ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2025


ტკივილგამაყუჩებელი

შიშველი. სიზმრით. ჯერაც უხილავ
ვარსკვლავებს შორის. დუმილის ფონი,
გაშვებულ შანსზე ფუჭი წუხილი,
მორფი.
ჭადრაკი.
სიფხიზლე.
მორფი.

ხასხასა ველი, აღმართით, მინდვრით,
მხრებზე წყლით სავსე სათლების თრევა,
ჰამაკში ცივი ყინულით სიდრი,
თეთრი ღრუბლების ქარებით რბევა,

დამსკდარ ქვედატუჩს თხელი საფარი,
უძილობებით მოღლილი ტემბრი,
თვალის გუგათა შავი საფანტი,
კაშხალი. შორი. თანაბარტბები.

სახეფერმკრთალი.
კანი მინანქრის.
რბილი სურნელი ავოკადოთა.
უპეებიდან
გამომდინარი
წვრილ სათავეთა შენაკადები.

შიშველი. ღამით. ჯერაც უხილავ,
პლანეტებს შორის. სიჩუმის ფონი.
ხელჩაქნეულთა გულისწუხილი,
მორფი.
სიმშვიდე.
ჭადრაკი.
მორფი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები