 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 17 დეკემბერი, 2024 |
(გაგრძელება)
იგი ძალზე მყუდროდ, მოხერხებულად ისვენებდა, რასაც ჯერჯერობით ჩვენს შესახებ ვერ ვიტყოდით. საცეცები მარაოსავით გაეშალა, თურმე ნოხზე ნაირგვარი ფორმის და ფერის ბალიშებიც ეწყო, მომცრო ზომის. ისინი დროზე ვერ შევამჩნიეთ. რვაფეხას სამი თუ ოთხი საცეცი სწორედ ამგვარ ბალიშზე იყო დანდობილი. ბალიშებს შორის, აქა - იქ მჭიდროდ დახურული ჭურჭელი იდო. ჩვენ მაშინვე მივხვდით, ეს იყო უწონადობის ან მიკროგრავიტაციისთვის განკუთვნილი ჭურჭელი, ზიარჭურჭელის პრინციპით მოწყობილი. - არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა ოდესმე, რას წარმოადგენს ადამიანის სხეული. მისი გარეგნული ფორმა მაქვს მხედველობაში, - სევდიანი ხმით განაგრძობდა რვაფეხა, - ადამიანის სხეული, ესაა დედამიწის მიზიდულობის, მისი გრავიტაციული ველის ცოცხალი განსახიერება. საერთოდ, ეს ყველაფერზე ითქმის, რაც კი დედამიწის ზედაპირზე იზრდება და ხარობს. ყველა ცოცხალი სხეული დედამიწის გრავიტაციული ველის ცოცხალი სიმბოლოა, ყველა მათგანი ამ ველის მიმართებით დადის, დაცოცავს თუ დაფრინავს. მათი ოქროს კვეთის გაგრძელებები დედამიწის ცენტრში იყრიან თავს. ადამიანის გარეგნობა ყველაზე მკაფიოდ ხატავს დედამიწის მიზიდულობას, ანუ საკუთარ წონას. . . ყოველ შემთხვევაში, ასე გვეჩვენება ადამიანებს, რვაფეხა თავისი სხეულით უწონადობას ხატავს, ზღვის სამყაროს ბინადარი არცერთი სხვა სხეული არ ასახავს მასზე უფრო ცხადად და მკაფიოდ უწონადობას. ჰოდა, როცა ცოცხალი ორგანიზმი, ვთქვათ ადამიანი ჩანასახიდანვე იზრდება და ვითარდება უწონადობის პირობებში, ძალზე დიდი შანსი აქვს, რომ რვაფეხას დაემსგავსოს; თქვენც გეცოდინებათ ალბათ, ადამიანის უჯრედების პროტოპლასტიანი კუნჭულები. . . - როგორ მოხდა ეს? - აღმოხდა ზაალს. ორივე ხელით ფოტოაპარატი ჩაებღუჯა და ერთიანად თვალებად იყო ქცეული, მასზე განსაკუთრებით იმოქმედა ამ აღსარებამ. - არ ვიცი - სევდიანად აღიარა რვაფეხამ, - ყველაფერი ბურუსითაა მოცული; რამდენიმე, ერმანეთის გამომრიცხველი ვერსია არსებობს, რომელია მართალი, განგებ მოხდა თუ უნებლიედ, დღესაც გაუგებარია ჩემთვის.. ერთი ისღა ვიცი, რომ მიკროგრავიტაციამ ჩემი სხეული ასეთნაირად ჩამოაყალიბა. აი, ამ ბურთულაში, - რვაფეხა საცეცით დასწვდა მქრქალ - მოთეთრო პატარა ბურთულას, რომელიც უვნაურად მიგრეხილ - მოგრეხილი ჭურჭლის გვერდით დაგორებულიყო, - მოთავსებულია ყველა ინფორმაცია, რაც ჩემთვისაა ცნობილი. ამას გარდა, აქ არის ჩემი საკუთარი გამოკვლევებიც. მე დაწვრილებით შევისწავლე, თუ როგორ ყალიბდება ორგანიზმი უწონადობის პირობებში. რვაფეხას ჩვენი თვალების დონეზე ეჭირა ბურთულა. როცა ბოლო წინადადება დაასრულა, ბურთულადან თვალისმომჭრელი სხივის კონა გამოიჭრა, რომელიც ორიოდე წამში მარაოსავით გაიშალა სივრცეში და ჩვენს თვალებს წარმოუდგა ყოვლად უცნაურ სხეულთა მთელი კალეიდოსკოპი. ვერაფრით გამოიცნობდი, თუ რა არსება ტივტივებდა ჩვენს ცხვირწინ, რა შეიძლებოდა მისთვის გეწოდებინა: გაურკვეველი ფორმის ღრუბლები, ჭუპრები თუ ჭინკები. ისინი ნელ ნეკა ტრიალებდნენ, ყველა კიდურს დაწვრილებით გვიჩვენებდნენ, ერთხელ თითქოს შევამჩნიე რაღაც გარდამავალი სახეობა, რვაფეხასაც ჰგავდა და ადამიანსაც. ვერ ვიტყვი, რომ კარგი სანახაობა იყო. ერთს თუ შევხედავდი, მაშინვე თვალს ვარიდებდი ამ უსხეულო ურჩხულებს. ზაალმა ზიზღით იბრუნა პირი. ყოველ ახალ სხეულს უამრავი სქემები და რიცხვითი სიმბოლოები სდევდა თან, რაც ალბათ სპეციალისტთა ვიწრო წრისათვისაც ძნელი გასაგები იქნებოდა. რვაფეხმა შეგვიბრალა, ბურთულა ისევ ძირს დააგორა და თვალსაჩინოების გარეშე განაგრძო ჩვენთან მუსაიფი: - დავეხეტები ამ კოსმოსში, დავეძებ ადამიანებს, - ისმოდა მისი მელანქოლიური ხმა, მაგრამ მათთან შეხვედრას ყოველთვის თვალს ვარიდებ. შორიდან ვუთვათვალებ ხოლმე. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გადავწყვიტე, აი ახლა კი დავენახები და ვეტყვი: გამარჯობა ჩემო ახლობელნო, ეს მე ვარ, თქვენი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. . . მაგრამ ბოლო წუთს გამბედაობა აღარ მყოფნიდა და ისევ ვიმალებოდი. - რაღაც მეტისმეტად სწრაფად კი იმალებოდი, - შენიშნა ზაალმა. - ჰო, ეს სხივების სინქრონული ამრეკლავია, საცეცი მოუთმენლად აიქნია რვაფეხამ, - უხილავი ვხდებოდი, თუმცა ჯერ კიდევ იქ ვიყავი, ისე, შემიძლია ვთქვა, ბევრი რა აღმოვაჩინე, არა მარტო ბიოლოგიის დარგში. . . ძალიან ძვირფას ინფორმაციას მოვუყარე თავი. მე ხომ სხვა საქმე არაფერი მაქვს. ვტივტივებ კოსმოსში, ისე როგორც წყალმცენარე ოკეანეში. მე იგი ყველაფერს მაძლევს სიცოცხლისათვის. ხომალდზე სიცოცხლის უწყვეტი ბიოლოგიური გარემოა შექმნილი, რაც არასდროს დაირღვევა, რომც არ ვიზრუნო მის რეგულირებაზე. დიახ, ასეთი უნაკლო ხომალდი ჯერაც არავის ჰქონია, თქვენ თუ ჩემი გარეგნობა არ გეუცხოვებათ, - ამ სიტყვებით მან მზერა სადღაც განზე გააპარა, თვალი გავაყოლე მის მზერას, შევამჩნიე, რომ ასეთი რამ ხშირად ემართებოდა, წამდაუწუმ სადღაც ჩვენს მიღმა გაურბოდა მზერა. . . და რა აღმოჩნდა, თურმე სარკეში იხედებოდა. ირგვლივ სარკეები გვერტყა. მრუდე, ჩაზნექილი სარკეები, სადაც ვიმყოფებოდით, მრუდეკედლებიანი იყო, ზედაპირებს მქრქალ - მომწვანოდ გაჰქონდა ლაპლაპი. რაღაც თავისებური მარცვლოვანი სტრუქტურისა ჩანდა. მასში მხოლოდ გარკვეული მანძილიდან დაინახავდი მკაფიო გამოსახულებას. ეს მანძილი დაახლოებით ორ - სამ ნაბიჯს უდრიდა. როცა ამ მანძილს დაშორდებოდი, გამოსახულება თანდათან ბუნდოვანდებოდა და ბოლოს სულაც ქრებოდა. ამიტომაც დროზე ვერ შევამჩიეთ მე და ზაალმა ეს ყველაფერი. თვითონ რვაფეხა მრუდე კედლიდან ზუსტად სამი ნაბიჯის დაშორებით იყო გართხმული რბილ ნოხზე და ყოველ წამს თავის გამოსახულებას უთვალთვალებდა. ჩვენ რა ვიცოდით, თითქმის შუა ოთახში ვიყავით მოკალათებულნი. და საერთოდ, როგორც ბოლოს აღმოჩნდა, ჩვენდა სავალალოდ ბევრი რამ ვერ შევამჩნიეთ. არავინ გაგვამტყუნებს, მართლა საოცარი არსება ვიხილეთ და ცოტა არ იყოს, თავგზა აგვებნა. - . . . ჰო, იმის თქმა მინდოდა, თუ ჩემი გარეგნობა არ გეუცხოვებათ, - გაიმეორა რვაფეხამ, მრუდე სარკეს თვალი მოსწყვიტა და ისევ ჩვენ მოგვაშტერდა - შემიძლია ვთქვა, რომ კოსმოსის ყველაზე იღბლიანი ბინადარი გახლავართ. ამ სიტყვებმა როგორღაც განსხვავებულადაც გაიჟღერეს, მათში სევდის ნატამალიც აღარ იგრძნობოდა. რვაფეხა გარეგნულადაც უცნაურად შეიცვალა, ლამის ცისარტყელას ყველა ფერმაც გადაუარა სახეზე, თუმცა ჩემი აზრით, წითელი ფერი ჭარბობდა სხვას. მე და ზაალი გავფაციცდით. ხმის ჟღერადობის შეცვლა, ფერების მიმოკრთომა ალბათ რაღაცას ნიშნავდა და უკვალოდ არ ჩაივლიდა. ასედაც მოხდა; სრულიად მოულოდნელდ რვაფეხა ზეწამოიჭრა რბილი ნოხიდან, ტორპედოსავით შეიკუმშა და ელვის სისწრაფით დატრიალდა ოთახში. - შემომხედეთ! - დასჭექა მან, - ვინა ვარ მე? არ მოგწონვართ? რვაფეხას ვგავარ, არა?! კი მაგრამ, იქნებ სწორედ მე გახლავართ კოსმოსის გმირი, მისი ნაღდი ბინადარი! მე ხომ არაფრად მიღირს უწონადობა, კოსმოსის ხისტ გამოსხივებასაც შევეჩვიე. იქნებ თქვენც ჩემნაირები უნდა გახდეთ, კოსმოსში რომ გაძლოთ და იცხოვროთ. მე არ მეშინია კოსმოსის, არაფრის მეშინია, კოსმოსი ჩემი საკუთარი სახლია, ჩემი მშობლიური სტიქია. . . ამ სიტყვებს რომ აფრქვევდა, რვაფეხა აქეთ - იქით აწყდებოდა მრუდეკედლებიან სათავსოში. კედლებთან ჩარიგებული რაღაც უჩვეულო მცენარეები ააფორიაქა. ის მცენარეებიც ალბათ მიწიერნი იყვნენ, მაგრამ მიკროგრავიტაციის პირობებში სულ შეცვლოდათ ფორმა და ვეღარ გამოიცნობდით. ენასავით ასავსავებდნენ წაგრძელებულ, ნაირფერ ფურცლებს. თან ისე კარგად იყვნენ მწვანე ნოხთან შეთავსებულნი, გეგონებოდათ, პირდაპირ მასზე ამოსულანო. ბოლოს და ბოლოს რვაფეხა დაწყნარდა, ტორპედოსავით შეკუმშული სხეული ღრუბელივით გაიშალა და წინანდელ ადგილას დაეშვა. კარგა ხანს იწვა მდუმარედ, თვალს ვეღარ გვისწორებდა, ფერიც ძალზე გაკრთომოდა, ლამის მელნისფერი ედო. მე და ზაალი მივხვდით, თავისი უეცარი აღელვების გამო დაიმორცხვა ასე. ვერ შეიკავა თავი, დიდი ხნის დაგუბებულმა გრძნობამ ამოხეთქა. ჩვენ ამით ძალიან უკმაყოფილო დავრჩით; ადამიანსაც ხომ ასე ემართება. აბა, ვინ არის მუდამ ერთნაირ ხასიათზე. ხან თითქოს სრული არარაობა ხარ, ხან კი თავი სამყაროს მეუფე გგონია. ამ ბოლო საქციელმა იგი სულ მთლად ადამიანად აქცია, თუ რამე უხერხულობა იყო ჩვენს შორის, უკვალოდ გაქრა. რა ახლობელი იყო, რა მშობლიური. ასე მეგონა, მეგობრები ვიყავით და ისევ შევხვდით დიდი ხნის განშორების შემდეგ. საერთოდ, ეს გრძნობა, თითქოს ერთხელ უკვე შევხვედროდით ერთმანეთს ამ მრუდეკედლებიან ოთახში მოხვედრისთანავე გამიჩნდა, ბოლო წუთებში კიდევ უფრო გამიძლიერდა, მისი უჩვეულო ფორმა სულ უფრო და უფრო ბუნებრივი მეჩვენებოდა. ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს ფორმაა ყველაზე შესაფერისი კოსმოსის ბინადარი ადამიანისათვის. მიკროგრავიტაციისთვის ხომ სწორედ ესაა ხელსაყრელი. ბოლოს და ბოლოს, რა არის ადამიანი? ტვინი და მანიპულატორები; (ანუ საცეცები) ამ ორი ძირითადი შტრიხით შეიძლება მთლიანობაში მისი წარმოდგენა. ხოლო საცეცები რაც უფრო მეტნი იქნებიან, მით უკეთესი. მე ვფიქრობ, (და ზაალიც ამ აზრისაა) ადამიანებს და იმ უძველეს სიმპათიურ არსებებს, რომელთაც თავფეხიანებს ეძახიან, ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ჩვენ გვგონია. ყველანი ხომ ერთი და იგივე საწყისიდან, ერთი შორეული უჯრედიდან წარმოვიშვით. ჩვენ ყველანი ოდესღაც იმ უმარტივეს არსებათა წიაღში ვარსებობდით. მერე თანდათან ჩამოყალიბდა ადამიანი - ურთულესი ორგანიზმი. იქნებ ახლა წრე იკვრება, ადამიანის ურთულესი ორგანიზმი პირველყოფილ არსებობას უბრუნდება, ოღონდ სრულიად განსხვავებული შინაარსით. კოსმოსის მეუფე ვარო. . . ვერც კი შეედავები. იქნებ სწორედ ესაა, რასაც ასე თავგამოდებით ეძიებს ზაალი თავის ნახატებში. ალბათ თვალიც შევაჩვიეთ. აღარ გვეუცხოვებოდა მისი გარეგნობა, სრულებით აღარ გვიშლიდა ხელს, რომ მასში ადამიანი დაგვენახა. ზაალმა გულწრფელად მიიპატიჟა "ლამინარიაზე", მეც დავაწიე ბანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|