| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 20 მაისი, 2025 |
ეძღვნება ...
###
- დე, ბებოს უთხარი თხის რძე არ დამალევინოს, რაა - ვეტყვი, იკა - და ვარიკა არ დაკლას, გთხოვ - ვეტყვი, კი - არც ქათამი - კარგი, მაგრამ რაღაც, ხომ უნდა შეჭამო? - იმდენი რამეა აქვს, დე, ნადუღი, ყველი ღომი, კარაქი - კარგი, იკა - მადლობა, დე, და, კიდევ, იცი, რა? - რა, იკა? - ქართულად მელაპარაკოს, რა. დედას გაეღიმა. ეპრასია ბებია ჭიშკართან შეეგება სამარშრუტოს. - მოდი, ჩემო გულო, მოდი, ბებია, როგორ მომენატრე, ჩემო იკა. - მეც, ძალიან, ბებო, ოღონდ ვარიკა და ქათამი არ დამიკლა, თხის რძე არ შემასვა და - ვიცი, ვიცი, ხომ ხედავ მეგრულად სიტყვა არ მითქვამს? გააწყვეტინა ეპრასია ბებიამ შვილიშვილს. - არც არაფერს დავკლავ და ჭამე მარტო ღომი და ყველი, რა ვქნა, აბა? - ჩურჩხელა? - კი, ბატონო, ჩურჩხელაც, აბა, როგორ? წელს სკოლაში ხომ მიდიხარ, ბებო? - კი, ბებო - ხომ კარგად უნდა ისწავლო, ბებო? - კი, ბებო - კარგი ბიჭი ხარ, შენ! რომ მილაგდნენ და ისადილეს, იკა ოდა სახლის აივანზე გავიდა. ერთი სული ჰქონდა იმ ადგილას მისულიყო, მაგრამ არ ჩქარობდა. ჯერ აივანი არჩია. უყვარდა იქ ყოფნა. საათობით შეეძლო ეცქერა მცენარეებისთვის, მერცხლებისთვის, ლურჯი ცისთვის. ერთხანს იჯდა. მერე ლეღვის ხე გაახსენდა. იცოდა, რომ ნაყოფი ჯერ მწიფე არ იქნებოდა, მაგრამ, ხე უყვარდა. უზარმაზარი ლეღვის ხე, მსხვილი ერთმანეთში უცნაურად გადაგრეხილი ტოტებით და ვეება ფოთლებით. ცოტა ხანს იქ შეჩერდა. მერე ალუბლის ხესთან მივიდა. მოეჩვენა, რომ ერთ წელიწადში საკმაოდ გაზრდილიყო. მერე, საქათმეს მიუახლოვდა და გადათვალა. შარშან შვიდი ქათმით მეტი იყო. ყვითელი დედალი განსაკუთრებით შეებრალა. მერე თხებისკენ გასწია. ხუთიდან ერთმა იცნო მხოლოდ, რომელიც ყველაზე დიდი ჩანდა და მისკენ სწორედ ის გამოქანდა. წინ დაუდგა და, და - მმეეე-ო ბიჭუნამ ეს მისალმებათ ჩაუთვალა: - გამარჯობა, პუთი-ო, (თვითონ დაარქვა ორი წლის წინათ) და რქებზე ხელი გადაუსვა. ძალიან უყვარდა სოფელი. სულ სხვა სამყარო იყო, ახლობელი, თბილი, უცნაური შეგრძნებებით. ის ადგილი გაახსენდა და იქით გაეშურა. თითქოს, არაფრით განსხვავებული ადგილი იყო. ეზოს ბოლოში, რამდენიმე ხილის ხე იდგა: მსხალი, ვაშლი, კაკალი და ბალი მცირე წრეს ჰქმინდნენ, რომელთა შუა ბალახი ბიბინებდა. აქ, ამ წრეში იდგა, პირველად რომ სხეულის შეგრძნება დაკარგა. მაშინ აქ იყო ის სიმსუბუქე, რომელსაც ვერაფრით ივიწყებდა. იმ წამს მცენარეები, ფრინველები, მწერები, ცა და სივრცე, რომელიც სრულად და მთელი სისავსით პირველად შეიცნო, მოეჩვენა, რომ ეს ყველაფერი, ყველაფერი დედასავით უყვარდა. ნაცნობი შეგრძნებების მოლოდინში, ახლა იმ ხეებს შუა, იმ პატარა მინდორზე იდგა და საღამოს ცას გაჰყურებდა. რამდენიმე ხანი იდგა, მაგრამ ის, რასაც მოელოდა, მობრძანებას არ ჩქარობდა. არა. არაფერი მსგავსი არ ხდებოდა. იმედი თანდათან იწურებოდა. უცებ, არც ისე შორს, ცაზე ჯერ ერთი ქათქათა ღრუბელივით თეთრი სილუეტი შეამჩნია. მერე მეორე. მესამე. მეოთხე. კიდევ. ერთმანეთისთვის ხელები ჩაეკიდათ და ზევით მიიწევდნენ. ძალიან შორიდან რაღაც ხმა მოისმოდა. სიმღერის, თუ მუსიკის, ვერ გაეგო. სილუეტები კი, ზევით და ზევით მიიწევდნენ და ეს რაღაც ხმა მათ მიაცილებდა და თანდათან უფრო და უფრო შორდებოდა იკას ყურთასმენას. - იკაა დედა ეძახდა. ბიჭუნამ პასუხი დაუგვიანა, რადგან მოეჩვენა, რომ ხუთივე სილუეტმა მას ხელი დაუქნია. იკამაც დაუქნია. - იკა, ვის ესალმები? - ვემშვიდობები, დე - ვის, იკა? - არ ვიცი, დე. ხუთი თეთრი პატარა ადამიანი იყო. ბიჭუნას დედამაც გახედა საღამოს ცას და მასში ჩაბუდებული პატარა ბავშვი ნაკვალევს ამაოდ ეძებდა. ერთხანს იდგა დედა-შვილი. ბიჭუნა, ცისკენ აპყრობილი თვალებით. დედა, დაბლა დახრილი, ცრემლიანით. იქით, ხომ ის სოფელი იყო. საბერიო. და დღეს მეორმოცე დღე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, მუხა, განმარტებისთვის. ბეთ ავენ, გილოცავთ თავფურცელს. ჩვენი მიტოვებული სოფლები <3 ბავშვობა გამახსენდა. მადლობა, მუხა, განმარტებისთვის. ბეთ ავენ, გილოცავთ თავფურცელს. ჩვენი მიტოვებული სოფლები <3 ბავშვობა გამახსენდა.
1. ხანძარს შეწირული 5 ბავშვი...-შემზარავი ტრაგედია სოფელ საბერიოში. ცაში აფრენილი ანგელოზები. ხანძარს შეწირული 5 ბავშვი...-შემზარავი ტრაგედია სოფელ საბერიოში. ცაში აფრენილი ანგელოზები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|