ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2025


უდიერი ლექსი



ახლა წვნიანს ვხვრეპ გარდაცვლილი კაცის თეფშიდან,
შეუცნობელი შარმი იგრძნობა, მოხატული ყვავილებიდან,
კატეგორიულად ვივლებ კოვზს, ვცდილობ ჩამოტეხილი კბილის ნაწილს
არ მოვახვედრო,
გაელვების განმეორება აუტანელია.
წვნიანი გრილია, ალბათ ცხიმად ერბო გამოიყენეს,
გრანულები წვნიანში ტივ-ტივებს, ვსრეს თეფშის ნაპირზე
შემაგრებული ერბოს ნაწილაკებს, იგლისება
არც ისე უშნოდ.
ჩაფუშული ბურთისთვის მოქანავე ფეხი მომიხვდა,
მაგიდის ქვეშ აღარ არ შევიხედე.

საჭესთან ვზივარ გარდაცვლილი ქალის ფურგონში,
სტვენის მაგვარი ხმა ისმის პერიოდულად.
ცარიელ სავარძელს ოპტიმალურად წელკავის პოზას,
მხოლოდ მზის სათვალე ჩაუგორებია საზურგესთან,
მხოლოდ საკუთარი თავისთვის გადაუჭირავს რემენი
თუ მხოლოდ თვითონ მოთავსებულა საკუთარსავე ფორმაში,
ვერავინ იტყვის.
ძრავის ხმა მაინც ისმოდეს, არ მოვდუნდებოდი,
თუმცა დაქოქვამდე მიმღები რაღაც სიხშირეზე შევაჩერე
შტერი ავტოკრატის 13 წლის წინანდელ დანაპირებს
ჩაგვჩიჩინებს პროპაგანდა.
მოქანავე ფეხი უძრავი მანქანის პედალს
ძლიერად დავადგი.

სარკესთან ვდგავარ გარდაცვლილი კატის ლოდინში,
პორტალის ფსკერს ვებღაუჭები დაჟინებული მზერით,
თვალს ვარიდებ ყველა დეტალს, რაც კი ირეკლება
და ყურადღებას მიფანტავს.
ვირჩევ ერთ წერტილს, ვაშტერდები,
სურვილის მაქსიმალურ კონცენტრირებას ვცდილობ,
წერტილში გაძრომის სურვილს ვგულისხმობ,
იქ ენი მეგულება და მინდა გამაცილოს
სხვაგან.
ფეხი ამიკანკალდა, კატა გამეხახუნა,
ენის შვილმა მოახერხა ჩემი გამოფხიზლება.
სარკეს ზურგი შევაქციე.

სიცოცხლის წინაშე ვდგავარ დამცინავად,
პრინციპულად, შემართებით.
მგონია ჩემი შეუძლებლობის რესურსი ესესაა ამოიწურა
და შესაძლებლობის ღრიჭოდან დაიწყებს
წვეთ-წვეთად გამოდინებას
ნაგროვები გამოცდილება,
წინააღმდეგობის ორომტრიალში რაც წამოვკრიფე,
რამაც ჩამომშალა, რამაც გამომფიტა,
რითიც შევკოწიწდი...
მაგრამ ასე არ ხდება.
თუმცა უკანასკნელ უდიერებას ვიჩენ
და სახლობანას თამაშს ვიწყებ თავიდან
ახალი სიზმარის მოლოდინში.

13 მარტი 2025 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები