I
გვანცა და ირინა დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. ეკა მერე გაიცნეს, მათზე უმცროსი, ნიჭიერი და საყვარელი გოგო. სამივეს უყვარდა ხელოვნება, მისდევდნენ აღმოსავლურ სულიერ და ფიზიკურ დისციპლინებს. გვანცა ცი-გუნში ვარჯიშობდა, ეკა – თაი-ძიში, ირინა კი კარატისტი იყო. ეკას ჰყავდა ქმარი – ირაკლი... რომელიც დიდად არავის შეახსენებდა თავს, ირინას ფილმი რომ არა... ამ დროისთვის ირინა კინოსარეჟისოროზე სწავლობდა თეატრალურში და რადგან იცოდა, ირაკლი კომპოზიტორი იყო, სთხოვა - „ჩემი ფილმისთვის მუსიკას ხომ ვერ დაწერდიო?“ - ირაკლიც დათანხმდა. როცა გვანცა მივიდა, ირინას და ირაკლის შესვენების საათი ჰქონდათ. - რაკი ყველანი აქ ხართ, სურათებს გადაგიღებთ! – ირაკლიმ ფოტოაპარატი გამოიტანა. ეკას ზაფხულში გადახოტრილი თმა რამდენიმე სანტიმეტრზე გაზრდოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ზღარბივით ედგა და ძალიან უხდებოდა, ის შუბლზე „ალოკილიც“. ირინა თავისი ახალი ჯინსის დემონსტრირებას ახდენდა – დახტოდა და ფეხებს უქნევდა ირაკლის, ვითომ ესპარინგებოდა. მასპინძელმა ეკამ სუფრა გაშალა, ლუდი და არაყიც არ დავიწყებია, ამას სადღეგრძელოებიც მოჰყვა – ერთად ყოფნის თუ არყოფნის... ამის მიზეზის თუ შედეგის... ირინასი, რომელიც იყო მიზეზი და ალბათ შედეგიც... ცნობილი თუ გამოუცნობი რეჟისორის, მისი კომპოზიტორის... ირინა იდგა მზესავით გაბრწყინებული და - “ჩემი კომპოზიტორი”... “ჩემი კომპოზიტორი!..” – გაიძახოდა, ალბათ უნდოდა ეთქვა - ისიც არანაკლებ მნიშვნელოვანიაო! - ხელოვნების სადღეგრძელო დავლიოთ, განსაკუთრებულს რომ ხდის ცხოვრებას! – შესთვაზა გვანცამ. - ჩემთვის ყველაზე დიდი ხელოვნება თავად ეს სამყაროა და როცა მასში თავს ბედნიერად ვგრძნობ!.. - თავისი აზრი გამუთქვა ირაკლიმ. - შეიძლება სულ მცირე მიზეზმაც გაგხადოს ბედნიერი... – თქვა ეკამ, - ან მიზეზი საერთოდ არ გქონდეს... - მაინც როდისა ხარ ბედნიერი?! – დაინტერესდა გვანცა. - ალბათ, შემოქმედებითი აღმაფრენის დროს... ან როცა ისეთ ადამიანებთან ვარ, ვინც მიყვარს. - ზოგჯერ ადამიანს რაღაც უშლის ხელს, რომ ბედნიერი იყოს! – თქვა ირინამ. - ახლა მე ვიტყვი ერთ სადღეგრძელოს... – რაღაცის თქმა დააპირა ეკამ. - არა, მე! – შეეცილა ირაკლი. - პირველად ეკამ თქვა! – გამოექომაგა გვანცა, მაგრამ ირაკლიმ არ დაუთმო და რაღაც ჩვეულებრივი, ტრადიციული სადღეგრძელო დალია. ეკას ეწყინა. მერე ეხვეწნენ, ახლა შენი სადღეგრძელო თქვიო და აღარ თქვა. გვანცამ ეკას სადღეგრძელო დალია - “თხის რქები” მაგარი ტიპები და მაგარი მეგობრები არიან! - მეც „თხის რქა” ვარ! - გაუხარდა ირინას, - ე.ი ჩემი სადღეგრძელოც არის! - ჩემიც! – არ ჩამორჩა ირაკლი, - რადგან ეკას ქმარი ვარ! - ორივემ თავისი თავი მარაქაში გაიყვანა! – გაეცინა ეკას. მერე სულ ირინა და ირაკლი ლაპარაკობდნენ – თანამედროვე კინოს აკრიტიკებდნენ და ერთმანეთს აქებდნენ - “ჩემი რეჟისორი!” “ჩემი კომპოზიტორი!” ეკას რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მოახერხა. გვანცას რატომღაც თავისი თვი გაახსენდა, როცა ირინასთან ერთად იყო თავის „ბოიფრენდ“კახასთნ ერთად, თითქმის სულ ისინი ლაპარაკობდნენ... - მეტს ვეღარ დავლევ! – თქვა ირინამ, - თორემ შეიძლება გავაფრინო. - არა უშავს, გააფრინე, - ნება დართო ირაკლიმ, - თუ ეკას გაფრენებს ვიტან, შენსასაც ავიტან... ეკას ისეთი გაფრენები აქვს! - იქნებ მე უარესი მაქვს!.. - აბა, ეხლა წავედით სამუშაოდ! – წამოაგდო ირაკლიმ ირინა, რომელსაც მუშაობის გაგრძელება აღარც კი ახსოვდა. - ესეც წავიღოთ, - ირინამ ჭიქებს დასტაცა ხელი. - მალე მოვალთ, - უთხრა ირაკლიმ სუფრასთან დარჩენილებს, - უჩვენოდ არ დათვრეთ.
_
- ახლა ჩვენია ბურთიც და მოედანიც, - თქვა ეკამ. ლუდს წრუპავდნენ და საუბრობდნენ. მათი სალაპარაკო თემა თითქმის ყოველთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. გვანცას უყვარდა ეკასთან საუბარი, რომელსაც თითქოს სხვა მდგომარეობაში გადაჰყავდა – მისი თვალებიდან მდინარესავით გადმოდიოდა რაღაც ნაკადი თუ გამოსხივება და ორივე ამ უცნაურ ველში ექცეოდნენ (მით უმეტეს, თუ ცოტა მთვრალები იყვნენ). - ...არ გვახსოვს წინა ცხოვრებები, - თქვა ეკამ, თორემ, რომ არ ყოფილიყო, გვეცოდინებოდა, რომ არ იყო. მთავარია, სიკვდილი ყოველთვის გვახსოვდეს. ეს ცხოვრებას უფრო ავსებს, სხვანაირს ხდის – როგორც ცეცხლი ადუღებს ქურაზე შემოდგმულ ჭურჭელში წყალს... თორემ მაცივარში თუ შედგამ – გაიყინება... - ისე, ირინაზე ცოტა ხომ არ იეჭვიანე? - მოულოდნელად ჰკითხა გვანცამ. - რატომ იფიქრე? - რა ვიცი... ზოგჯერ ადამიანს უბრალოდ სიახლე სჭირდება, მრავალფეროვნება, მაგრამ მთავარი მაინც გრძნობა და სიყვარულია...
- გვანცას დაბადების დღე ოქტომბრის ბოლოს იყო. კახა პირველად დაპატიჟა და მისმა თანხმობამ ისე იმოქმედა, მთელი კვირა უცნაურ ეიფორიაში იყო. კახა ჯერ არ იყო მის სახლში ნამყოფი, თუმცა, რამდენიმე წელია, იცნობდნენ ერთმანეთს. იმის წარმოდგენაც კი, რომ კახა მასთან იქნებოდა, მის სახლში, გვანცას თავბრუს ახვევდა. მხოლოდ სიზმარში თუ ენახა კახა თავის სახლში და ახლაც თავი სიზმარში ეგონა. ეს დღეც დადგა. გვანცა მოუთმენლად ელოდა სტუმრების მოსვლას, მაგრამ სტუმრები არ ჩანდნენ..
_
ეკამ ის იყო, ლუდი ჩამოასხა ჭიქებში, რომ ტელეფონმაც დარეკა. ჭიქით ხელში წავიდა ტელეფონისკენ. - ვინ არის? – იკითხა ირაკლიმ. - გვანცაა, - უთხრა ეკამ, - არ მოდიხართო? - ხო, ახლავე დავამთავრებთ... - აწრიალდა ირინა. - ფილმზე მუშაობენ და მალე მორჩებიან, - უთხრა ეკამ გვანცას, - უკვე ამთავრებენ. - რაო? – ჰკითხა ირაკლიმ. - რა დროს ფილმიაო! – გაიცინა ეკამ, - წავედით, ხომ ხედავთ, ნერვიულობს!
_
ჯერ მხოლოდ გვანცას ამხანაგი სანდრო იყო მოსული. გვანცამ მაგნიტოფონი ჩართო და ფანჯარას მიაშურა. როგორც იქნა, გამოჩნდა ირინას მანქანა და სულ მალე სახლში შემოცვივდნენ – ირინა, ეკა, ირაკლი, სალი და ირინას და. - აბა, შენი ოთახი გვაჩვენე? – გვანცას ახლად გარემონტებული პატარა ოთახი ჰქონდა. - რა კარგია! – მოეწონა ეკას, - ჩვენც ასე გავაკეთოთ, არა, იკა? ოთახის შუაში თეთრი მაგიდა იდგა, გვერდით – მწვანე ტახტი და პუფი კუთხეში; გარდამავალი ტონალობის კედლებზე თეთრი თაროები და ზეთში შესრულებული ნახატები; ფერადფოთლებიანი ფარდა და ფარფლებიანი სანათური.. მოკლედ, გვანცას სტილში სამუშაო ოთახი. სუფრა დიდ ოთახში იყო გაშლილი. გვანცამ სტუმრები ადღეგრძელა და რაკი ირაკლიმ უარი თქვა თამდობაზე და სანდროც არ სვამდა, სრული თავისუფლება გამოაცხადა. კახა არც ჩანდა და არც ტელეფონზე პასუხობდა. - კახასთან რეკავ? – ყურში მზრუნველად ჩასჩურჩულა სალიმ. გვანცა ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და თანდათან თვრებოდა. დაინახა, ირაკლი აღარ იჯდა მაგიდასთან და ისიც ლოჯში გავიდა – ირაკლისთან მოუნდა კახაზე დალაპარაკება. ირაკლი დიდი იყო, სანდომიანი.. ღია ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა. - მეგონა, დღეს კახას გაგაცნობდით... - არა უშავს, სხვა დროს გაგვაცნობ. ცოტა ხანში სხვებიც გამოვიდნენ, ფილმებსა და სპექტაკლებზე ილაპარაკეს, სიგარეტი მოწიეს და ისევ ოთახს მიაშურეს. გვანცას გართულებები დაეწყო – ჯერ თავის ოთახში ჩაიკეტა, მერე სააბაზანოში და გასკდა ტირილით. სარკეში რომ ჩაიხედა, სახე წითელი ვაშლივით ჰქონდა. იფიქრა, ცივ წყალს შევისხამ და გადამივლისო, მაგრამ კიდევ უფრო გაწითლდა. თავის ოთახში დაბრუნდა, იქ ირინა დახვდა. - შენ რა, ტირიხარ?! - გვანცას გული ამოუჯდა და ხელახლა აღრიალდა. დანარჩენებიც შემოეხვივნენ. ბოლოს, როგორც იქნა, დაბრუნდნენ ოთახში. - ხომ არ დათვერი? – ჰკითხა დედამ. - რატომაც არ უნდა დავთვრე?! – ნერვიულად გაიქნია ხელი, მოხვდა ღვინით სავეს ჭიქას, წითელი ღვინო ზედ შეესხა, ჭიქა კი სადღაც მიიმსხვრა. ტანსაცმლის გამოსაცვლელად გავიდა – წითელი ღვინო გულზე გადასხმოდა (სისხლივით) და ეს ესიამოვნა. ტანსაცმელი გამოიცვალა, ლოჯში გავიდა და ისევ ირაკლი დაინახა – ფანჯარასთან ეწეოდა. ირაკლის არ უკითხავს, რატომ ტირიხარო, მწერლობაზე დაუწყო ლაპარაკი. - არ ვიცოდი, თუ წერდი, ახლა გავიგე, როცა გადღეგრძელეს. მეც ვწერ... იქნებ წამაკითხო რამე? - მინდოდა, ერთი მოთხრობა ეკასთვის მეთხოვებინა, მაგრამ რაკი შენც გაინტერესებს, ორივეს გათხოვებთ. თუმცა... – თითქოს რაღაც გაახსენდა, - ისეთი რამეები მიწერია (მოთხრობაში საკმაოდ ეროტიკული მომენტები იყო), ცოტა არ იყოს, მრცხვენია. - მეც მრცხვენია და ამიტომ არავის ვაკითხებ, მაგრამ შენ წაგაკითხებ. გვანცას თანდათან მეტად მოეკიდა ღვინო. - ახლა მაგარ რაღაცას ვწერ! – დაიწყო ტრაბახი, - თან ძაან რთულია! - იცი, რა... – თქვა ირაკლიმ, - ეკას მეგობრებში ყველაზე მეტად მომწონხარ! - რას მელაპარაკები!.. - გაეცინა გვანცას, - დარწმუნებული ვარ, ყველას მაგას ეუბნები. - შენს მიმართ მართლა სხვანაირად ვარ... – მოულოდნელად ირაკლიმ ხელები მოხვია გვანცას და გულში ჩაიკრა. გვანცა კი აღმოჩნდა უსაზღვრო, თბილ წიაღში, რომელშიც ჩაყვინთა და გაცურა და ეგონა, არც არასდროს ამოყვინთავდა... მერე ყველანი ცეკვავდნენ. გვანცა უკეთეს ხასიათზე იყო, ირაკლის საქციელი მეგობრულ სითბოდ და მხარდაჭერად მიიჩნია. ირინას ეზოს სიბნელეში დარჩნილი თავისი მანქანის ბედი აწუხებდა (ეს ის დრო იყო, როცა ჯერ კიდევ იპარავდნენ მანქანებსა და მანქანის ნაწილებს), ის და ირაკლი მანქანის სანახავად ჩავიდნენ. ეკა რაღაც მოუსვენრად იყო, სულ კარებისკენ იყურებოდა: - სად არიან ამდენ ხანს?! - ხომ არ ეჭვიანობ? – ჰკითხა გვანცამ ღიმილით. - შენ რატომ გგონია, რომ მე სულ ვეჭვიანობ?! - რა ვიცი...
მერე ისევ ყველანი ერთად ცეკვავდნენ, სვამდნენ – ზოგი ღვინოს, ზოგი ჩაის და ზოგი ყავას... ბოლოს კი წავიდნენ. გვანცა მარტო დარჩა და ის იყო, თავის მოკვლაზე აპირებდა ფიქრის დაწყებას, ტელეფონმა რომ დარეკა. ვიღაც ულოცავდა დაბადების დღეს, გვანცამ ვერაფრით გამოიცნო, ვინ. ტელეფონი რამდენჯერმე გაითიშა და ისევ რეკავდა... იმდენი ილაპარაკეს, სანამ გვანცამ თავის მოკვლა არ გადაიფიქრა და შემდეგისთვის არ გადადო.
_
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|