ის ხომ მარტოა, ხედავ? აი, იქ, სკვერში რომ ზის დაღლილი სახით;
არადა, ჯერ ისევ ახალგაზრდაა, არცთუ ისე ცუდად აცვია, თმაც ფორმაში აქვს, სახეც, იერიც. . .
მაშ რაღა მოხდა, რატომ დადის სულ მუდამ მარტო? იქნებ ხასიათს ვერ უსწორებს ვერავინ ვერდროს, ან ჭირვეული, ან ჯიუტი, ან ბუზღუნაა?
ან გულცივი, ქედმაღალი, მუდამ კეკლუცი. . .
არა, თქვენ ცდებით, ნუ აკეთებთ არასწორ დასკვნებს, ჯერ გაიცანით, აზრი მერე გამოიტანეთ. . .
ხედავთ? მოასწრო დასვენება, ტოვებს ამ სკვერს, სკამს; მალე შინ მივა, სასაცილო, პატარა ლეკვი მიეგებება კუდის ქიცინით, იმ სიხარულით, მის მოდგმას რომ ახასიათებს პატრონის ხმაზე. . .
მასავით სადა და მარტოსულ სახლს გადახედავს, წაიხემსებს, ძაღლს დააპურებს და სურნელოვან ყავასთან ერთად ფიქრს მიეცემა.
შეიძლება ერთი ჭიქა ღვინოც დალიოს, გადაავლოს თვალი ისევ განვლილ ცხოვრებას. . .
რატომ არ ზის მის პირდაპირ ან გვერდით ვინმე, რად არ ხდება ამდღევანდელ ემოციათა გაზიარება? საქმის განხილვა, გეგმის დაწყობა. . .
მან ვერ გაგიგო, შენ ვერ გაუგე, ვერ გაგიფრთხილდა, არ გაუფრთხილდი. . .
ის დატოვეთ შორს სივრცეში მარტო, ეულად, სიყვარული, რომელიც თქვენს პასუხს ელოდა.
მაგრამ ლოდინმა არ გაამართლა, გადაღლილმა მანაც დაგტოვათ. . . სხვა გზას ეწია, თამამებთან, რისკიანებთან, გაბედულებთან. . .
იქნებ ასე სჯობს?
დააღამებს წიგნით ხელში ტელევიზორთან მერე სიზმრებით წყვდიად ღამეს შეუერთდება;
მზის ამოსვლისას ისევ მორწყავს ლამაზ ყვავილებს, აივანს რომ მრავალფერად შუქს ანიჭებენ და არავის მარტოობას არ დაგიდევენ. . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სჯობს მარტოობას დაუმეგობრდე! სჯობს მარტოობას დაუმეგობრდე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|