ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2025


დაკარგული სიტყვა


მე დაკარგული სიტყვა მთქვეს,
ადგნენ და მივიწყებული
უცნაურად გამიმეორეს.
წამომასკუპეს ენაზე და
პირველ სიტყვად გამასაღეს.
არა და უკვე ვიყავი ნათქვამი.
არაფერს ვნიშნავდი,
ან იქნებ სულაც მნიშვნელობა დაოკებული
ბედს შევეგუე.
უმნიშვნელობას არ ვუჩიოდი,
მაგრამ პირველობაზე ელეთმელეთი დამემართა.
გაუცხოების ფსკერზე ვიშლებოდი
სანამ მომაგნეს,
წაბარბაცდნენ,
წამეპოტინა
ცნობისმოყვარეობის მოუსვენრობა.
არათავსებადი, უმართავი და გამოუსადეგარი
მაინც შემამჩნია.
დამწვდა, ამიტაცა, ჩამებღაუჭა..
ერთი სული ჰქონდა წამოვეყვირე,
მაგრამ რა იქნებოდა ამით ნათქვამი?
იფხიზლე ჩემო მომავალო,
შენი დედის ტოლა სიზმრებიდან
თბილი რძით სავსე ფინჯანი გამომაწოდე,
თავიდან მინდა გავიცნო ან გამოვიცნო
საკუთარი ბავშვობის ბასრი ანარელკი,
ხელის თბილ გულებში რომ გამოესვა მშობლის დარდს
და დაუსერა თითოეული იმედი,
რომელიც უდიერად ამოეზარდა თვალის უპეებში
ჩამუქებულ ლაქებად.
იფიქრე ჩემო მომავალო,
შენი ცოლის მიერ გამეორებული  გამამხნევებელი სიტყვებივით
შეეცადე დაიზეპირო,
სისუსტიდან თავის დაძვრენის
თითოეული მომენტი,
როგორც გამოცდილება,
ამის ნიჭი თუ აღმოგაჩნდა.
იქნებ იქამდე გაგყვეს,
როგორც გზამკვლევი,
ვიდრე არ შემცირდება
გადარჩენის ალბათობა.
იცინე ჩემო მომავალო,
დიდ ხანს იცინე.
შენი ლოდინი ისეთივე საცოდავია,
როგორც ულმობელი ადამიანისამარა დარჩენილი
მიუსაფარი ოთხფეხას ბედი.
შენამდე ვერ მოღწეულ სიტყვად დავრჩები,
გაცვეთილი და გაუმართავი.
შენამდე გამოქცეულს
კატების ენაში თუ მიწერია
ადგილის დამკვიდრება,
ამაზეც ყაბულს ვარ,
ანდაც სადღაც ძაღლმა მიყმუვლოს
უკანასკნელად,
მთელი გარდამავალი მნიშვნელობით,
ვიღას წამოვცდები?

28 თებერვალი 2025 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები