| ავტორი: დადეშ ჟანრი: პროზა 23 ნოემბერი, 2024 |
შუქნიშანზე წითელი აინთო. თვალებს ძლივს ვახელდი. ეს არ იყო ერთ-ერთი იმ მგზავრობათაგანი, როცა ნატრობ, რომ ღამე, შენსა და მძღოლს შორის ჩამოვარდნილი სიჩუმე, უქმად ჯდომის ნეტარება და გზა არასოდეს აღარ დამთავრდეს. ეს იყო გზა სახლამდე, რომლის ყოველი წამიც გულს მირევდა. არაფრის გამო. არ მაქვს უბედურების მიზეზი, რაიმე კონკრეტული სადარდებელი.
რუსული სიმღერა შემოიჭრა სმენის არეალში.
მთელი ძალების მობილიზება დამჭირდა თავის მარცხნივ მისატრიალებლად. შავი ჰონდა სივიკის წინა სავარძლებზე 20-25 წლის ბიჭები ისხდნენ. უკან რამდენიმე გოგო იყო ჩაპრესილი. ერთ-ერთი მთელი ტანით გადამძვრალიყო წინ. კინკლაობდა, ხელებს იქნევდა. სავარაუდოდ, მუსიკის გადართვა უნდოდა. ხორხოცი და გნიასი.
მიყვარს, როცა ვიღაცები მხიარულობენ. ხან როცა ერთი მიმიკის გამოხატვის თავიც კი არა მაქვს, სახის შიგნიდან ვიღიმი ხოლმე. ეს არაჩვეულებრივი ღიმილია, რომელსაც ყველა იმ სახის ნაკვთით ვგრძნობ, რომელიც არ მოძრაობს. მაინც მგონია, რომ შეუძლებელია, შიგანმჭვრეტელ, დაკვირვებულ თვალს ეს მომენტი გამოეპაროს. შეუძლებელია, სახეზე ამ დროს არაფერი იცვლებოდეს. ჩრდილი მაინც. ან შუქი. რამე.
სხეული გალუმპული, მძიმე ნაჭერივით მაქვს მიფენილი მანქანის უკანა სავარძელზე. ვცდილობ, რამენაირად თავი ავწიო. რადგან არანაირი პრობლემა არა მაქვს ყოფითი, უაზრო წვრილმანების გარდა. რადგან ახალგაზრდა ვარ. რადგან გარშემო ვიღაცები ერთობიან. ვალდებული ვარ, თავი ავწიო.
წინ გადამძვრალმა გოგომ ბოლოს და ბოლოს სიმღერა გამოცვალა და დაგრეხილი ტანი მოსხლეტით დაუბრუნა უკანა სავარძელს. მეორე, წაბლისფერთმიანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში მანქანის კარს იყო მიყრდნობილი ჩემგან ზურგშექცევით და მთელი გულით იცინოდა, გაჭირვებით მოტრიალდა და გასწორდა. მის გვერდით მჯდომიც გამოჩნდა. თავი ჩემდაუნებურად ოდნავ წამოვწიე.
შიგნიდან იღიმოდა. თავს დავდებ, რომ უკანასკნელი ძალები ჰქონდა მოკრებილი, რათა სიტუაციას მორგებოდა. იჯდა და არავისი ესმოდა, არაფერს უყურებდა, არსად არ იყო. არც მათთან იყო და არც მათი.
ჩემი იყო. ჩემზე ახლობელი იმ წამს არავინ არ ჰყავდა დედამიწის ზურგზე.
ჰქონდა თუ არა ამ განცდას ჩემთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა? არა. რამდენ ადამიანსაც ძვლებით აღვიქვამ, იმდენჯერ თავს სისულელეებით ვერ გამოვიტენი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. აქ უკეთეს ველოდი. აქ უკეთეს ველოდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|