ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
15 თებერვალი, 2025


ანგელოზი

  პირველად მაშინ მიიქცია ჩემი ყურადღება, კიბიდან რომ გადმოაგდეს. ასფლატზე დაეცა. მარჯვენა ხელი მოიყოლა და კი იარა თითქმის მთელი თვე თაბაშირით. გაჭირვებით წამოდგა, მარცხენა ხელით აითრია ნატკენი მკლავი. დაჰყურებდა გადაქლეტილ კანს, წვეთ-წვეთად მომავალ სისხლს. შუბლი შეკრული ჰქონდა, მოღრუბლული. ერთი ცრემლი არ გადმოვარდნია, არც ერთი ცრემლი. არავინ უძებნია თვალებით, არავისთვის უთხოვია დახმარება.  ექვსი-შვიდი წლის ძლივს იქნებოდა. გალეული იყო. ისეთი გამხდარი, ისეთი გაყვითლებული. აწეწილი თმა, ბავშვური ხელით ჩაწნული, გვერდზე მიღრეცილი. ორი-სამი ზომით დიდი, მუხლებზე გამობერილი სპორტული შარვალი. გვარიანად შელახული სვიტრი.
    საკვირველი რა იყო, ვინ არ დაცემულა, რომელ ბავშვს არ გადაუსხვეპია მუხლები, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვივიწყებდი. ვერ ვივიწყებდი მის გამომშრალ თვალებს, მის უცრემლო თვალებს. ალბათ ამიტომ თუ იყო, რომ მერე სულ შორიახლოს დავტრიალებდი, სულ თვალს ვადევნები. ცოტას ლაპარაკობდა, მხოლოდ აუცილებელს- პასუხებს ყველაზე საჭირო კითხვებზე. მოსმენაც სხვაგვარი იცოდა, კარგად ვერ ვხდებოდი ისმენდა თუ არა. თავისთვის იყო, განაპირას. თითქოს ცდილობდა, არავის შეემჩნია, ფეხებში არავის მოსდებოდა. და იმ რიგში, იმ მშიერი ბარტყების გრძელ რიგში, ნერწყვს ხმაურით რომ ყლაპავდნენ, გაუმაძღარი თვალებით რომ ზომავდნენ სხვების ლუკმას, ერთმანეთს რომ მუჯლუგუნებით სწევდნენ გვერდზე, რათა სულ რამდენიმე წუთით ადრე მიეღოთ თავიანთი ულუფა, იმ ატირებული და განაწამები, ფეხშიშველა, პირმოთუთხნული, ფრთებდამტვრეული ანგელოზების რიგშიც, იდგა სულ ბოლოს, ხელში თავისი ემალაცლილი ჯამი ეჭირა, თითქოს ეს ჯამი ძალიან ემძიმებოდა მის თოვლისფერ და გამჭვირვალობამდე თხელ თითებს. იდგა და ფანჯარას უყურებდა. თვალდაუხმახამებლად. იმ ფანჯრის მინები კი მხოლოდ ახალი წლისთვის იწმინდებოდა, სტუმრების მოსვლის მოლოდინში. წვიმის კვალი ფარდასავით ეფარა და სინათლეს არ უშვებდა ოთახში. და ესეც რომ არა, დასანახი არაფერი იყო. იმ ფანჯრებს მიღმა მაღალი ბეტონის ღობე აღემართათ. სამყაროს აქეთ ჩვენ ვიყავით, იქით-დანარჩენები. და მაინც იმ უსახურ ფანჯარას შეჰყურებდა და არ აშორებდა მზერას, ყოველ დღე, ყოველი სადილის მოლოდინში.
  არაფერი ჰქონდა. სრულიად არაფერი სასურველი, მხოლოდ საჭირო, სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება. სამი-ოთხი საცვალი. სხვების გამონაცვალი  რამდენიმე სვიტრი. ორი შარვალი. და ერთიც კაბა, ისეც იმ იშვიათი, ცისარტყელა დღეებისთვის. იმ დღეებში მოდიოდნენ, სურათებს იღებდნენ, ტკბილეულს არიგებდნენ, საჩუქრები ჩამოჰქონდათ. დიდი დღეები იყო ის დღეები. თითქოს სხეულში გაზაფხული დადგაო, ფორიაქი იწყებოდა, რაღაც მშვენიერის მოლოდინით ფეთქავდა გული. მალი-მალ გავყურებდით ჭიშკარს. მალი-მალ ვისწორებდით თმას,  ადგილებს ვუცვლით ნივთებს, ვწმენდდით მტვერს. წინ და უკან უმიზნოდ დავდიოდით. მერე კი, მერე მოდიოდნენ და ამ პირქუში სახლის ბინადარნი აეკვრებოდნენ  ერთმანეთს შეციებული ბეღურებივით, ჩაღუნავდნენ თავებს, ავიწყდებოდათ სიტყვები. სტუმრები კი ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ და დამხვდურებს არ ესმოდათ მათი სიტყვების,  აღარაფრის გაგონება შეეძლოთ, რადგან იცოდნენ, რომ იმ ჩანთებში სასწაული იმალებოდა. სულ ერთი იყო რა იქნებოდა,  ტკბილეული თუ თოჯინის სახლები, კრუპეული თუ თბილი ტანსაცმელი, მაინც დღესასწაული იყო - გრძელი, ნისლიანი დღის შემდეგ გამოსარკული ცა.
  და მაშინაც, როცა  ყველას სიხარული გვაერთიანებდა, ის იდგა ჩვენ შორის და ვგრძნობდი ჩვენ მიღმა იყო. არასდროს გაიწვდიდა ხელს ნივთებისკენ, არასდროს დაემჩნეოდა სიხარული, არასდროს ჩაიხუტებდა სათამაშოს გულში, იფიქრებდი ეშინოდა არ შესჩვეოდა, არ შეჰყვარებოდა. რაღაცნაირად სულ ერთი იყო მისთვის ყველაფერი. უხმოდ, უცრემლოდ მიჰყვებოდა გრძელ და ტყუპისცალებივით ერთნაირ წლებს.
  მხოლოდ ერთხელ იტირა. ხმამაღლა, მოთქმით. მაშინ უკვე წასული იყო ჩვენგან, გათხოვილი, ორი შვილის დედა. პატარა საკონდიტრო ჰქონდა. მოვიდა, ჭიშკარი გააღო, მაგრამ ზღურბლზე ვერ იქნა და ვერ გადმოაბიჯა. მერე იქვე, ეზოს მიღმა დატოვა ჩანთები. თავად კარს მიაყრდნო ბეჭები და იდგა ასე, თვალდახუჭული. ბავშვები უკვე დასეოდნენ საჩუქრებს. ჟრიამულობდნენ. იცინოდნენ. ისევ ისეთი იყო, თოვლისფერი. გამჭვირვალობამდე თეთრი და გამხდარი. სუსტი მხრები ჰქონდა, ჩაცვენილი ღაწვები. ისევ ისე უკან გადაწეული თმა,  უსწორმასწოროდ ჩაწნული. იდგა, ჭიშკარს ეყუდებოდა ზურგით, ისევ ისეთი განცალკევებული, ისევ ისეთი უცხო. მერე დახუჭულმა ქუთუთოებმა ვეღარ შეიმაგრა ცრემლი და დაგუბებული მდინარესავით გადმოხეთქა. ტიროდა ხმამაღლა, ტიროდა მოთქმით. ახლა ის ტიროდა და ჩვენ ვიდექით ქვაკაცებად ქცეულები, მიწას მიყინულები, თვალებგაფართოებული და ცრემლგამშრალნი. ის იდგა, ახლა ზრდასრული ქალი იყო, ორი შვილის დედა, საკუთარი საკონდიტრო ჰქონდა, თითქმის ათწლეული იყო ჩვენგან წასულიყო, მაგრამ ის ტიროდა და მე მეგონა, რომ ეს-ეს იყო გადმოეგდოთ კიბიდან: ექვსი-შვიდი წლის ძლივს იქნებოდა. მარჯვენა მკლავი ცუდად დაჰყოლოდა. კანი გადაჰყვლეფოდა. იწვა ასფალტზე და ტიროდა. ტიროდა დიდი, ბავშვური ცრემლით. მე კი არც მაშინ, წლების წინ და არც ახლა არ ვიცოდი, რა ძალას შეეძლო ანგელოზების ჩამოგდება ამ დაწყევლილი კიბიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს