ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არავინ არ ვარ
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2025


ერთხელ ძალიან მინდოდა რომ მელაპარაკა

ერთხელ ძალიან ძალიან მინდოდა მელაპარაკა.
გამეჩერებინა ქუჩაში ვინმე და მეამბო ჩემი ამბები.
საგანგებოდ გამოვეწყე, ერთადერთი ხელი სუფთა ტანისამოსი მოვირგე და
გზას დავადექი.
იმედიანი მივაბიჯებდი, თვალებში მზე მედგა,
ერთხელ ძალიან მინდოდა მელაპარაკა.
მხოლოდ საუბრის სურვილი და ღერი სიგარეტის,
გულის გადაშლის სურვილი და მერე სიცლის.
იმ უბოლოო სიცილის, რომლის მერეც
სიცარიალე აღარ რჩება ჩვენ შორის და
ჩვენი მხრები გამთბარია ხელისგულებით,
მხოლოდ საუბრის სურვილი და ღერი სიგარეტის.
როგორ გავტეხე სულ შემთხვევით ჭიქა,
რომელშიც ყავასთან ერთად ტრიალებდა
ცხოვრების გზები,
როგორ შემთხვევით ჩამეკეტა მე იმ დღეს კარი,
როგორ შემთხვევით ვერ მოვედი, როგორ შემთხვევით.
როგორ ვცდილობდი მეგობარი გადამერჩინა,
სანამდე კედლებს დააჩენდა ტვინის ნაფლეთებს.
ერთხელ ძალიან მინდოდა რომ მელაპარაკა,
როგორ ჩავალაგე ბარგი და საბოლოოდ ამოვიკვეთე მათი მზერიდან,
ვინც ჩემი სული დამშეული ჩიტვით კენკა,
რატომ დამჩემდა უმიზეზო შფოთვა და შიში
ქარის ჩუმ ხმაზეც, რომ დამფრთხალი
ნადირივით ვთრთი.
ერთხელ ძალიან მინდოდა რომ მელაპარაკა,
ორატორის პოზა მოვირგე, ყელი მოვიღერე, ხელები წინ გავიშვირე,
მაგრამ როდესაც ჩემს გარშემო მიმოვიხედე,
მივხვდი, არავინ აღარ მყავდა
ვინც მომისმენდა და
პირს არ მიიბრუნებდა,
მიიქცეოდა საკუთარ თავში
და საბრალო ხავილი აღმომხდა.
ერთხელ ძალიან მინდოდა რომ მელაპარკა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები