ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2025


თმის ბალადა


არ მახსოვს როდის დაგვარცხნე ბოლოს,
როდის გამოგცინცლე ბღუჯა-ბღუჯა მკვდარი ღერები.
არ ედრებოდა შენი სიგრძე
მრავალ ხიდთაგან რომელიმეს,
ნაპირებსა თუ კანიონების კიდეებზე რომ გაჭიმულან
და ბეწვის ხიდის ფუნქცია დღემდე ვერ შეუთავსებიათ.
გადაფოფრილხარ თავის ქალას კოლხიკოსივით,
თითქოს ძვირფას განძად გეღიარებინოს ტვინი
და მისი ნაოჭების მთელი ბრწყინვალება,
საკუთარი მრისხანების გასასაღებლად გამოგდგომოდეს.
თმების ფესვებში ჩათესილი ფერთა შორის გარდამავლობა,
როგორც ფუნქცია,
იშვიათად ირღვევა,
ისე როგორც პირქუში სიზმარი
უსასრულო დაუდევრობით.
განყენებულად წარმოგიდგენ,
დგები ყალყზე,
ემოციის ტალღები გამოიდევნება შენი ბოლოებიდან,
ისინი უერთდებიან ჰაერის ნაკადებს
და ნიშხა-ნიშხას ალუზიით
ცდილობენ სამყაროზე გაბატონებულ ცვალებადობას
მიმართულება შეუცვალონ.
აღარც ის მახსოვს როდის დამიფარე თავის ნაწილი.
როდის აღმოცენდი. როდის მოგქაჩეს პირველად,
ან როდის გაიზარდე ასე უხეში, კუპრივით შავი,
როდის მოინდომე სითეთრე გამოგრეოდა,
გამეჩხერებულიყავი და განძად აღქმული შიგთავსისთვის
სამუდამოდ დაგემტკიცებინა უსარგებლობა,
რომელმაც ნაოჭები ვერ გაიჩინა გლუვ ადგილებზე.
თუმცა მჯეროდა, ერთ დღესაც გამცვივდებოდი,
მნიშვნელოვანი საქმე მომაკლდებოდა,
საშხაპეც ამოისუნთქებდა,
წყლის დაგუბებაც მნიშვნელობას დაკარგავდა,
როგორც უთქმელობის სათაკილო სინონიმი,
კადნიერება იქნებოდა ყველა მიზეზი,
რაც შენი არსებობის მანძილს
ჯანსაღად მომაკვდინებელ ლექსებად გადააქცევდა,
თუმცა ამისთვისაც აღმოვჩნდი მზად.
ახლა ვზივარ ესტერვეგერის ნაკრძალში,
სათვალთვალო ჯიხურიდან ბინოკლით ვაკვირდები განთიადს,
მსიამოვნებს კვირა დღის ამგვარად გატარება,
დაგუბებული წყლები ტბები რომ მგონია,
დროებით შევსებული დაღრმავებები აღმოჩნდა
საიდანაც წყლები მალე წავლენ,
ტორფით გამდიდრებული კალაპოტები
სასარგებლო გოროხებით ავსებული დახვდებათ ადამიანებს.
ჩვენ კი რა სარგებლის მოტანა შეგვიძლია ერთმანეთისთვის
განცალკევების შემდეგ,
გარდა იმისა რომ მხოლოდ ჩემგან მოსაკლისების იმედით
გაამართლო საკუთარი არსებობა, ფერისცვალება,
მე კი ვიგრძნო როგორ იფიტება
გამოგონილი შინაარსი,
მცდელობებს შორის ჩახერგილ უუნარობაში
გაუჩინარებული ბავშვის შესახებ,
რომელსაც შეუძლია ჯერ კიდევ იხუმროს.


22 მაისი 2025 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს