,, შენი შიშებიდან ყველაზე დიდი შიში რომ რეალობად იქცეს რა იქნება? ამაზე დაწერე".
*
შიში ჯერ კიდევ ჩანასახმა გამოვცადე- როცა დედაჩემს, ჩემს მომავალ პატარა დედას ნერვებიდან ასხლეტილი დასცდა კივილი და განაჩენის გადათქმამდე გამაგონა სიტყვა- არ მინდა!
და შემოიჭრა ჩემს თბილ გარსში ძრწოლა ჭროღა მზერითა და ეკლიანი კიდურების მავნე ღრჭიალით. ფერებით. სუნით. მძაღე გემოთი.
გამარიდა დედის სითბოს- უმოწყალო მოწყალების გაცრეცილ სამხილს და უნაყოფო შიშის შვილად გადამაქცია.
ასე ვიქეცი უთვისტომო, უსახლკარო, გზააბნეულ, შეშლილ მარტვილად,
ჩემს დანახვაზე ხეებიც კი ხუჭავენ თვალებს, მზეც იბურება და გულსაკლავს გამოსცემს ბგერებს. ის გზები, სხვებს რომ ეგებიან ფეხქვეშ ხალიჩად, ჩემს გამოჩენას ნაპრალებით პასუხობენ. არც აღრენილი ზღვაურისგან მოველი ხეირს- ყვრიმალებსა და ღაწვისთავებზე მის ჟინიან ალიყურებს დღემდე ვიშუშებ.
და როცა მკითხავ, რას განვიცდი დიდი შიშის ბოლო ბაქანზე, იქ, სადაც ჩემს წილ სიხარულებს არ მიესვლება, გეტყვი, რომ არ მსურს ახდეს ის, რაც მიწისფერია. ჩანასახშივე განწირული გიყვები ამას. მკვდრადშობილი და ხერხემალში გადალეწილი. ნუ გამომიწვდი მაშველის რგოლს- აქ არ ივარგებს. ნურც მოძღვარივით მიმითითებ წინაპრების უცვეთ ვნებებზე- საკუთარსაც კი ვერ ვუმკლავდები. შენ შეგიძლია პილატესავით დაიბანო ცივი ხელები, კენტ ცრემლთან ერთად ჩაისუნთქო ბლანტი ჰაერი და თუ დამჭირდა, დაჩოქებულს შემომასუდრო ერთადერთი სიტყვა- ,,შეუნდე".
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჩემი შეფასება: უმაღლესი. ჩემი შეფასება: უმაღლესი.
2. უჰ, ეს როგორ გამომრჩა 5 უჰ, ეს როგორ გამომრჩა 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|