ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
21 დეკემბერი, 2024


საბედისწერო მსგავსება

                                                                (დასასრული)

            ჩვენი მორცხვი მასპინძელი ოდნავ შეირხა, თვალი გამომცდელად მოგვავლო, ეტყობა იმოქმედა ჩვენმა გულითადობამ.
      - ეს ჩემი ოცნების განხორციელება იქნებოდა, - თქვა წინანდებურად სევდიანი ხმით, მაგრამ როგორ შემხვდებიან დანარჩენები, იქნებ მასხარდაც ამიგდონ.
      ძლივს მოასწრო ამის თქმა, ჩვენ ენად გავიკრიფეთ. ვირწმუნებოდით, რომ არც ერთ მეფეს არ შეხვედრიან ისეთი ყურადღებით და პატივით, როგორც მას შეხვდებოდნენ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ახალი მეგობარი ხომ მეფეა, კოსმოსის მეფე.
        რვაფეხა ჩუმად გვისმენდა, ეტყობოდა რაღაც ვარაუდებში იყო გართული. მერე საცეცი ასწია, ორივენი გაგვაჩუმა და თქვა: მე, უპირველეს ყოვლისა, მომზადება მჭირდება, ასე ადვილად ვერ ვეჩვენები ადამიანებს. ალბათ შეამჩნევდით, რა ადვილად მეცვლება ფერი. უნდა შევამზადო საკუთარი თავი.
        - მომზადებისთვის რამდენი ხანია საჭირო? - ერთხმად ვიკითხეთ ჩვენ.
        - წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, შეიძლება 24 საათი დამჭირდეს, შეიძლება ბევრად მეტი, თუნდაც მიწიერი წელიწადი. . . არც ისაა გამორიცხული, რომ. . .
აქ რვაფეხამ სიტყვა გაწყვიტა და ღრმად ჩაფიქრდა. ჩვენ არცერთს მოგვსვლია აზრად, გვეკითხა, თუ რა არ იყო გამორიცხული. იქნებ იმას გულისხმობდა რომ აღარასოდეს შეხვედროდა ადამიანებს, ამაზე მერე ბევრი ვიმტვრიეთ თავი, მაგრამ გვიანღა იყო. ზაალი მხოლოდ იმით დაინტერესდა, როგორ, რა ხანგრძლივობის საათები ჰქონდა მხედველობაში.
      - ჩვეულებრივ მიწიერ საათებს ვგულისხმობ, - გვითხრა მან და საცეცით სადღაც მიგვითითა. ჩვენ გავიხედავთ იმ მიმართულებით, საითაც გვითითებდა. მრგვალციფერბლატიანი, მიწიერი შეხედულების საათი დავინახეთ. - მე მიწიერი დროის რიტმით ვცხოვრობ., - დაუმატა ბოლოს.
        ერთხანს კიდევ ვილაპარაკეთ. ჩვენი მასპინძელი გაუთავებლად ღელავდა, თქვენი მეგობრები მასხარად ხომ არ ამიგდებენო. მე და ზაალი მთელ სამყაროს ვიფიცებდით, რომ ეს გამორიცხული იყო. ვუხატავდით თვალწარმტაც სურათებს, თუ როგორი გულითადი სიხარულით შეხვდებოდნენ ასეთ სასურველ სტუმარს. საკმარისია, სტუმრობის ნიშანი მოგვცეს, მთელი სადგური მის შესახვედრად გამოეფინება.
      აქ რვაფეხამ კიდევ ასწია საცეცი, ამჯერად გამაფრთხილებლად. წინასწარ ნიშანს ვერ მოგცემთო - გვითხრა. არც მოსაწვევი ბარათები მჭირდება, ნახატებით გაფორმებულიო. ჩვენს ნახატზე გადაგვიკრა სიტყვა, მირჩევნია მოულოდნელად გეწვიოთო.
      ამას რომ ამბობდა, მეორე საცეცი მწვანე ნოხზე გააპარა და იქვე დადებული ნიჟარის ფორმის ჭურჭელი აიღო, პირთან მიიტანა და აღელვებულმა მოსვა. მისი ყურებით გავერთეთ და დროზე ვერ შევამჩნიეთ მესამე და მეოთხე საცეცი, რომლებითაც ჩვენ გამოგვიწოდა ორი ჭურჭელი. დანარჩენი ოთხი საცეცი ძირს, მწვანე ნოხზე იკლაკნებოდა. ჩვენც გამოვართვით სტუმართმოყვრულად მოწოდებული სასმელი და გემოც გავუსინჯეთ. შეიძლება  მთლად გემრიელი არ მოგვეჩვენა, მაგრამ ალბათ მიუჩვევლობის ბრალი იყო. ყოველ შემთხვევაში ამ სასმელმა საბოლოოდ დაგვარწმუნდა ჩვენი მასპინძლის კეთილგანწყობაში. ნებართვა ვთხოვეთ და უამრავი ფოტოსურათი გადავუღეთ. ჯერ მხოლოდ მას ვუღებდით სურათებს და ბოლოს, წამოსვლის წინ სამივემ ერთად გადავიღეთ. რვაფეხა შუაში ჩავიყენეთ. მანაც მეგობრულად გადაგვხვია საცეცები, სურათები დიდ სამსახურს გაგვიწევდნენ. თავს უკვე სახელოვან ადამიანებად ვთვლიდით და ბედნიერ ღიმილს ვერ ვიკავებდით.
        ასე ბედნიერებმა დავტოვეთ "ნიჟარა" იმავე გზით, რითაც მის სიღრმეში ჩავყურყუმალავდით და მაშინვე "ლამინარიისკენ" ავიღეთ გეზი. ძალიან გვეჩქარებოდა და გასაგებიც იყო.
        ის დღე არასოდეს დაავიწყდებათ "ლამინარიაზე". მთელმა სადგურმა თავი დაანება ჩვეულ საქმიანობას, აკვარიუმით დამშვენებულ დარბაზში შეგროვდნენ. მე და ზაალი ერთმანეთს არ ვაცლიდით, გაუთავებლად ვლაპარაკობდით. მანუჩარი აკვარიუმს დაყრდნობოდა და ყურადღებით გვისმენდა; ვყვებოდით საოცარ აღმოჩენაზე, რომლის მსგავსი ჯერ არავის უხილავს. ამაყად წარვადგინეთ სურათები, მათ ჭეშმარიტებაში ხომ ოდნავი ეჭვის შეტანაც არ შეიძლებოდა. ისინი ნამდვილნი იყვნენ, ზუსტად ასახავდნენ ჩვენს თავგადასავალს, ჰაერში გაუთავებლად ვაფრიალებდით ფოტოებს  და თან გულში ადამიანის გენიას ვლოცავდით, ეს სასწაული: ფოტოგადაღება რომ გამოიგონა. ყველამ ყურადღებით დაათვალიერა ფოტოსურათები, მართლაც საოცარიაო, მაგრამ რა იყო საოცარი, ეს აღარავის უთქვამს. და საერთოდ, მე და ზაალმა რაღაც არასასიკეთო ვიგრძენით.
        აღფრთოვანებული მსჯელობა შევწყვიტეთ, ცოტა მეტი ყურადღებით მივიხედ - მოვიხედეთ და ერთი რამ შევამჩნიეთ:  ყველა დიდი ინტერესით უყურებდა ფოტოებს, მერე კი აკვარიუმზე გადაჰქონდათ  მზერა. განსაკუთრებით მანუჩარი იყო თვალში საცემი; აკვარიუმს მიყრდნობოდა და ისე თანაბარზომიერად ცვლიდა მზერის მიმართულებას, თითქოს მდუმარედ გვანიშნებდა რაღაცას. ჩვენც შევხედეთ ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოებს, მერე - აკვარიუმს, მერე ისევ ფოტოებს. . .
          ასეა:  სწორედ იმას ვერ ვამჩნევთ, რაც ყველაზე უფრო ცხადი და უბრალოა. ფოტოები, რაც იმ უცხო ხომალდზე გადავიღეთ, ორი წვეთი წყალივით ჰგავდა ჩვენი აკვარიუმის ლანდშაფტს. იგივე მწვანე ველი, ფსკერზე მოღაღანე, ხომალდზე, მკითხველს ემახსოვრება, მწვანე ფერის მაღალბეწვიანი ნოხი იყო დაგებული. იგივე მცენარეები, რომლებიც მიკროგრავიტაციის გამო წყალმცენარეების ფორმა მიეღოთ, მათი განლაგება და ფოთლების ფორმა ზუსტად ემთხვეოდა ერთმანეთს. საერთოდ ყველაზე გამაოგნებელი ის იყო, ასე როგორ დაემთხვა ყველაფერი, ხომალდზე მწვანე ნოხზე დალაგებული სხვადსხვა ფერს ბალიშები და თავდახურული ჭურჭელი ზუსტად იმეორებდნენ აკვარიუმის ფსკერზე მიმოფანტული მარჯნის ნატეხების და ზღვის კენჭების ფორმას. იქვე იდო ნიჟარა და მარგალიტი, ანუ ჩვენი შორეული მეგობრის დახურული ჭურჭელი და მქრქალი ბურთულა, რომლის წყალობითაც სიზმარეულ ჩვენებათა მთელი კალეიდოსკოპი ვიხილეთ თვით ამ ოვალური სათავსოს კედლებიც, როგორც ცნობილია, მქრქალ - მომწვანოდ ლაპლაპებდა. ამიტომაც ჩვენს ფოტოებზე ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი წყალში იყო გადაღებული; მერე კიდევ. . . საათი, ის ბედუკუღმართი საათი, ვიღაც ჭკუამხიარულს რომ მოეთავსებინა ჩვენს აკვარიუმში, ზუსტად იგივე ფორმის ციბერბლატი ჰქონდა, როგორც ხომალდში და ერთსა და იმავე დროს უჩვენებდა ორივე, კერძოდ: შვიდის ნახევარს. სწორედ დროის ამ მონაკვეთში გადაუღია ზაალს თავისი ფოტოები. სამიოდე ფოტოზე, ზაალის მიღმა, მკაფიოდ ჩანდა საათი რომლის ისრები შვიდის ნახევარზე იყო მიბჯენილი. რვაფეხა ხომ ყველა ფოტოსურათის უცვლელი გმირი გახლდათ, ხან ტორპედოსავით შეკუმშული, ხან ღრუბელივით გაშლილი, ფართოდ გახელილი ადამიანური თვალებით შემოგვცქეროდა. რა დიდი სევდა ამოვიკითხეთ ამ მზერაში მე და ზაალმა.
        ამ ამბიდან სამი დღის შემდეგ, ჩვენი მორიგი ვახტის წინ, უშუალოდ "დელფინის" კაბინაში მოგვძებნა მანუჩარმა, რაღაც - რაღაცეები გამოგვკითხა "დელფინის" ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, დაინტერესდა, რამდენად იყო მზად ასტეროიდებით სავსე სახიფათო ზონისთვის, ცხადია, მას ჩვენი მზადყოფნა უფრო აინტერესებდა  და საერთოდ ჩვენ ყურადღება აღარ მოგვკლებია ამ სამი დღის მანძილზე, ყოველ წამს ვგრძნობდით ვიღაც ვიღაცეების თვალთვალს. ბოლოს კი, ვითომ სხვათაშორის, იმდღევანდელი ამბავიც გაიხსენა და თქვა, ძალიან ვცადე, სიმართლის ნაპერწკალი დამეჭირა თქვებს ნალაპარაკებში, მაგრამ როგორც კი საათს შევხედე, ყოველგვარი ეჭვი გამეფანტაო.
      აშკარა იყო რასაც ნიშნავდა ეს ეჭვი. უიღბლო ყალთაბანდებად გვთვილდნენ, ან რაღაც ჰიპნოზური მდგომარეობის ტყვეებად... ვთქვათ,გადაღლილობის შედეგად, ალბათ მანუჩარი ამ ბოლო ვერსიისაკენ უფრო იხრებოდა, გვკითხა, შვებულებაში თუ გინდათ წასვლა, ნუ დამიმალავთო.
        მე და ზაალს კრინტი არ დაგვიძრავს, თავის გაქნევით ვანიშნეთ უარი. საერთოდ, ჩვენ ორნი ძალიან სიტყვაძვირნი გავხდით, თითქმის აღარ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ბოლოს, როცა "ლამინარიას"  შორს გავცდით, ზაალმა ენა ამოიდგა.
        - სურათები არ უნდა გადამეღო, - სინანულით თქვა მან, - უნდა დამეხატა ყველაფერი. იცი, ნახატი მაინც სულ სხვაა.
        - მართალი ხარ, - ვუთხარი მე - მხატვარი ხანდახან ხედავს იმას, რასაც ფოტოაპარატი ვერ აღიქვამს.
        მეტი აღარაფერი მითქვამს. ზაალიც დადუმდა. ორივეს ერთი აზრი გვიტრიალებდა თავში:  "ყოველივე ამაოა, ფოტოსურათებიც, ნახატიც" - ვფიქრობდი და ცხადია, ზაალიც იმავეს ფიქრობდა - ერთადერთი ისღა გვიშველის, როცა თვითონ კოსმოსის ბინადარი გვესტუმრება. მხოლოდ ამით დამტკიცდება ჩვენი სიმართლე, მაგრამ ვინ იცის, ეს როდის აღსრულდება, თავს საამისოდ მომზადებულად როდის ჩათვლის კოსმოსის ეგზოტიკური გმირი. იქნებ სულაც გადაიფიქროს, ის ხომ ისეთი მორცხვი, მგრძნობიარე და ამასთან ერთად, ცოტა არ იყოს, ფხუკიანი ხასიათის გახლავთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს