_ გვანცამ ყურმილი აიღო. ეკა ურეკავდა. მოიკითხა, როგორ ხარო... მერე ყურმილი ირაკლიმ გამოართვა, მერე ისევ ეკამ - ხან ერთი ელაპარაკებოდა, ხან მეორე და გვანცას ეცინებოდა. - შენი ნახვა მინდა... ირაკლის უნდა... - შენ გინდა თუ ირაკლის? - ორივეს.
_ - უნდა მეჩხუბო? - დანახვისთანავე ჰკითხა გვანცამ, დაახლოებით იცოდა ეკა რატომაც მოვიდა. ეკამ კი მოულოდნელად მათი ქება დაიწყო: - ისეთი გულახდილი და პირდაპირი ადამიანები ხართ, ამაში გევხართ ერთმანეთს. მე ალბათ არ ვიტყოდი. - მე თვითონ არაფერი არ მესმის, თითქოს სიზმარში ვარ და შეიძლება გამეღვიძოს და ყველაფერი გაქრეს... - დავაკვირდი, რაც ახალი საუკუნე დაიწყო, ყველა მასეა, ყველა გაკვირვებულია. იმ დღესაც, სუფრასთან ვისხედით, ერთმა თქვა - თავი სიზმარში მგონიაო და... ამ დროს ყველას ერთნაირი სახეები ჰქონდათ!... ჩემთვისაც - თითქოს რაღაც ახალი დაიწყო, ახალ საუკუნეს გარეგნულად კი არა, რაღაც შინაგანად ვგრძნობ... გვანცას ეჩვენებოდა, რომ რაღაც როლებს თამაშობდნენ. ეკაც რომ ჩაერია, რაღაცნაირად სასაცილო იყო.
- მაინტერესებს, რამდენად სერიოზულია, - ამბობდა ეკა, - გრძნობის სიმძაფრე მაინტერესებს და არა დეტალები. - არ ვიცი, განწყობილებები მეცვლება, მე თვითონ ვერ გამიგია... აი, დრაკონის წელი გაივლის და... - ყველაფერი გაქრება! - თქვენ თვითონ არაფერი არ იცით და არ გაქვთ გარკვეული, მე რომ მითხარით. მე უხერხულობაში ნუ ჩამაყენებთ, თქვენს გაბმულ ქსელში ნუ გამაბამთ, როგორც ბუზს!.. ირაკლისაც ვუთხარი, გაერკვიეთ... მოკლედ, გაერკვიეთ თქვენს გრძნობებში... დარწმუნდით... - ახლა შენი თქმიდან არ ნიშნავს, რომ მე მასე მოვიქცევი... მე მაინც დროის ფაქტორის იმედი მაქვს... მე მინდა, რომ თქვენ ერთად იყოთ და თქვენი ურთიერთობა არ შეიცვალოს. - ჩვენს შორის თუ რამე მოხდა, იცოდე, თქვენს გამო არ იქნება... - თქვა რატომღაც ეკამ. - ირაკლი ჩემთან სხვანაირია, შენთან რომ ვიცნობდი, ის ირაკლი სხვანაირი იყო, - გაიცინა გვანცამ. - ეჭვიც არ მეპარება, რომ მასეა. - მე მაინც მეგობრობა მირჩევნია, თუმცა, წინასწარ არანაირი პროგნოზი არა მაქვს... ირაკლის ორივესთან უნდა... - ორი კურდღლის მადევარი!... - ირაკლი ცოტა მთვრალი იყო, მეც ცოტას ვთამაშობდი. - თამაშით იწყება!.. - ყველანი ბედისწერის მსხვერპლი ვართ, მაგრამ გამოსავალი გამოჩნდება... - გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს.
ამ ამბების მერე გვანცას თვითონ მოეჩვენა თავი მსხვერპლად, ქსელში გაბმულ ბუზად. თითქოს პირიქით, ეკა და ირაკლის ქსელში ებმებოდა... “არც ეგეთი მუდო ვარ!” - გაიფიქრა, “სხვები ვერ გამისაზღვრავენ ჩემს როლს ცხოვრებაში!”
_ ტელეფონმა დარეკა. ირაკლის ისეთი ვნებიანი ხმა ჰქონდა, გვანცას გულ-მუცელი ამოუტრიალდა. - პარასკევს შევხვდეთ, და თუ გიყვარვარ, წამომყვები შორს და მაღლა. გვანცას ენა ჩაუვარდა, გამოშტერდა. როგორც იქნა, ამოიღო ხმა: - რა, რა მითხარი? - თეატრიდან გავენთავისუფლე, ერთი დღე, პარასკევი ვთხოვე... შემხვდები? - შენთან დალაპარაკება კი მინდოდა... შეიძლება ცოტა ხნით შეგვხვდე... - მოდი და ვნახოთ... შენს სახლთან, გაჩერებაზე შევხვდეთ. - კარგი. გვანცამ ციფრული გამოთვლები ჩაატარა და მიხვდა, ასეთი დღე მეორედ აღარ განმეორდებოდა - გადაწყვიტა, წაყოლოდა, სადაც ეტყოდა.
_ პარასკევიც მოვიდა. ირაკლი ხესთან იდგა გაჩერებაზე. საღამო ხანი იყო. გვანცა იგვიანებდა. “გვანცა და ეკა ხომ არ მაშაყირებენ?!” - გაიფიქრა - “იქნებ ერთმანეთში შეთანხმდნენ და ოინს მიწყობენ?!.. ეკამ თავისი ხელით შემისწორა თმა და წვერი, ახალი შარვალიც მიყიდა... მე სულელმაც დავიჯერე, რომ ეკა მართლა არის ჩვენი შეხვედრით დაინტერესებული...” სადარბაზოდან გვანცა გამოვარდა. კურტკა სანახევროდ ჩაცმული, საათი ხელში ეჭირა და გზადაგზა იკეთებდა, თან სათქმელს ამზადებდა - “არც მიყვარხარ და ცოლიან კაცებსაც საერთოდ ვერ ვიტან, მაგრამ ვარსკვლავები დღეს შენს მხარეხე არიან და სადაც გინდა, იქ წამოგყვები!..” მაგრამ ირაკლის დანახვისას ყველაფერი გადაავიწყდა. - წავიდეთ? - ჰკითხა ირაკლიმ. - სად? - სულ ზემოთ, მაღლა, მე-11 სართულზე. - 11 კარგი ციფრია. ქუჩას გაუყვნენ. ირაკლიმ მარშრუტკას ხელი დაუქნია.
სულ ზედა კორპუსებთან ავიდნენ ნუცუბიძეზე. იქ, პატარა მაღაზიაში იყიდეს ცოტა სასმელი და ტკბილეული. - ვისთან მივდივართ? - ჰკითხა გვანცამ. - ბინა უნდა გავტეხო. ირაკლიმ გასაღები ძლივს მოარგო. გააღო და შევიდნენ. ნათელი, დიდი ბინა იყო. ოთახებს შორის მინის კარებებზე ფარდები არ ეკიდა და ყველა ოთახი ერთდროულად ჩანდა. ხელმარცხნივ კარადის კარებები იყო. - გინდა კარადაში დავსხდეთ? - ჰკითხა ირაკლიმ. - დიდი კარადაა? - ნახე, აბა, გააღე კარები. გვანცამ კარადის კარები გამოაღო და თურმე იქაც ოთახი იყო. - ხო მაგარია! - გაიცინა ირაკლიმ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|