ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: იუმორისტული
8 დეკემბერი, 2024


ჩვენისთანა ბედნიერი ....

აი შენი მიწა
რომელიც შენს დაბადებამდე
მამაშენის მიწა იყო,
აი ხეები რომლებიც მამაშენის დაბადებამდე დარგო ბაბუაშენმა,
აი ზღვა
რომელიც შენი წინაპრების ჩამოსახლებამდეც ზღვა იყო.
აი შენ,
აი მამაშენის საფლავი
რომელიც ბაბუაშენმა გათხარა,
აი ბაბუაშენი რომელიც
შენ უნდა დამარხო,
აი შენი სახლის კარი
სადაც ოკუპანტები დგანან და დაგცინიან.
აი შენი მეზობლები რომლებიც ბოლო ხმაზე მღერიან სიჩუმეს,
აი გადამწვარი და უპატრონო სახლები,  სადაც ბალახები გადათელვას ნატრობენ.

აი შენი ღმერთი რომელიც
მოგიწოდებს აგრესორისაკენ  ლოყის მიშვერას,
-სხვა ღმერთებისგან განსხვავებით.

აი შენი დანგრეული, დაქცეული და მშიშარა  ერთსულოვნება,
აი ,,სიამაყე" და აი ,,ღირსება"
აი ია,
აი ვარდი რომელზეც გეუბნებიან რომ ეკალია,
აი ეკალი რომელსაც ვარდის ნაცვლად გვაკრეფინებენ.

აი პარლამენტი- დევიზით: დაგვაბრუნეთ მონობაში.

აი თავისუფლება- რომლის სახელიც  მხოლოდ მეტროს და ქუჩებს შემორჩა.

აი ოპოზიცია რომელიც ოდესღაც (ზღვასავით) ცოცხლებს გვერბრძოდა, მკვდრებს კი უკან გვიბრუნებდა.

აი რუსთაველი- სუფთა და გულანთებული ხალხის საბუდარი. (ზოგჯერ)

აი ,,ფუთი" მარილი რომელიც ჭამის ნაცვლად ჭრილობებზე მოვაყარეთ ერთმანეთს.

აი ჭრილობები- ნიღბიანი მამიკოების საჩუქარი.

აი საპატრიარქო დევიზით:,, ბრძნადმეტყველებაი ვერცხლი არს წმინდაი, ხოლო დუმილი ოქრო რჩეული"

აი ქოცები,  ნაცები, ევონაცები,  მევახშეები, თვალთხარიები, გირჩები
ხალხი- რომლებსაც არასოდეს არ ავირჩევდით.

აი მამები რომლებიც ერთი გასაჩხერის გამო აუთოვებდნენ ერთმანეთს,
გადაწვეს თბილისი,
ააოხრეს სამეგრელო,
გაყიდეს აფხაზეთი,
გაყიდეს ერთმანეთი,
გაძღნენ,
გალოთდნენ,
წერეს ლექსები,
და პიეტური პოემიდან თითიც გვიქნიეს.

აი მამები ფეხით რომ შედგნენ
ღისებაზე,
დროშაზე,
ხალხზე,
ბავშვებზე
და მათი სისხლით მოზელილი ჭამეს პურები...


აი ქვეყანა და  აი მიწა
ზეცასთან ახლო და უფლისგან შორი.
ხალხი - რომელიც ზედმეტად მძიმეა ასეთი მიწისთვის.
და აი ერი- რომელიც ომშია და მშვიდობით ცხოვრობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები