| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 5 ივნისი, 2025 |
ბენო ერქვა. თერთმეტი წლის იყო პირველად რომ მაღაზიის ქურდობისთვის დაიჭირეს. სამი წელი გაატარა ბავშვთა კოლონიაში. გამოვიდა და ერთ კვირაში მსგავსი დანაშაულისთვის უკან შეაბრუნეს. ისევ სამი წელი იჯდა. ჩვიდმეტი წლისამ პროკურორის ბინა გატეხა და შვიდი წელი მიუსაჯეს. მერე ისევ იგივე განმეორდა. რა გასაკვირია ტუსაღა რომ დერქვათ. ორმოცი წლისას ოცდაოთხი წელი ციხეში ჰქონდა გატარებული. უბნელ გოგონაზე იყო შეყვარებული. ეს ნამდვილად უიღბლო სიყვარული გახლდათ. ცალმხრივი და უიღბლო. ტასოს სხვა უყვარდა და სწორედ იმ თავის შეყვარებულს გაჰყვა ცოლად. ტუსაღამ ეს ამბავი ციხეში გაიგო. იმ საღამოს განმარტოვდა. არ უტირია. ერთი მუჭა მიწა შეჭამა. ბოლოს რომ ციხიდან გამოვიდა, ცუდი ამბავი შეიტყო. ტასოს, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა გულის მანკი აღმოაჩნდა და როდის რა უბედურება მოხდებოდა ექიმებიც კი ვერ ამბობდნენ. ერთ კვირაზე მეტი არ ეძინა ტუსაღას. ძილში ბორგავდა. ყვრიოდა. იოფლებოდა. მართალია, ტასოს ოჯახს არ უჭირდა, მაგრამ მეგობრის ხელით დიდი თანხა გაუგზავნა ტასოს ქმარს, რომელმაც უთხრა, რომ თითქოს მისი გარდაცვლილი მამის ვალი ჰქონდა. მუდმივად იგებდა ტასოს ამბავს. იცოდა რომ ამ ბოლო დროს ხშირად მისდიოდა გული. მერე ექიმებთან გაიკითხა თუ რატომ გახშირდა გულისწასვლა და სულ მთლად დაკარგა მოსვენება. ერთ დღეს დილით ადრიანად გაეღვიძა. ცოტახანს იწრიალა. მერე ცოტახანს ჭერს მიაშტერდა და მკვირცხლად წამოდგა. წყალი გადაივლო და, თუმცა კარგი ჩამცმელი იყო, ახლა განსაკუთრებულად გამოეწყო. უბნელ გუგას მიაკითხა საავადმყოფოში და გული გამოიკვლია. უთხრეს ოცი წლის ბიჭის გული გაქვსო. საავადმყოფოდან პირდაპირ ნიკასთან სამსახურში წავიდა. ნიკა ტასოს ქმარი იყო. ბავშვობიდან იცნობდა. რაღაც საქმე მაქვს და კაფეში ჩამოვჯდეთო. ტუსაღამ ცოტა მოწრუპა და ნიკას თვალი თვალში გაუყარა. - ნიკა, ძმაო, რაღაც მინდა გითხრა და ყურადღებით მომისმინე. შენ იცი ჩემი ცხოვრება. ის მე ციხეში გავატარე. ბავშვობიდან არაფერი კარგი არ მინახავს. წვალება და ტანჯვა იყო მთელი ეს დრო. ჰოდა, ამან თავისი კვალი დატოვა ჩემს ჯანმრთელობაზე. მე ბევრი აღარ დამრჩენია. კაცები ვართ და პირდაპირ გეუბნები - ტასო ბავშვობიდან მიყვარს და როგორც შენ აკეთებ მისთვის ყველაფერს, ისე მეც მინდა გავაკეთო ჩემს ცხოვრებაში სიკვდილამდე ერთი სიკეთე. ტუსაღამ კარდეოლოგის ბეჭდიანი დასკვნა ამოიღო და წინ დაუდო ნიკას. - ოცი წლის ბიჭის გული გაქვსო ექიმმა მითხრა. ჰოდა, ეს მაქვს მხოლოდ ჯანმრთელი და მინდა ტასოს ვაჩუქო. გადაუნერგონ. არ მითხრა უარი, ნიკა. ნიკა, ყურადღებით რომ უსმენდა ტუსაღას, ერთხანს ხმა არ ამოუღია. თვალებში უცქერდა და თანდათან სახე ებადრებოდა. მერე წამოდგა და ტუსაღა გულში ჩაიკრა. ორი კაცი ძუნწ ცრემლს ღვრიდა. - წამოდი, გავიდეთ თქვა ნიკამ. რუსთაველიდან ქვაფენილით ალექსანდროვის ბაღისკენ ჩაუყვნენ. - ბენო დაიწყო ნიკამ. - მეუცხოვა ჩემი სახელი. გაეცინა ტუსაღას. ნიკამ გააგრძელა: - მეც მიფიქრია იმ თემაზე რაც მითხარი. მაგრამ.... - რა? დაძაბულმა იკითხა ტუსაღამ. - რა და ჩვენთან ასეთ ოპერაციას ჯერ ვერ აკეთებენ. მერე კიდევ, ერთი ჯგუფის სისხლი უნდა იყოს. - მე მეორე მაქვს! წამოიყვირა ტუსაღამ. - ტასოს პირველი აქვს, ბენო. და პაუზის შემდეგ დასძინა: - მეც მეორე მაქვს. მერე ჩუმად მიდიოდნენ. ქუჩის ბოლოს ნიკა შეჩერდა, ტუსაღას ხელი გაუწოდა და უთხრა: - ტასოს ვუთხრა ის რაც აქ ითქვა? - კი მინდა, მაგრამ არ უთხრა. - კარგი. არ ვეტყვი. ბენო, კიდევ ერთი რამ მინდა გკითხო - გისმენ - ის თანხა შენ გამოაგზავნე? - რა თანხა? - კარგი, არაფერი, არაფერი. ერთი თვის თავზე, საზღვარგარეთ, ტასოს ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ დასუსტებულმა ორგანიზმმა ვერ გადაიტანა და კიდევ ერთ თვეში ტასო გარდაიცვალა. ნიკა თვალებით ეძებდა ტუსაღას მისთვის რომ ტასაოსგან უბის წიგნაკის ფურცელზე დახატული გულის ქვემოთ დაწერილი ,,მადლობა,, გადაეცა, მაგრამ არც სამძიმარზე და არც დაკრძალვაზე ტუსაღა არ მისულა. იქიდან რამდენიმე დღეში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიღაც კაცი უპოვიათ ხეზე ჩამომხრჩვალი. გულისგამჩუქებელი ქურთი ბენო იყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ემოციური კია, მარა დამაჯერებლობა აკლია ემოციური კია, მარა დამაჯერებლობა აკლია
2. რავი , არც მშრალი მომეჩვენა და არც ზედაპირული, მოკლე იყო და პირდაპირ 10-იანში ურტყამდა. რავი , არც მშრალი მომეჩვენა და არც ზედაპირული, მოკლე იყო და პირდაპირ 10-იანში ურტყამდა.
1. Ძალაინ მშრალი და ზედაპირულია, სკოლის მოსწავლის ნაწერია, თითქოს. არადა სხვა ნაწერებსაც გადავავლე თვალი და... ცა და დედამიწა. Ძალაინ მშრალი და ზედაპირულია, სკოლის მოსწავლის ნაწერია, თითქოს. არადა სხვა ნაწერებსაც გადავავლე თვალი და... ცა და დედამიწა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|