხსიერებიდან. აქ კი სხვა ახალ პეიზაჟში იკარგება წინა, უხილავი შტრიხებით, რომელიც არასოდესაა ერთნაირი. თბილისის მიღმა სხვა დროის დინება იგრძნობა, სხვა სუნთქვა. დედაქალაქს სახელად სითბო დაჰყვება, როგორც გენი - ეს მისი ბედისწერაა და ხასიათი. გარეუბნები განსხვავებულ ამბავს ჰყვებიან - უფრო წყნარს, უფრო ფაქიზს. განსაკუთრებით მაშინ, როცა შემოდგომა თავის ფერთა პალიტრით აქაურობას თბილ ფერებად ხატავს. ნოემბრის ნისლი მანქანის ფანჯრებს შემოხვევია. ქარი ფერად ფოთლებს აყრის – ცვლილებების გარდაუვალ სიმბოლოს. ჩემში ორ საპირისპირო გრძნობას აღვიძებს: აღფრთოვანებას, შფოთვისა და სევდის ზღვარზე დაბადებულს, და მელანქოლიას – ტკბილ-მწარე განცდას, რომელიც სულს ათბობს და სევდას კეთილშობილ ელფერს სძენს. მძღოლის ტელეფონის ეკრანი ფანჯრის ზედაპირზე ირეკლება - პიქსელები და რეალური სამყარო ერთმანეთში გადადიან, როგორც ორი მდინარე, რომელთაც საზღვრები ეგოისტურად გადაკვეთეს. აღარც კი ვიცი, რომელია ნამდვილი - ეკრანზე მოციმციმე ციფრები თუ ფანჯრის მიღმა მოხეტიალე შემოდგომა.
დროის ფრაგმენტებიც უჩვეულოდ არეულია. ჩრდილოეთის ნისლიდან ამოზრდილი მთები თითქოს უძველესი ღმერთებია - უხმო და დიდებული. ჰორიზონტზე ფერებს ცვლიან, როგორც ჯაზის აკორდები -- ლურჯიდან იისფერამდე, იისფერიდან ოქროსფერამდე. მათი მწვერვალები თოვლში კი არა, დავიწყებულ სიზმრებშია ჩაძირული, სიზმრები, რომლებიც ზოგჯერ ცვივა და იფანტება, როგორც თეთრი ბუები ღამის სიშავეში. ქედებს უკან ცა იშლება. აქა-იქ გაბნეული სახლები თითქოს პარალელური სამყაროდან გადმოცვივდნენ -- ისინი ჩემი მეხსიერების უჯრებში ინახავენ შემაძრწუნებელ საიდუმლოებებს, რომლებიც შესაძლოა არასოდეს მომხდარა. ყოველი ახალი პეიზაჟი ახალი სამყაროს კარიბჭეა - ზოგი მათგანი ისეთი ნამდვილია, როგორც შუადღის მზე, ზოგი კი ისეთი ბუნდოვანი, როგორც ნახევრად დავიწყებული სიზმარი პარასკევ დილას, რომელიც არასოდეს ახდება.
ყოველი ხედი ახალ მოგონებას იწვევს – თითქოს სხვისი ცხოვრებიდან. აი, მარჯვნივ მოსახვევში ჩნდება წითელი ეკლესია. ისევ ვამბობ: „შეხედე, ეკლესია.“ „სად?“ შესაძლოა ის მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში არსებობს, იმ მელოდიასავით, რომელიც არასდროს დაწერილა. ნისლში ვარჩევ ტაძართან მოხუცი ქალი დგას, ხელში შავი ქოლგა უჭირავს, თუმცა წვიმა არ მოდის. იქნებ ელოდება წვიმას, რომელიც გასულ ზაფხულს უნდა მოსულიყო.
და უცებ წვიმა იწყება, მაგრამ წვეთები ზევით მიფრინავენ, ცისკენ - თითქოს გრავიტაციამ გადაწყვიტა დღეს დასვენება. ხეებიც უცნაურად იქცევიან: მათი ჩრდილები მოწყვეტილან მიწას და ახლა ჰაერში დაცურავენ, როგორც შავი აბრეშუმის ძაძები ქარში.
მინის მიღმა სამყარო თანდათან კარგავს მყარ კონტურებს. შვიდი ყვავი შავ ხაზად კვეთს ცას. ვითვლი, როგორც ყოველთვის ყველაფერს: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი. მიფრინავენ წრიულად, თითქოს უჩინარ ცენტრს უვლიან გარს. იქნებ იმ დაკარგულ წერტილს, რომელიც 23 წლის ასაკში დავკარგე, როცა უცნაურმა ქალმა თბილისის მეტროში მკითხა: “გახსოვს, როგორ გამოიყურება მთვარე უკუღმა?” და მას შემდეგ არ შემიწყვეტია ამაზე ფიქრი. ზოგჯერ არც კი იცი რაიმე რატომ გახსოვს და არ გავიწყდება.
მანქანის ფანჯარა ახლა პორტალს ჰგავს - ყოველი ახალი ხედი ახალ განზომილებაში გადის. მარცხნივ ტბა ჩნდება,ხელოვნური, უზარმაზარი, რატომღაც ზღვას რომ უწოდებენ. მის ზედაპირზე ათასობით პატარა სარკეა მოფენილი. ან იქნებ ეს სარკეები კი არა, ნამსხვრევებია იმ რეალობის, რომელშიც არასოდეს მიცხოვრია.
გზის პირას შუქნიშანთან დგას საფოსტო ყუთი - ლურჯი და ესეც მარტოსულია. გვერდით პატარა გოგო ზის და წერილს წერს. მაგრამ როცა ვჩერდებით წითელ შუქ-მაჩვენებლზე, ვხვდები, რომ ის წერილს კი არ წერს, არამედ ფურცელზე დროს ხატავს -- წუთებს და საათებს, რომლებიც არასოდეს მომხდარა. მანქანა ქვაფენილზე გადადის. იწყება გადატვირთული, დაბეტონებული ქუჩები. ხალხი სწრაფად, მძიმედ მიაბიჯებს. ფანჯრიდან უკვე მოჩანს კლინიკები, კლინიკები, კლინიკები. აი, ისიც, ერთადერთი - “ წითელი კაფე”. და შემიძლია წარმოვიდგინო: ბოჰემური და ვინტაჟური, ახალ დროში დაკარგული განწყობით, ნოსტალგიური და ისეთივე იდუმალი, როგორც მტვრიანი წიგნები ბუკინისტების სარდაფებში. კედლებზე ძველი პლაკატები და გამქრალი ფერებით შებზარულად გაცრეცილი ნახატები ჰკიდია. აქ ათასჯერ ნანახი და ათასჯერ მივიწყებული ამბები გაუღვიძებიათ. შესვლისთანავე შესამჩნევია სალვადორ დალის ავტოპორტრეტი: დროის მუდმივობაა, სადაც დამდნარი საათები უჩვეულო განწყობას ქმნიან. ფრიდა კალოს 'La Columna Rota'-ს რეპროდუქციის გვერდით – ტილოს, რომელშიც დრო გაჭედილა წარმოუდგენელ ტანჯვასა და ტკივილს შორის – აღმოაჩენთ ალფონს მუხას ნახატსაც, სადაც მშვენიერი ქალი მშვიდად სვამს ყავას ძველ კაფეში. მისი ნაზი მზერა და თბილი ფერები ოთახს სიწყნარისა და ნოსტალგიის ატმოსფეროს ჰმატებს. შემოდის მქრქალი, ნარინჯისფერი სინათლე, ნელა ეფინება ხის იატაკს და პატარა მაგიდებს, რომელთაც ათწლეულების ხსოვნა ემჩნევა. კუთხეში მდგარი ძველი როიალი დუმს, თითქოს ელოდება, ვინმეს მისი მელოდია გააცოცხლოს. მანამდე კი ფირსაკრავზე მძიმე ხელდგამის ქვეშ ვინილის ფირი ბრუნავს დინამიურ წრედ წარწერით ---- Edith Piaf „La Vie en Rose“. აქ სიგარეტის ზანტი კვამლი გრილ ჰაერში გროვდება, არომატს ტოვებს, რომელსაც ნაწვიმარი ქუჩების სურნელი აქვს. წითელი ტახტები, მუქი ხის სკამები და ჩაბნელებული კუთხეები განგებ მოუწყვიათ მათთვის, ვისაც საკუთარ თავთან დარჩენა ან უხილავ მეგობრებთან ფიქრი სურს. კედლებზე უამრავი ნაცნობი თუ უცნობი გაცრეცილი ილუსტრაციებია. გაზეთ “ივერიას” მთავარი გვერდი წარმოდგენილია ფრანგულ და ინგლისურ გამოცემთან. წარწერა: “1879. N 7- 8. ივლისი და აგვისტო. ტფილისი. ამბარცუმ ენფიანჯიანცის სტამბა.” დროისგან ნაცვეთი ფურცლების ყვითელი ფერი ოთახს კიდევ უფრო ავსებს ხნოვანების იდუმალებითა და მოგონებების ილუზიებით. შორიდანვე იგრძნობა რომ ადევს ელფერი, რომელიც დაუმთავრებელ ისტორიებს აქვთ. ყველაზე დიდი პოსტერი ჰყვება რომელიღაც ქალქში რომელიღაც არშემდგარი დღესასწაულის ამბავს ნახევრადგანათებული ქუჩის ლამპებით, დამტვრეული მაგიდებითა და კასრებით, ქვაფენილზე დაღვრილი სქელი და მუქი სასმელის კვალით. მეორე ძველ ჩარჩოში შეჩერებულა წამი ფელინის „La Strada“-დან: ჯელსომინა ზოლიან მაისურსა და შავ ბერეტში გამოწყობილი საყვარელი ჯამბაზის ნიღბიდან თვალცრემლიანი ღიმილით შეჰყურებს დამტვერილი ფურგონისკენ მიმავალ ზამპანოს. გვერდითა პოსტერზე პარიზული სტილის კუთხური კაფეა, სადაც წლების წინ ვინმე ჟაკმა თავის რჩეულ Cabernet Sauvignon-სთან ერთად ესკიზების ჩანახატები დატოვა.
იტალიური ლიქიორის, Limoncello-ს ძველი, ხელით მოხატული ბოთლები ფანჯრის ქვედა თაროზეა ჩამომწკრივებული. თვალსაჩინოდ მოჩანს ტოსკანური ღვინო Chianti Classico-ს ეტიკეტი,- წითელი ფერის, თითქოს სისხლის წვეთებად ჩამოღვრილა გარშემო. ნელი შუქით განათებულ კუთხეში ცქრიალა შამპანური "Dom Pérignon" ერთადერთი ბოთლი თავისი მძლავრი აურით ამაყად წამოჭიმულა, თითქოსდა თვალი უნდა მოგჭრას თავისი ისტორიითა და საიდუმლოებით. ამ ყველაფერს ავსებს ქართული კულტურისა და ტრადიციების უნიკალური ასახვა (ინტელექტუალური წრეებისა და ხელოვანების კაფეების მენიუების განუყოფელი ნაწილი) ქართული ჭაჭა, აქვეა “სარაჯიშვილი”და ბოლოს საფერავის სხვადასხვა ფორმის თუ ზომის შუშის უამრავი ჭურჭელი, როგორც ექპონატი. ეს კედელი არა მხოლოდ დეკორაციაა, არამედ მოგზაურობისა და დროის წრის სიმბოლო – წარსულის ღვინის შთამომავლობითა და დიდი ქალაქების ტკბილი მოგონებებით გაჯერებული. "წითელი კაფე" ადგილია, სადაც დრო უფერული ხდება — ნაცნობ მხატვრებსა და მწერლებს ისევე უყვართ აქ ფიქრის შეყოვნება, როგორც მოგზაურებს, ვინც შემთხვევით აღმოაჩინა ის. ფანჯარასთან ორი ადამიანი ზის და ყავას სვამს. ერთს სახე აქვს, მეორეს - მხოლოდ მოგონება. ისინი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება სამყარო პარასკევ საღამოს, როცა ყველა საათი ერთდროულად აჩვენებს სამს.
სარკმლის მინა ახლა სხვა რეალობის ეკრანად იქცა. მასზე ირეკლება ჩემი თვალები, რომლებიც უცნაურად ჰგვანან დედაჩემის თვალებს 1980 წლის ერთ-ერთი ტოფოსურათიდან. ხეები კი გარბიან, გარბიან უკან - დროის საწინააღმდეგო მიმართულებით, იქ, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია. ქალაქში უეცრად ჩნდება თეთრი ცხენი — მარტოსული და იდუმალი,ისეთი საკუთარ ჩრდილსაც რომ გაურბის. მისი ფაფარი ქარში ფრიალებს, და ვფიქრობ იმ ათასობით პარალელურ სამყაროზე, სადაც ეს მომენტი სხვადასხვაგვარად ვითარდება. ან ჯერ არ მომხდარა.
კლინიკის შენობა უკვე მოჩანს . ყოველი მოსახვევი მაახლოებს იმ ადგილთან, სადაც ჩემი ბედი ფურცლებზე დაწერილ ციფრებზეა დამოკიდებული. ვცდილობ გზის ბოლომდე მაინც არ ვიფიქრო ამაზე და ნაცვლად, ვათვალიერო გარე კადრები მეტაფორული ბარათებივით. ყურადღების გადატანა არასდროს გამომდიოდა კარგად.
ყოველი მეტრი ისევ ახალ ამბავს ჰყვება. ბავშვი ნაყინს ლოკავს, მოხუცი ძაღლს ასეირნებს, წყვილი იცინის და ერთმანეთს ეყუდება, მოპედიანი კურიერი სწრაფად კვეთს გზას, ყვავილების გამყიდველი ჰოლანდიურ ვარდებს ალაგებს დახლზე, ქუჩის ბუკინისტი ყვითელ წიგნს აწვდის ყურსასმენებიან ახალგაზრდას. ქალაქი ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობს, სადაც თითოეული ადამიანი დიდი სურათის ნაწილია, რომელიც ყოველდღიურობით ივსება. შესახვევთან ვხვდები სახლებს, თითქოს ბულგაკოვის რომანიდან გადმოხტნენ. მათ აივნებზე შეიძლება იჯდეს მარტოსული პიანისტი, რომელიც გროტესკულ მელოდიას უკრავს კატებისთვის, ან ახალგაზრდა ქალი, რომელიც კითხულობს წიგნს სამყაროს დასასრულის შესახებ, სანამ მზე ჩადის.
გზა სრულდება. მახსენდება, რომ მთელი მოგზაურობა მუნჯ ფილმს ჰგავდა – თვალები მისდევდნენ კადრებს, მაგრამ სმენა თითქოს გამორთული იყო. ჩემს შიშს ხმის ჩამრთველი გადაეკეტა. ქალაქი, რომელიც ჩვეულებრივ ათასი ხმით სუნთქავს, ჩემთვის უხმო სურათების ალბომად ქცეულიყო – არც მანქანების გუგუნი, არც ადამიანების ხმები, არც ძაღლების ყეფა.
რომელიღაც ხსოვნის ლაბირინთში გავიარე. იქნებ აწმყო მხოლოდ ჩავლილი წამების ანარეკლია, ის, რაც ვეღარასდროს დაბრუნდება, და მომავალიც სხვა რეალობათა გზაჯვარედინია, სადაც ყველაფერი უკვე დასრულებულია. იქნებ ჩვენი ცხოვრების ყველა სცენა უბრალოდ დაკარგული წამების ჩრდილებია.
ყველაფერი მაინც ისედაც ერთმანეთში ირევა. ბუნდოვანია, მაგრამ უსაზღვროდ ნაცნობი, თითქოს ეს სცენები რომელიღაც უკვე მომხდარი დღის განმეორებას წარმოადგენდა, შინაგანად ახლობელი და ხელახლა განცდილი, იმ უსხეულო რეალობიდან, რომლის ნაწილიც ვარ. სამყაროში, სადაც კაცობრიობის მემკვიდრეობითმა ცოდნამ და გამოცდილებამ გზა გაიკვლია ჩემს ქვეცნობიერსა და გენეტიკურ ქცევებში, პირველადი მოგონებებით აღბეჭდილი და დროში გაკვალული. მძღოლი კარს აღებ. ნოემბრის სიცივე სახეში მეხეთქება და ჩემი რაობის კვევა-ძიებას უხეშად მაწყვეტინებს. რაღაც მოხდება დღეს რაც სწორედ ახლა უნდა მომხდარიყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გმადლობთ გაზიარებისთვის გმადლობთ გაზიარებისთვის
2. კარგია გარემოს ასეთი აღქმა კარგია გარემოს ასეთი აღქმა
1. პეიზაჟის, კაფეს და გარემოს ისეთი კარგი აღწერა აქვს, კი არ წავიკითხე ასე მგონია მე ვზივარ მანქანაში, მე ვნახე ეს ყველაფერი, მე განვიცადე და არა ავტორმა. პეიზაჟის, კაფეს და გარემოს ისეთი კარგი აღწერა აქვს, კი არ წავიკითხე ასე მგონია მე ვზივარ მანქანაში, მე ვნახე ეს ყველაფერი, მე განვიცადე და არა ავტორმა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|