| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 24 მაისი, 2025 |
ეძღვნება მ.ა.-ს ხსოვნას.
გასაგიჟებელი ქალი იყო მზევინარი და კიდევაც გვაგიჟებდა უბნის ბიჭებს. სხვა უბნის ბიჭებსაც აგიჟებდა მზევინარი. მთელს ქალაქს აგიჟებდა. ქალები ქალაქის ყველა პატარძალს მზევინარს ადარებდნენ. ის სილამაზის ეტალონი იყო: ,, არა, არა, მზევინარამდე ვერ მივა, მაგრამ კარგი გოგო კი არის,, ,, ისე, თმები კი გაუკეთებია მზევინარივით, სხვა რა გითხრათ,, ,,მზევინარივით დადის, მაგრამ ამას არ უხდება,, ,,შეხედე, შეხედე, მზევინარისნაირი კაბა შეუკეკარვს,, სკოლიდან ბიჭები იმ ქუჩით ვბრუნდებოდით რომელზეც ეს მშვენიერება ცხოვრობდა და მისი სახლის წინ ფეხბურთის თამაშს იმ იმედით ვიწყებდით, რომ აივანზე, ცისფერპეპლებიანი ხალათით, მზევინარი გამოვიდოდა, თმებს შეიკრავდა, სახეს მზეს მიუშვერდა, ხალათს ისე გადაიწევდა რომ მკერდი ნახევრად მოუშიშვლდებოდა, აივნის მოაჯირს დაეყრდნობოდადა თვალებს დახუჭავდა. ჩვენ იმწამსვე თამაშს თავს მივანებებდით და პირდაბჩენილები მივშტერებოდით ღვთისმქნილებას. ერთხელ ასე პირღია ვიდექით ცალფეხა ივტიხიმ რომ გამოიარა და დაგვინახა. შეჩერდა ივტიხი, აივნისკენ მიაბრუნა თავი და მომეჩვენა, რომ მანაც დააღო პირი. მერე სწრაფად დახარა თავი, ,,ანგელოზია ეს ქალი!,, თქვა და წავიდა. ერთხელ მამაჩემიც შეესწრო ჩვენს ამგვარ პროსტრაციულ მდგომარებოას, მოვიდა და გვითხრა: - კარგი გემოვნება კი გქონიათ, მაგრამ უხერხულია ასე მიშტერება-ო. ერთდღეს სკოლიდან ადრიანად წამოვედი, ბოლო გაკვეთილი გავაცდინე და იმიტომ. მზევინარის სახლის ცარიელ აივანს მივუახლოვდი და ბურთი ავაგდე. მერე ავედი და კარზე ზარის ღილაკს მოცახცახე ხელის თითი მივაჭრე და კართან ძალიან ახლოს დავდექი. ნაბიჯების ხმა გავიგე და მივხვდი რომ ის იყო. კარი გაიღო და მე სწრაფად დავხარე თავი. მინდოდა შემეხედა, მაგრამ ვერ ვბედავდი. ჩემს თვალწინ ორ წვრილწვივებიან გრძელ ფეხებს ვუცქერდი . ,,გისმენ, ბიჭუნა,, ჩამესმა ულამაზესი ხმა. ვერაფერს ვპასუხობდი. უცებ წვრილი წვივები დატრიალდა და მერე აღარაფერი მახსოვს. გონს რომ მოვეგე, ტახტზე ვიწექი და თავი მზევინარის მუხლებზე მედო, მისი ხელი კი, შუბლს მითბობდა. გვერდით სკამზე ჭიქით წყალი იდგა და შუშის პატარა ბოთლი. გვიან მივხვდი რომ ეს ნიშადურის სპირტი იყო. მზევინარმა თბილი ხელი ჩემი შუბლიდან ლოყაზე ჩამოაცურა. ჯერ სუნთქვა შემეკრა და მერე ხმამაღლა ავტირდი. ,,ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის. ნუ გეშინია,, მითხრა და გამიღიმა. შემრცხვა და ტირილი შევწყვიტე. ,,აქედან შორს ცხოვრობ?,, არა-მეთქი. ,,ზარი რატომ დარეკე?,, მიზეზი ვუთხარი. წამოდგა და მომეჩვენა რომ აივნისკენ გაფრინდა და მას მისი ხალათის პეპლები ფარფატით მიჰყვებოდნენ. კარი გამოაღო, ბურთი აიღო, ისევ ჩემსკენ გამოფრინდა და ბურთი გამომიწოდა. ,,უკეთ ხარ?,, თავი დავუქნიე. ისევ გამიღიმა. ,,ნაყინს შეჭამ?,, უარი ვუთხარი და, მივხვდი, რომ უნდა წამოვსულიყავი. ,,გინდა გაგაცილო?,, არა-მეთქი. კარამდე გამომყვა, დაიხარა და მაკოცა! ისევ დატრიალდა ყველაფერი, მაგრამ ღრმად ჩავისუნთქე და ენაზე ვიკბინე. (დღემდე არ ვიცი ეს როგორ მოვიფიქრე) ტრიალი შეჩერდა. სადარბაზოდან გამოვდიოდი და ვერ გავრკვეულიყავი ბედნიერი ვიყავი, თუ უბედური, მიხაროდა, თუ მტკიოდა, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცოდი - ახლა აივნიდან ცისფერპეპლებიან ხალათში ჩაცმული ის მშვენიერი ქალი მიყურებდა, წუთის წინ რომ ლოყაზე მეამბორა. უკანმიხედვის წყურვილი მახრჩობდა. რამდენჯერ ვიფიქრე გავხედავ-მეთქი, მაგრამ თავს ვაჯობე. სახლში საშინლად დაღლილი მივედი. მალევე დავწექი და მთელი ის ღამე ერთი დიდი სიზმარი იყო: მზევინარის სადარბაზოდან უკანსვლით გამოვდიოდი და მთელი გზა, ჩემს სახლამდე, აივანზე მდგომი ანგელოზისთვის თვალი არ მომიშორებია. მასშემდეგ მზევინარის სახლის წინ ბიჭებთან ფეხბურთი აღარ მითამაშია. ცოტახანში საცხოვრებლად სხვა უბანში გადავედით. მზევინარი აღარსად შემხვედრია. კიდევ მრავალი წელი გავიდა და მზევინართან დაკავშირებული ფიქრები, როგორც მის ხალათზე იმ დღეს ცისფერი პეპლები, ისე დაფარფატებდნენ ჩემს გონებაში. იმ კვირაში მეგობრის მამის დაკრძალვაზე ვიყავი. ქალაქის ძველ სასაფლაოზე წაასვენეს. უკან ვბრუნდებოდი. ამ დროს ჩვევად მაქვს საფლავის ქვებზე ფოტოებზე დაკვირვება და წარწერის წაკითხვა. ერთერთ საფლავზე ბალახი და სარეველა ამოსულიყო. ფოტოს შევხედე და ვიცანი. ბოლო ადამიანმა რომ სასაფლაო დატოვა საფლავის დასუფთავებას შევუდექი. წინადღის ნაწვიმარზე ბალახი იოლად მოჰყვებოდა ხელს. საქმე რომ დავასრულე ქვაზე ჩამოვჯექი. უცებ ლოყაზე რაღაც ვიგრძენი. ხელი ავიქნიე და თურმე ცისფერი პეპელა ყოფილა. მეგონა, რომ იმ ღამით სიზმარს ვნახავდი, მაგრამ არა. ეს კი, იყო - რაღაც მომენტში, ძილში, ვიგრძენი, რომ შუბლიდან ლოყაზე თბილი ხელი ჩამოცურდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიანი ადამიანური ამბების მოყოლა იცი. ძალიანი ადამიანური ამბების მოყოლა იცი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|